გავრცელებული ინფორმაციით, თინა ხიდაშელს, რომელიც თავდაცვის მინისტრი თანამდებობის დატოვებას აშშ-დან დაბრუნების შემდეგ გეგმავს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი შეცვლის. როგორც ხიდაშელი ამბობს, მას გუშინ ჰქონდა პრემიერთან შეხვედრა, სადაც გარკვეულ კალენდარზე შეთანხმდნენ.
„რამდენიმე ძალიან სასწრაფოდ დასასრულებელი ღონისძიება დარჩა, რომელთაც გადაბარების პროცესი ხელს შეუშლის. მათ შორისაა რამდენიმე დღის წინ გაფორმებული მემორანდუმი. მე ვთქვი, რომ ივლისის შუა რიცხვებში დაგეგმილი იყო მემორანდუმის შესაბამის გეგმაზე მუშაობა, ამიტომ, მე აშშ-ში გავემგზავრები, ამ პროცესს დავასრულებ და იქიდან დაბრუნების შემდეგ, კონკრეტულ რიცხვზე შევთანხმდებით. არასდროს მივცემ ჩემ თავს უფლებას, პროცესი შუა ადგილას მივატოვო. ამავე აზრისაა პრემიერიც“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ხიდაშელისგან განსხვავებით, თანამდებობის გადაბარების საკითხზე მუშაობას შეუდგა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც თანამდებობის გადააბარების პროცესის დასრულებას მაქსიმუმ 12 დღეში ვარაუდობს.
„მზად ვარ თხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერ თანამდებობაზე ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ვიმუშაო. გუშინ მქონდა საუბარი პრემიერთან. მკაფიოდ გამოჩნდა პოზიცია, რომ საარჩევნო კამპანიის დროს „ოცნებას“ ურჩევნია, მინისტრები იყვნენ მკაფიოდ გამოკვეთილი თავიანთ პარტიულობასთან. პირობა არასდროს მქონია დაყენებული გარდა იმისა, რომ თხოვნა იყო, მემუშავა. შესაბამისად, მე მზად ვარ ვიმუშაო ნებისმიერ თანამდებობაზე, თუ არ მექნება პირობები წაყენებული“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ პრემიერ-მინისტრის თავსატეხია როგორ და სად მოძებნოს ასეთი ძალიან კარგი მინისტრების, ძალიან კარგი შემცვლელები.
„მე მას წარმატებას ვუსურვებ ამაში, რადგან ჩვენ ძალიან კარგი მინისტრები გვჭირდება მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელები დატოვებენ თანამდებობას. რესპუბლიკელი თავდაცვის მინისტრი იყო ძალიან კარგი თავდაცვის მინისტრი.
დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრი ამ თანამდებობაზე ისეთ ადამიანს დანიშნავს, რომელიც გააგრძელებს ამ სფეროში ძალიან წარმატებულ რეფორმებს, პოლიტიკას, გვარები უკვე პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
„რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკის კეთების ევროპული კოალიციური სტილი ჩვეულებრივია „რესპუბლიკელებისთვის“, „ქართული ოცნებისთვის“ კი დაუძლეველი სიმაღლე აღმოჩნდა.
„ჩვენ მზად ვიყავით, ევროპული გამოცდილების შესაბამისად, ჩვენი მინისტრები ბოლომდე ყოფილიყვნენ საკუთარი ფუნქციის შემსრულებლები და ამით მოგვეკლო საარჩევნო კამპანიაში, მაგალითად, თინა ხიდაშელის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და ასევე, სხვა მინისტრების, მაგრამ ერთპარტიული მთავრობა მინდაო - ეს ნათქვამი აქვთ“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მაშ ასე, მთავრობის მეთაურმა „რესპუბლიკელი“ მინისტრები არ შეინარჩუნა. შესაბამისად, „რესპუბლიკური პარტია“ ოპოზიციური ფლანგიდან დღეიდან ოფიციალურად იწყებენ წინაასაარჩევნო კამპანიას. „რესპუბლიკელებისგან“ განსხვავებით გიორგი კვირიკაშვილს გადაწყვეტილას დადებითად აფასებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მკაცრ დამოკიდებულებას „რესპუბლიკელების“ მიმართ თავისი მიზეზი აქვს და ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ „ქართულ ოცნებაში“ არ უნდა ვეძებოთ.
