ნატო ძირითად საფრთხედ - რუსეთს და „ისლამურ სახელმწიფოს“ მიიჩნევს

ნატო ძირითად საფრთხედ - რუსეთს და „ისლამურ სახელმწიფოს“ მიიჩნევს

ვარშავის ნატოს სამიტის მსვლელობისას, პოლონეთის საჰაერო სივრცე 4-ჯერ დაირღვა. ვარშავის ცაში სამოქალაქო ფრენების განხორციელება 4 დღის განმავლობაში, 10 ივლისამდე აკრძალული იყო. თუმცა, ამის მიუხედავად პოლონეთის დაზვრევის სამსახურებმა უპილოტო საფრენი აპარატები ვარშავის საჰაერო სივრცეში მაინც დააფიქსირეს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი, რომ ინციდენტები დანაშაულებრივი ხასიათის იყო, თუმცა როგორც ანტონი მაცერევიჩმა განაცხადა, ოთხივე საფრენ აპარატს ამჟამად სპეცსამსახურები სწავლობენ.

ვარშავის სამიტი კონკრეტული შედეგებით დასრულდა. ალიანსმა ორი ძირითადი საფრთხე აღმოაჩინა - რუსეთი და „ისლამური სახელმწიფო“, რაც დაფიქსირებულია ნატოს კომუნიკეში, რომელიც 139 პუნქტს მოიცავს. კომუნიკეში ასევე აღნიშნულია, რომ ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, რომ გააუქმოს საქართველოს რეგიონების - „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეწყვიტოს ადმინისტრაციულ საზღვრის გასწვრივ საზღვრისმაგვარი დაბრკოლებების მშენებლობა და გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოდან.

„ნატო არ აღიარებს ე.წ. შეთანხმებებს, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს რეგიონ აფხაზეთსა და რუსეთს შორის 2014 წლის ნოემბერში და საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის 2015 წლის მარტში. აღნიშნული შეთანხმებები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ცალსახად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ეუთო-ს პრინციპებსა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს“, - ნათქვამია კომუნიკეში.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს თავდაცვისუნარინობის გაძლიერებაში დაეხმარება.

ამერიკის პრეზიდენტის, ბარაქ ობამას განმარტებით, ნატო სამხრეთის ფლანგის გაძლიერებასაც შეეცდება, ასევე ევროკავშირის მიერ ხმელთაშუა ზღვაზე დაგეგმილ ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიზნად ისახავს კონტრაბანდისტების შეჩერებას.

„საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების კანდიდატია“, - ამ განცხადების ავტორი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრია. ვიტოლდ ვაშიკოვსკის განცხადებით, ალიანსი მრავალი წელია „ღია კარის“ პოლიტიკას ატარებს და ამ კარს აღებს აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებისთვის.

„თავისუფალი და დამოკრატიული ევროკავშირისა და ნატო-ს შექმნის კონცეფცია ჯერ არ დასრულებულა. საქართველო წევრობის კანდიდატია და მისი საკითხი წინ არის წაწეული“, - განაცხადა ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ.

მეტიც, გადაწყვეტილია, რომ სექტემბერში საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭო ჩამოდის, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი უხელმძღვანელებს. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი ნატო-ს ძლიერი მხარდაჭერისა საქართველოსადმი, მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი და რეფორმების გატარებისადმი წევრობის გზაზე.

„ნატო კიდევ ერთხელ ადასტურებს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ალიანსი აღიარებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველო აღწევს წევრობის გზაზე. ალიანსი მტკიცე გზავნილით გამოდის, როცა საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ მოხდა არსებით პაკეტში სხვადასხვა ელემენტების იმპლემენტაცია. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო-ს კომუნიკეს ტექსტში საქართველო მოხსენიებულია, როგორც სრულფასოვანი პარტნიორი. თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში საუბარია ე.წ. „შავი ზღვის უსაფრთხოების“ პარაგრაფებში, სადაც ნატო საუბრობს ბალტიის, ხმელთაშუა ზღვის და შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ - ამ სეგმენტში საქართველო სრულფასოვანი მონაწილეა. მისივე თქმით, საქართველო გადადის განვითარების სრულიად სხვა საფეხურზე, როდესაც ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა გავხდეთ უსაფრთხოების არა მხოლოდ მიმღები, არამედ, მიმწოდებელი ქვეყანა.

„კომუნიკეთი გამეორებულია და დადასტურებულია ის, რაც გუშინ ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ სხდომაზე უკვე ითქვა, რომ საქართველო იქნება თანამონაწილე ამ უსაფრთხოების სისტემის. ეს არის პირველი და ყველაზე მთავარი მიღწევა. მეორე, საუბარი არის ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულებაზე, სადაც ასევე საუბარია, რომ დაგვეხმარება ყველა შესაძლო საშუალებით. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, ეს ერთ-ერთი მიმართულებაა - ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულების გაძლიერება იყოს პროგრესირებადი და ნატოს სტანდარტების ადეკვატური.

