„საინტერესოა, დღეს რას ფიქრობს თამარ ჩუგოშვილი იმ განცხადებაზე, როდესაც მან 2011 წლის 25 მაისს გააკეთა, ხელისუფლებას აქვს უფლება, ძალის გამოყენებით დაშალოს მიტინგი მთავრობის სახლთან?!“ - აინტერესებს ექსპერტ ვაჟა ბერიძეს და მარიონეტების თეატრად პოლიტიკური პროცესის გადაქცევას დაუშვებლად მიიჩნევს.
ახალ სიაში არ არიან გამოცდილი პოლიტიკოსები, მაგრამ არიან უმწიკვლო წარსულის მქონე ადამიანები. იმსახურებენ ისინი თქვენს ნდობას?
- მე მაინც პოლიტიკოსების მიერ პოლიტიკის კეთების მომხრე ვარ და არ ვარ მომხრე თუნდაც კარგი განათლებამიღებული, თავის სფეროში გამორჩეული ადამიანების მოსვლისა პოლიტიკაში შესაბამისი საფუძვლის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ „ქართული ოცნების“ წევრი და არ ვთანამშრომლობ „ოცნებასთან“, დღემდე მაინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად ვრჩები. თუმცა არ მივესალმები პოლიტიკაში უბიოგრაფიო ადამიანების მოსვლას, რამდენადაც მათ შესახებ არაფერი ვიცით, არ ვიცით მათი ხედვები დღევანდელი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების ირგვლივ, სოციალური პრობლემების გადაწყვეტის გზების შესახებ. ამ პრობლემების თაობაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას? ვინ შეამოწმა ისინი? ვინ უწევს მათ რეკომენდაციას? საიდან იცნობს ბატონი კვირიკაშვილი წარდგენილთაგან ნებისმიერს? იცნობს თუ არა კარგად? წავა თუ არა იგი მათთან ერთად ბრძოლაში?
მივდივართ იმ საკითხამდე, თუ ვინ დააკომპლექტა ეს სია.
- არ ვიცი, ვინ დააკომპლექტა ეს სია, მაგრამ მე არც ის ბუნდოვანება მომწონს, რომელიც ამ სიის შედგენას ახლავს. ყველა ადამიანი თავის მიერ წარდგენილ პიროვნებაზე უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას. მათგან ბევრია საინტერესო ადამიანი, კარგი პროფესიონალი, მაგრამ ბატონ თალაკვაძის გარდა არავის საპასუხისმგებლო თანამდებობაც კი არ სჭერია.
თამარ ჩუგოშვილი ჯერ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი იყო, შემდეგ - ირაკლი ღარიბაშვილის.
- მაგრამ რა ურჩია მან პრემიერს, მე ეს არ ვიცი. მე მახსოვს ჩუგოშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეობისას, როდესაც 2011 წლის 25 მაისს დაახლოებით ათ საათზე გააკეთა განცხადება და ბრძანა, რომ ხელისუფლებას აქვს უფლება, ძალის გამოყენებით დაშალოს მიტინგი მთავრობის სახლთან. საინტერესოა, დღეს რას ფიქრობს ჩუგოშვილი მაშინდელ ამ განცხადებაზე?! ეს არის რაღაც საოცრად გასაიდუმლოებული პროცესი და არ ვიცი, რატომ არის ამ დონეზე გასაიდუმლოებული.
