ნატო-ს რიგით 28-ე სამიტი ვარშავის ცენტრში მდებარე ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. პოლონეთი ნატო-ს სამიტს პირველად მასპინძლობს და გარდა ამისა, ეს პირველი სამიტია იენს სტოლტენბერგისთვის გენერალური მდივნის რანგში. სამიტში 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეთა შორის არიან ნატო-ს 28 მოკავშირე, მონტენეგრო, რომელიც ვარშავის სამიტზე ოფიციალურად გახდება ალიანსის წევრი, 26 პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ასევე გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე ალიანსის წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში როტაციის პრინციპით ოთხი ბატალიონის განთავსების შესახებ. ამას გარდა, ალიანსი გადადგამს ნაბიჯებს კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად. ნატო-ს წევრები შეთანხმდებიან ერაყში საწვრთნელი მისიის გაძლიერებასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ნატო-ს როლის გაფართოებაზე. მონაწილეები ასევე მიიღებენ გადაწყვეტილებას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ საერთაშორისო კოალიციის AWACS-ის ტიპის ვერტმფრენებით დახმარების შესახებ. ნატო გააგრძელებს ავღანეთის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას.
ცნობილია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გააძლიერებს პოლიტიკურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან. როგორც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატო საქართველოს არსებით პაკეტს გააძლიერებს. საქართველოს დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც დელეგაციის წევრებთან ერთად უკვე ვარშავაია.
სამიტის ფარგლებში პირველად იმართება NATO -საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა. NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით გამართულ ურთიერთთავსებადობის პლატფორმის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი.
„ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ორი დღის განმავლობაში არის, ერთი მხრივ, რაც შეიძლება უფრო მეტად დავუახლოვოთ ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკურ სივრცეს, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ალბათ, ის არის, რომ ვარშავიდან უფრო მეტი თავდაცვისუნარიანობის საშუალებებით ჩამოვიდეს საქართველო. უფრო მეტად დაცული, უფრო მეტი შესაძლებლობით, უფრო მეტი ინსტრუმენტით, რომელიც ქვეყანას ცაშიც და ზღვაზეც, ხმელეთზეც დაიცავს და მის შეიარაღებულ ძალებს განსაკუთრებით მისცემს შეკავების, გამძლეობისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების უფრო მეტ შესაძლებლობას“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გარდა იმისა, საქართველო ელოდება იმ პროგრესის დადასტურებას, რომელსაც საქართველომ მიაღწია, როგორც სამხედრო რეფორმით, ნატო-სთან სამხედრო შენაერთების თავსებადობის, ასევე დემოკრატიის განვითარების კუთხით. ძალიან მნიშვნელვოანია კიდევ ერთხელ დადასტურება 2015 წლის მინისტერიალის გადაწყვეტილების, რომ საქართველოს აქვს ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი, რათა გაწევრიანდეს ნატო-ს ალიანსში.
„ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ნატო-ს ვარშავის სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ვფიქრობთ, რომ ამ სამიტის შედეგად, არსებითი პაკეტი კიდევ უფრო გაფართოვდება, რის შედეგადაც, საქართველოში უსაფრთხოება იქნება უფრო მაღალ დონეზე, საქართველო იქნება კიდევ უფრო მეტად დაცული“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვარშავის სამიტზე შემუშავებული იქნება ახალი გზები, რომლებიც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობას ნატო-ს სამიტისგან, რომელიც ხვალ ვარშავაში გაიხსნება, ძალიან კონკრეტული მოლოდინები აქვს.
„ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ინტეგრაციის პროცესი და ის პროგრესი, რომელიც მიღწეულია, სათანადოდ შეფასებული იქნება. ასევე, სათანადოდ იქნება შეფასებული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით ამ პერიოდში და ასევე, შემუშავებული იქნება ნაბიჯები და ახალი გზები, რომლებიც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, უფრო მეტად დაგვაახლოებს ალიანსთან და ხელს შეუწყობს ჩვენი ინტეგრაციის პროცესს. ეს არის პრაქტიკული გზები, რომელთან დაკავშირებითაც ვიმსჯელებთ სამიტის ფარგლებში და ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული იქნება“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო მეტად იქნება დაცული. მისი თქმით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებასთან დაკავშირებული პრაქტიკული მიზნები, სწორედ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, არსებული ფორმატების გაძლიერებას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას ემსახურება.
„პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს წევრობისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც პირველად დაფიქსირდება სამიტის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ პირველად განხორციელდება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა სამიტის ფარგლებში, ამჯერად მინისტერიალის დონეზე და მნიშვნელოვანია, რომ პირველად სამიტის ფარგლებში გაკეთდება ერთობლივი განცხადება, რომელიც გამოეხმაურება ნატო-საქართველოს კომისიას. ეს იქნება ბევრად მოცულობითი დოკუმენტი. ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოს საკითხი, როგორც აქამდე იყო, აისახება საბოლოო კომუნიკეში, თუმცა იქნება დამოუკიდებელი დოკუმენტი, რომელიც ამ თანამშრომლობას, როგორც განსაკუთრებულ ფორმატს გაუსვამს ხაზს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.