ურთიერთთავსებადობის შესახებ თავდაცვის მინისტერიალზე საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ მოამზადოს ნატომ თავისი პარტნიორები, რომ ისინი წევრობამდე უკვე იყვნენ თანაბარი ზომის, თანაბარი ძალის მატარებელნი და თანაბარი დოზით თანამონაწილეები ნებისმიერი მისიის, ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერი საფრთხის გამკლავების შემთხვევაში, როგორც კი საჭიროება ამას მოითხოვს. ზუსტად ამაზეა საუბარი კომუნიკეში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის განვითარების ნაწილში - საქართველო იქნება სრულფასოვანი თანამონაწილე ნატოს სისტემის, ზუსტად აქ, ამ სეგმენტში, ამ მიმართულების განვითარებისთვის“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.

ნატოს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებით ტრადიციულად უკმაყოფილოა კრემლი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროპაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ობიექტური აუცილებლობის მიუხედავად, აშშ წამყვანი ქვეყნების პოტენციალს, რეალური საფრთხისკენ მიმართვის ნაცვლად, წარმოსახვით გამოწვევებს უპირისპირებს და თავის ძალისხმევას აღმოსავლეთიდან მომავალი მზარდი საფრთხის შეკავებისკენ მიმართავს.

სერგეი ლავროვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის „დემონიზების“ მცდელობა ნატოს მიერ შეიარაღების გაზრდის გასამართლებლად, ალიანსისა და მისი მოკავშირეების მიერ კრიზისების პროვოცირება და დაძაბულობის კერების წარმოშობისთვის ხელის შეწყობა ატროფირებულ ფორმებს იძენს.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ვარშავის სამიტზე საქართველომ საკმაოდ საინტერესო მოდელები მიიღო. მისივე თქმით, სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ჩამოსვლა პირდაპირი მესიჯია იმისა, რომ რუსეთი შიეძლება უფრო აგრესიული გახდეს.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. ბუნებრივია, რომ ნატოში გაწევრიანების გზა არ იქნება იოლი. მით უმეტეს, რომ ჩვენ თანდათან ვუახლოვდებით ამ მიმართულებას. შეიძლება შემდეგ სამიტზე დაისვას გაფართოების საკითხი. საქართველო იმ 4 ქვეყნის კალათაში მოხვდა, რომელსაც სურს ნატოში გაწევრიანება - უკრაინა, საქართველოს, ბოსნია-ჰერცოგივინა და მაკედონია.

ბოსნიას უკვე გააჩნია გაწევრიანების სამოქმედო გეგმა MAP და შესაბამისად, ამ კუთხით იქნება საინტერესო შემდეგი სამიტი და შეიძლება საქართველოს საკითხი დაისვას. ამის შანსი საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ რუსეთი იქნება უფრო აგრესუილი. ნატომ აღმოაჩინა ორი ძირითადი საფრთხე - რუსეთი და „ისლამური სახელმწიფო“, ეს დაფიქსირებულია კომუნიკეში და ეს ჩანდა სამიტის სულისკვეთების ფორმატში, როგორც საერთაშორისო ექსპერტების ფორუმზე, ასევე სამიტის მიმდინარეობის დროსაც“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ ვარშავის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებებს გულხედაკრეფილები არ შეხვდებიან კრემლის მესვეურები.

„არ გამოვრიცხავ, რომ ვიდრე ნატო რეალიზაციას გაუკეთებს საკუთარ გადაწყვეტილებებს, რომ შავი ზღვის აკვატორიაში გამოჩნდნენ რამდენიმე რუსული წყალქვეშა გემები, რომლებიც ცხადია, რომ ყვავილების მოსარწყავად არ დაიწყებენ ზღვის წყლის გამოყენებას. ამიტომ, უპირველსყოვლისა ჩვენ არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება და გავამართლოთ ის იმედი, რომელიც ჩვენს მიმართ გააჩნიათ ევროატლანტიკური სივრცის სუბიექტებს.

ჩვენს მოსახლეობასაც არ აწყენდა ზუსტი და ყოვლისმომცველი ინფორმაცია იმ სიკეთისა, რომელიც საკმაოდ ხმამაღალი თემა იქნება მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში. ჩემის აზრით, რუსული პროპაგანდის საპირწონე ქართული კონტრპროპაგანდა ის იარაღი იქნება, რომელიც მოიგებს, ან წააგებს ამ ბრძოლას“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.