„ემსახურე საქართველოს“ - ეს არის ახალი პოლიტიკური პარტია, რომელსაც ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე უხელმძღვანელებს. დეპუტატი ამბობს, რომ მისი პოლიტიკური დღის წესრიგი ლევან ვარშალომიძის დაბრუნებამ და მისმა პოლიტიკურმა განცხდებებმა შეცვლა. დუმბაძე მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად სწორედ ვარშალომიძეს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს და ამბობს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ რეგინული მასშტაბით გარიგებაში არიან „ქართულ ოცნებასთან“.
რა ხდება აჭარაში და რომელ პოლიტიკურ ძალას აქვს ბარიერის გადალახვის შანსი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge მურმან დუმბაძეს ესაუბრა.
მურმან დუმბაძე: თითქმის მიღებული მქონდა გადაწყვეტილება, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ გამეკეთებინა არჩევანი. მქონდა შემოთავაზება როგორც პარტიულ, ასევე მაჟორიტარ დეპუტატად. გარდა ამისა, სულ მინიმუმ არსებობს დამოუკიდებელი დეპუტატის ცნებაც, ასე რომ, არჩევანი საკმაოდ ბევრი იყო, მაგრამ ლევან ვარშალომიძის შემოსვლამ და მისმა პოლიტიკურმა განცხდებებმა შეცვლა ჩემი დღის წესრიგი.
ჩვენ ვქმნით ახალ პარტიას და ვაპირებთ აჭარის უმაღლეს საბჭოში კენჭის ყრას. უკვე დავიწყეთ ტექნიკური ორგანიზაციული საკითხის მოგვარება. იმ შემთხვევაში, თუ ვარშალომიძე პოლიტიკურ სიას ჩაუდგება სათავეში, ანალოგიურად, მეც პოლიტიკურ სიას ჩავუდგები სათავეში. თუ მაჟორიტარად დააპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მაშინ იმ ოლქში ვიყრი კენჭს, სადაც ვარშალომიძე იქნება წარმოდგენილი.
რატომ მხოლოდ ვარშალომიძე?
- იმიტომ, რომ რეგიონალურ დონზე ყველა პოლიტიკური პარტია, რომლებიც ახლა ბარიერის გადალახვას აპირებს, პირდაპირ გარიგებული არიან „ქართულ ოცნებასთან“ და დროა ეს ვთქვათ ხმამაღლა. მაგალითად, იგივე „თავისუფალი დემოკრატები“ რეგიონული მასშტაბით გარიგებული არიან „ქართულ ოცნებასთან“, ასევე პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან არის გარიგებული „პატრიოტთა ალიანსი“.
ის, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ გარიგებული არიან ხელისუფლებასთან, არ ფიქრობთ, რომ ეს ბრალდებაა?
- დავაზუსტოთ, მე ვამბობ, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ოპონირების რეჟიმში არიან „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ რეგიონალურ დონეზე პირდაპირ გარიგებული არიან „ოცნებასთან“.
გარიგება რაში მდგომარეობს, რითი ადასტურებთ ამას?
- „თავისუფალი დემოკრატებიდან“ სამი ადამიანი შევიდა უმაღლეს საბჭოში, აქედან ორმა დატოვა პარტია. ისინი სხვა პარტიაში არ გადასულან, არამედ „ქართულ ოცნებაში“ გადავიდნენ. მე ამას ადრეც ვგრძნობდი და პიროვნულ საუბარში ვეუბნებოდი ამის შესახებ.
ეს მთელი პარტიის თანამშრომლობას ნიშნავს?
- როცა პარტიას ტოვებ, უნდა გადახვიდე სხვა პოლიტიკურ პარტიაში, რომელიც ოპონირებას უწევს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ერთ-ერთი სწორედ „ქართული ოცნების“ წევრი გახდა და ეს რანაირი „თავისუფალი დემოკრატია“?
ამ ლოგიკით გამოდის, რომ რესპუბლიკელებიც მმართველ ძალასთან არიან გარიგებაში? გიგლა აგულაშვილმა დატოვა რესპუბლიკელები და „ქართული ოცნების“ წევრი გახდა...
- მე ვფიქრობ, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ ძალიან დაუგვიანდა „ქართული ოცნებიდან“ გამოსვლა. ამიტომაც ვამბობ, რომ ლევან ვარშალომიძემ შეცვალა ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგი და არა რომელიმე სხვა პოლიტიკურმა პარტიამ, ან ლიდერმა. ვფიქრობ, რომ დაპირისპირება იქნება ჩემსა და ვარშალომიძეს შორის. ამ პროცესში საერთოდ არ განვიხილავ „ქართულ ოცნებას“. დღეს „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ლიდრები არიან - ავთო ბერიძე, არჩილ ხაბაძე და ბათუმის მაჟორიტარი კაკო ძნელაძე. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი რანგით მოვუგებ არჩვენებს. უბრალოდ, არ ვთვლი ღირსად, რომ მათზე ვილაპარაკო.
