„ლაკმუსის ტესტის იმას ეშინოდეს, ვისაც დემოკრატიაში პრობლემები ჰქონდა, ჩემთვის ეს არჩევნები ჩვეულებრივი იქნება“

„ლაკმუსის ტესტის იმას ეშინოდეს, ვისაც დემოკრატიაში პრობლემები ჰქონდა, ჩემთვის ეს არჩევნები ჩვეულებრივი იქნება“

ნატო-საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, ახალი ნაბიჯები გადაიდგმება, რაც საქართველოსთვის სამხედრო განათლებისა და წვრთნების სფეროში დახმარების გაწევაში გამოიხატება. ასევე, ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, მოკავშირეები საქართველოს დახმარებას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით გაუწევენ და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა.

ვარშავის სამიტზე განვითარებულ პროცესებს, თუ როგორ აფასებენ საქართველოში, ამას for.ge-ს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილთან ჩავწერეთ:

ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. რას ითვალისწინებს, ეს დოკუმენტი?

- ამ მემორანდუმის გაფორმებას წინ იმ მოცემულობის ჩამოყალიბება უძღოდა, რაც საქართველომ დაიმსახურა. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს მიმართ მაღალი დონის ნდობა არსებობს, რაც სააკაშვილის ხელისუფლების შემდეგ, ძალიან რთულად მისაღწევი იყო, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. საქართველოს ხელისუფლებას ენდობიდან და იმის განცდა აქვთ, რომ ეს ქვეყანა სტაბილურად და ცივილიზებულად განვითარდება. ჩვენს პარტნიორებში ისეთი განცდა არავის აქვს, რომ შეიძლება რაიმე რისკი არსებობს, რითაც შესაძლოა, დემოკრატიულ გზას გადავუხვიოთ. საფრანგეთისგან მაღალი ტექნოლოგიის ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები შევიძინეთ, რაც დასამალი აღარ არის. საქართველოს ე.წ. ემბარგო ედო და თანამედროვე ტექნიკური საშუალებების შეძენის ლიცენზიის მოპოვება ვერ ხერხდებოდა, დღეს კი, საქართველოსთვის ეს არეალი ნდობის, დემოკრატულობისა და პარტნიორობის ხარჯზე გახსნილია.

რომ დააკონკრეტოთ, ეს მემორანდუმი თავდაცვითი იარაღის შეძენას-გადმოცემას ითვალისწინებს?

- მემორანდუმი მზაობის გამოხატულებაა იმის თაობაზე, რომ ამერიკა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდაში დაეხმარება, რაშიც იგულისხმება როგორც დახმარება, ასევე იმ ბაზრის გახსნა, რომელიც გვჭირდება და მნიშვნელოვანია. ეს ნდობა იმის ხარჯზეა მოპოვებული, რომ ომის დაწყებას არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაცული იყოს და მას ძლიერი თავდაცვითი საშუალებები იმისთვის ჰქონდეს, რომ ჩვენმა პოტენციურმა მოწინააღმდეგემ ქვეყანაზე თავდასხმა არ იფიქროს. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი იმ მოცემულობამდე მიგვიყვანს, სადაც პარტნიორებს იმის განცდა ექნებათ, რომ ეს ქვეყანა დაცულია. ანუ, ნატოში მისი გაწევრიანება პოლიტიკურად უფრო იოლი გახდება.

რაც შეეხება ჯონ ქერის ვიზიტს, ოთხი წლის თავზე, ახალ ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოება ნდობას უცხადებს და ქვეყნის წარმატებულ პროგრესს აღიარებს. ეს წარმატება მათთვის სასიხარულოა და მათ განცდა აქვთ, რომ ეს პროგრესი არჩევნების შემდეგ გაგრძელდება. მათ შორის, ცივილიზებული მმართველის ფორმატში. ეს გვახარებს და გვაფიქრებინებს, რომ არჩევნებშიც უნდა გავიმარჯვოთ და არჩევნების შემდეგ, ქვეყანა წინ დაჩქარებული ტემპებით უნდა წავიყვანოთ.

თქვენ აქცენტს არჩევნებზე აკეთებთ, რომლის თაობაზეც ჯონ ქერიმ აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები ლაკმუსის ტესტი იქნება. ხელისუფლებას აქვს ძალა და უნარი, რომ კორცხელის მსგავსი ინციდენტი არ განმეორდეს?

- ლაკმუსის ტესტის იმას ეშინოდეს, ვისაც დემოკრატიაში პრობლემები ჰქონდა. ჩემთვის ეს არჩევნები ჩვეულებრივი იქნება. განცდა მაქვს, რომ ეს არჩევნები მშვიდი და სამართლიანი იქნება.

თუმცა, მშვიდი არ იყო რეპეტიციად წოდებული კორცხელში ჩატარებული არჩევნები. თქვენ პროვოკაციის დაგეგმვაში ნაციონალებს ადანაშაულებთ, ისინი საპირისპიროს ამტკიცებენ. მაშინ, როდესაც ქვეყანას გამადიდებელი ლუპით აკვირდებიან, მსგავსი ინციდენტები არ უნდა აღკვეთოთ?

