მთავრობა სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღის განხორციელებას არ ჩქარობს, პარლამენტის წევრთა ნაწილი კი, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე კონსულტაციების გამართვას და გადაწყვეტილების დაუყონებლივ მიღებას ითხოვს.
ცვლილებები, რომელიც სხვა ბევრ ახალ ნორმასთან ერთად მოსამართლეებისა და საქმეთა ელექტრონული განაწილების შემთხვევითი შერჩევის წესს განსაზღვრავს, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიღებულია, ხოლო კომიტეტებში საკითხმა მესამე მოსმენა გაიარა და დეპუტატების მხარდაჭერა მოიპოვა.
კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტის დღის წესრიგში მარტის შემდეგ არის, თუმცა, იმის გამო, რომ პლენარულ სხდომაზე მომხსენებელი - მთავრობა არ ცხადდებოდა, საკითხის გატანა არ მოხდა. შესაბამისად, სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღა ჰაერშია გამოკიდებული, მხარეები საკითხის „დაბლოკვის“ სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ, ცვლილებების მიღების სავარაუდოდ თარიღად კი, სექტემბერი ან მეცხრე მოწვევის პარლამენტი სახელდება.
„ქართული ოცნება“ კანონპროექტის განხილვის პროცედურის შეჩერების მიზეზად „რესპუბლიკური პარტიისა“ და „ეროვნული ფორუმის“ პოზიციებს ასახელებს, ადრესატები კი, მმართველ პარტიას კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდებენ.
როგორც for.ge-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, რეფორმა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელსაც ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს.
დეპუტატის მტკიცებით, მმართველი გუნდი არ აპირებს, რომ ეს რეფორმა გაჩერდეს.
„ამას ბოლომდე მივიყვანთ. პარლამნეტს დრო არ ეყო, რომ ორ საკითხზე განსხვავებული პოზიციები შეეჯერებინა. მეტი აქტივობა და კონსესუსის სურვილი რომ ყოფილიყო, შეთანხმება შედგებოდა, მაგრამ ალტერნატიული წინადადებები რესპუბლიკელებმა და „ფორუმმა“ დააყენეს. ზოგი ამბობდა, რომ ლოტოტრონის პრინციპი უნდა იყოს, ზოგს საბჭოს მიერ არჩეული მოსამართლეები სურდა და პოზიციები გაიყო. საჭიროა, კონსესუსი შედგეს. ვერ მოესწრო და ამისთვის დრო არ გვეყო, რადგან სასესიო პერიოდი დასრულდა“, - განაცხადა ბესელიამ.
კანონმდებელის მოსაზრებით, კონსულტაციების გამართვას ხელს არაფერი არ უშლის და შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს, მაგრამ პარლამენტში უნდა იყოს, რადგან ეს საპარლამენტო პროცესია.
„საკითხის ისე დასმა, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, სიმართლე არ არის, რადგან სესიები აღარ იმართება. სხდომის ჩატარება ამოცანა არ არის, სხდომის ჩატარებისთვის შეჯერებული პოზიცია უნდა იყოს. არ ვიცი, ამ ორ ფრაქციას აქვს თუ არა მზაობა, ამ ორ მოდელს მხარი დაუჭირონ. თუ სრულფასოვან მუშაობს სექტემბერში შევძლებთ, საკითხის მიღება შესაძლებელია, თუ საარჩევნო კამპანიის გამო სხდომების ჩატარება შეუძლებელი გახდა, მაშინ ამ ცვლილებებზე მსჯელობა შემდეგ პარლამენტში გაგრძელდება. ჩვენი გუნდი მოსურნეა, რომ ეს რეფორმა დროულად იქნეს მიღებული“, - განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას საპასუხოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ ფრაქცია „რესპუბლიკელებს“ წინააღმდეგობა მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან და სამწლიან გამოსაცდელ პერიოდთან დაკავშირებით ჰქონდათ, რაც პლენარულ სხდომაზე დაკმაყოფილდა, შესაბამისად, რესპუბლიკელები მზად არიან, ცვლილებებს მხარი დაუჭირონ.
for.ge-სთან საუბარში ხმალაძე ვერ აკონკრეტებს, საკითხის მიღება რატომ არ ხდება.
