„ხომ არ იყო ჩატაევი არა მარტო საქართველოს, არამედ რუსეთის სპეცსამსახურების, ან სამმაგი აგენტი?“

„ხომ არ იყო ჩატაევი არა მარტო საქართველოს, არამედ რუსეთის სპეცსამსახურების, ან სამმაგი აგენტი?“

„ხომ არ იყო ჩატაევი არა მარტო საქართველოს სპეცსამსახურების, არამედ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი, ან სამმაგი აგენტი და ხომ არ მუშაობდა იგივე „ისლამური სახელმწიფოს“ ან სხვა ტერორისტული ორგანიზაციის სასარგებლოდ? ძალიან ბევრი ვერსია შეიძლება ვთქვათ. შეიძლება სამმაგი აგენტი იყო და საბოლოო ჯამში ინფორმაციას აწვდიდა ტერორისტებს, ან რუსეთის სპეცსამსახურებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „სპეცსამსახურების საქმინაობაზე საზოგადოებრივი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე ბესიკ ალადაშვილი, რომლის განცხადებით, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება ჩატაევის ბიოგრაფიაში.

for.ge ბესიკ ალადაშვილს ესაუბრა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო, რომელიც უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან და გიორგი ლორთქიფანიძისგან იღებდა დავალებებს. მიდიოდა მივლინებებში და ამ ყველაფერში იღებდა ხელფასს. მეტიც, როგორც ირკვევა ჩატაევი ლორთქიფანიძემ ჩააცილა ავსტრიაში. ვინ იყო ახმედ ჩატაევი?

ბესიკ ალადაშვილი: ხელოვნურად ვქმნით ჩატაევისგან ისეთ ფიგურას, როგორიც სინამდვილეში არ არის. მივეჩვიოთ სამწუხარო რეალობას, რომ ეს არის ჩვეულებრივი თანამშრომლობა სპეცსასამხურებთან. ვფიქრობ, რომ ხელოვნურად ხდება ჩატაევის პიროვნების გააქტიურება, რაც მართებულად არ მიმაჩნია, თუნდაც იმ შედეგებიდან გამომდინარე, რითაც დამთავრდა ლაფანყურის სპეცოპერაცია.

ოფიციალურ ვერსიასაც რომ ვენდოთ, თითქოს ჩატაევი ჩაიყვანეს იმიტომ, რომ შეიარაღებული მებრძოლები დაერწმუნებინა იარაღი დაეყარათ, ვნახეთ, რომ ამან შედეგი არ გამოიღო. ანუ, მათთვისაც არ იყო ჩატაევი ავტორიტეტი. ჩემის აზრით, არ იქნება მართებული ჩატაევია თუ სხვა პიროვნება, რომელიც საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს, ცალკე რომელიმე პარტიას მივაკუთვნოთ და ვთქვათ, რომ ის რომელიმე პარტიაზე მუშაობდა. თუ ჩატაევის ან სხვა პიროვნების თანამშრომლობა სპეცსამსახურებთან სახელმწოფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და კანონის ფარგლებში ხორციელდება, მაშინ ეს მისაღებია.

გასაგებია, რომ დეტალებზე რთულია საუბარი, მაგრამ სესიაშვილი აცხადებს, რომ ჩეტაევი უშუალოდ სააკშვილისგან და ლორთქიფანიძისგან იღებდა დავალებას. ის, რომ აგენტი პოლიტკური ხელმძღვანელის დაკვეთით მოქმედებს, ეს სწორია?

- არა მგონია სესიაშვილმა მოიტანოს დამამტკიცებელი დოკუმენტი იმის, რომ იმ პერიოდში ქვეყნის პრეზიდენტი პირადად აძლევდა დავალებას ინფორმატორს, ან აგენტს. ეს გამორიცხულია. საქართველოში ალბათ, არაფერია გამორიცხული, მაგრამ მეეჭვება, რომ ამის დოკუმენტი არსებობდეს. ეს, რა თქმა უნდა, არ ამსუბუქებს სააკაშვილის მოქმედებებს. რაც შეეხება იგივე ლორთქიფანიძეს, თუ არ მეშლება, მაშინ შს მინისტრის მოადგილე იყო, რომელიც უშუალოდ იმ მიმართულებას კურირებდა. ბუნებრივია, რომ მას ექნებოდა კონტაქტი. თქმა იმისა, რომ ჩატაევი რომელიმე პოლიტიკური მოღვაწის, ან სპეცსამსახურის ხელმძღვანელის პირადი აგენტი იყო, ამის დამტკიცება შეუძლებელი იქნება.

