„რუსები შეეცდებიან საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენას, მაგრამ ეუთოს წევრი 57 ქვეყნიდან ანტირუსულ რეზოლუციას მხარი 56-მა დაუჭირა“

„რუსები შეეცდებიან საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენას, მაგრამ ეუთოს წევრი 57 ქვეყნიდან ანტირუსულ რეზოლუციას მხარი 56-მა დაუჭირა“

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში წინ უსწრებდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიება, რომლის ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად მიიღეს რეზოლუცია - „კონფლიქტები საქართველოში“, რაც ასევე საკმაოდ მნიშვნელოვან თემად მიიჩნევა, განსაკუთრებით ვარშავის სამიტის წინ.

ქართული მხარის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში აქცენტი გაკეთებულია ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზე და აღნიშნულია, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფას განაგრძობს.

რეზოლუცია ეუთო-ს მოუწოდებს, ძალისხმევა გააორმაგოს, რათა საქართველოში ორგანიზაციის ჩართულობა გაძლიერდეს და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მისი როლი გაზარდოს. მათ შორის, ადგილზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებით შერიგების პროცესს ხელი შეუწყოს.

რამდენად მნიშვნელოვანია ამ დონეზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა საქართველოში, ამ თემაზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

ვახტანგ ძაბირაძე: ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა - ეუთოს წევრი 57 ქვეყნიდან ამ რეზოლუციას შეუერთდა 56. ერთადერთი წინააღმდეგი რუსეთი იყო. რეზოლუციაში მთლიანადაა განხილული საქართველოში კონფლიქტური სიტუაცია არა მარტო ბოლო პერიოდში, არამედ დასაწყისში, ანუ როგორ ყალიბდებოდა ეს კონფლიქტი, რა როლს თამაშობდნენ მასში რუსეთი და საერთაშორისო თანამეგობრობა - როგორც გაერო, ისე ეუთო და ა.შ.

ცხადია, რეზოლუცა არ ნიშნავს, რომ მასში განხილული საკითხები ერთ ან ორ დღეში გადაწყდება, მაგრამ იმ ქვეყნების მთავრობები, რომლებიც შეუერთდნენ ამ რეზოლუციას, ორმხრივ თუ მრავალმხრივ ურთიერთიობებში რუსეთთან, აუცილებლად გაითვალისწინებენ იმას, თუ რას დაუჭირა მხარი მათმა წარმომადგენელმა და როგორია ზოგადად, ეუთოს პოზიცია. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი იმ ფონზე, რაც ბოლო პერიოდში ხდება - ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა და ა.შ. თანაც ნიშანდობლივია ის ფაქტორიც, რომ სანქციები რუსეთის მიმართ კვლავ გრძელდება.

მართალია, მყისიერ შედეგს არ უნდა ველოდეთ, მაგრამ იმ დროისთვის, როდესაც დღის წესრიგში დადგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემა და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დადგება, კითხვის ნიშნები იურიდიული თვალსაზრისით არ გაჩნდება ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით - და ეს იქნება აღნიშნული რეზოლიციის შედეგი. ანუ, ეს არის თეორიული ბაზა, რომელიც გამოხატავს ეუთოს დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ - ორმხრივი კონფლიქტი განიხილება სამკუთხედში, რომელსაც ჰქვია რუსეთი, საქართველო და ეუთო. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალზე კარგი და მნიშვნელოვანია ასეთი ერთსულოვნება აღნიშნული რეზოლუციის მიმართ. ანუ, გვაქვს საფუძველი იმისა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთოს წევრ ქვეყნებთან უფრო ეფექტურად ითანამშრომლოს.

ალბათ, ხვალ და ზეგ იმის შესაძლებლობაც გაჩნდება, რომ ეუთომ მონიტორინგი განახორციელოს არა მხოლოდ ქართულ იურისდიქციაში მყოფ, არამედ იმ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, რომელზეც საუბარია რეზოლუციაში და შესაძლოა, კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობები გაგვიჩნდეს. ანუ, საგარეო მიმართულებით წარმატებული ნაბიჯია.

რაც შეეხება საშინაო მიმართულებას, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია საქართველოს საგარეო კურსთან, რუსეთთან, ოკუპაციასთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით და კითხვებს, თუ ისინი კიდევ არსებობდა, საბოლოოდ გაეცა პასუხი.

რაც შეეხება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებს, შეეძლო საქართველოს უფრო ღირსეულად წარმოჩენილიყო?

- მიუხედავად იმისა, რომ მაინც პარტიული თვალსზრისით ხდება კანდიდატის მხარდაჭერა, ჩვენი პრობლემებიდან და მთლიანად, პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, უკეთესი იქნებოდა, თუ ქართული დელეგაცია გიგი წერეთელს დაუჭერდა მხარს.