„შევეცადოთ, დავინახოთ, პრობლემა სად არის და რის გამოა. მეორე მოსმენის დროს, ორ თემაზე მწვავე კამათი იყო. ერთი ეხებოდა ათწლიანი სამოსამართლო სტაჟის მქონე მოსამართლეთა უვადო გამწესებას წინასწარი სამწლიანი ვადით გამწესების გარეშე. ამ მოდელს რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებოდნენ და მიგვაჩნდა, რომ ეს ნორმა ისეთივე სახით უნდა დარჩენილიყო, როგორც თავიდან იყო კანონპროექტით წარმოდგენილი. ანუ, ყველა მოსამართლეობის კანდიდატი როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი ერთნაირ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყვნენ. ისინი უვადოდ გამწესებამდე, სამი წლით უნდა გამწესებულიყვნენ და მათი საქმიანობა შეფასებულიყო, რის საფუძველზეც მათი უვადოდ გამწესება შესაძლებელი იქნებოდა. ეს შემდეგომ შეიცვალა და მეორე მოსმენისას საკითხი შემოიტანეს, რომ ათი წლის სტაჟის მქონე მოსამართლეებს სამწლიანი ვადით გამწესება არ დასჭირდებოდათ, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით“, - აცხადებს ხმალაძე.
დეპუტატის ცნობით, მეორე წინადადება ეხებოდა სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის წესს.
„როცა პარლამენტში კანონპროექტი შემოვიდა, იქ ეწერა, რომ სასამართლოს თავმჯდომარეს თავად თავმჯდომარე ირჩევს. ანუ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები თავმჯდომარეებს აირჩევდნენ. ეს შეიცვალა და მეორე მოსმენისას საკითხი წარმოდგენილი ისე იყო, რომ სასამართლოს თავმჯდომარეებს სასამართლოს მოსამართლეთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს. ამას „ეროვნული ფორუმი“ და ზაქარია ქუცნაშვილი შეეწინააღმდეგენ. „ფორუმმა“ ალტერნატიული წინადადება წარადგინა, რომლის თანახმადაც, სასამართლოს თავმჯდომარე არც სასამართლოს უნდა აერჩია, არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, არამედ კანდიდატი წილისყრით უნდა გამოვლენილიყო. დიდი დისკუსიების და შიდა განხილვების შემდეგ ინიციატორები ჩვენს წინადადება დაეთანხმდნენ. ანუ, ყველა მოსამართლეობის კანდიდატი ერთნაირ რეჟიმში მოექცა“, - განაცხადა დეპუტატმა.
„საკითხის გამოტანა რატომ არ ხდება, არ ვიცი. ითქვა, რომ არის საკითხები, რომლებზეც შეთანხმება არ არის. ეს რომელი საკითხებია არ ვიცი, რადგან ერთ-ერთ ინტერვიუში მოვისმინე, თითქოს, სასამართლოს თავმჯდომარეების საკითხი შეუთანხმებელია და რაღაც ინიციატივა რესპუბლიკელებსაც ჰქონდათ. რესპუბლიკელებთან არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის შეთავაზებული წესი არ მოგვწონს, ისევე როგორც აღფრთოვანებული არც იმ წესით არ ვართ, რომ თავად სასამართლო ირჩევდეს, მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ წილისყრის შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარე სრულიად სამოსამართლო პრაქტიკის არმქონდე მოსამართლე იყოს. ეს საკითხი ჩვენთვის პრინციპული არ არის, რადგან ამ კანონის მიღების შემდეგ, სასამართლოს თავმჯდომარეების უფლებამოსილება მკვეთრად იზღუდება. ჩვენ მზად ვართ, პროექტის მიღებას მხარი დღესვე დავუჭიროთ“, - აცხადებს ხმალაძე.
დეპუტატის განმარტებით, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აღარ ექნება საქმეები თავად გაანაწილოს და ის გავლენა ჰქონდეს, რაც დღეს აქვს.