რატომ იქნება შეუძლებელი?

- თუ ჩატაევი თანამშრომლობდა საქართველოს სპეცსამსახურებთან და ის გაფორმებულია შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს შეთანხმებული იქნებოდა შს მინისტრთან და შესაბამის დეპარტამენტთან. გეთანხებით, რომ საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხდება მისი პოლიტიზირება. არავინ არ კითხულობს იმას, რამდენად ეფექტიანი და შედეგენი იყო ჩატაევის თანამშრომლობა ჩვენს სპეცსამსახურებთან.

ხომ არ იყო ჩატაევი არა მარტო საქართველოს სპეცსამსახურების, არამედ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი, ან სამმაგი აგენტი და ხომ არ მოუშაობდა იგივე „ისლამური სახელმწიფოს“ ან სხვა ტერორისტული ორგანიზაციის სასარგებლოდ? ძალიან ბევრი ვერსია შეიძლება ვთქვათ. შეიძლება სამმაგი აგენტი იყო და საბოლოო ჯამში, ინფრომაციას აწვდიდა ტერორისტებს, ან რუსეთის სპეცსამსახურებს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ჩატაევის ყველა ტაქტიკური სვლა და მოქმედება ადასტურებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტია...

- თუ მის ბიოგრაფიას გადავხედავთ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. ორიათასიანი წლების დასაწყისში, როდესაც რუსეთის სპეცსამსახურებმა ფაქტიურად გაანადგურეს, ან გადაიბირეს ჩრდილოეთ კავკასიაში ყველა ის ბოევიკი, რომელიც მათ წინააღმდეგი იყო. ვინც ვერ გადაიბირეს სხვადასხვა გზით გაანადგურეს. 2003 წელს ჩატაევი რუსეთის სპეცსამსახურებმა გამოუშვეს რუსეთის ციხიდან. ისმის კითხვა - ხომ არ მოხდა ჩატაევის გადაბირება და შემდგომ ჩანერგვა გარკვეული ოპერაციებისთვის? აქ ძალიან ბევრი ვერსია შეიძლება იყოს. ხშირად არის, როდესაც ჩანერგილი და გადაბირებული აგენტები თავიანთ პატრონებს აღარ ემორჩილებიან.

რითი ხსნით სააკაშვილის ასეთ დაინტერესებას, რომ ჩატაევი გადმოეცათ საქართველოსთვის, ვის ინტერესში იყო, რომ ჩატაევი ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიაზე? როდესაც საუბარია ჩატაევის და რუსეთის სპეცსამსახურების კავშირზე, აქვე ძალიან აქტიურად განიხილება სააკაშვილის და რუსული სპეცსამსახურების კავშირები და ამ შემთხვევაში პირველ პლანზე წამოიწევა ხოლმე მისი ბიძის თემურ ალასანიას ინტერესები და კავშირები რუსეთის სპეცსამსახურებთან...

- რატომ მოხდა გადაცემა, ან ვის ინტერესებში იყო - ბუნებრივია, ამაზე ზუსტ პასუხს ვერავინ ვერ გაგვცემს, გარდა იმ ხალხისა, ვინც დაწერა შესაბამისი ცნობა და დასაბუთება, რომ ჩატაევი დასჭირდებოდა საქართველოს სპეცსამსახურებს. ორი წელი ცხოვრობდა პანკისის ხეობაში, ბუნებრივია, რომ ის იყო მეთვალყურეობის ქვეშ და სულ მცირე, კონტაქტი ჰქონდა საქართველოს სპეცსამსახურებთან. მინდა ვივარაუდო და ალბათ, ასეა, რომ მისი საქართველოში ჩამოყვანა იმ ძალების მონდომებით მოხდა, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ჩატაევით და ამით მწვანე შუქს უნთებდნენ რუსეთის სპეცსამსახურებსაც.