თუმცა, ჯერჯერობით არ გაქვთ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტია, დაგვიანებული არ არის პარტიის შექმნის და ფორმირების პროცესი?
- არა. უნდა გითხრათ, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბება არ არის ტექნიკურ-ორგანიზაციული საკითხი. პარტიის ჩამოყალიბების პროცესი დავიწყე მას შემდეგ, რაც ლევან ვარშალომიძე შემოვიდა ბათუმში. მიმაჩნია, რომ საქართველოს ამომრჩევლის აჭარულმა ნაწილმა არჩევანი უნდა გააკეთოს ამ ორ სუბიექტს შორის. „ქართულ ოცნებას“ არ განვიხილავ კონკურენტად, იმდენად სუსტები არიან.
რატომ უნდა გააკეთოს არჩევანი ამომრჩეველმა მურმან დუმბაძესა და ლევან ვარშალომიძეს შორის, და არა მურმან დუმბაძესა და იგივე არჩილ ხაბაძეს შორის?
- ხაბაძეს ვერ განვიხილავ კონკურენტად, ის ვერ შედგა პოლიტიკოსად.
და ვარშალომიძე როგორც პოლიტიკოსი არის კონკურენტი?
- მე ვფიქრობ, რომ ვარშალომიძეს ის მხარამჭერები გაუმყარდა, რომელიც მას ისედაც ჰყავდა. „ქართული ოცნება“ - ხაბაძე-ბერიძისა და ბიძინა ივანიშვილის ტანდემმა და ერთობლოვმა მოქმედებამ ამ 4 წლის განმავლობაში ვარშალომიძის ამომრჩეველი უფრო გაამყარა.
ამ განცხადების შემდეგ არ ფიქრობთ, რომ ამომრჩეველმა შესაძლოა ნაციონალებთან ალიანსში დაგადანაშაულოთ? მთავარ კონკურენტად აღიარებთ ვარშალომიძეს, რომლიც ძალადობასთან ასოცირებული პარტიის გამოკვეთილი სახეა, და არა მმართველ ძალას, ან ოპოზიციას...
- მე ვაღიარებ კონკურენტუნარიან პოლიტიკურ ძალას, აი ამაზეა ლაპარაკი.
„ნაციონალური მოძრაობა“ კონკურენტუნარიანი ძალაა?
- მე ვფიქრობ, რომ მათ საკუთარი ამომრჩეველი გამყარებული ჰყავთ. დღევანდელი გადასახედიდან „ქართული ოცნება“ – „ნაციონალური მოძრაობა“ ჯამში არის 35-40%. დანარჩენი 60-65% არის ამომრჩეველი, რომელიც იმ პოლიტიკური ორგანიზაციის მხარეს გადაიხრება, რომელიც უფრო თანმიმდევრული და ავტორიტეტული იქნება მათთვის. 2012 წელს ჩვენ უარი ვუთხარით „ნაციონალურ მოძრაობას“, ლევან ვარშალომიძე გამოვიყვანეთ იმ კაბინეტიდან და შევიყვანეთ არჩილ ხაბაძე, რაც დამღუპველი აღმოჩნდა რეგიონალური პოლიტიკის თვალსაზრისით.
ვფიქრობ, რომ აჭარის მოსახლეობამ კვლავ უნდა გააკეთოს ისეთი არჩევანი, როგორიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გააკეთა. იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც ვითომ ოპონირების რეჟიმში არიან „ქართულ ოცნებასთან“, მათთან სადაო არაფერი მექნება. მოსახლეობას ვთავაზობ ჩვენ თავს, რომ არჩევანი გააკეთოს ჩვენსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. უახლოეს დღეებში საზოგადოებას ვაცნობებ ახალი პოლიტიკური ძალის დაარსების შესახებ.
მე მქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ და ახლა მიმდინარეობს მისი პოლიტიკურ ორგანიზაციად გადაკეთების პროცესი.
თქვენ კიევის ყოფილ მერთანაც გქონდათ პოლიტიკური კონსულტაციები, მაგრამ თქვენი თანამშრომლობა ვერ შედგა, რა მოხდა?
- ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო, მაგრამ ეს პროექტი ჩაშალა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ მეზობლები იყვნენ, მანამდე ისინი შეხვედრილები არ იყვნენ, ჩემთან შეხვედრის შემდეგ ლეონიდ ჩერნოვეცკის ხვდება ივანიშვილი და ეს პროექტი ჩაიშალა. ამის შემდეგ მხვდება ჩერნივეცკი და მეუბნება, რომ მათ შორის მოხდა გარიგება და ამიტომ პროექტი ჩაიშალა. ივანიშვილი არ შეხვდებოდა ჩერნოვიციკის, რომ მას არ ჰქონდა შიში იმისა, რომ ჩვენ ფინანსურად მოვძლიერდებოდით.
