„ქართული ოცნების“ პარტიული სიის წარდგენის შემდეგ ჩნდება კითხვა, იქნება თუ არა მომავალი პარლამენტი ახლანდელზე უფრო კვალიფიციური და ეფექტური? რა მოიტანეს და რა დააკარგვინეს ახლანდელ პარლამენტს სპორტსმენებმა, რეჟისორებმა, მსახიობებმა და რას შესძენენ ახალი სახეები, რომელთა შორისაც მნიშვნელოვანი ნაწილი იურისტია?!
უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში ახლების გარდა იქნებიან ძველი სახეებიც, მათ შორის, მანანა კობახიძე და გია ვოლსკი. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მინისტრი მთავრობიდან პარლამენტში გადაინაცვლებს და, სავარაუდოდ, ეს მინისტრები იქნებიან კახი კალაძე, თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი. თუმცა ოფიციალურად ამ ინფორმაციას „ოცნების“ ლიდერები არ ადასტურებენ.
კერძოდ, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ჩვენ გვჭირდება სტაბილური მთავრობა, რომელიც იმუშავებს ქვეყნისთვის. ამდენად, საარჩევნო პროცესში მინისტრების ჩართვა სწორი არ იქნება.
ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიას ცარიელს უწოდებს და აცხადებს, რომ „ოცნების“ ამ სიის შემხედვარე, დარწმუნდა, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი გაქრება.
ირაკლი ალასანია კი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ბრენდი იმდენად დაზიანებულია, რომ უშედეგოა ფასადური ცვლილებები.
სამაგიეროდ, კმაყოფილნი არიან ხელისუფლების წარმომადგენლები. საგურამოში თავშეყრისა და ახალი სახეების წარდგენისას პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ის ცდილობს, ქართველ ხალხს დაუდასტუროს, რომ დიდი ილიას გზის, მისი ღირებულებების ერთგულნი იქნებიან.
ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ სიის ახალი წევრების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი პროფესიული გამოცდილება და სხვადასხვა სფეროში უნარ-ჩვევები იყო.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი კი თვლის, რომ პროფესიონალები, გაუსვრელი, განათლებული, საერთაშორისო დონის ახალგაზრდები წარადგინა პრემირმა.
როგორც ცნობილია, პარტიის ახალი სახეები იქნებიან თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა, სოფო ჯაფარიძე.
რამდენად ეფექტური პარლამენტი გვექნება, ამის შესახებ ანალიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
ანალიტიკოს არჩილ გამზარდიასთვის აღნიშნულ პირთა ჩამონათვალი არაფრის მთქმელია. For.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ საარჩევნო სიის წევრობა ნიშნავს საზოგადოებაში დაკავებულ აქტიურ ნიშას, რომელიც გამოსჭივის არა მხოლოდ დებატებში, არამედ იმაშიც, თუ როგორი იმიჯი აქვთ ამ ადამიანებს საზოგადოებაში.
ამ შემთხვევაში კი, არაფრის თქმა არ შეიძლება. შესაძლოა, ამ ადამიანებს ვინმე პირადად იცნობდეს, მაგრამ მათი ცნობადობა ხალხში არ არის მაღალი.
„თამარ ჩუგოშვილი გვახსოვს, როცა ის იყო პრემიერის მრჩეველი, იგი საინტერესო ადამიანია, საიას ყოფილი თავმჯდომარეა, თუმცა თამარ ჩუგოშვილი არ გვახსოვს პოლიტიკურ დებატებში, არ გვახსოვს მისი შეხედულებები, მისი საზოგადოებრივი პოზიციები, მისი შესაძლებლობა პოლიტიკურ ოპონენტებთან. რა ამაგი აქვს მას ამ კუთხით?! რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მათ შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.
მივიღებთ თუ არა კვალიფიციურ და ეფექტურ ახალ პარლამენტს, ამის შესახებ არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ ზედმეტად უცხო სახეები პოლიტიკისთვის ყოველთვის რისკია. მართალია, პარტიას უნდა ჰყავდეს საზოგადოებისთვის უცნობი სუბიექტები, მაგრამ მთლად უცხო სახეებზე დაიმედება არ შეიძლება.
