ნატო-ს 28-ე ვარშავის სამიტი ოფიციალურად გაიხსნა. სამიტი ქართული ღვინის ფონზე მიმდინარეობს. ღვინო სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის ჩამოისხა, რომლის ეტიკეტზე სამიტის ლოგოა გამოსახული და იქვე მითითებულია, რომ სასმელი სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის დამზადდა. სამიტის გახსნამდე, საქართველოს პრეზიდენტმა წარმოადგინა დეკლარაცია, რომელიც პოლიტიკურმა ძალებმა NATO-სთან დაკავშირებით ერთიანად მიიღეს.
პარტიების ერთობლივ დეკლარაციას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ ღრმა პოლიტიკური განსხვავებებისა და დაპირისპირების მიუხედავად, პოლიტიკური სპექტრი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად ერთიანდება. პარტიები თხოვნით მიმართავენ ნატოს წევრ ქვეყნებს, მხარი დაუჭიროს და წაახალისოს საქართველოს სწრაფვა ალიანსის წევრობისკენ.
გიორგი კვირიკაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული ხედვების მიუხედავად, ამ კონკრეტულ თემაზე კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი გახდა. თავის მხრივ, როგორც ოპოზიციას, ასევე სახელისუფლებო პარტიებს მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტი, რომ საქართველოს საგარეო კურსის თაობაზე, მათ ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება და დაფიქსირება შეუძლიათ.
„ვარშავის სამიტზე, ჩვენს დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია, რომელიც ერთად მიიღეს საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურმა ძალებმა, სადაც მხარი აქვს დაჭერილი საქართველოს NATO-ს კურსის ურყევ ნებას. ეს არის ის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ყველა პარტია, როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლებო აწერს ხელს.
ძალიან მნიშვნელოვნაია და მინდა მადლობა ვუთხრა ამ პარტიებს, როდესაც საქმე ეხება საგარეო პოლიტიკურ კურსს, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებს, პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ უნარი, გაერთიანდნენ და ერთიანი პოზიციით გამოვიდნენ და ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ ქვეყნის სასარგებლოდ“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ნატო-ს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს აშშ-ის სენატი. სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღიარებულია საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუცია, თავდაცვის სფეროს დაფინანსებისთვის მობილიზებული მნიშვნელოვანი რესურსები, ასევე, საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად დემოკრატიული და სამხედრო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა.
რეზოლუციაში ხაზგასმულია „ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით. ასევე აღნიშნულია ნატო-საქართველოს „ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის“ როლი საქართველოსა და ალიანსის წევრებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.
აშშ-ის სენატის მიერ აღნიშნული რეზოლუციის მიღება და მასში საქართველოს მხარდამჭერი დებულებების ასახვა ნათლად ადასტურებს აშშ-ს კონგრესის ზედა პალატის ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ, ისევე როგორც ბოლო პერიოდში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების აღიარებას.
„საქართველო არის გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა“, - ეს განცხადება კი სამიტის ოფიციალურ გახსნამდე ვარშავაში გამართულ საექსპორტო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ნატო-ს გენერალური მდივნმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა, რომლის განცხადებით, ალიანსი დაეხმარება საქართველოს, რათა მან გაუძლოს გარე ზეწოლას.
„ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსა და უკრაინასთან როგორც მჭიდრო პარტნიორებთან. რაც შეეხება საქართველოს, ეს კანდიდატი ქვეყანაა, ჩვენ ვმუშაობთ მასთან და მხარს ვუჭერთ მის ძალისხმევას მოახდინონ შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, გაატაროს რეფორმები და მოვიდეს ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში. ბოლო სამიტზე მივიღეთ არსებითი პაკეტი და მას შემდეგ, ამ პაკეტის შესრულებაზე ვმუშაობთ.
ჩვენ გავაგზავნეთ მრჩევლები და ცოტა ხნის წინ ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი გავხსენით. ეს არის ძლიერი, მნიშვნელოვანი სიგნალი იმისა, თუ როგორ ვავითარებთ თანამშრომლობას და როგორ ვუჭერთ მხარს საქართველოს. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პროგრესს და გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას. ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, უსაფრთხოების რომელი კავშირის წევრობა სურს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
მასპინძელი ქვეყნის, პოლონეთის პრეზიდენტი თვლის, რომ საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან თანამშრომლობა არა მხოლოდ გამართლებული, არამედ აუცილებელიცაა და ამ ქვეყნებს სჭირდებათ მხარდაჭერა. მისივე თქმით, აუცილებელია, ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნება.
„თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ნატო არის ალიანსი, რომლის როლია მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფა, მაშინ ყველა ქვეყანა, რომელიც წევრიანდება ალიანსში და, რომელიც უკვე არის ალიანსის საიმედო და პატივსაცემი წევრი, მხარს უჭერს მშვიდობას. ამგვარად, მჯერა, რომ რაც უფრო მეტი წევრი გვყვას, რომელიც მისდევს საერთაშორისო წესებსა და პრინციპებს, მით უფრო დიდია მსოფლიოში მშვიდობის გარანტია და მით უფრო ძლიერია ნატო“, - განაცხადა ანჟეი დუდამ.
