თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა, სოფო ჯაფარიძე - ასე გამოიყურება „ქართული ოცნების“ მომავალი საპარლამენტო გუნდის 15 ახალი სახე.
გუნდის კაპიტანმა ახალი სახეები საზოგადოებას საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წარუდგინა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ახალ წევრებს ზურგს კარგი რეპუტაცია და მაღალი პროფესიონალიზმი უმაგრებთ. მისივე თქმით, გუნდის ახალი წევრები დადებით მუხტს შემოიტანენ არა მარტო „ქართულ ოცნებაში“, არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკაში.
„დღეს ქართულ პოლიტიკას ახალი ენერგია, ახლებური ხედვა სჭირდება. დღევანდელი რეალობა ახალ დღის წესრიგს, ახალ მოთხოვნებს გვიყენებს, რომლებსაც ჩვენი პარტია განახლებული გუნდით ხვდება და მზად არის უპასუხოს ყველა გამოწვევას. ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ ჩვენი გუნდის ახალი წევრები“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით ისევ დამაჯერებლად გაიმარჯვებს. დღესვე გიორგი კვირიკაშვილმა პირობა დადო, რომ „ქართული ოცნების“ თითოეული ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს მოემსახურება. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ამ 4 წელიწადში, სირთულეების მიუხედავად, მყარი საფუძველი ჩაუყარა ფუნდამენტურ ცვლილებებს მრავალი მიმართულებით.
„ხელისუფლების ვალდებულებაა ემსახუროს ხალხს და ჩვენ ვცდილობთ, ბევრი არ ვილაპარაკოთ გაკეთებულ საქმეებზე, რადგან ხალხი ამას ისედაც ხედავს. როგორც ილია ამბობს, „ჭეშმარიტ ღირსებას ყვირილი არ უნდა!“ დღეს ქართულ პოლიტიკას ახალი ენერგია, ახლებური ხედვა სჭირდება.
დღევანდელი რეალობა ახალ დღის წესრიგს, ახალ მოთხოვნებს გვიყენებს, რომლებსაც ჩვენი პარტია განახლებული გუნდით ხვდება და მზად არის უპასუხოს ყველა გამოწვევას. ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. გპირდებით, რომ „ქართული ოცნების“ თითოეული ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს მოემსახურება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ საპარლამენტო სიის ახალი სახეები აერთიანებენ ყველა იმ თვისებას, რომელიც ქართული პოლიტიკის შემდგომი გაჯანსაღებისთვის არის საჭირო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიისთვის მთავარი იყო გუნდის თვისობრივი განახლება და ეს პირობა შესრულებულია.
„ჩვენ შევასრულეთ დანაპირები და განახლებული გუნდით, ახალი სახეებით წარვსდექით. ეს ადამიანები შერჩეულნი არიან ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა განათლება, პრინციპულობა და გამოცდილება. ისინი აერთიანებენ ყველა იმ თვისებას, რომელიც ქართული პოლიტიკის შემდგომი გაჯანსაღებისთვის არის საჭირო. ჩვენთვის მთავარი იყო გუნდის თვისობრივი განახლება და ეს დანაპირები შევასრულეთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ საკმაოდ ძლიერია მომავალი საპარლამენტო გუნდის ახალ წევრები, რომლებიც გაერთიანებული არიან პრემიერის და მისი ხედვების გარშემო. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, უხარია რომ ასეთი კარგი გუნდის შეკვრა იწყება.
„მჯერა, რომ ისინი პოზიტიურ გავლენას იქონიებენ ზოგადად ქვეყნის განვითარებაში. არჩევნებში საბოლოო ვერდიქტი მოსახლეობას ეკუთვნის. თუმცა მიმაჩნია, რომ პირველი ნაბიჯები დასაწყისი იყო და პრაქტიკულად, იმის გარანტია, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე და შემდეგ პერიოდშიც წარმატებით გააგრძელებს სვლას“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
სერგეენკომ არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორატორიბის კანდიდატი უნდა ყოფილიყო. მინისტრი გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იყოს, ან მაჟორიტარობის კანდიდატად იყაროს კენჭი.
„გუშინ გავრცელებული ინფორმაცია ჩემი პოლიტიკური კარიერის შესახებ მაჟორიტარულ კანდიდატად ან სიის წევრობასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს და გამოვრიცხავ, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
აღსანიშანვია, რომ „ქართული ოცნების“ 15 კანდიდატს შორის მოქმედი მთავრობის წევრები არ არიან. თუმცა, არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნებიან კახა კალაძე, სოზარ სუბარი და თეა წულუკიანი.
