„გეგეშიძემ როდესაც ეს თქვა, იმავე დღეს განცხადებაც უნდა დაეწერა, რომ პროტესტის ნიშნად მივდივარო“

„გეგეშიძემ როდესაც ეს თქვა, იმავე დღეს განცხადებაც უნდა დაეწერა, რომ პროტესტის ნიშნად მივდივარო“

„პრორუსული ძალები მმართველ გუნდში არიან, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ, - არჩილ გეგეშიძის ეს განცხადება, შესაძლოა, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ელჩის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა არ არის გამორიცხული, ქვეყნის პირველ დიპლომატს გეგშიძემ დაასწროს და თავად დაწეროს განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ თბილისში გამოძახებული აშშ-ში საქართველოს ელჩი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე არ გამოჩენილა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამ საკითხს უკომენტაროდ ტოვებს, თუმცა აცხადებს, რომ საგარეო უწყებას გეგეშიძის განცხადებაზე შესაბამისი რეაგირება ექნება.

„ჩვენ ვართ ჩართული ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტის მიმდინარეობაში, ამიტომ დღეს ჩვენ არ გვქონია შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა ელჩთან. ბუნებრივია, უახლოეს დღეებში გვექნება მასთან გასაუბრების საშუალება. ჩვენც გვაინტერესებს თუ რამდენად შეესაბამება რეალობას ის განცხადებები, რომლებიც გაჟღერდა, ამიტომ ჯერჯერობით რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება, სანამ ელჩის მხრიდან სრული სურათი არ გვეცოდინება, თუ რასთან გვაქვს საქმე - ეს არის მისი განცხადება თუ ჟურნალისტის ინტერპრეტაცია, არ მგონია სწორი იყოს“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მაშ ასე, საგარეო უწყებამ არჩილ გეგეშიძე თბილისში გამოიძახა. ელჩი თბილისშია, თუმცა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

„კომენტარს არ ვაკეთებ. ტყუილად გარჯილხართ. საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა განვიხილოთ ეს თემები და ამის შემდეგ გაჟღერდება ყველაფერი, რაც თქვენ გაინტერესებთ“, - აღნიშნა არჩილ გეგეშიძემ.

არჩილ გეგეშიძის განცხადებას არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის განცხადებით, არჩილ გეგეშიძემ არაერთხელ გამოავლინა თავისი არაკომპეტენტურობა.

თავის მხრივ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის ხელმძღვანელი, თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ გეგეშიძე ძალიან კომპეტენტური, მაღალი რანგის პროფესიონალია, რომელმაც აშშ-ში ბევრი კარგი რამ გააკეთა. რაც შეეხება ელჩის ინტერვიუს, დეპუტატის შეფასებით, მის მიერ მიცემული ინტერვიუს ის ნაწილი, რომელიც მმართველ გუნდში პრორუსული ძალების არსებობას ეხება, შესაძლოა, საჩოთიროა და ყურში სხვანაირად ხვდება.

„ის, რომ ხელისუფლებამ ამის გამო რაიმე მძიმე გადაწყვეტილებები მიიღოს, ამის მიზეზს ვერ ვხედავ. მე, როგორც ყოფილი დიპლომატი, მათ შორის საქართველოს ელჩი აშშ-ში, ელჩებსაც უფრო ფაქიზად მოვეკიდებოდი, რადგან, ჯერ ერთი, თავად ტექსტი - ინტერვიუ ამგვარი დრამატიზირების საშუალებას არ იძლევა, მაგრამ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ფრაზის ფორმულირება ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. ვინც წაიკითხა და ასეთი ნეგატიური რეაქცია გამოავლინა, შეიძლება მან ამ ერთ წინადადებაში სწორედ ის წაიკითხა, რაც ამგვარი რეაქციის მიზეზი გახდა. ბატონი არჩილი ჩემი დიდი ხნის მეგობარია, მაგრამ მეგობრობა გადავდოთ გვერდზე, მას ვიცნობ, როგორც ძალიან კომპეტენტურ, მაღალი რანგის პროფესიონალს, რომელმაც აშშ-ში ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობას ეხება“, - აცხადებს თედო ჯაფარიძე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გია ვოლსკის შეფასებით, გეგეშიძის მიერ გაკეთებული განცხადება, პოლიტიკური რომატიზმის გამომხატველი იყო. ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ გეგეშიძე საკუთარ განცხადებაში საპარლამენტო უმრავლესობას გულისხმობდა, რადგან კოლიციაში მართლაც იყო სკეპტიციზმის რამდენიმე შემთხვევა, ჩვენს საგარეო კურსთან დაკავშირებით, რაც იყო მთავარი წყალგამყოფი ზოგიერთ პოლიტიკურ ძალასთან.

