პრესამ ხელისუფლებას უკან დაახევინა

პრესამ ხელისუფლებას უკან დაახევინა

[დავით კირვალიძე]
ხელისუფლებისა და პრესის მორიგი ჭიდილი პრესის გამარჯვებით დასრულდა. ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა აღიარა, რომ საგადასახადო კოდექსის ახალ ვარიანტში ხარვეზი გაიპარა და ჟურნალ-გაზეთები დღგ-თი აღარ დაიბეგრებიან. ამის მიუხედავად, გამომცემლები მაინც სიფრთხილეს ამჯობინებენ, რადგან ჯერჯერობით ეს მხოლოდ ზეპირი დაპირებაა.

ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა გუშინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გარკვევით განაცხადა, რომ ბეჭდვური მედია დამატებითი ღირებულების გადასახადით არ დაიბეგრება. მისი განმარტებით, პრესის დაბეგვრის თაობაზე შექმნილი აჟიოტაჟი „გაუგებრობა“ იყო, რაც პროექტში არსებულმა „ხარვეზიანმა“ ჩანაწერმა განაპირობა.

„ჩვენი პრინციპი იყო, რომ არ შევხებოდით ტრადიციულად დაუბეგრავ სექტორებს, მათ შორის პრესას“, - განაცხადა ბაინდურაშვილმა და დასძინა, რომ „არაადეკვატური“ გადაწყვეტილება იქნებოდა პრესის დაბეგვრა მაშინ, როცა ამ სფეროდან ბიუჯეტში შემოსული თანხები „ერთი რიგითი კომპანიიდან შემოსავლებზე დაბალია“.

მისი თქმით, დასაბეგრი არეალის გაფართოებისას აქცენტი გაკეთდა მაღალშემოსავლიან და „ჭარბი მოგების“ მქონე დარგებზე, ძირითადად, აქციზური გადასახადების ზრდის კუთხით.

„მაგალითად, საქართველოში ყველაზე დაბალია ალკოჰოლზე აქციზური გადასახადი და მისი ზრდა გადავწყვიტეთ ისე, რომ ფიგურალურად 15-ლარიანი არაყი შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ 0,5 ლარით. იგივე ეხება აქციზს ტელეკომუნიკაციებზე - ამ სფეროზე საგადასახადო წნეხი დღეს საშუალოზე ნაკლებია“, - განაცხადა მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, „ასეულობით შენიშვნა“ არსებობს, რომელთა 70% არის გაზიარებული და საგადასახადო კოდექსის პროექტი პარლამენტში განხილვის პარალელურად კიდევ უფრო დაიხვეწება.

არადა ფინანსთა მინისტრის ამ გამოსვლამდე ზოგიერთი დეპუტატი პრესას გაომგონილ ბრანდებას უყენებდა. მაგალითად, უმრავლესობის დეპუტატები არაოფიციალურ საუბრებში აღნიშნავდნენ, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც პრესის წარმომადგენლები იგივე ორგანიზაციის მეშვეობით სხვა ბიზნესს აწარმოებენ და პრესისთვის არსებული საგადასახადო რეჟიმით სარგებლობენ.

ამასთან დაკავშირებით, „საქართველოს პრესის ასოციაციამ“ განმარტება გააკეთა: „როგორც ჩანს, ეს საქმეში კარგად ჩაუხედავი ადამიანების კომენტარია, ვინაიდან ამჟამად მოქმედი კოდექსით დღგ-სგან გათავისუფლებულია არა იურიდიული პირი (ორგანიზაცია), რომელიც უშვებს გაზეთს, არამედ თავად გაზეთის ბეჭდვა, რეალიზაცია და მასში რეკლამის გათავსება; ასევე, საგაზეთო ქაღალდის იმპორტი. ანუ, თუ იგივე იურიდიული პირი, რომელიც პრესის გამოცემით არის დაკავებული, აწარმოებს სხვა საქმიანობასაც, ამ საქმიანობის ნაწილში ის სრულად იბეგრება დღგ-თი, ისევე, როგორც ყველა სხვა გადასახადით“.

გუშინდელ კომიტეტის სხდომაზე კახა ბაინდურაშვილმა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა პრესის წარმომადგენლებს სამუშაო ჯგუფში ჩართვა შესთავაზეს, რათა არანაირი კითხვა აღარ დარჩეს.

– „მინისტრმა თქვა, რომ არსებულის შეცვლაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული და მივიღეთ იმის დაპირებაც, რომ დაბრუნდება ადრინდელი ჩანაწერი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასე იქნება.

მართალია, მივიღეთ დაპირება, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც აქამდე იყო, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ სიტყვიერი დაპირება და ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორი იქნება ჩანაწერი. ამიტომ გვინდა, ვნახოთ, როგორ იქნება ჩანაწერი, რადგან ხშირად მოგვისმენია ერთია და მიგვიღია მეორე. ამიტომ დაველოდებით, თუ საბოლოოდ რა იქნება“, - აცხადებენ „პრესის ასოციაციაში“