ნაციონალების ოპონირებასა და კრიტიკას მოვანდომე მათი მმართველობის ცხრა წელი, თუმცა ნაციონალებსაც კი აქვთ ელემენტი, რომ პარტიულმა აქტივმა მიიღოს მონაწილეობა სიის დაკომპლექტებაში. მართალია, ეს ფორმალური ელემენტია, ვფიქრობ, მაინც მიშა სააკაშვილი აკომპლექტებს სიას, მაგრამ ელემენტები შეაქვთ, რომ ხალხს აჩვენონ, თითქოს მათი აზრიც რაღაცას ნიშნავს. ამ დროს კი, ჩემს მიერ მხარდაჭერილი პარტია - „ქართული ოცნება“ უბიოგრაფიო ადამიანებს წამოსწევს წინა პლანზე. ძალიან მინდა, მხარი დავუჭირო „ოცნებას“ ამ არჩევნებზეც, რადგან მიმაჩნია, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, იმ ფარგლებში გააკეთეს გასაკეთებელი, მაგრამ არ ვიცი, რამდენად ადეკვატურია სიის შედგენის პროცესი. ჩვენ ისევ ბიძინა ივანიშვილის უნდა მივცეთ ხმა? მის მიერ შერჩეულ სუბიექტებს დავუჭიროთ მხარი?
თუ ბატონი ბიძინა იტყვის, რომ მასთან არის შეთანხმებული ეს კანდიდატები, მან გულმოდგინედ შეარჩია და გაესაუბრა ამ პიროვნებებს, მათი ხედვები მისი ხედვების იდენტურია და ქვეყანას წაადგება მომავალ ოთხ წელიწადში საპარლამენტო მოღვაწეობისას, მაშინ მე ვენდობი ბიძინა ივანიშვილს და მხარს დავუჭერ ამ სიას. თუმცა ის ამბობს, რომ თვითონ საქმის კურსში არ არის და არენაზე ჩანს გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც, მე ვფიქრობ, არ იცნობს წარდგენილ კანდიდატებს. ამბობენ, რომ სიას აკომპლექტებს კახი კალაძე, ირაკლი კობახიძე. კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ საფუძველი, მოტივაცია რა არის? ის, რომ მათ არ უმოღვაწიათ პოლიტიკურ არენაზე, მაგრამ კარგი უცხოური ან ქართული დიპლომი აქვთ? ეს პროცესი ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია. არა მგონია, ამ გზით მივიღოთ უფრო კვალიფიციური პარლამენტი. ხომ არ შეიძლება, ასე სადღაც კულუარებში ვიღაც ვიპოვოთ და ჩავსვათ სიაში?! ამას გარკვეული ფილტრი სჭირდება და ეს ფილტრი უნდა გაიაროს ამ სიამ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩახედული სპეციალისტებისგან, ექსპერტებისგან, პოლიტიკოსებისგან, ასეთი ფილტრის შესახებ არაფერი ვიცი მაშინ, როდესაც იმავე კანონშემოქმედებით და აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამოცდილების მქონე ადამიანებს უარს ეუბნებიან და არ არიან ამ სიაში წარმოდგენილნი.
თუ ჩვენ ამ ქვეყანაში უნდა ავიღოთ აქცენტი მითიური ნორჩების ჩასმაზე სიაში და, თუ ამ ქვეყანაში გამოცდილი პროფესიონალი, პრინციპული, გონიერი, უკომპრომატო 150 კაცი არ გვყავს, მაშინ საქართველოს არსებობისა და მისი დამოუკიდებლობის ფასი ნულის ტოლია და ჩვენ არც ვყოფილვართ დამოუკიდებლობის ღირსი.
ჩამონათვალში აშკარაა იურისტების სიჭარბე, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის თხოვნაც და სურვილიც ეს არ იყო? ირაკლი კობახიძეც, მამუკა მდინარაძეც იურისტები არიან, კახა კუჭავა სამართალმცოდნეა, სოფო კილაძესაც იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, თამარ ჩუგოშვილზე აღარაფერს ვამბობ. იქნებ, ამით შესრულდა ივანიშვილის სურვილი, უფრო მეტი კვალიფიკაცია და არა-მსახიობები, სპორტსმენები?
