გიგლა აგულაშვილი, როგორც უპარტიო მინისტრი, „ქართული ოცნების“ მთავრობაში გააგრძელებს მუშაობას. მართალია, მას წლები აკავშირებდა რესპუბლიკელებთან, მაგრამ მაინც ყოფილ პარტიასთან გამიჯვნა არჩია. მოტივად „მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“ დაასახელა. „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე გიგლა აგულაშვილის პოზიციას შეცდომად მიიჩნევს, თუმცა ჩნდება მოლოდინი, რომ აგულაშვილის გზას ძალიან ბევრი რესპუბლიკელი დაადგება.
თავის მხრივ, დავით უსუფაშვილიც ცდილობს, მოვლენებს დაასწროს. მის ხმას კატეგორიულობა შეერია, როცა თანაპარტიელ რესპუბლიკელებს მიმართა, დატოვონ პარტია ორი დღის განმავლობაში, თუკი ამას გეგმავენ და, თუკი რაიმე ეჭვი აწუხებთ საარჩევნო ბრძოლის წინ.
ექსპერტები უკვე საუბრობენ „რესპუბლიკური პარტიის“ სისტემურ ხარვეზზე. გია ხუხაშვილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ დავით უსუფაშვილი ქართულ სინამდვილეში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, „რესპუბლიკურ პარტიას“ სისტემური ხარვეზი აქვს, რომლის გადალახვაც ძალიან გაუჭირდება.
შეთხელდება თუ არა რესპუბლიკელთა რიგები და არსებობს თუ არა სისტემური ხარვეზი ამ პარტიაში, ამის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რესპუბლიკელთა სისტემურ ხარვეზზე საუბარი ნაადრევია. შესაძლოა, რესპუბლიკელებს ადამიანური რესურსების პრობლემა ჰქონდეთ, მაგრამ მათი პარტიული სტრუქტურა არსებობს და, ალბათ, ეს სტრუქტურა დალაგებულია კიდეც.
რაც შეეხება პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას, პოლიტოლოგის თქმით, ამ გადაწყვეტილებას ყველა ადამიანი პერსონალურად ღებულობს. სამწუხაროდ, საქართველოს მთელ პოლიტიკურ სპექტრში (და არა მარტო „რესპუბლიკურ პარტიაში“) პარტიებს ტოვებენ, სხვა პარტიაში გადადიან იმისდა მიხედვით, სად უკეთეს პირობებს შესთავაზებენ. შესაბამისად, თუ ვინმეს სთავაზობენ „ქართული ოცნების“ გამსვლელ სიაში ყოფნას, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების 90% დატოვებს ძველ პარტიას. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ „რესპუბლიკური პარტია“ მაინც გარკვეული ტრადიციების მქონეა, საეჭვოა, მასობრივად მოხდეს ამ პარტიიდან ხალხის გადინება.
