თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ერთხელ უკვე იყო აშშ-ში ელჩი, ახლა ახალგაზრდების დროა. აშშ-ში საქართველოს ელჩად ორი კანდიდადტურა განიხილება, დეპუტატი თედო ჯაფარიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, რაც ნიშნავს, რომ არჩილ გეგეშიძის საკითხი გადაწყვეტილია. გეგეშიძის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ამ დრომდე დუმს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, თუმცა ცნობილია პრეზიდენტის პოზიცია, რომელმაც ელჩის ინტერვიუს არაკვალიფიციური ელჩის, არაკომპეტენტური განცხადება უწოდა.
გადაპორტირდება თუ არა გეგეშიძე „თავისუფალ დემოკრატებში“ და რითია გამოწვეული პრემიერის დუმილი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
მიხეილ ჯანელიძე ამბობს, რომ ელჩის განცხადება მიუღებელია მთავრობისთვის, თუმცა უცნობია პრემიერის პოზიცია. რითი ხსნით პრემიერ-მინისტრის დუმილს?
რამაზ საყვარელიძე: ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხში, ამ საკითხშიც ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა გიორგი კვირიკაშვილს აკისრია. მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ყველაზე მეტი დაფიქრებაც უწევს. თუკი ბევრ ფაქტორს გავითვალსიწინებთ, ნამდვილად ადვილი გადასაწყვეტი საკითხი არ არის. გეგეშიძის შეცვლა თუ მის ფრაზას მოჰყვა, რომელიც თავისთავად მიუღებელია ელჩის სტატუსში მყოფი ადამიანისთვის, ამან შეიძლება დამატებითი ეჭვები გააჩინოს იმაზე, მართლაც ხომ არ არის პრორუსული ძალები და ვინც ამ „საიდუმლოს“ ახადა ფარდა, იმას ხომ არ იშორებენ.
მთავრობის რეაქცია, გარედან შეიძლება ამგვარად იქნას აღქმული?
- შეიძლება ამგვარად იქნას აღქმული იმათგან, ვინც საქართველოს შიდა რეალობაში ჩახედული არ არის. ამიტომ, ზედმეტი ასოციაციების გაჩენისგან თავის ასარიდებლად, ხშირად არის ხოლმე და ამის მოწმენიც ვყოფილვართ, რომ ისინი ვინც გადაწყვეტილებას იღებენ, კონკრეტული შეცდომის დაშვებისას არ იღებენ გადაწყვეტილებას. როდესაც მეტ-ნაკლებად ჩრდილში გადავა ის შეცდომა, მერე იღებენ ასეთ საკადრო გადაწყვეტილებებს.
საფუძველი ჰქონდა გეგეშიძის განცხადებას? ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს მთავრობაში არიან პრორუსული ძალები, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით კოალიციაზე, - გოგი თოფაძის მრეწველები და თამაზ მეჭაური...
- გასაყოფია ეს ორი მოვლენა. მაგრამ, საერთოდ არ ვეთანხმები ტერმინს - „პრორუსული ძალები საქართველოში“. იარლიყივით არის, მიაწებებენ და არ უყურებენ რა ხდება მის შიგნით. ბევრ გაუგებრობას ქმნის ამ ტერმინის ასეთი ბრმა მოხმარება. დავუშვათ, არის ქვეყანა, რომელიც ერიდება რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას და ვიცით, რომ უამრავია ასეთი ქვეყანა. თურქეთის პრეზიდენტმა ბოდიშიც მოიხადა და მერე რა, ედოღანი პრორუსია? იმიტომ, რომ რუსეთი არ გაეღიზიანებინა, თავის დროზე ფინეთმა უარი თქვა ნატოში გაწევრიანებაზე. ისევე როგორც ჩვენ, ფინეთსაც მძიმე მეზობლობა გაუწია რუსეთმა. შეიძლება ვთქვათ, რომ ფინეთი პრორუსია? - რა თქმა უნდა - არა.
პრო არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იზიარებს ამა თუ იმ ქვეყნის ღირებულებებს და ცხოვრების წესს. ჩვენ ამჟმად ნამდვილად პროდასავლური ძალა ვართ, რადგან ვაღიარებთ მის ღირებულებებს, ჩვენს ჯარისკაცებს სისხლს ვაღვრევინებთ იმ ომში, რომელსაც წინ დასავლეთი მიუძღვის და კონტაქტებსაც ვაღრმავებთ. აქ კითხვის ნიშნები არ ჩნდება და ვამბობთ, რომ ეს ჩვენი არჩევნია. ამ დროს მთელი საქართველო ამბობს, რომ პრორუსული ძალები არიან საქართველოშიო. არ არიან ესენი პრორუსული ძალები.
თუ არა პრორუსული, მაშინ ვინ არიან ისინი?