ანუ, პანკისიდან ჩატაევისგან ინფორმაცია წამოვიდოდა თბილისში, მაგრამ უფრო მეტი ინფორმაცია ჩატაევს შეიძლება გადაეცა მოსკოვისთვის. რაც შეიძლება ავხსნათ ისე, რომ ჩატაევი პორტირებული იყო საქართველოში იმიტომ, რომ რუსულ სპეცსამსახურებს სრული ინფორმაცია ჰქონოდათ პანკისის ხეობიდან. რაც შეეხება სააკაშვილის და თემურ ალასანიას, ამაზე ვერაფრეს გიპასუხებთ. როდესაც პერსონალიებზე გვაქვს საუბარი, უნდა გვქონდეს დოკუმეტალური მტკიცებულება.

თუკი ჩატაევი შეგენულად იყო პორტირებული საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, რომ მისი მეშვეობით ეკონტროლებინათ პანკისის ხეობა, ეს უკვე სპეცსამსახურების სისუსტეზე არ მიუთიეთბს? ის, რომ თურმე ძლიერი სპეცსასხურები გყავდა, რომელთა მეშვეობოთ ქვეყანამ არაერთი ტერაქტი აღკვეთა, მხოლოდ მითი ყოფილა?

- ვინ ქმნიდა მითს, მიშა? მიშას იმდენი მითი აქვს შექმნილი, რომ ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. როგორ ჰყავდა ძლიერი სპეცსამხურები, როდესაც 9 წლის მანძილზე რა სცენებიც დადგეს და სერიალები გადაიღეს ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით, იგივე ფოტოგრაფები, ენვერი, მფრინავები თუ ა.შ. არც ერთი არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებით. ამ დროს, იგივე რუსეთის აგენტურა თავისუფლად მოქმედებდა საქართველოში. ლოგიკურად, სპეცსამსახურების სიძლიერე უნდა ჩანდეს ქვეყნის წარმატებებში, ეკონომიკა იქნება პოლიტიკა თუ სოციალური მიმართულება. სპეცსამსახურების წარუმატებლობა კი ყოველთვის ჩანს. სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი მდგომარეობუდან გამომდინარე, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ სპეცსამსახურები ისე ვერ მუშაობენ, როგორც საჭიროა.

როგორ შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ მაშინდელი ხელისუფლების დავალებით, ჩატაევს საქართველოში ჩამოჰყავდა უცხოეთში მცხოვრები ქისტები და ჩეჩნები, რომლებიც სპეცალურ წვრთნებს გადიოდნენ სამხედრო ბაზაზე? რა ინტერესი ჰქონდა მაშინ ხელისუფლებას, რომ ეს ადამიანები ჩამოეყვანათ საქართველოში?

- სამწუხაროდ, საერთოშორისო ტერორიზმი გეოპოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი ბერკეტი და იარაღი გახდა. ორი ათეული წელია საქართველო ამის ეპიცენტრშია. განსაკუთრებით კი, პანკისის ხეობა, სადაც იკვეთებოდა, რუსეთის, ამერიკის, თურქეთის, არაბული ქვეყნების და ბუნებრივია, საქართველოს ინტერესები. ასე რომ, რომელიმე კონკრეტული პიროვნების და მათ შორის ჩატაევის მოქმედებები, ეს შეიარაღებული წვრთნები, ინსტრუქტაჟი და ა.შ. შეიძლება ყოფილიყო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა რომელიმე ქყვენის ინტერესებიდან გამომდინარე.

ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება ლაფანყურის ოპერაციის გამოუძიებლობის გამო და ჩემს თავს ყოველთვის ვუსვამ კითხვას - ამ საქმის გამოძიება და ბოლომე ჭეშმარიტების დადგენა, ჩვენთვის არასურველ საგარეო პოლიტიკურ შედეგამდე არ მიგვიყვნას? ეს ერთ-ერთი ვარაუდია. ბუნებრივია, მიუღებელია საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ ბოევიკები, თუნდაც მათი სამხედრო ინსტრუქტაჟის არაოფიციალური ცენტრები. ჩვენს მოწინააღმდეგეს, რუსეთს, რომელიც ყოველთვის ამას გვიკიჟინებს, ხელში ვაძლევთ კოზირს და როცა სჭირდება რუსეთი გვიყენებს ბრალს, რომ თქვენ ტერორისტებს ამზადებთო. ეს მომენტია გასათვალისწინებელი.