როგორღაც უნდა დალაგდეს ეს ყველაფერი. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, მაშინ ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლებას უნდა დაედო მასალები და იურიდიული მსვლელობა თუ არა, პოლიტიკური შეფასება მაინც მიეცა ყოფილი სახელისუფლებო ძალის ქმედებებისთვის. თუ ამას არ აკეთებ, გამოდის, რომ ის არის ოპოზიციური პოლიტიკური ძალა და არა დანაშაულებრივი ორგანიზაცია.

არის მეორე საკითხიც - თუ წერეთელს რამეში მიუძღვოდა ბრალი, ამისთვისაც იყო ოთხი წელი და შეეძლო, ეს დრო გამოეყენებინა ხელისუფლებას მის დასასჯელად. როდესაც ესეც არ მომხდარა და საკითხი დგება ოპოზიციური კანდიდატის კენჭისყრაზე, კეთილი უნდა ინებო და ის მაინც გააკეთო, რომ წარსული არ გაუხსენო. რაღაცნაირად უნდა დასულდეს წარსულზე ლაპარაკი.

სამართლებრივად, ხელისუფლებას ხელთ აქვს საგამოძიებო ბერკეტები და თუ დანაშაულია მომხდარი, შეუძლია მისი გამოძიება, ფაქტების დადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა ვისწავლოთ სხვაგვარად მოქცევა ისე, რომ მინიმუმ, ქვეყნის იმიჯს ზიანი არ მიადგეს.

ეუთოს წევრი ქვეყნები, სადაც დემოკრატიულ ინსტიტუტებს დიდი გამოცდილება გაააჩნიათ, ამას ალბათ, დიდ მნიშვნელობას არ მიანიჭებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, არ მგონია ასეთი პოზიცია მომგებიანი იყოს - ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ნამდვილად ექნებოდა მნიშვნელობა ეუთოს პრეზიდენტის ვინაობას. თანაც, იდეოლოგიით ნაციონალები ამ ქვეყანაში ბევრი არ მეგულება და მით უმეტეს, ასეთი არ მგონია გიგი წერეთელი. უკვე რამდენი ხანია, ეუთოს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი უკავია და ქვეყანა არ დაუქცევია. არც ის მგონია, თუ პრეზიდენტის პოსტს დაიკავებდა 2 წლით, მაინც და მაინც ნაციონალების ინტერესებს დაიცავდა და არა ქვეყნისას - ცუდად ჩანდა ეს ყველაფერი.

საკმაოდ წინააღმდეგობრივი და თვალში მოსახვედრი იყო რუსული დელეგაციის კომენტარები - რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი აცხადებს, რომ კრისტინა მუტონენის გიგი წერეთელზე გამარჯვება არის ზომიერი ევროპის გამარჯვება აგრესიულ და ანტირუსულ ევროპაზე. რუსი დეპუტატი ილია კოსტუნოვი კი ამბობს, რომ - ქართველებს გულწრფელად უხარიათ, როცა რუსეთის წარმომადგენლებს ხედავენ და ანტირუსულ განცხადებებს ტაშით არ ხვდებიან და .. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ რუსეთი კიდევ უფრო აძლიერებს .. რბილი ძალის პოლიტიკას?

- რუსული მხარე, ვფიქრობ, საკმაოდ ირონიულად უდგება ამ საკითხს. ჯერ თქვეს, რომ წერეთელს უჭერდნენ მხარს, შემდეგ სხვა პოზიცია გამოხატეს. ვიცით, რუსეთის პოზიცია ეუთოსთან მიმართებაში, მაგრამ ის, რაც ხდებოდა, უფრო ჩვენს გასაღიზიანებლად გაკეთებული განცხადებები მგონია.

რაც შეეხება საკითხის მეორე მხარეს, საქართველოში ფობიური განწყობები მაშინაც კი არ ყოფილა, როდესაც ცხინვალში შემოვიდა რუსული ტანკები. არა მხოლოდ რუსების, ყველა სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ ცოტა უფრო სხვანაირი, ტოლერანტული დამოკიდებულებები გვაქვს - განვსხვავდებით, მაგალითად, ბალტიისპირელებისგან ამგვარ ურთიერთობებში. ქუჩაში რუსი რომ დაინახო და თავზე დაალეწო ყველაფერი - არ ჯდება ქართულ ხასიათში. იმის მიუხედავად რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთს ოკუპანტად თვლის, რუსების მიმართ ეთნიკური ზიზღი მოსახლეობაში არ არის.

გარდა ამისა, რუსეთი ცდილობს ისეთი განცხადებები აკეთოს, რომელიც მას კარგი მხრიდან წარმოაჩენს, მაგრამ ნუ დაავიწყდებათ, რომ დასავლეთმა სანქციები გაუგრძელა და ვარშავის სამიტის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება დასავლეთისა და ნატოს პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით.

ბუნებრივია, რუსები შეეცდებიან საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენას, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ისიც ხომ ცხადია, რომ ეუთოს წევრი 57 ქვეყნიდან ანტირუსულ რეზოლუციას მხარი 56-მა დაუჭირა.