„არჩილ გეგეშიძესთან საუბარი არ მქონია, მაგრამ რამდენადაც მის პიროვნებას ვიცნობ, ვფიქრობ, ასეთი საუბარი - რომ საქართველოში, სახელისუფლო შტოებში შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, ვინც გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ და საერთაშორისო პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენენ, მაგრამ სხვა შეხედულება აქვთ საერთაშორისო სტრატეგიასთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით, მან ხაზი გაუსვა, დემოკრატიულობას, პლურალიზმს, რაც მითითებული აქვს კიდეც. წარუმატებელი იყო მისი ეს მცდელობა, რადგან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ამ თანამდებობის პირს გაცილებით მეტი პოლიტიკური პრაგმატიზმი მართებს, ვიდრე პოლიტიკური რომანტიზმი“, - აცხადებს გია ვოლსკი.

ექსპერტი სოსო ცინცაძე თვლის, რომ ელჩს სჭირდება სათანადო მომზადება, რადგან ელჩი ფასდება არა იმით, რასაც ამბობს, არამედ იმით, რას არ ლაპარაკობს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოში შეიქმნას ელჩების დანიშვნის ახალი პრინციპი,

„დავუშავათ, რომ შეჯორეს გეგეშიძე და გაუშვეს, მერე?- ამით შეიცვლება ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მარგი ქმედების კოეფიციენტი? არ ვიცი, შეიცვლება თუ არა ელჩი აშშ-ში, მაგრამ ეს სიბრიყვე რომ არ ჩაედინა, შეიძლება დაახლოებით, 10 წელი ყოფილიყო ელჩი. გეგეშიძე არ არის უნიჭო ბიჭი, მაგრამ ყველა პარამეტრით დაწყებული კომუნიკაბელურობით და ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების კუთხით, დიპლომატიური სამსახურიდან შორს არის.

არასოდეს არ ბრწყინავდა არც თავისი კრეატიული ნიჭით, არც რაიმე ინტელექტუალური დასკვნებით. თავისთვის იყო, მაგრამ ახლა უკვე ყველა რეკორდი მოხსნა. დიპლომატიის ისტორიაში ყოფილა ანტისამთავრობო განცხადება, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როდესაც პროტესტის ნიშნად მიდიან თანამდებობიდან. აი გეგეშიძემ როდესაც თქვა „ქართულ ოცნებაში“ არიან პრორუსული ძალებიო, იმავე დღეს განცხადებაც უნდა დაეწერა, რომ ამის გამო, პროტესტის ნიშნად მივდივარო“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ გეგეშიძე უმაღლესი რანგის მოხელეა, იცის საგარეო ურთიერთობები, მაგრამ აქ სხვა პრობლემაა - არ აქვს ელჩის გამოცდილება. მისივე თქმით, რაც არ უნდა კარგი მცოდნე იყოს ადამიანი, პირდაპირ ელჩად დანიშვნა ისე, რომ მას შესაბამისი საფეხურები არ ჰქონდეს გავლილი, საკუთარ თავზე არ ჰქონდეს გამოცდილი რა შეიძლება იყოს შეცდომა და რა არა, შეიძლება აღმოჩნდეს ასეთ ვითარებაში.

„როგორც კი ეს ინფორმაცია დაიდო, ორ წუთში აღშფოთებულმა დამირეკა ჩემმა მეგობარმა ამერიკიდან, ვის გაუგონია ელჩი საკუთარ ქვეყანაზე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდესო. დეპლომატიაში არ არის ეს მიღებული ფორმა. ძალიან მძიმე შეცდომაა, როდესაც გეკითხებიან შენს ქვეყანაზე და იწყებ მსჯელობას როგორც რიგითი პოლიტიკოსი. გადაავლეთ თვალი, ამერიკის ელჩი არჩევს ამერიკის პოლიტიკურ საქმეებს საქართველოში? როგორც წესი, ელჩი იცავს თავის ქვეყანას და თუ ისმის უხერხული კითხვები, ისეთ გამოსავალს პოულობს, რომ ქვეყანას ჩრდილი არ მიადგეს“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

მისივე თქმით, გადსახედია დიპლომატიური კორპუსი, რომლიც მძიმე პრობლემაა ქართული პოლიტიკისთვის.

„ქართული პოლიტიკის ეს სიმძიმე მთელი თავისი ცნობით გიორგი კვირიკაშვილის მხრებს აწვება და ეს არის საკადრო პოლიტიკის პრობლემა. ალბათ, ძალიან ბევრი პრობლემა აქვს კვირიკაშვილს, მაგრამ ერთ-ერთი უპირველესი რაც გადასაწყვეტია, ეს არის შესაბამისი მექნიზმის შემუშავება კადრების მოსაძებნად, როგორც შიდა, ასევე საგარეო ურთიერთობებში“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.