აჭარაში საარჩევნო პროცესს დავით ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს. გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, თქვენ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აღიარებთ კონკურენტად, რამდენად ძლიერია დღეს აჭარაში „რესპუბლიკური პარტია“?
- ჩემი პარტიიდან გარიცხვის შემდეგ „რესპუბლიკური პარტია“ საკმაოდ დასუსტდა. მეტიც, პარტიის იდეური წევრები წამოვიდნენ როგორც რაიონებიდან, ასევე ქალაქებიდან. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ასოცირდებოდნენ ამ პარტიასთან. რაოდენობრივი თვალსაზრისით „რესპუბლიკურ პარტიას“ ჰყავს წევრები, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბოლომდე გაყვნენ. ასე რომ, მხარდამჭერებში საკამოდ მოიკოჭლებენ და მგონია, რომ კონკურენტი ვერ იქნებიან.
„რესპუბლიკურ პარტიას“ ტოვებენ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იყვენ ამ პარტიის წევრები, აჭარის რეგიონში რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით?
- მე ვფიქრობ, რომ საკრებულოს კუთხით მოხდება რღვევა, რამდენიმე წევრი დატოვებს „რესპუბლიკურ პარტიას“, ისინი ვერ გაყვებიან ამ მძიმე პოლიტიკურ მარათონში რესპუბლიკელებს.
რომელი პარტიის სასარგებლოდ გააკეთებენ პოლიტიკურ არჩევანს?
- მე ინფორმაცია მაქვს იმ ადამიანებზე, რომლებიც რესპუბლიკელები გახდნენ მას შემდეგ, რაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, მანდე არ ყოფილან არც წევრები და არც მხარდამჭერები. ისინი მივიდნენ გამარჯვებულ პარტიასთან და როგორც წესი, გამარჯვებულ პარტიასთან მისული ადამიანი, ძალიან მალე ღალატობს დამარცხებულს, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია. ის ადამიანური რესურსი, რომელიც საკრებულოში და პარტიაში ჰყავთ, საკმაოდ მწირი იქნება იმ მიზეზიების გამო, რაც უკვე გითხარით. თუმცა, ბუნებრვია, რომ მუდმივი თანამოაზრეები ჰყავს.
ტრადიციულად, „რესპუბლიკური პარტია“ ყველაზე მძლავრი ორგანიზაცია იყო აჭარაში და ეს არც არის გასაკვირი. იმიტომ, რომ ბერძენიშვლებს შემორჩენილი აქვთ გავლენა, პარტია აქ არის დაარსებული და მხარდამჭერები ჰყავდათ. არ ვიცი ახლა როგორი ბრენდით წარსდებიან ამომრჩევლის წინაშე, ვინ იქნებიან მათი სახეები, როგორ საარჩევნო კამპანიას დაიწყებენ, ეს მათზეა დამოკიდებული.
მაგრამ, პირადად მე მთავარ კონკურენტად ლევან ვარშალომიძეს და მის პოლიტიკურ ორგანიზაციას განვიხილავ. ჩემი პოლიტიკაში ყოფნის 25-წლიანი გამოცდილება ადასტურებს, რომ მოსახლეობის იქით არ გავსულვარ. საქართველოს პარლამენტში მოვედი ხალხისგან და საქართველოს პარლამეტში ისევ მოვალ იმ ხალხით, ვისი მხარდაჭერის იმედი, ბუნებრივია, მაქვს.
ხალთან ერთად მოხვედით, მაგრამ არა დამოუკიდებლად, გადამწყვეტი როლი შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა...
- ნამდვილად ვაღაიარებ, რომ ბიძინა ივანიშვილის წვლილი იყო უზარმაზარი, მაგრამ ივანიშვილმა უნდა აღიაროს ჩვენი წვლილიც. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს გარდა მურმან დუმბაძისა 73 ოლქში ჰყავდა მაჟორიტარული სისტემით წამოდგენილი კანდიდატი, რომელთაც მხლოდ ნახევარ ოლქში მოიგეს. მე ვხელმძღვანელობდი აჭარის რეგიონს და აჭარა იყო ერთადერთი რეგიონი რომელმაც ხმების 2/3 მოიპოვა წარმომადგენლობით ორგანოში. რატომ ვერ მიიღო მის მშობლიურ რეგიონში იმერეთში, ან კახეთში? ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი დამოკიდებულია ლიდერზე. არ ვაკნინებ ბიძინა ივანიშვილის როლს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ვავალდებულებ, რომ აღიაროს სხვა ადამიანების წვლილი ამ საერთო გამარჯვებაში.