„ვფიქრობ, რესპუბლიკელების ბოლო პერიოდის მოქმედებამ უბიძგა ამისკენ „ქართულ ოცნებას“. გახსოვთ თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება წვევამდელების საკითხთან დაკავშირებით. ხიდაშელის ქმედება ქმნიდა იმის ფონს, რომ გადაიდგმებოდა ნაბიჯი, რომელიც უფრო მკვთრად გაყოფდა ერთმანეთისგან რესპუბლიკელებს და „ქართულ ოცნებას“. როგორც ჩანს, ხიდაშელის ამ ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ გარკვეული უნდობლობა გააჩინა „ქართულ ოცნებაში“ რესპუბლიკელების მიმართ, რომ ისინი არ იქნებიან კოლეგიალურები და პარტნიორულები „ქართულ ოცნებასთან“. ხიდაშელმა საკმაოდ მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. ამიტომ, „ქართული ოცნების“ ეს პოზიცია გასაკვირი არ არის“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება „უსუფაშვილი-რესპუბლიკელების“ შანსებს, ექსპერტი აცხადებს, რომ სოციოლოგიური მონაცემებით რესპუბლიკელების რეიტინგი მათთვის დამაიმედებლი არ არის. შესაბამისად, რესპუბლიკელების შანსებზე ლაპარაკი რთულია.
„ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ ლოიალურია იმ პოლიტიკოსებისა და პარტიების მიმართ, რომლებამაც ბოლომდე შეინარჩუნეს პარტნიორული სულისკვეთება. თუკი ასეთივე კლიმატი შენარჩუნდებოდა რესპუბლიკელებთან, სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ რაიმე გზებს დაუწყებდა ძებნას საიმისოდ, რომ ხელი გაემართა მათთვის, მაგრამ მთლიანობაში, მათთვის არამომგებიანი სტილი აიღეს, გარდა ხიდაშელის განცხადებისა, „ოცნების“ შეფასებაში უფრო მწვავე გახდა დავით უსუფაშვილი, რაც პარტიულ-ოჯახური სტილი იყო.
გარდა საზოგადეობის დამოკიდებულებისა, როგორც ჩანს, „ოცნების“ დამოკიდებულებაც უფრო კრიტიკული იქნება, ვიდრე აქამდე. ასევე ცნობილია სხვა პარტიების დამოკიდებულება რესპუბლიკელების მიმართ. პოლიტიკურ სპექტრში რესპუბლიკლები მარტონი არიან, ხოლო მარტო ბრძოლისთვის საკმარისი რეიტინგი არ აქვთ“, - აღნიშნა for.ge-სათან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
რესპუბლიკელების შანსებს სკეპტიკურად უყურებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, საზოგადოების გაგებით პარტიას სისტემური ხარვეზი აქვს, რომლის გადალახვა ძალიან გაუჭირდება.
„ქართულ საზოგადოებაში „რესპუბლიკური პარტია“ არც არასდროს სარგებლობდა განსაკუთრებული ექსკლუზიური მხარდაჭერით. გამომდინარე იქედან, რომ მათ ძალიან გაუგრძელდათ ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე პარაზიტირება და ძალიან დააგვიანეს იმისათვის, რომ სრულფასოვანი კამპანია დაეწყოთ და ელექტორალური სეგმენტი ეპოვათ, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ მათ შანსებს. ძალიან უყვართ მენტორეული ტონით საზოგადოებასთან ლაპარაკი და რატომღაც მიიჩნევენ, რომ სხვებზე უფრო ინტელექტუალური ძალაა, რაც სინამდვილეში, ხშირ შემთხვევაში, ფსევდოინტელექტუალიზმში გადადის. ამასაც საზოგადოება ძალიან კარგად გრძნობს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება რესპუბლიკელების შანსებს, გია ხუხაშვილი თვლის, რომ მათ ბარიერის გადალახვის მიზერული შანსი აქვთ და მიზეზად ამომრჩეველთან სრულფასოვანი კომუნიკაციის არარსებობას ასახელებს.
„არც არასოდეს ჰქონიათ კომუნიკაცია ამომრჩეველთან, მაგრამ ახლა აბსოლუტურად დისტანცირებულები არიან, ამის აღდგენა და მით უმეტეს ამ ვადაში ბუნებრივია, რომ ვერ მოხერხდება. საერთოდ არ მესმის რომელი სოციალური ჯგუფი შეიძლება იყოს რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველი. რის გამო უნდა მისცეს მათ ამომრჩევლმა ხმა, ეს ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია. რესპუბლიკელები უკვე არც ცისები არიან და არც მიწისები. უახლოესი წლების განმავლობაში ვერც რეალურ და ვერც ვირტუალურ პოლიტიკაში ვერ ვხედავ მათ ადგილს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.