მთავრობაში სამი წავიდა „რესპუბლიკურ პარტიაში“ ორი დაბრუნდა

მთავრობაში სამი წავიდა „რესპუბლიკურ პარტიაში“ ორი დაბრუნდა

გარემოს დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა „რესპუბლიკურ პარტიას“ თანამდებობა არჩია და მთავრობაში დარჩა, მინისტრობის შემდეგ კი, თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი პოლიტიკურ ბრძოლას დეპუტატობისთვის იწყებენ.

თინა ხიდაშელი პოსტს აშშ-ში ვიზიტის შემდეგ დატოვებს, ხოლო პაატა ზაქარეიშვილის ნაცვლად, მინისტრის უფლებამოსილებას მისი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი შეასრულებს.

სანამ, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხიდაშელისა და ზაქარეიშვილის შემცვლელებს წარადგენს, მანამდე პოლიტიკურ წრეებში რესპუბლიკელების გადაწყვეტილებას აფასებენ.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ახალი მინისტრების შერჩევას პრემიერ-მინისტრის „თავსატეხად“ მიიჩნევს, თუმცა, ირიბად იმ მოლაპარაკებებზეც მიანიშნებს, რომელიც სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებასა“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ შორის გაიმართა.

სპიკერი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა, ამბობს, რომ მათ „ოცნებას“ შესთავაზეს, რომ რესპუბლიკელი მინისტრები პოსტებზე ბოლომდე დარჩენილიყვნენ, რაზეც ხელისუფლებამ უარი თქვა.

უსუფაშვილის თქმით, პოლიტიკა კერძო და პერსონალური ვნებების ასპარეზი არ არის, არამედ პოლიტიკა ხალხის საკეთილდღეო სამსახურია, რის გამოც, რესპუბლიკელები მოვალეობების შესრულებას ბოლომდე გააგრძელებენ. მათ შორის, მთავრობაშიც.

„თუ ჩვენ ევროპა და ცივილიზაცია გვინდა, უნდა შევეგუოთ და ის ტრადიციები ვისწავლოთ, როცა მრავალპარტიული კოალიციები არჩევნების ბოლომდე მუშაობენ. ეს შეთავაზება „ქართული ოცნებიდან“ გავუკეთეთ და თანახმა ვიყავით, რომ ჩვენი წევრები ბოლომდე დარჩენილიყვნენ და საარჩევნო კამპანიას მათ გარეშე გავმართავდით. „ოცნებამ“ სხვაგვარად გადაწყვიტა და ჩათვალა, რომ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიუღებელია“, - განაცხადა უსუფაშვილმა, რომელიც ირიბად იმ ინფორმაციას ადასტურებს, რომლის თაობაზეც for.ge რამდენიმე დღის წინ წერდა. კერძოდ, საპარლამენტო კულუარებში აცხადებდნენ, რომ რესპუბლიკელ მინისტრებს არჩევანის გაკეთება პარტიის წევრობასა და დაკავებულ პოსტებს შორის მოუწევდათ.

როგორც ჩანს, გიგლა აგულაშვილმა გადაწყვეტილება თავის სასიკეთოდ მიიღო და პოსტი შეინარჩუნა. აგულაშვილი ამბობს, რომ მან გადაწყვეტილება პრემიერთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო, რადგან მისთვის სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად საქმიანობის გაგრძელება დიდი პატივია.

მინისტრი ირწმუნება, რომ მისი ეს ნაბიჯი უმტკივნეულო არ იყო, რადგან მას „რესპუბლიკურ პარტიასთან“ წლები აკავშირებს.

„გადაწყვეტილების მიღებისას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა მამოძრავებდა. პრემიერ-მინისტრისა და მისი გუნდის სამომავლო გეგმებზე ინფორმირებული კარგად ვარ და ჩემი არჩევანის სისწორის მჯერა, რადგან იგი საქართველოს მდგრად, სტაბილურ განვითარებას, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას უკავშირდება“, - აცხადებს აგულაშვილი, რომლის გადაწყვეტილებასაც ყოფილი თანაგუნდელები შეცდომად მიიჩნევენ.

რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, გიგლა აგულაშვილს გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ წევრები უწონებენ, რესპუბლიკელების გეგმების თაობაზე კი აღნიშნავენ, რომ ისინი პოლიტიკურად გამოცდილი ადამიანები არიან და მათ ქართულ პოლიტიკაში დაკარგვის საფრთხე არ ემუქრებათ.

როგორც for.ge-ს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ განუცხადა, „რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან პოლიტიკურად სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილების მიღება მოხდა, რადგან ხიდაშელი და ზაქარეიშვილი პარტიის გამორჩეული სახეები არიან.

მისი თქმით, როდესაც პარტია წინასაარჩევნო ბრძოლაში ებმება, სამთავრობო გუნდი ან კოალიციური უნდა იყოს, ან ერთი გუნდი.

„ვინაიდან, პოლიტიკური ერთობა არ არსებობს, იმ მინისტრებმა პოსტები უნდა დატოვონ, რომლებიც საარჩევნო კამპანიაში ერთვებიან. რესპუბლიკელების მიმართ შეთავაზება იყო თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ არ მგონია, რომ თინა ხიდაშელი „რესპუბლიკურ პარტიას“ ასე ადვილად ეთმობოდეს. რაც შეეხება აგულაშვილს, ეს მხოლოდ მისი პიროვნული გადაწყვეტილება არ არის. ის არის ადამიანი, რომელიც დარგს ხელმძღვანელობს და საკმაოდ წარმატებულია. მთავრობის შემადგენლობასთან მისი თავსებადობა საკმაოდ მაღალია და მისი გადაწყვეტილებაც ლოგიკურია“, - დასძინა ვოლსკიმ.

კანონმდებელი ირწმუნება, რომ პარლამენტს არჩევნებამდე სამთავრობო გუნდის დამტკიცება არ მოუწევს, ანუ, პრემიერ-მინისტრი მთავრობაში საერთო ჯამში შვიდ მინისტრს არ შეცვლის.

„სახელმწიფოსთვის არასტაბილური ვითარება იქნება, რომ მინისტრები ახლიდან დასამტკიცებელი გახდეს. ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება და ვფიქრობ, რომ მთავრობამ სტაბილურობა უნდა შეინარჩუნოს და ყველამ ქვეყანაზე უნდა იფიქროს. დარწმუნებული ვარ, პრემიერი სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური რესპუბლიკელებს წარმატებებს უსურვებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რესპუბლიკელები ერთი პოლიტიკური გუნდის წევრები არიან და ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რაც დასაფასებელია.

მისი თქმით, აგულაშვილი პრემიერის პროგრამას სრულიად ეთანხმება და უნდა იმ წარმატებების მონაწილე გახდეს, რომელსაც სამომავლოდ ხედავს.

„ეს კარგი და მყარი პოზიციაა. რესპუბლიკელები პოლიტიკურად გამოცდილი პოლიტიკოსები არიან და მათ ქართულ პოლიტიკაში დაკარგვის საფრთხე არ ემუქრებათ“, - დასძინა ძიძიგურმა.

მთავრობაში რესპუბლიკელების ყოფნით არ ღიზიანდებოდა დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თემურ ჭკუასელი, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მმართველი გუნდი უნდა შეეცადოს, უკეთესი მინისტრები დაამტკიცოს.

ჭკუასელის განცხადებით, რესპუბლიკელები საარჩევნო კამპანიას იწყებენ, აქტიურ ფაზაში შედიან და ასეთ შემთხვევაში ნებისმიერმა მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

„მათი გადაწყვეტილება ჩვეულებრივად მივიღე. მათთან დაკავშირებით არანაირი გართულება არ მქონია, მაგრამ ვინაიდან, გადადგნენ, უნდა შევეცადოთ, რომ უკეთესები მოვიდნენ. მინისტრების წარდგენა პრემიერის პრეროგატივაა, მაგრამ როგორც ჩანს, მას ადამიანები უკვე მოაზრებული ჰყავს“, - დასძინა ჭკუასელმა.

რაც შეეხება „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო გეგმას, მათი სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნება და არჩევნებზე პარტია „უსუფაშვილი-რესპუბლიკელების“ სახელწოდებით წარსდგება.