- რუსთის ფაქტორის მიმართ აქვთ სხვანაირი დამოკიდებულება, რომელზედაც, რა თქმა უნდა, კამათი შეიძლება. ამაზე შეიძლება ვიკამათოთ ისე, რომ ერთმანეთს არ დავაბრალოთ, რომ ვიღაცა რუსული პოლიტიკის გამტარებელია. რუსული პოლიტიკის გამტარებლობა უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე რუსეთის ფაქტორის გათვალისწინება და ამ ფაქტორს ყველა ქვეყანა ითვალისწინებს, მაგრამ მათ არ ვეძახით პრორუსულს. ანალოგიური არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს საქართველოში რუსეთზე სხვანაირად ლაპარაკობენ, ვიდრე ხელისუფლება. ეს არ ნიშნავს, რომ პრორუსული ძალები არიან. მათ სწორად მიაჩნიათ რუსეთის მიმართ უფრო ფრთხილი და დათმობაზე აწყობილი პოლიტიკა.
ასეთ ძალებს ჰყავთ მხარდამჭერები საქართველოში?
- როგორც აქამდე სოციოლოგია გვაჩვენებდა, ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავთ. ამასვე გვიჩვენებს ოქტომბრის არჩევენები. ხელისუფლება არის რუსული პროექტი - ეს ნაციონალების ფრაზეოლოგიაა და შიდა პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. რაღაცა ხარისხით ჩვენმა პარტნიორებმა დაუჯერეს ამ ფრაზას და გარკვეული პერიოდი გვამოწმებდნენ. მაგრამ, შემდეგ მოვლენები ისე დინამიურად განივითარდა და ქერის ვიზიტიც ერთ-ერთი მოვლენა იყო იმისა, რომ დასავლეთის ეჭვის ღრუბელმა გადაიარა.
დასავლეთის ეჭვის ღრუბელმა გადაიარა და ამ დროს ელჩი საუბრობს პრორუსული ძალების არსებობაზე. ხომ არ ფიქრობთ, რომ მიზანმიმართულად გააკეთა ეს განცხადება და ერთგვარი პოლიტიკური დემარში, მე ვარ პროდასავლელი, მაგრამ უმრავლესობაში არიან პრორუსები. არაოფიციალური ინფორმაციით, გეგეშიძე შესაძლოა „თავისუფალ დემოკრატებს“ შეუერთდეს...
- სიმართლე გაგიმხილოთ, პირველად როდესაც გავიგე ამ განცხადების შესახებ, გამახსენდა ირაკლი ალასანიას ანალოგიური განცხადება, როდესაც გადადგა მინისტრობიდან, მაგრამ იგივე ალასანიას მაგალითს მოვიყვან, როდესაც ელჩი იყო გაეროში, უარი თქვა სააკაშვილის მთავრობის სამსახურზე, რომლის პოლიტიკასაც არ ეთანხმებოდა და გადადგა. გეგეშიძესაც რომ ასეთივე ნაბიჯი გადაედგა, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. ყველა ადამიანს აქვს პოლიტიკური არჩევანის უფლება. ეს იყო გეგეშიძის შეცდომა. როგორც ყველა ელჩი, ისიც მოწყვეტილია ქართულ სინამდვილეს, არ არის ჩახედული შიდა პროცესებში ისე, როგორც ჩვენ. წლების განმავლობაში მილაპარაკია ბევრ ელჩთან, ყველა უჩიოდა ერთი და იგივე პრობლემას - ცენტრიდან არ მოდის დირექტივები, რა თემაა აქტუალური და რა თემა უნდა ჩაჩუმდეს.
ანუ, ცენტრი იმ მასალით არ ამარაგებს ელჩს, რომელიც აქიდან მოწყვეტილ ადამიანს წყალივით სჭირდება. ამიტომ, ძალიან ხშირად საელჩოს თანამშრომლები ამუშავენებ ქართული მედიის მასალებს, რაც საელჩოს საქმე არ არის. მისი საქმეა უცხოური მედიის დამუშავება. ქართული მედიის დამმუშავებელი უნდა იყოს საგარეოში და აქიდან უნდა აგზავნიდეს დამუშავებულ პროდუქტს. ეს დიდი ხნის პრობლემაა და იმდენად ხშირია, რომ არ არის გამორიცხული, ამ დეფიციტმა ანალოგიური შეცდომების პროვოცირება მოახდინოს.
ე.ი.სამინისტრო მუშაობს არასწორად?
- მთელი სისტემაა დასამუშავებელი, როგორც შიდა, ასევე საზოგადოებასთან კომუნიკაციის უწყება. ერთადერთი პიროვნება, ვისაც შეუძლია ასეთი სისტემა შექმნას, ვისაც სისტემურობის ხედვა აქვს - არის გიორგი კვირიკაშვილი. სწორედ იმიტომ, რომ ეკონომიკასთან წილნაყარია და მენეჯმენტის საკითხებში გამოცდილია, ყველაზე უკეთესად მან უნდა იცოდეს, რომ პიროვნებები არ არის გადამწყვეტი. ჯერ სისტემა უნდა შეიქმნას და მერე მოიძებნოს პიროვნება. უნდა შეიქმნას მთელი რიგი შიდაუწყებრივი, თუ შიდა სამთავრობო წესები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება კომუნიკაცია სტრუქტურებს შორის. ეს არაა რომელიმე ცალკეული მინისტრის პრობლემა, ეს არის პრემიერ-მინისტრის საქმე.