არჩილ გეგეშიძის განცხადებები მიუღებელია არამარტო სამინისტროსთვის, არამედ მთავრობისთვისაც. თუმცა, აშშ-ში საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი ელჩი ახსნა-განმარტების მისაღებად საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გამოუძახებიათ. საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ ელჩის განცხადებაზე რეაგირება მასთან შეხვედრის შემდეგ ექნებათ, მაგრამ როდის შედგება შეხვედრა, ქვეყნის პირველი დიპლომატი არ საუბრობს.
„რა ფორმითაც ვიხილეთ ელჩის ინტერვიუ, ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია არამარტო სამინისტროსთვის, არამედ საზოგადოების ფართო სპექტრისთვის და მთავრობისთვის. ველოდებით ელჩისგან შესაბამის განმარტებებს და ამის შემდეგ მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
თუმცა, არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ გეგეშიძის განთავისუფლების საკითხი გადაწყვეტილია და ასევე არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ გეგეშიძე შესაძლოა, ყოფილმა ელჩმა და ამჟამად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ შეცვალოს.
დატოვებს თუ არა გეგეშიძე თანამდებობას, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, დავით ბაქრაძეს, რომლის განცხადებით, არჩილ გეგეშიძის „თავისუფალი რეჟიმი“ ალბათ, მისმა წარსულმა საქმიანობამ სამეცნიერო-კვლევითმა მიმართულებამ გამოიწვია.
„ელჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა მიიღოს. შეიძლება, მქონდეს ჩემი პოზიციები არჩილთან დაკავშირებით, რომელსაც ვიცნობ ჯერ კიდევ მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხრიდან, რამაც შეიძლება, გარკვეულწილად, განაპირობა კიდეც მისი თავისუფალი რეჟიმი, მაგრამ ვთვლი, რომ ეს არის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც საგარეო საქმეთა სამინისტრო არის კომპეტენტური უწყება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
„არჩილ გეგეშიძის მიერ გაკეთებული განცხადება, მოსასმენად მთლად სასიამოვნო არ იყო, მაგრამ ეს იყო სუფთა ჟურნალისტური პროვოკაცია“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, რომლის განცხადებით, გეგეშიძის ელჩის თანამდებობაზე დარჩენის საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასაწყვეტია.
„ჯერ უნდა განიხილონ, რამდენად საგანგაშოა ბატონი გეგეშიძის კომენტარი. შეიძლება არც არაფერი მომხდარა. მხოლოდ ამის მერე შეიძლება დანარჩენზე საუბარი. რაც მე ვნახე მის განცხადებაში, მოსასმენად ეს მთლად სასიამოვნო არ იყო, მაგრამ ეს იყო სუფთა ჟურნალისტური პროვოკაცია“, - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე, რომლისაც არ აქვს კითხვაზე პასუხი, განიხილება თუ არა გეგეშიძის შემცვლელად თედო ჯაფარიძის კანდიდატურა.
როგორც ცნობილია, გეგეშიძემ „ნეტგაზეტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსული ძალები არიან, ამ განცხადების შემდეგ ელჩი თბილისში გამოიძახეს. გეგეშიძე ორი დღეა თბილისში იმყოფება, ის არ პასუხობს სატელეფონო ზარებს. გავრცელებული ინფორმაციით, ელჩმა ინტერვიუ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეუთანხმებლად გააკეთა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გეგშიძემ იცოდა რასაც ამბობდა, შესაბამისად თვლიან, რომ ელჩის მხრიდან მიზანმიმართულად გაკეთდა პოლიტიკური განცხადება.
„ჯიპა“-ს პროფესორი ბაკურ კვაშილავა თვლის, რომ ელჩის განცხადებას ალბათ, საკმაოდ ღრმა მიზეზები ჰქონდა, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ რა განცხადებას გააკეთებს თავად არჩილ გეგეშიძე.
„არ მგონია, რომ შეცდომა დაუშვა. ბატონ არჩილს კარგად ვიცნობ და თუ ეს განცხადება გააკეთა, ეს ნამდვილად არ იყო წამოცდენა. ალბათ, ამას ჰქონდა გარკვეული მიზეზები და ამას ყველაზე კარგად ბატონი არჩილი ახსნის. მე ამას ვერ მივიღებ შეცდომით ნათქვამს, იგივე რაც შეიძილება თოფაძემ თქვას, რომ წამომცდა, სინამდვილეში ამას არ ვგულისხმობდიო, ასეთ განცხადებებს არჩილ გეგეშიძე არასოდეს არ აკეთებს.
ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ მიზეზები, რამ გამოიწვია ეს განცხადება. რაც შეეხება იმას - იყო თუ არა ეს დიპლომატის განცხადება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მთავრობის მიერ აღქმული იქნა როგორც პოლიტიკური განცხადება და ეს გასაგებიც არის, არჩევნებია მოახლოებული და მსგავსი განცხადება შეიცავს პოლიტიკურ ელემენტს“, - აცხადებს ბაკურ კვაშილავა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ გეგეშიძემ წითელი ხაზი გადაკვეთა, თუმცა, ამ საკითხის დრამატიზება ხელოვნური იყო.
„გასაგებია, რომ მან რაღაცა დაარღვია, მაგრამ ეს არ იყო კატასტროფა, ამიტომ, ამ პროცესში ვამჩნევ ხელოვნურობას. რაც შეეხება საკუთრივ ელჩს, ის არ გახლავთ პროფესიონალი დიპლომატი, არ არის დინამური, ჩვენ ვაშინგტონში გვჭირდება ძალიან ენერგიული ელჩი, რომელიც მუდმივ მოქმედებებში იქნება და კარგი გაგებით აგრესიული იქნება საქართველოს ინტერესების ლობირებაში, ამ პარამეტრებს გეგეშიძე არ აკმაყოფილებდა.
თუმცა, არ მგონია, რომ ეს იყო მხოლოდ მიზეზები. ვფიქრობ, რომ ეს გადაჭარბებული ხმაური ინიცირებული იყო ზუსტად იმიტომ, რომ ვიღაცას წინასაარჩევნო ფონზე სათავისოდ სჭირდებოდა ერთი თბილი ადგილის გამონთვისუფლება. პატარაკაცური ინტრიგა ჩაიხლართა, თუმცა სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ გეგეშიძემ მისცა ამის საფუძველი“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.