თავდაცვის მინისტრის შეფასებით, ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო არ უნდა აღმოჩნდეს იმ მდგომარეობაში, რომელშიც უელსის სამიტის შემდეგ აღმოვჩნდით. თინა ხიდაშელის განცხადებით, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო უელსის ფანტასტიური დეკლარაცია, ნატო-საქართველოს პაკეტი, მაგრამ ქვეყნები არ იყვნენ მზად, რომ ამაზე აეღოთ პასუხისმგებლობა.
„მე მქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდი ჩემს ძალიან ბევრ კოლეგას, მათ შორის რუმინეთის თავდაცვის მინისტრსა და რუმინეთის გენშტაბის წარმომადგენლებს, სადაც ბუნებრივია, საუბარი შეეხებოდა მათ მიერ ინიცირებულ შავი ზღვის თემატიკას. ისინი ძალიან ოპტიმისტურად უყურებენ უკვე პოსტ-ვარშავულ ცხოვრებას.
იმედი არის, რომ უკვე ოქტომბრის თავდაცვის მინისტერიალისთვის შესაძლებელი იქნება კონკრეტულ გეგმებზე შეთანხმების მიღწევა, იმ შემთხვევაში, თუ ხვალ (და ამაში ეჭვი არავის გვეპარება), ვარშავაში ნატო მიიღებს კომუნიკეში ამ გადაწყვეტილებას და გააკეთებს განაცხადს შავ ზღვაზე უსაფრთხოების დაცვისთვის“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მას ასევე ჰქონდა შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთანაც, რომლებთანაც საუბარი ორი დღის წინ გაფორმებულ მემორანდუმს შეეხო.
„საუბარი იყო ორი დღის წინ გაფორმებულ მემორანდუმზე, მის გავლენაზე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ის ქართულ სახელმწიფოს აძლევს უფრო მეტი თავდაცვისუნარიანობისთვის. ორი კვირის შემდეგ ჩვენ ვაშინგტონში გვექნება ორმხრივი შეხვედრები, სადაც დაიწყება ძალიან კონკრეტულ, დეტალურ საგზაო რუკაზე საუბარი, რომლის მიხედვითაც შემდეგი სამი წლის განმავლობაში, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, თავდაცვისუნარიანობის გამყარების სფეროში უნდა განვითარდეს.
ჩვენი ამოცანაა, რომ ერთი მხრივ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შეთანხმება და მეორე მხრივ ის ახალი ინიციატივები, რომელსაც დღის ბოლომდე ნატოსგან მივიღებთ, საქართველოს უფრო მეტი დაცულობისთვის და ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისთვის“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავდმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს იმედი აქვს, რომ ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად, ქვეყანა ვარშავის სამიტისგან პრაქტიკულ შედეგებს მიიღებს. მისივე თქმით, ნატო-სთან ურთიერთობაში საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი წევრობისთვის.
„ჩვენ მთლიანად ორიენტირებული ვართ, რომ ამ ინსტრუმენტების მაქსიმალურად გამოყენება შევძლოთ. ამ პროცესში სრული მხარდაჭერა გვაქვს ნატო-ს მხრიდან და წევრი ქვეყნებისგან. ეს ყველაფერი მიმართული იქნება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ, სერიოზული ნაბიჯები იქნება გადადგმული შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით, სადაც ჩვენი ქვეყანა ბუნებრივად იქნება ჩართული“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
„დღეს ნატო-ს წინაშე ერთიანები წარვდექით ყველა პოლიტიკური ძალა ვთანხმდებით, რომ ჩვენ მომავალს ვხედავთ ნატო-სთან და ევროპასთან ერთად“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც ასევე აწერს ხელს ნატო-ს სამიტის დეკლარაციას, რომელიც მისი თქმით, ექვსი თვის განმავლობაში მზადდებოდა და მისასალმებელია, რომ ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება შედგა.
„ეს არის დიდი სტიმული თავად ნატო-სთვის, რათა გააღრმავოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. მათთვისაც ეს არის სტაბილურობის განცდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხელისუფლებები იცვლება და შეიცვლება, პოლიტიკური ძალების ძირითადი ნაწილი თანხმდება ევროატლანტიკურ გზაზე. როგორც მახსოვს, ეს არის პირველი ასეთი დეკლარაცია. ჩვენ დეკლარაციას ექვსი თვე ვამზადებით, მიხარია, რომ საბოლოოდ შევთანხმდით ამ საკითხზე და ასეთი ერთიანები წარვსდექით ნატო-ს წინაშე. დღეს საქართველო წარსდგა გაერთიანებული ნატო-ს წინაშე“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.