„თუკი ადამიანები მხოლოდ ლოკალურ წრეებში არიან ცნობილნი, მხოლოდ ლატარიის პრინციპით შეიძლება ვიმსჯელოთ, გაამართლებენ თუ არა ისინი შემდგომში. ვერ ვიტყვით, რომ მსახიობები, რეჟისორები, სპორტსმენები სჯობდა, მაგრამ იქ ადამიანებს გარკვეული პოზიცია მაინც ჰქონდათ გარკვეულ სუბიექტებთან მიმართებით. ამიტომ დიდი დოზით სრულიად უცხო სახეების მოყვანა ყოველთვის ტოვებს ეჭვს, რომ ისინი არიან შიდა კლანების მიერ წარმოდგენილნი და ვიღაცის, ანუ კონკრეტული სუბიექტის დირექტივის შემსრულებელნი. ეს საფრთხილო სიტუაციას ქმნის. ხომ არ არის რისკი, რომ ისინი პარტიის შიდა კლანების ლობიზმის შედეგად არიან შერჩეულნი და ვიღაცას მხოლოდ თავის დამქნევებად სჭირდება? რამდენად არიან ეს ადამიანები თვითმყოფადები? ეს ყველაფერი ჩვენ არ ვიცით“, - აცხადებს არჩილ გამზარდია და მიიჩნევს, რომ საქართველოში მაინც არის საკმარისი ადამიანური რესურსი საიმისოდ, რომ სხვა ადამიანები წარედგინათ. თუმცა გააჩნია, პარტიას რა ინტერესი აქვს.
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ სიის შემხედვარე სააკაშვილის ნათქვამი „ქართული ოცნების“ გაქრობის თაობაზე არაფერს ნიშნავს და გაქრება თუ არა „ოცნება“, ამას გვიჩვენებს მომავალი პარლამენტი. რაც შეეხება ახლადდასახელებულ კანდიდატურებს, ექსპერტი თვლის, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ძალიან კარგი CV, ასევე, უცხოური განათლება პრესტიჟულ უნივერსიტეტში, მაგრამ ის ვერ გამოდგეს პოლიტიკოსად, რადგან პოლიტიკოსად ჩამოყალიბებას კიდევ სხვა თვისებები სჭირდება.
„ახალმა სახეებმა საზოგადოებას და „ქართულ ოცნებას“ უნდა უჩვენონ საკუთარი თავი რეალურ პოლიტიკაში. იმედია, ისინი მოხვდებიან ახალ პარლამენტში და მაშინ შეგვიძლია ვნახოთ, რამდენად ეფექტური პოლიტიკოსები დადგებიან და რამდენად შეუწყობენ ხელს თავიანთი პროფესიული ბეგრაუნდით „ოცნების“ მიერ დასახული მიზნის მიღწევას. რაც შეეხება მათ ცნობადობას, წარმოდგენილი ახალი სახეებიდან ცნობადობა შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ორ მათგანს - ჩუგოშვილსა და თალაკვაძეს, სხვა ადამიანები საჯარო სივრცეში არ გამოჩენილან და, ბუნებრივია, მათ ვერ ექნებოდათ ცნობადობა. მართალია, უცხო სახეები პოლიტიკისთვის რისკია, მაგრამ, როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატურების გადარჩევის პროცესში აქცენტი გააკეთა ორ ძირითად კრიტერიუმზე, რომ ეს ადამიანები გაუსვრელი ბიოგრაფიის ყოფილიყვნენ და არავის არაფერი წამოეძახებინა და მეორე, მათ განათლების ხარისხზე“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ და შეკითხვის საპასუხოდ, რა დააკარგვინეს ახლანდელ პარლამენტს სპორტსმენებმა, რეჟისორებმა და მსახიობებმა, განმარტა, რომ არ იზიარებს მოსაზრებას, რომელიც
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დაამკვირდა, თითქოს ეს ყბადაღებული სპორტსმენები, მსახიობები არ ამართლებდნენ. სინამდვილეში, ცივილიზებული ქვეყნების, ევროპული და ამერიკული ცხოვრების მაგალითი გვიჩვენებს, რომ არაერთი სპორტსმენი და მსახიობი გამხდარა წარმატებული პოლიტიკოსი. ამიტომ ცალსახად ამ ხალხის ნეგატიურ კონტექტსში მოხსენიება გაუმართლებელია. უბრალოდ, დღეს სხვა მოთხოვნები წამოვიდა და თავად ამ ხალხმაც უნდა იგრძნოს, რომ მათი ყოფნა პარლამენტში კონტრპროდუქტიული იქნება.
ცნობისთვის, პარტიული სიის ახალი წევრების ბიოგრაფია ასეთია: თამარ ჩუგოშვილი – იურისტი, 2010-12 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. 2012 წლიდან ჩუგოშვილი დაინიშნა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ, სადაც მუშაობდა 2014 წლის დეკემბრამდე, ხოლო შემდეგ უცხოეთში გაემგზავრა სასწავლებლად, საიდანაც დაბრუნდა და ამჯერად “ქართული ოცნების” ერთ-ერთი საარჩევნო კანდიდატი იქნება. ჩუგოშვილი არის ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის მაგისტრის ხარისხის მფლობელი.
