ხიდაშელს არჩევანის გაკეთება მოუწევს, უსუფაშვილმა კი, არჩევანი რესპუბლიკელების სასარგებლოდ გააკეთა

ხიდაშელს არჩევანის გაკეთება მოუწევს, უსუფაშვილმა კი, არჩევანი რესპუბლიკელების სასარგებლოდ გააკეთა

თინა ხიდაშელს თავდაცვის მინისტრის თანამდებობასა და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრობას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. for.ge-ს ინფორმაციით, თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტს იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუკი ის პარტიულ საქმიანობას ჩამოსცილდება.

როგორც საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, „ქართული ოცნება“ თინა ხიდაშელს პარტიული აქტივობის შეჩერების სანაცვლოდ, მინისტრის პოსტის შენარჩუნებას სთავაზობს.

წყაროს ცნობით, თინა ხიდაშელის მსგავსად, „ქართული ოცნებისგან“ შეთავაზება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმაც მიიღო. კერძოდ, მმართველი გუნდი „ოცნებაში“ გადასვლის სანაცვლოდ, დავით უსუფაშვილს მეცხრე მოწვევის პარლამენტში სპიკერის თანამდებობას შეჰპირდება, თუმცა, მათ შეთავაზებაზე მტკიცე უარი მიიღეს.

„უსუფაშვილი არსად წასვლას არ აპირებს და მან ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა“, - განუცხადა for.ge-ს კულუარულ საუბარში ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები უსუფაშვილ-ხიდაშელის პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისგან საჯაროდ თავს იკავებენ, თუმცა, კულუარულ საუბარში არ გამორიცხავენ, რომ თინა ხიდაშელი პარტიულ საქმიანობას ჩამოსცილდეს და მან თავდაცვის მინისტრის თანამდებობა შეინარჩუნოს.

პარლამენტში აცხადებენ, რომ პოსტის შენარჩუნებისთვის თინა ხიდაშელს „მუშაობა“ უკვე დაწყებული აქვს, რადგან მას თანაპარტიელებთან აქტიური კომუნიკაცია აღარ აქვს. უფრო მეტიც, წყაროს ცნობით, თავდაცვის მინისტრი პარტიაში თითქმის არავისთან აღარ ურთიერთობს და ამის სავარაუდო მიზეზად დროის უქონლობა სახელდება.

„თანამდებობა ბევრ რამეს აჩვენებს და ამჟამად, საქმე ასეთ ვითარებასთან გვაქვს“, - დასძენს ერთ-ერთი რესპუბლიკელი.

თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავდაცვის მინისტრი, ამის პროგნოზი რთულია, თუმცა, ბოლო პერიოდში, თინა ხიდაშელის მიმართ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების ტონი შერბილდა. ასე მაგალითად, დაახლოებით ერთი თვის წინ, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა for.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ თინა ხიდაშელი დაკავებულ თანამდებობას ორ კვირაში, ვარშავის სამიტის შემდეგ დატოვებდა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ, მან ამ თემაზე საუბარი აღარ ისურვა და თავშეკავების მიზეზად ის დაასახელა, რომ ამ საკითხზე საუბრით ვარშავის სამიტის მნიშვნელობის გადაფარვა არ სურდა.

თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილს „ქართულ ოცნებაში“ დავით უსუფაშვილის გადასვლა რომ უნდოდა, ამის თაობაზე მედიის საშუალებით თავად უსუფაშვილმა ისაუბრა, თუმცა, როგორც საპარლამენტო კულუარებში for.ge-ს განუცხადეს, უსუფაშვილის გარდა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს მმართველ პარტიაში ვახტანგ ხმალაძისა და ივლიანე ხაინდრავას გადაყვანაც სურდა.

როგორც ჩანს, „რესპუბლიკურ პარტიაში“ პოლიტიკური ვითარება ჯერჯერობით გარკვეული არ არის, რადგან სხვა პარტიებისგან განსხვავებით, მათ არც საარჩევნო სტრატეგია გამოუქვეყნებიათ და არც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ წარუდგენიათ.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკური პარტია“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ფორმალურად დარჩა, რესპუბლიკელებმა პოლიტიკური ხედვა გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ რესპუბლიკელი მინისტრები პოსტებს ან საკუთარი ნებით, ან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით დატოვებდნენ, თავად პარტია კი, პოლიტიკური მიზნების შესაბამისად იხელმძღვანელებდა.