ვალერი ხაბურძანია ხელისუფლებას მოსკოვიდან აფრთხილებს

ვალერი ხაბურძანია ხელისუფლებას მოსკოვიდან აფრთხილებს

მიხეილ სააკაშვილის "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუს უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია მოსკოვიდან ეხმაურება:

- ჩემი აზრით, ხელისუფლება ძალიან წააგებს, თუ ისევ გაჰყვება მკვლელობის ვერსიას. მე ვფიქრობ, ჟვანია გარდაიცვალა ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო სიტუაციაში, მაგრამ პიარს აყოლილმა მიშამ ვერ გაიგო, როგორ უნდა მოქცეულიყო და გააყალბა შემთხვევის ადგილი... რაღაცები მოიგონეს, რაღაც სქემები დახაზეს, ჭორებიც გაუშვეს და ასე შემდეგ. მერე, ძალიან ცუდად მოექცნენ ჟვანიას ოჯახს, ახლა რომ იძახის, ფულს მთხოვდნენო, ამასაც იყენებს სათავისოდ. მე არ ვიცი, შეიძლება ბადრის რაღაც თანხა მართლაც ჰქონდა მიცემული...

ამის შესახებ ინფორმაცია იმ პერიოდშივე გამოვიდა, ვიღაცამ სეიფი გახსნა და ფული წაიღოო. სეიფი რომ გახსნილი იყო, ოჯახმა ეს ნახა და მოიკითხა. მიშას ხელისუფლებამ თავის დროზე რაღაცის გამო სიმართლის თქმა ვერ გაბედა და რაკი ახლა გაკოტრებულია, რაღაცებს ბოდიალობენ. ჩემი აზრით, დღევანდელი ხელისუფლება არ უნდა აჰყვეს ჭორებს... მე ყველაზე მეტად მეშინია, სააკაშვილმა ეს ყველაფერი სათავისოდ არ გამოიყენოს, ნახე, როგორ ვითარდება მოვლენები, ბარაკ ობამა გამოდის და გვეუბნება: ქართველებო და უკრაინელებო, თქვენთვის არავითარი ნატო და ევროკავშირი არ იქნებაო. როგორც გავიგე, არ არის გამორიცხული, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ვადამაც გადაიწიოს და ამას დააბრალებენ ხელისუფლებას, ამ ფონზე დაიწყება გამოსვლები, ასევე დაიწყება საბურავების დაწვა ქუჩებში, ეს უკვე უკრაინული ვარიანტია და არ გამოვრიცხავ, სახლების სახურავებიდან იმუშაონ სნაიპერებმა, მოკლან 2-3 კაცი და საბოლოოდ გაამწვავონ სიტუაცია. `ნაციონალებს~ ბევრი მომხრე არ ჰყავთ, მაგრამ კონკრეტული პროვოკაციების მოსაწყობად მცირე ჯგუფებიც საკმარისია. თუ ამ ყველაფერს საერთაშორისო აღიარებაც მოჰყვა, რომ ეს ხალხი მართალია, თუ ღარიბაშვილის ლობმა ვერ შეძლო სააკაშვილის ლობის გადაძალვა, მოვლენები ტრაგიკულად განვითარდება.

მე დარწმუნებით გეუბნები, როდესაც 2003 წლის ნოემბერში მოხდა ე.წ. ვარდების რევოლუცია, წინა დღეს მქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ `ნაციონალური მოძრაობის~ 7 წევრი იყო შეიარაღებული. თუ მოხდებოდა ხალხის დაშლა, ანუ უკუქცევა შინაგანი ჯარის მიერ, ამ დროს ეს ადამიანები დაიწყებდნენ სროლას და ყველაფერი დაჰბრალდებოდა შინაგან ჯარს. როგორ, ხალხს ესროლეს? ამას აიტაცებდნენ და მერე რაც მოხდებოდა, ალბათ, ადვილი წარმოსადგენია. ვისაც საკითხი ესმის, ყველამ იცის, რომ ოპერატიული ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის მტკიცებულება და გარდა ამისა, ამ ადამიანების დაპატიმრება მაშინ იყო წარმოუდგენელი, ესეც გამოიწვევდა პროვოცირებას. ერთადერთი, რაც მოვახერხე, დავუკავშირდი ზურაბ ჟვანიას, დავუსახელე გვარები და ვუთხარი, ამ ადამიანებს აქვთ იარაღი, მაქვს ჩანაწერები და ფირები-მეთქი. ამაზე ვიცრუე, არავითარი ჩანაწერები არ მქონდა, საქმეს ასე სჭირდებოდა. ჟვანია დამპირდა, რომ მკაცრად გაკიცხავდა ამ ხალხს და იარაღს ჩამოართმევდა. იარაღის თაობაზე ხელისუფლებაც კი ვერ გააკეთებდა ოფიციალურ განცხადებას, რადგან შიგნითაც დიდი გაურკვევლობა და დაპირისპირება იყო, ლამის ერთმანეთის მტრები ვიყავით. ჟვანია რომ გავაფრთხილე, ამან გაგვიმართლა თუ შინაგანმა ჯარმა რომ წინააღმდეგობა ვერ გაუწია ხალხის მასას, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, მათ სროლა აღარ დასჭირდათ და იოლად შევიდნენ პარლამენტში. დაუკვირდი, იგივე სცენარი ამუშავდა უკრაინაში, მაგრამ მერე სხვა რაღაცაში გადაიზარდა. მე იანუკოვიჩის ადვოკატი არ ვარ, მან ბევრი დააშავა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სნაიპერები ასრულებდნენ მეორე მხარის დავალებებს.

თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოში იგივე სქემა ამოქმედდება?

- სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდება თუ არა, ეს სხვა თემაა, დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება, ხელისუფლებას ხელიდან გაექცევა ძალაუფლება და დავბრუნდებით სადღაც 1990-იან წლებში. იქნება ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელსაც არ ექნება რეალური ძალაუფლება და იქნება რაღაც ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში არევს სიტუაციას. კი, ასეთი სცენარის პერსპექტივა ჩანს, მაგრამ ბევრი რამეა დამოკიდებული საერთაშორისო თანამეგობრობაზეც, ანუ იმაზე, დასავლეთი ვის დაუჭერს მხარს. თუ სააკაშვილს დაუჭირეს მხარი, მაშინ აბსოლუტურად დაღუპულები ვართ. ახლა ლაპარაკობენ, რომ ირაკლი ალასანია უნდა გადაიყვანონ საგარეო საქმეთა მინისტრად, ეს იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, რადგან ალასანიას აქვს კარგი კავშირები ამერიკელებთან. მას ასევე უნდა მიეხმაროს მაია ფანჯიკიძე, ახლა ვისაც როგორ შეუძლია, ამ მოსალოდნელ საფრთხეზე ისე უნდა ელაპარაკოს უცხოელ დიპლომატებს. ალასანიას ამერიკაში ჰყავს რეალური ლობი, მჭიდრო ურთიერთობები აქვს ამერიკის სპეცსამსახურებთან, თინა ხიდაშელსა და დავით უსუფაშვილს არ ჰყავთ რეალური ლობი. ახლა საჭიროა სააკაშვილის დამარცხება საერთაშორისო დონეზე.

ესე იგი, დასავლეთის გარეშე არაფერი გამოგვივა?

- კი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს სააკაშვილის უკან დგას დიდი ფული და საერთაშორისო მხარდაჭერა რაღაც დონეზე. აქ მხოლოდ ხელისუფლებაში მობრუნებაზე არ არის ლაპარაკი, თუ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება, "ნაცხროვა" ისე გაჯეჯილდება, მერე პროგნოზირება შეუძლებელი იქნება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: ყველამ იცის, რომ `რუსთავი 2~-მა 2003 წლის გადატრიალებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომ არა ეს ტელეკომპანია, ვერც სააკაშვილი გააკეთებდა რამეს და ვერც დანარჩენი ოპოზიცია.

ახლა ეს არსება იძახის, ფული არა მაქვს, უკრაინაში ძლივს ჩამოვედი, ტელევიზია როგორ უნდა დავაფინანსოო? მე მაინტერესებს, დღეს ამ ტელევიზიას ვინ ინახავს? რეკლამით შენახვა გამორიცხულია. ეს ძალიან საინტერესო თემაა, არასამთავრობოები ბევრს რომ ლაპარაკობენ, უნდა დაინტერესდნენ, რა თანხები შედის "რუსთავი 2"-ში და რა ხდება იქ? ჟურნალისტების უმეტესობა სააკაშვილის დროსაც "ნაცრისფერ" ხელფასზე იჯდა და ახლაც ასეა, ისინი იღებენ ნახევრად ლეგალურ ხელფასს. დღეს ხელისუფლებამ ამ ტელევიზიის შემოწმება რომ დაიწყოს, ატყდება ერთი ამბავი. ამიტომ ვამბობ, ეს უნდა გააკეთოს არასამთავრობო სექტორმა. ბოლოს და ბოლოს, ხომ ვიცით, რომ მას ჰყვანან რეალური მეპატრონეები? დაიწყოს გამოძიება და ამით კიდევ ერთი საშიშროება იქნება აცილებული.