გიორგი გახარია – ლომონოსოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული,აქვს ბიზნესის მართვის და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. არის ბიზნესომბუდსმენი.
სოფო ჯაფარიძე – 2014 წლის ოქტომბრიდან მუშაობს ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ. სოფო ჯაფარიძე მანამდე მუშაობდა ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის მენეჯერად, ასევე, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილედ. იგი პროფესიის სამართალმცოდნეა და გაერთიანებული სამეფოს ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრია.
თამარ ხულორდავა – 2015 წლის სექტმებრიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილეა. მანამდე თამარ ხულორდავა იყო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში პროექტების მენეჯერი და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმისა და კანონის უზენაესობის სფეროში ევროკავშირის პროექტებს კურირებდა. თამარ ხულორდავა პროფესიით იურისტია. მას დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ასევე, განათლება მიღებული აქვს შვედეთსა და გერმანიაში.
სოფიო კილაძე
სოფო კილაძე – 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯერ იყო საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი, შემდეგ კი, შსს აკადემიის პრორექტორი; 2016 წლის მაისიდან არის “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი. პროფესიით იურისტია, 2003-2011 წლებში ცხოვრობდა გერმანიაში, დაამთავრა ჰაიდელბერგის რუპრეხტ-კარლსის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2008-2011 წლებში მუშაობდა ჰაიდელბერგის მაქს-პლანკის საერთაშორისო საჯარო სამართლისა და შედარებითი სამართლის ინსტიტუტში საერთაშორისო სამართლის ენციკლოპედიის პროექტზე.
ირინა ფრუიძე
ირინა ფრუიძე -პროფესიით ფსიქოლოგი და ექიმია. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი, “ახალი მემარჯვენეების” ყოფილი წევრი, ინტელექტუალური თამაშების – “რა, სად, როდის” წევრი; 2016 წლის მაისიდან არის “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი.
მარიამ ჯაში
მარიამ ჯაში– საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორია. მანამდე, 2012-14 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. 2010-11 წლებში ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში მიიღო მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო ადმინისტრაციის საკითხებში. არის ედუარდ მეისონის პროგრამის კურსდამთავრებული. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე.
რომან კაკულია
რომან კაკულია – 2006 წლიდან დღემდე მუშაობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ამჟამად არის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი, მანამდე მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად. პროფესიით ეკონომისტია. 2016 წლის მაისიდან არის “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი.
არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე – 2014 წლის დეკემბრიდან არის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. მანამდე, 2012-14 წლებში იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე; 2011-2012 წწლებში – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) დემოკრატიული მმართველობის პროგრამის დირექტორის მოადგილე. 2008-11 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ხოლო შემდეგ – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის და მენეჯმენტის პროგრამა.
მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე – 2016 წლის მაისიდან არის “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი, პროფესიით იურისტია. 2005 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას. 2014 წლის ნოემბრიდან არის „საქართველოს პარაოლიმპიური ფონდის“ პრეზიდენტი.
ირაკლი კობახიძე – “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანია; იგი პროფესიით იურისტია.2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია დიუსელდორფის უნივერსიტეტში. ნამუშევარი აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სხვადასხვა პროექტებში.
კახა კუჭავა– სამართალმცოდნეა, არის ნოტინგემის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კორპორაციული სამართლისმაგისტრი. ბოლო 5 წელი მოღვაწეობს კერძო სექტორში სამთო-მოპოვებითი მიმართულებით, მისი ხელმძღვანელობით ხორციელდება 2 მნიშვნელოვანი პროექტი ამ მიმართულებით.ნოტინგემის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული არის კომპანია ჩაუცასუს Mინერალს-ის დამფუძნებელი
აკაკი ზოიძე – ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს ნამუშევარი აქვს სახელმწიფო კანცელარიაში, სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტზე, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროში. აკაკი ზოიძე არის კოლუმბიის უნივერსიტეტისკურსდამთავრებული საერთაშორისო დასახელმწიფო მართვის მიმართულებით. ასწავლის ჯანდაცვის სისტემებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის და აზიის 15 ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროცესში როგორც მსოფლიო ბანკის, გაეროს, ევროგაერთიანების და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ექსპერტს.
ნინო გოგუაძე – საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ექვსი წლის მანძილზე იყო ცესკოს წევრი, თბილისის საკრებულო ქართულო ოცნება – კონსერვატორების თავმჯდომარე
სოფიო ქაცარავა – უცხო ენების სპეციალისტი, იყო ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი, ამავე საელჩოს პრესასთან ურთიერთობის მენეჯერი, მანამდე მუშაობდა WWF-ში.