- ჩვენ გვეუბნებიან, რომ ივანიშვილი ამ პროცესში არ მონაწილეობს. ახლა პირადად ჩემი რწმენა რა არის, ეს სულ სხვა საკითხია. გასაგებია, რომ ივანიშვილი მონაწილეობს ამ პროცესში და, ჩემი აზრით, კარგიცაა, რომ მონაწილეობს, რადგან მას გარკვეული ხედვა აქვს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ყველაზე მეტად დავზარალდებით, თუკი ორმაგ სტანდარტებს შევიმუშავებთ, ვითვალთმაქცებთ და, რაც აშკარაა და მთელმა საქართველომ იცის, იმაზე ვიტყვით, თითქოს ასე არ არის. რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ხელისუფლების ტონის მიმცემი არის ბატონი ბიძინა. დასავლური სტანდარტებით, არაფორმალური მმართველობა მიუღებელია და ბევრი ნეგატივის შემცველია. ამაზე არაერთხელ მივუთითე საჯარო გამოსვლების თუ პირდაპირ ეთერში ბატონ ბიძინასთან კამათის დროს, რომ ეს ხელისუფლების ლეგიტიმაციის ხარისხს შეამცირებდა. ამან მოგვიტანა კიდეც გარკვეული უარყოფითი შედეგი, მაგრამ თუ ხალხი მისაღებად მიიჩნევს, რომ ყველაზე ავტორიტეტული კაცი ქვეყანაში, ვინც ავტორიტარიზმის მარწუხებისგან გაათავისუფლა საქართველო და, ვინც რეალური ეკონომიკის რეალური ხედვა მოგვცა, ერეოდეს ქვეყნის მართვის საკითხებში, ეს დასაშვებია. ამას არ მივიჩნევ მკრეხელობად. თუმცა პოლიტიკური პროცესების მარიონეტების თეატრად გადაქცევა მაინც დაუშვებლად მიმაჩნია. ვისურვებდი, ეს სია შემდგარიყო „ქართული ოცნების“ ლიდერის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, საზოგადოებასთან მოთათბირებით და კონსულტაციებით ყველასთან, ვინც „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს. არადა, ასეთები ბევრნი აღარ დარჩნენ ამ ქვეყანაში, რადგან ქართველები მალემრწმენები ვართ და გვგონია, თუ ამ ხელისუფლებას შევცვლით სხვა ხელისუფლებით, უცებ სამოთხე დაისადგურებს საქართველოს ტერიტორიაზე.
შეიძლება, 9 ოქტომბერს სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ, რადგან ეს ის ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიულობის პრეტენზია აქვს და ჩვენთან საზოგადოებრივი აზრი არ იწონება. NDI-მ და IRI-მ უარი თქვეს კვლევების ჩატარებაზე წინასაარჩევნო პერიოდში და ახლა მივიღეთ უარესი, პარტიები თავის შიდა სამსახურეობრივ კვლევებს საზოგადოებრივი აზრის შეფასების უტყუარ მონაცემებად ასაღებენ. ეს წარმოუდგენელია, სადღაც შუა აზიისკენ მიდივართ, ეს უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის სიტუაციას გვაახლოებს. როგორ შეიძლება, ყველა პარტია, ცალკე „ლეიბორისტები“, ცალკე „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ თავისთავად, აცხადებდეს, რომ ისინი არიან საარჩევნო რბოლის ლიდერები და უთუოდ გაიმარჯვებენ არჩევნებში. 9-ში რომ არ დადგეს მათთვის სასურველი შედეგი და ისინი ქუჩაში გამოვიდნენ, რა უნდა ვქნათ?
ახლა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გადის, მთელი მსოფლიო ფეხზე დგას, მიმდინარეობს უზარმაზარი ზეწოლა ბრიტანეთზე, ისმის მუქარაც, მაგრამ საბოლოოდ ამ ფაქტს ყველა შეეგუა და ანგელა მერკელმა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ არ შეიცვლება დამოკიდებულება და თანამშრომლობის ხარისხი ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს, გერმანიასა და ბრიტანეთს შორის. ასე რომ, დემოკრატია მმართველობის ძალიან რთული ფორმაა. გაცილებით იოლია ცხოვრება და საქმიანობა უზბეკეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, სადაც მმართველობის სპეციფიკური ფორმაა, მაგრამ ჩვენ უკვე პრეტენზია გვაქვს დემოკრატიაზე. ამ დროს საზოგადოების ნაწილი მმართველი პარტიის ლიდერად მოიაზრებს თამაშიდან გასულ გავლენიან პიროვნებას, ხოლო იმავე საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ოდესის გუბერნატორი და საქართველოს მოქალაქეობიდან გასული სააკაშვილი ისევ მართავს აღლუმს და შეიძლება სადღაც, რომელიღაც საელჩოში იწერება მოქმედების სცენარი. მაგრამ ხალხი სად არის?
