დავითაშვილი სააკაშვილს ადანაშაულებს, პროკურატურა - ადეიშვილს

დავითაშვილი სააკაშვილს ადანაშაულებს, პროკურატურა - ადეიშვილს

კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმე გახსნილია. ფაქტზე პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა ზურაბ ადეიშვილი. საქმეზე გამოძიება სსკს-ს 25, 143-ე და 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწიებს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მისი ცემის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემული ადეშვილი შუალედური რგოლია და გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მიერაა მიღებული.

გამოძიებით დადგენილია, რომ დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ნაცემ მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა, სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიერ, ზურაბ ადეიშვილის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დავით ქარსელაძისა და ამავე უწყების სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსის ედიშერ კობახიძის დანაშაულებრივი გეგმითა და ორგანიზებით განხორციელდა.

კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ 2007 წლის 7 ნოემბრს იმჟამინდელმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, თავისთან კაბინეტში დაიბარა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ქარსელაძე და დაავალა, რომ მისდამი დაქვემდებარებულ სპეცდანიშნულების რაზმსა და ოპერატიულ დანაყოფებს გაეკონტროლებინათ ისეთი ხალხმრავალი ადგილები, როგორიც იყო ე.წ. „ელიავას“, „ვაგზლის“ და „ლილოს“ ბაზრობები და ადგილზე ოპოზიციის ლიდერების გამოჩენისთანავე აღეკვეთათ მათი მხრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე აგიტაციისა და მიტინგზე წასასვლელად ხალხის მობილიზების ფაქტები.

ადეიშვილისგან მიღებული დავალების შესაბამისად, დავით ქარსელაძემ 7 ნოემბერს, დილის საათებიდან შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაანაწილა, სადაც მალევე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დავითაშვილი მხარდამჭერებთან ერთად ელექტროგენერატორის შესაძენად მივიდა, რომელიც აქციის ორგანიზებისთვის ესაჭიროებოდათ.

მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა დავითაშვილი შენიშნეს, შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სპეცრაზმის უფროსმა კობახიძემ ამის შესახებ ქარსელაძეს აცნობა, რომელიც თავის მხრივ შემდგომი მითითების მისაღებად ზურაბ ადეიშვილს დაუკავშირდა, რომლისგანაც მიიღო დავალება, რომ თავისუფლება აღეკვეთათ დავითაშვილისთვის და გადაეყვანათ საგამოძიებო სამსახურის შენობაში.

ამ დავალების შესაბამისად, კობახიძემ მის დაქვემდებარებაში მყოფ სპეცრაზმელებთან ერთად, ძალადობის გამოყენებით დავითაშვილი იძულებით ჩასვა იქვე მდგარ თეთრი ფერის „ფორდის“ მარკის ავტომობილში, რის შემდეგაც გაერიდნენ ბაზრობის ტერიტორიას. ვინაიდან, დავითაშვილს თავისუფლების აღკვეთისას, თავის არეში მიღებული ჰქონდა დაზიანებები და მოსდიოდა სისხლი, კობახიძე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა კვლავ ქარსელაძეს, რომლის დავალებითაც, დავითაშვილი ნაცვლად საგამოძიებო სამსახურისა, გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც იგი მოთავსებული იყო მომდევნო დღის 8 საათამდე.

დეპუტატის ცემის ფაქტზე ბრალდებულებმა დავით ქარსელაძემ და ედიშერ კობახიძემ, დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ზურაბ ადეიშვილი ამხილეს.

როგორც სპიკერ-პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა ბრალდებულები სრულად თანამშრომლობენ გამოძიებასთან და ისინი დაკავებულები არ არიან.

დავითაშვილის ცემის საქმეზე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს იუსტიციის ყოფილი მინისტრი. როგორც ადეიშვილის ადვოკატი განმარტავს, ჯერ მას საქმის მასალები არ გადასცემია და არ იცნობს ბრალდების კონკრეტულ მტკიცებულებებს. თუმცა დავით კაკოიშვილი აცხადებს, რომ ბრალის დადგენილებიდან გამომდინარე, საქმეში ზურაბ ადიშვილის არანაირი ბრალეულობა არ იკვეთება.

„საქმე როგორც ბრალდების დადგენილებიდან ჩანს, აგებულია მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაზე, ეს არის შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ქარსელაძის ჩვენება. მხოლოდ ეს ერთი პირდაპირი მოწმის ჩვენებაა, რომელსაც ეყრდნობა პროკურატურა. თვითონ ჩვენების შინაარსი არ ვიცი, მაგრამ როდესაც ერთ მოწმეზე არის აგებული სისხლის სამართლის საქმე, ეს ბუნებრივია პრობლემაა“, - აცხადებს დავით კაკოიშვილი.

კობა დავითაშვილის საქმეზე გამოძიება 2016 წლის გაზაფხულზე განახლდა და როგორც დეპუტატი აცხადებს, ამ პერიოდში მას ჰქონდა პროკურატურასთან კომუნიკაცია, თუმცა აცხადებს, რომ გამოძიების მსვლელობით კმაყოფილი ვერ იქნება, რადგან საქმის ძიება საკმაოდ გაჭიანურდა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მისი ცემის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემული ადეშვილი შუალედური რგოლია და გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მიერაა მიღებული.

„მე მაინც მგონია, რომ ადეიშვილი შუალედური რგოლია და გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მიიღო, ამიტომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მაგრამ ვერ დადგება ალბათ, სანამ ადეიშვილს არ დააკავებენ და არ დაკითხავენ. მე ასე მგონია, რომ ადეიშვილის საშუალებით გავლენ სააკაშვილზე. სამართლიანობა აღდგება სწორედ მაშინ, როდესაც ამ დანაშაულის დამკვეთები, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, პასუხს აგებენ. აი ეს იქნება სამართლიანობის აღდგენა“, - აცხადებს კობა დავითაშვილი.