- თავის დროზე ვთქვი, რომ ხელისუფლებისთვის კორცხელის ინციდენტი კარგი გაკვეთილი და გამოცდილება იყო. პრემიერ-მინისტრს ძალიან ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ეს აღარ უნდა განმეორდეს. კანონმდებლობაში ცვლილებები შევიტანეთ და კანონი გავამკაცრეთ. ოპოზიციას მოვუწოდებთ, რომ პროვოკაციებით ვერაფერს გახდებიან, რადგან ამ ქვეყნის სამართლებრივი და დემოკრატიული სისტემა პირდაპირ მობილიზებულია იმისთვის, რომ დემოკრატული არჩევნები ჩატარდეს. ვისაც ეს არ უნდა, მას სწორ პასუხს არჩევნები გასცემს. მათ შორის, ზოგ პოლიტიკურ ნიჩაბზე აღმოჩნდება, ზოგი მმართველობაში. ეს ის არჩევნები იქნება, სადაც საზოგადოებრივი განწყობის ზუსტი ანარეკლი იქნება წარმოდგენილი.

ვარშავის სამიტი მიმდინარეობს, რას ველოდებით?

- ძალიან მკაფიო პოლიტიკური მესიჯები მივიღეთ. კერძოდ, საქართველოს აქვს ყველა ბერკეტი, რომ ნატო-ს წევრი გახდეს. ამ ნაწილში არანაირი დამატებითი ინსტრუმენტი აღარ გვჭირდება. ამ ქვეყანას ძალიან სერიოზული წინსვლა აქვს და კითხვის ნიშნები როგორც აქამდე არსებობდა, აღარ იარსებებს. ყველა სამიტის დროს მეტ-ნაკლებად კითხვები იყო, რომელიც მოიხსნა. ყველა ინსტრუმენტი გვაქვს, რომლის გამოყენების მექანიზმები კონკრეტულად გაწერილი იქნება და ჩვენი თავდაცვითუნარიანობის გაძლიერება მოხდება.

საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელიც უმაღლესი დონისაა. სამიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თავსებადი ქვეყნების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას და უკვე გაკეთდა გზავნილი, რომ ნატოსთან ყველაზე თავსებადი ვართ. საქართველო თავისი ჩართულობით ნატოს ერთგვარი ასოცირებული წევრია. რაც შეეხება პოლიტიკური გადაწყვეტილებას, დღის წესრიგიდან მაპი უკვე დიდი ხანია მოხსნილია და საქართველოსთვის მაპი წევრობაზე მიწვევის ფორმა იქნება.

თქვენ ხაზს უსვამთ, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველოს პროგრესის აღნიშვნა ხდება და ქვეყნის თაობაზე კითხვები მოხსნილია. სანაცვლოდ, საქართველო რას იღებს? ქართული მხარე მინიმუმს ხომ არ სჯერდება?

- ნატოსთან ისეთი ურთიერთობა და ინტენსივობა გვაქვს, რითაც ფაქტობრივად, ყველა იმ პროცესში ვართ ჩართული, რომელშიც ნატოს წევრები არიან. თუ ვინმეს კითხვა აქვს - მაქსიმუმი და მინიმუმი სად არის, მათ ვეტყვი, რომ ჩვენ უკვე მაქსიმუმში ვართ.

მაქსიმუმში ყოფნა რაში გამოიხატება?

- პროცესებში იმ ქვეყნებზე მეტად ჩართული ვართ, რომელთც მაპი აქვთ და ასპირანტი ქვეყნები არიან. გადაწყვეტილებების პროცესში ჩართული ვართ და ის ფორმულა, რაც იყო - „მეტი საქართველო ნატოში“ და „მეტი ნატო საქართველოში“, ჩამოყალიბებულია მაქსიმუმის დონეზე.

პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატომ საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კარი ღია უნდა დატოვოს...

- მე ასე არ ვიტყოდი. რას ჰქვია, კარი ღია უნდა დატოვოს? ფაქტობრივად, მონტენეგრო ნატოს წევრობის მიწვევას იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატოს წევრობის რიგში წინ გადავიწიეთ. ეს შეუქცევადი პროცესია. ამ ფონზე, კრემლს მინდა მივმართო - საქართველოს ნატოში წევრობა რეგიონში მეტ უსაფრთხოებას და მშვიდობას ნიშნავს.

თუმცა, მოსკოვი ფიქრობს, რომმეტი ნატო საქართველოშიმეტი თავისტკივილი და პრობლემაა...

- ასე ესმით, რადგან ეს იმპერიალისტური შიშები და მათი მხრიდან რისკების შეფასებაა. რეალობაში კარგად ხვდებიან, რომ თუკი საქართველო ნატოს წევრი იქნება, რეგიონში მით უფრო მეტი სტაბილურობა იქნება. წინააღმდეგობის მიუხედავად, ნატოსთან ერთად რუსეთისთვის უფრო მშვიდობიან ქვეყნად ვყალიბდებით.

ვინაიდან, ვარშავის სამიტზე ვსაუბრობთ, გკითხვათ. თქვენ თქვით, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ პოსტს თინა ხიდაშელი დატოვებს. ეს ძალაში რჩება?

- აქცენტირება ისტორიულ სამიტზე უნდა გავაკეთოთ. ამიტომ, მინისტრი დღეს ვინ არის და ხვალ ვინ იქნება, ეს ისტორიის ნაწილი იმდენად ვერ გახდება, როგორც ვარშავის სამიტი. არ მინდა, რომ შიდა პროცესებმა ვარშავის სამიტი გადაფაროს.