„კონსერვატიული პარტია“ 8 ოქტომბრის არჩევნებში ინდივიდვალურად არ ჩაერთვება და პარტიის რამდენიმე წევრი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება წარმოდგენილი, თუმცა, პარტია კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს შეინარჩუნებს, ანუ, ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
თუ რას უკავშირდება კონსერვატორების გადაწყვეტილება, ამის თაობაზე for.ge პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ზვიად ძიძიგურს ესაუბრა:
კონსერვატორებმა გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებელად არ მიიღოთ და „ქართული ოცნების“ სიით გახვიდეთ. რატომ?
- გარკვეული თვალსაზრისით, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება მმართველი პარტიის ოპონირებას გულისხმობს. კონსერვატორები იმ ოთხი წლის ოპონირებას არ ვაპირებთ, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ გავატარეთ. მიგვაჩნია, რომ კონსერვატორები ყველა იმ რეფორმის მონაწილე ვიყავით, რომელიც განხორციელდა და ამ ოთხ წელიწადზე უარის თქმას არ ვაპირებთ. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. არჩევნებში დამოუკიდებელი მონაწილეობა ისე არ ხდება, გამოხვიდე და ამბობდე, რომ შენი აზრები მმართველი პარტიის ხედვებთან სრულ თანხვედრაშია. ასეთ შემთხვევაში, ამომრჩევლისთვის სრულიად გაუგებარია, ხმა შენ რატომ უნდა მოგცეს. განსხვავებული გემოვნების ამომრჩევლის მოზიდვა იმ შემთხვევაში ხდება, თუკი მმართველ პარტიასთან რაღაც კონფლიქტში ხარ. ასეთი ტიპის კონფლიქტში შესვლას არ ვაპირებთ. მიგვაჩნია, რომ ეს როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად არასწორი იქნებოდა.
ანუ, თქვენ გადაწყვეტილების მიღებისას იდეოლოგიური თანხვედრით იხელმძღვანელეთ და არა იმით, რომ შესაძლოა, საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახოთ?
- საქართველოს ყველა ოლქში პირველადი ორგანიზაცია გვაქვს. ქვეყნის მასშტაბით, საკრებულოებში 60-ზე მეტი ფრაქცია გვაქვს და თვითმართველობების დონეებზე მაღალი თანამდებობის პირები გვყავს. როგორც ახალგაზრდული, ასევე ქალთა ორგანიზაციები გვაქვს და ევროპელი კონსერვატორების აქტიური მხარდაჭერით ვსარგებლობთ. საარჩევნო ტექნოლოგიები კარგად ვიცით და საუბარი საარჩევნო ბარიერის გადალახვაზე არ არის. როცა ტექნოლოგიების ცოდნაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა თუ გინდა, ოპონირება მმართველ პარტიას უნდა გაუწიო, რის გაკეთებასაც არ ვაპირებთ. „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ერთიან სიაში ვიყოთ.
საარჩევნო სიაში რამდენი კონსერვატორი იქნება? სიაში ვინ იქნებით, უკვე შეთანხმებულია?
- სიაში რამდენი ადამიანი იქნება, ხოლო მაჟორიტარი ვინ იქნება, ამის თაობაზე მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც „ქართული ოცნების“ სიის პრეზენტაცია იქნება. უფლებამოსილი არ ვართ, რომ ის კანდიდატები დავასახელოთ, რომლებიც ჯერ არ წარუდგენიათ.
თქვენს თავს მაჟორიტარ დეპუტატად მოიაზრებთ, თუ პროპორციულ სიაში?
- თქვენ იგივე შინაარსის კითხვას უფრო ჭკვიანურად თუ მოხერხებულად მისვამთ. ილეთების გამოყენებას არ დავიწყებ და პირდაპირ გეტყვით, რომ ყველა პერსონალური საკითხის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც სიის პრეზენტაცია მოხდება.
„ქართულ ოცნებაში“ ყოფნის შემთხვევაში, პარტიულ იდენტობას როგორ დაიცავთ?
- პარტიას კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი რჩება. ანუ, დაფინანსება ექნება. ჩვენ საპარლამენტო წარმომადგენლობა გვეყოლება, რაც სერიოზული პოლიტიკური ბერკეტია. კონსერვატორებს სრული შესაძლებლობა გვაქვს, საქმიანობა გავაგრძელოთ როგორც პოლიტიკურმა პარტიამ. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, მომავალში რა და როგორ მოხდება, ამას ყველა ნახავს.
ყოფილ და მოქმედ პრემიერებს მოლოდინი აქვთ, რომ „ქართული ოცნება“ 100-მდე მანდატს აიღებს. „ქართულ ოცნებას“ ამის რესურსი აქვს?
- „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს ხელისუფლებას ძალიან ბევრი საქმე აქვს გაკეთებული. ერთია, ტელევიზიის საშუალებით რამდენი ნეგატივი შუქდება, მაგრამ მეორეა, რეალურად რა არის გაკეთებული. საარჩევნო პერიოდში, გინდა თუ არა, შენს გაკეთებულ საქმეებზე საუბარი გიწევს, რადგან ყველა თავს გესხმის. ამომრჩევლის წინაშე გაკეთებული საქმეების ციფრებით უნდა წარსდგე. ეს „ოცნების“ სერიოზული კოზირია. საუბარი იყო იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ პიარი არ უვარგა და გაკეთებული საქმის ამომრჩევლამდე მიტანას ვერ ახერხებს. წინასაარჩევნო პერიოდში, შესაძლოა, ეს კოზირადაც გამოდგეს, რადგან ხალხისთვის ბევრი თემა უცნობი იყო.
თუმცა, საზოგადოებისთვის ახლა იმის გაცნობა დაგვიანებული ხომ არ იქნება, რაც თუნდაც, ორი წლის წინ გაკეთდა?
- წინასაარჩევნო პერიოდი იმდენად აქტიურია, რომ წარმოდგენა წინასაარჩევნოდ ყალიბდება. ყველაზე აქტიური და დაძაბული პერიოდი სწორედ წინასაარჩევნოდ არის. ამიტომ, დაგვიანების კუთხით საშიში არაფერია. რა თქმა უნდა, სჯობს, როცა საქმეს აკეთებ, მისი ტირაჟირება მაშინ მოახდინო, მაგრამ „ზოგი ჭირი, მარგებელიას“ პრინციპიდან თუ გამოვალთ, შესაძლოა, ეს „ოცნებისთვის“ სასარგებლოც კი აღმოჩნდეს.
ვინაიდან, გაკეთებულ საქმეებზე აპელირებთ, გკითხვათ. ხელისუფლებაში ყოფნის დროს კონსერვატორებმა რა გააკეთეთ?
- ვერ ვიტყვი, რომ კონსერვატორები რაიმეს ინდივიდუალურად ვაკეთებდით. ყველა რეფორმის განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას ვღებულობდით. პასიურები და ისეთი პოლიტიკოსები არ ვყოფილვართ, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ თითს აჭერენ. ბევრი ჩვენი წინადადება გაზიარებულ იქნა და მეამაყება, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას ვღებულობდით.