„პრაქტიკულად, სასამართლოს თავმჯდომარე სასამართლოში ადმინისტრატორი იქნება. ამიტომ, მას სამოსამართლეო საქმიანობასთან რაიმე გავლენა არ ექნება. ცვლილებების მიღების თაობაზე რა პრობლემაა, არ ვიცი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პრობლემა დროულად არის მოსაგვარებელი. კანონი მიღებული რაც შეიძლება ადრე უნდა იყოს. ამ კანონის მიღების შემდეგ სამი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდება. მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი ამოქმედდება. კერძოდ, კანდიდატები უნდა შეფასდნენ და კენჭი უნდა ეყაროს მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც კანონით დაწესებულ ზღვარს დასძლევენ. სამი წლით გამწესებულ მოსამართლეთა შეფასების სისტემით, მათი საქმიანობა სამჯერ უნდა შეფასდეს. ამ შეფასებების მიხედვით განისაზღვრება ის, რომელი მათგანი შეიძლება განიხილოს იუსტიცის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გასამწესებლად. ასევე მოხდება საქმეთა ელექტრონული განაწილება შემთხვევითი შერჩევის წესით და სასამართლოს თავმჯდომარეზე აღარ იქნება დამოკიდებული საქმე რომელ მოსამართლესთან მოხვდება და ამით სუბიექტივიზმს ბოლო მოეღება“, - დასძინა ხმალაძემ.
რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, „ეროვნული ფორუმი“ ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს, თუკი მათი ხედვა გათვალისწინებული არ იქნება.
როგორც for.ge-ს „ფორუმის“ წევრმა, ანი მიროტაძემ განუცხადა, ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის საბჭოს სასამართლოს თავმჯდომარეები, მისი მოადგილეები და კოლეგიების ხელმძღვანელები უნდა დანიშნონ. მისი თქმით, მისი ფრაქცია დანიშვნის წინააღმდეგია და არჩევას ითხოვს.
„თუ არ იქნება არჩევა, დანიშვნას მხარს არ დავუჭერთ. მურუსიძის მიერ არჩეული მოსამართლე ელექტრონული წესითაც კი, მოსამართლეს გადაწყვეტილებას მიაღებინებს. ელექტრონული სისტემა კარგია, მაგრამ თუკი მოსამართლეთა კორპუსი მართული იქნება, საქმეები როგორც გინდათ, ისე გაანაწილონ. კონსულტაციებისთვის მზად ვართ, მაგრამ აქ მხოლოდ „ეროვნული ფორუმი“ არაფერ შუაშია, უმრავლესობაში ჩვენს მსგავსად, ბევრი ფიქრობდა. მიხვდნენ, რომ ხმები არ ეყოფოდათ და საკითხი შეაჩერეს“, - დასძენს მიროტაძე.
რაც შეეხება ოპოზიციის განწყობას, ისინი რეფორმის მიმართ სკეპტიკუარდ არიან განწყობილნი.
for.ge-სთან საუბარში „გირჩი“-ს წევრი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ საზოგადოებას მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, რომ უმრავლესობა არჩევნებამდე რაიმე რეფორმას გაატარებს.
„ისინი წინასაარჩევნო პროცესზე არიან გადართულნი. მათ საკუთარი შიდა პრობლემები აქვთ. ამიტომ მოლოდინი არც სასამართლოსთან და არც ეკონომიკურ ინიციატივებთან დაკავშირებით არ უნდა გვქონდეს, რომ რაღაც შეიცვლება“, - დასძენს ჯაფარიძე.
ნაციონალი ხათუნა გოგორიშვილი კი მიიჩნევს, რომ სასამართლო რეფორმის მიმართულებით ყველა ცვლილება, რომელიც ხელისუფლებამ განახორციელა, ფასადური იყო.
როგორც for.ge-ს გოგორიშვილმა განუცხადა, ისეთი ნორმები იქნა ჩადებული კანონში, რომლითაც ხელისუფლებას სასამართლო ხელისუფლებაზე სადავეები ექნება.
„არანაირ კონსესუს არ უნდა ველოდეთ იმ მიმართულებით, რომ რეალური ცვლილება განხორციელდეს“, - დასძინა გოგორიშვილმა.
მართალია, პარლამენტმა საგაზაფხულო სესია დახურა, თუმცა, ამ ცვლილებების თაროზე შემოდების მიზეზად რიგგარეშე სხდომის ვერმოწვევა არ გამოდგება, რადგან მმართველ გუნდს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის გატანა რომ სურდა, საგაზაფხულო სესიაზე, ამისთვის კანონმდებლებმა ორი არასამუშაო დღე და მთელი კვირა გამოიყენეს.