რაც გამსახურდია პუტჩის შედეგად ჩამოაშორეს ხელისუფლებას, 25 წელია ვამბობ, რომ ხალხი, რომელიც გაგდებულ იქნა პოლიტიკიდან, უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებასა და პოლიტიკაში წარმომადგენლობითი დემოკრატიის მეშვეობით. ახლა ეს რა წარმომადგენლობაა? ვის წარმოადგენენ დასახელებული კანდიდატები? შესანიშნავი იურისტია ბატონი მდინარაძე, ის კარგი ადვოკატიცაა, მაგრამ ადვოკატთა კავშირმა დაასახელა იგი და მას უჭერს მხარს? ვინ აღმოაჩინა ის, როგორც პოლიტიკოსი? რამდენადაც ვიცი, თვითონ არ აქტიურობდა პოლიტიკურ არენაზე და პოლიტიკურ თემებზე მისი განცხადება, ვიდრე არ გახდებოდა „ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, არ მინახავს. ექსპერიმენტების ჩატარება სახიფათო რამ არის. ამიტომ ვღელავ, თორემ მე პირადად პოლიტიკაში მოსვლის არანაირი პრეტენზია და სურვილი არ მაქვს, მაგრამ მე პოლიტიკის ანალიტიკოსი ვარ და მინდა, ეს პროცესი მიმდინარეობდეს როგორც პოლონეთში, ლიტვაში, გერმანიაში და არა ოდესაში, ან სადღაც კულუარებში.
ახლად წარდგენილებს პლუსად უთვლიან იმ ფაქტს, რომ მათ აქვთ დებატებში მონაწილეობის საუკეთესო გამოცდილება, პარალელურად, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ისინი არიან პროფესიონალები, გაუსვრელი, განათლებული, საერთაშორისო დონის ადამიანები. თუკი ვიფიქრებთ, რომ მაინცდამაინც იურისტებიდან უნდა ამორჩეულიყვნენ ეს კანდიდატურები, იქნებ, სხვა რესურსი არც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“?
- ვიზიარებ ქალბატონი სალომეს მოსაზრებას და არაფერი საწინააღმდეგო არ მექნება, პირიქით, გამიხარდება კიდეც, თუ ქალბატონი სალომე დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში, ან სიაში იქნება, ან სადმე მაჟორიტარად იყრის კენჭს. ასეთი დონის პოლიტიკოსები უნდა მონაწილეობდნენ პოლიტიკურ პროცესებში და არა სხვა ნიშნით შერჩეულები, თურმე ვიღაცამ რომელიღაც დებატებში თავი გამოიჩინა და ამის გამო უნდა გახდეს პოლიტიკური პარტიის გუნდის წევრი. ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ. ჩვენ პროფესიონალი იურისტებით, ეკონომისტებით, ექიმებით, აგრონომებით კი არ უნდა ვაკომპლექტებდეთ სიას, არამედ პროფესიონალი პოლიტიკოსებით. ერთი პრობლემის ნაცვლად, რომ „ოცნებას“ არ ჰყავდა საკანონმდებლო საქმიანობასა და დებატებში გამოჩენილი პარლამენტარები, შეიძლება ვიხილოთ მოდებატე, მაგრამ პოლიტიკური ხედვის თვალსაზრისით აბსოლუტურად დაცილებული ადამიანები პარლამენტში, რომლებიც ფორმალურად აღიარებენ ლიდერად კვირიკაშვილს და, ფაქტობრივად, სხვის ნებას ემორჩილებიან. ვიცი, ამის თქმისთვის უამრავ რისხვას და კრიტიკას მივიღებ, მაგრამ მზად ვარ ამისთვის. იმედი მაქვს, სიების დანარჩენი ნაწილი ისე ჩამოყალიბდება, რომ მასში მოხვდებიან ნამდვილი პოლიტიკური მებრძოლები, ინიციატივიანი გონიერი ადამიანები. ასეთები მინდა „ქართულ ოცნებაში“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, „პატრიოტთა ალიანსში“, „ლეიბორისტულ პარტიაში“, „თავისუფალ დემოკრატებში“, რათა პარლამენტის სპექტრი იყოს არა მარტო ჭრელი, არამედ კვალიფიციურიც.