ლაფანყურის სპეცოპერაციას წინ უსწრებდა რუსეთის ბრალდება, რომ რუსეთში ტერაქტების მოსაწყობად პანკისის ხეობაში ამერიკელი ინტრუქტორების ხელმძღვანელობით შექმნილია ტერორისტების ბაზა. საინტერესოა ისიც, რომ სწორედ ამ პერიოდში ჩატაევს ჩამოყავს ახალგაზრდები, გადიან წვრთნებს და შემდეგ, რატომღაც, მათ ლაფანყურის ტყეში პოულობენ და ფაქტია ისიც, რომ ჩატაევი ამას ხელისუფლების დავალებით აკეთებდა. ამით მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელი შეუწყო რუსული ვერსიის გამართლებას?

- რეალურად, სრული საიდუმლოების დაცვა ვერ ხერხდება, ეს ყველამ იცის. ამიტომ, თავის მოტყუება იქნება რომელიმე ქვეყანამ, ან მისმა სპეცსამსახურმა იფიქროს, რომ პანკისიში მზადდება ტერორისტული ჯგუფები და მათ ჩუმად, რუსეთისგან დამოუკიდებლად, შემდეგ შეაგზავნის ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს აბსოლუტურად ილუზიაა, იმიტომ, რომ ეს ვერ დაიმალება.

როგორც გითხარით, რუსეთს პანკისის ხეობაში და თვითონ იმ მოსამზადებელ კონტიგენტში უამრავი ინფორმატორი ეყოლებოდა. აქედან გამომდინარე, რუსული ვერსია ჩემთვის არ არის დამაჯერებელი. ეს ხდება 2012 წლის აგვისტოს ბოლოს, ანუ ერთ თვეში ქვეყანაში ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნები, ეს უფრო შიდა პოლიტიკური ოპერაციისთვის დაგეგმილ ოპერაციას გავდა. თუმცა, პროცესები სხვანაირად განვითარდა.

რას გულიხმობთ?

- ანუ, იმ მებრძოლების გამოყენება ხომ არ უნდოდა მაშინდელ ხელისუფლებას შიგნით გარკვეული დესტაბილიზაციისთვის და მათგან უარის თქმის შემთხვევაში, ხომ არ მოხდა მათი ლიკვიდაცია? ყოველ შემთხვევაში მე ასეთი ვერსია მაქვს.

თუკი დადასტურად, რომ ათათუქრის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის კვალი მიდის ჩატაევთან, შესაძლოა, რომ საერთაშორისო სკანდალში აღმოჩნდეს ქვეყანა? იგივე სააკაშვილის განცხადება, რომ მას დაკავებული ჰყავდა ჩატაევი და ამ ხელისუფლებამ გამუშვა, ამით სააკაშვილი წინასწარ იკეთებს ალიბს, რომ თავი აარიდოს საერთაშორისო გამოძიებას?

- არანაირი სკანდალი არ იქნება. სკანდალი უფრო სააკაშვილისთვის ჩვეული ავანტურისტული განცხადებებია. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები არ უნდა წამოგებოდნენ სააკაშვილისეულ მეთოდს. თუმცა, არაფერი დაშავებულა იმით, რომ ითქვა ჩატავეს ჰქონდა ოპერატიული პასპორტი. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქე არ იყო, მაგრამ ოპერატიული მიზნით გადაადგილდებოდა საქართველოში, როგორც სპეცსამსახურების თანამშრომელი, ინფორმატორი თუ აგენტი. საერთაშორისო სკანდალის საფრთხეს ვერ ვხედავ. უბარლოდ, სასიამოვნო არ არის და კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ჩვენ საკმაოდ არაპროფესიონალური მიდგომები გვაქვს ყველა დონეზე.