„რესპუბლიკური პარტიის“ შემადგენლობასა და აქტივს ისე ახლოს არ ვიცნობ, რომ პარტიულ განწყობებზე ვისაუბრო, თუმცა შესაძლოა, გარკვეულმა ნაწილმა დატოვოს კიდეც „რესპუბლიკური პარტია“. ამას წინათ თბილისის ერთ-ერთ რეგიონში გაკეთდა განცხადება, ვტოვებთ „რესპუბლიკურ პარტიასო“. ასე რომ, თუ ვინმეს სურდა დატოვება, აქამდეც დატოვებდა პარტიას. თუმცა გიგლა აგულაშვილის და პარტიის დანარჩენი წევრების საკითხი ორი სხვადასხვა ფენომენია. აგულაშვილი თუ არ დატოვებს მინისტრის თანამდებობას, მაშინ ვერ იქნება ჩართული საარჩევნო კამპანიაში“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ და განმარტა, რომ რესპუბლიკელებს 5%-იანი ბარიერის გადალახვის გარანტია არ აქვთ, მაგრამ აქვთ საკმაო რესურსი იმისთვის, რომ ეს ბარიერი დაძლიონ. გამომდინარე იქიდან, რომ ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ ორი პარტიას აქვს, დანარჩენი პარტიებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება რამდენი ამომრჩეველი მივა არჩევნებზე. რესპუბლიკელების ტრადიციულ პარტიას კი საკუთარი ამომრჩეველი ჰყავს, რომელიც არც ისე მცირერიცხოვანია, დაახლოებით 70 ათასი კაცის ფარგლებში მერყეობს.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩვენში ბოლო დროს დამკვიდრდა ტერმინი „სისტემური ხარვეზი“. სინამდვილეში, არავითარი სისტემური ხარვეზი რესპუბლიკელებს არ აქვთ. უბრალოდ, გიგლა აგულაშვილის ან სხვების გადაწყვეტილება აიხსნება იმით, რომ ეს საქართველოა, ეს არ არის ცივილიზებული ქვეყანა, სადაც იშვიათი გამონაკლისია ადამიანების მიერ საკუთარი პარტიის მიტოვება და სხვა პარტიაში გადასვლა. თუმცა ესეც არ ითვლება დიდ ცოდვად. თავის დროზე ჩერჩილმაც მიატოვა პარტია, სხვაგან გადავიდა, მერე ისევ დაბრუნდა, რეიგანმაც შეიცვლა პარტია.
„როდესაც რესპუბლიკელები მზიდ კონსტრუქციად იდგნენ ივანიშვილის ეკლექტიკურ გაერთიანებაში, მაშინ ბევრი მიეკედლა რესპუბლიკელებს. ახლა შეიცვალა სიტუაცია, რესპუბლიკელები ისევ უბრუნდებიან მათთვის ჩვეულ ოპოზიციურ გარემოს, მაგრამ ადამიანებისთვის, რომლებმაც თავიანთი ყოფიერი კეთილდღეობა უკვე დაუკავშირეს „ოცნებას“ და თავიანთი მაამებლური „კაპიტალი“ „ქართუ ბანკის“ სეიფში გამოკეტეს, ერთგულება და იდეური პრინციპები უცხოა. ამიტომ სისტემურ კრიზისზე „რესპუბლიკურ პარტიაში“ საუბარი ნაადრევია, მიუხედავად იმისა, თუ ვინმეს უკრიტიკებია ეს პარტია, არც მე დამიკლია კრიტიკა. ჩემთვის მიუღებელია ცოლ-ქმრული ტანდემი, რაც პოლიტიკისთვის უცხოა. პოლიტიკაში ყოფილან ძმები კენედები, ინგლისის პოლიტიკაში ჩემბერლენები, ნახევარძმები, მაგრამ ცოლ-ქმარი ერთად არ ყოფილა. ბილ კლინტონი რომ წავიდა, ჰილარი კლინტონი მერე გამოჩნდა. მე ამას სისტემურ ხარვეზს არ ვუწოდებ, არამედ ეს არის პიროვნული ნაკლი. ქმარი - დათო უსუფაშვილი ინტელექტუალია, მისი ფასეულობები ღიად პროდასავლურია, ის ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე გაწონასწორებული და დინჯია, პოლიტიკოსისთვის ახალგაზრდულ ასაკში დაღვინებულია, მაგრამ პიროვნულად ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში სუსტი აღმოჩნდა, უზომოდ აქტიური მეუღლის - თინა ხიდაშელის გვერდზე. ასეთი რამ ქართულ პოლიტიკაში იშვიათად ხდება, ქართველი მამაკაცები არ დაუშვებენ, რომ ოჯახშიც კი „ხაზეინი“ ცოლი იყოს, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევაა. ათ სააკაშვილს ეყოფოდა ხიდაშელის ენერგია, პირდაპირ ჩქეფს, ცოდვაც იქნებოდა, ეგ ენერგია სახლში ჩაკეტილიყო. თუმცა ხიდაშელი მარტო უფრო ბევრს მიაღწევდა პოლიტიკაში, ახლა კი თვითონაც ზარალდება, მეუღლესაც აზარალებს და პარტიასაც“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.