იმ დემაგოგიურ პოზიციებსა და კლიშეებს, რასაც ავლენს ნაცმოძრაობა, დაუპირისპირდეს ლოგიკური პოლიტიკური აზრი და არა რომელიღაც უცხოური პრესტიჟული დიპლომის მქონე ადამიანი, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს პოლიტიკურ დებატებში. თუმცა რომელ პოლიტიკურ დებატებში აქვთ ამ ახალ სახეებს მონაწილეობა მიღებული, იქნებ ვინმემ გამახსენოს? ასეთი რამ არ მახსოვს.
თუმცა პარლამენტი მაინც კანონშემოქმედებითი ორგანოა და შესაძლოა, გადაიხარნენ იურისტებისკენ. მაშინ რა შესძინეს ყოფილ პარლამენტს სპორტსმენებმა, რეჟისორებმა, მსახიობებმა?
- ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები არიან შოთა ხაბარელი, სოსო ჯაჭვლიანი და სხვებიც, ვინც პარლამენტში მოხვდნენ, მაგრამ, ალბათ, პარლამენტში სტატისტის მდგომარეობაში ყოფნას მათაც ერჩივნათ თავიანთი პროფესიული საქმე ეკეთებინათ. თავის დროზე თორნიკე ერისთავმა ანაფორა გაიხადა და იარაღი აიღო ხელში, ახლაც ასე მოიტანა ქვეყნის საჭიროებამ და მათაც მძიმე ტვირთი იტვირთეს. როგორც შეეძლოთ, თავი გაართვეს ამ ამოცანას, მაგრამ მაინც სჯობდა, პროფესიონალი პოლიტიკოსები დამსხდარიყვნენ პარლამენტში. ცნობიერების ხარვეზი აქვს დღევანდელ ქართულ საზოგადოებას, მათ ეჯავრებათ პოლიტიკოსები, პროფესიონალ პოლიტიკოსებს ვერ იტანენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ 25 წლის განმავლობაში ბევრმა მათგანმა გაუცრუა იმედები. ამ დროს წარმოიდგინეთ პოლიტიკოსები სხვა ქვეყნებში, მათ საზოგადოება ენდობა, როგორც უმწიკვლო ადამიანებს. ჩვენც უნდა ვეცადოთ პოლიტიკოსების ასეთი ფენის ჩამოყალიბებას. სხვათა შორის, შევარდნაძემ სცადა ასეთი ფენის ჩამოყალიბება და შემოგვთავაზა ჟვანია-სააკაშვილის გუნდი, რომელმაც ის ჩამოაგდო ტახტიდან. საბოლოო ჯამში, ქვეყანას ის გუნდი არ გამოადგა. ახლა ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს პოლიტიკოსების ახალ ფენას. თუმცა ჩამოყალიბდებიან კი ეს დებატებში „გამორჩეული“ ადამიანები პოლიტიკოსებად, გახდებიან პროფესიონალებად და ჩვენს ქვეყანას გაუძღვებიან ევროკავშირისკენ, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისკენ? ვეჭვობ, ასე არ იქნება.