ნამდვილად იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს კახა კალაძე, რომლის განცხადებით, მის კანდიდატურასთან დაკავშირებით ყველაფერი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„დღეს წარდგენილი ადამიანები შერჩეული იყვნენ თავიანთი პროფესიონალიზმით, გამოცდილებით, ქვეყნის სამსახურში ყოფნით. დარწმუნებული ვარ, რომ დიდ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებასა და პროგრესში. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, უახლოეს მომავალში ყველაფერი იქნება ცნობილი. მე მესმის საზოგადოების და თქვენი ძალიან დიდი ინტერესი თუ ვინ იქნება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპარლამენტო სიაში, თუმცა ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილია და ყველაფერს გაიგებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ახალი სახეები ოპტიმისტურ განწყობას ქმნიან, თუმცა მნიშვნელობა ექნება იმასაც, რა ადგილი ექნებათ მათ მთლიან საარჩევნო სიაში. მისივე თქმით, რაც მნიშვნელოვანია ახალ კადრებს ძველებზე უფრო მეტად შეუძლიათ საჯარო გამოსვლებსა და დისკუსიებში მონაწილეობა, რაც არაერთხელ დადასტურდა.
„უფრო მეტად მჭერმეტყველები არიან, ვიდრე ძველი სახეები. ძველებში ბევრი ჩუმი დეპუტატი იყო, პოლიტიკას კი უყვარს აქტიურობა. ვვარაუდობ, რომ ეს ახალი სახეები აქტიურები იქნებიან, რადგან შემართებული და განათლებული ახალგაზრდები არიან. ყველა მათგანს შესანიშნავი წარსული აქვს. ნამდვილად, ოპტიმისტურ განწყობას ქმნის ახალი სახეები, მაგრამ იმასაც ექნება მნიშვნელობა, როგორი იქნება მათი ადგილი მთლიან სიაში“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისივე თქმით, წარმოდგენილი კანდიდატებიდან ბევრი უცნობია სახეა, თუმცა ნაცნობი სახეებიდან პროფესიონალიზმთან ასოცირდებიან თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, რომან კაკულია და ირაკლი კობახიძე.
„ყველა ფიგურაში იკითხება მკაფიო ორიენტაცია დასავლეთზე და საქმეზე. ანუ, ეს ის ხალხია, რომლებიც დასავლეთს არ გაიძახიან როგორც სიტყვის მასალას. თითოეულ კანდიდატს დასავლეთთან აკავშირებს პროფესიული საქმიანობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. საქართველოში პოლიტიკოსები დასავლეთის ძახილს მარტო სიტყვის მასალად იყენებენ ხოლმე.
ამ ახალგაზრდებში ჩანს საქმის კეთების უნარიც საიმისოდ, რომ საქართველო კიდევ უფრი მჭიროდ მიიყვანონ დასავლეთთან. უნდა ითქვას, რომ ნაციონალების ახალ სახეებზე უფრო ახალგაზრდა აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ახალი სახეები, რომლებშიც უფრო მკვეთრად ჩანს დასავლეთზე ორიენტაცია, ვიდრე ნაციონალების მიერ წარმოდგენილ სახეებში“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ახალმა სახეებმა ამომრჩევლის მოზიდვაზე, რომ იმუშაონ, აუცილებელია, შესაბამისი ცნობადობა ჰქონდეთ საზოგადოებაში.
„თუ მათ საზოგადოებაში არავინ იცნობს, მაშინ ეს ახალი სახე არაფრის მომტანი არ იქნება. არის მეორე ნაწილიც, შეიძლება არაფერის მომტანი არ იყოს, მაგრამ პარტიამ თვითონ გააპიაროს, რომ ახალი გუნდი შემოყავს და ამ გზავნილმა შეიძლება, იმუშაოს ამომრჩეველზე. მნიშვნელოვანია, რომ პარტიას შემოჰყავს ნასწავლი ახალგაზრდები, რომელთა წარსული დამძიმებულები არ არის ცოდვებით, საკმაოდ კარგი მასალაა იმისათის, რომ პიარი ააგონ.
მაგრამ, მეეჭვება, რომ თავად გუნდმა მოიტანოს ხმები, ან დაკარგული ამომრჩეველი ისევ უკან მოატრიალოს. თუ გინდა რომ სიამ ხმები მოიტანოს, გუნდმა რომელსაც წარადგენ, მას უნდა იცნობდეს ამომრჩეველი. კონკურენცია იქნება მაჟორიტარულ ოლქებში, თუ ამ გუნდს წარადგენენ მაჟორიტარებად, ალბათ, საკმაოდ გაუჭირდებათ კონკურენციის გაწევა, თუმცა გააჩნია ვინ იქნება მათი კონკურენტი სხვა პოლიტიკური ძალებიდან“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.