ჯონ კერი: „მოსახლეობა პოზიტიურად უნდა აღიქვამდეს დღეს, თუ რას მიაღწია საქართველომ“

ჯონ კერი: „მოსახლეობა პოზიტიურად უნდა აღიქვამდეს დღეს, თუ რას მიაღწია საქართველომ“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ჯონ კერიმ პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილისა და ჯონ კერის ხელმძღვანელობით საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა გაიმართება.

საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარღმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ასევე, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

საქართველოს სახელით დოკუმენტებს ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ხოლო აშშ-ის სახელით - სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების დოკუმენტი ქმნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის ახალ ჩარჩოს და მოიცავს თანამშრომლობის იმ სფეროებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისა და მისი შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი მდგრადობისთვის და თავდაცვისუნარიანობის ეფექტურობის ამაღლებისთვის.

ღონისძიების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი კვირიკაშვილოსა და ჯონ ქერის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მემორანდუმი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს თავდაცვითი შეიარაღება შეიძინოს. მისივე შეფასებით, ეს დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მნიშვნელოვანი პარტნიორობის კიდევ ერთ დადასტურებას.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქმნის ჩარჩოს ახალი თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ არის მიმართული და რომელიც საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობებს შეიძინოს თავდაცვითი იარაღი და შეიარაღება.

მემორანდუმი საქართველოს აძლევს საშუალებას, რომ მეტი აქცენტი გააკეთოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. ითვალისწინებს უფრო მეტ წვრთნებს პარტნიორებთან, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის არის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი წარმოადგენს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე.

„ნატო-ს რაც შეეხება, როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, საქართველო უკვე არის ნატო-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ ველოდებით სამიტისგან კიდევ ერთხელ დადასტურებას იმ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის, რომელსაც მივაღწიეთ არსებითი პაკეტის განხორციელების გზაზე. პირველად ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში ჩატარდება ნატო-საქართველოს საბჭოს მინისტერიალი, რომელიც მიიღებს მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე.

დავეთანხმები ბატონ ჯონ კერის, რომ ნატო-სთან ინტეგრაცია არის პროცესი განუწყვეტელი ცვლილებების. ეს არის პროცესი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური რეფორმების და ჩვენ ყველას დიდი იმედი გვაქვს, და დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროცესი დაგვირგვინდება ნატო-ს წევრობით, რაც ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დაამყარებს სტაბილურობას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვეწვიე ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ, რადგანაც კარგად მესმის, რომ ალიანსში გაწევრიანება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - აღნიშმა ჯონ კერიმ, რომლის განცხადებით, კარგად ესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას.

„საქართველო არის ლამაზი და დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მდებარეობს რთულ რეგიონში. აქ ჩამოვედი პრეზიდენტ ობამას გზავნილით - აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და როგორც 2008 წელს მოკავშირეებმა განაცხადეს, ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ჩარჩოებში, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს მომავალ წევრობასთან დაკავშირებით. დიახ, არსებობდა გარკვეული მიზეზები, რამაც შეანელა პროცესები.

ყველას კარგად ესმის, რომ ძალზე სერიოზული პროცესები მიმდინარეობს უკრაინის, სირიის, სხვა რეგიონების თვალსაზრისით, მთელი რიგი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მაგრამ საქართველო დღესდღეობით უკვე ძალზე მნიშვნელოვანი ნატო-ს პარტნიორია და საქართველოს მოსახლეობა პოზიტიურად უნდა აღიქვამდეს დღეს თუ რას მიაღწია საქართველომ“, - განაცხადა ჯონ კერიმ.

ჯონ კერის თქმით, შეერთებული შტატები აღიარებს საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რადგანაც ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წინსვლისათვის.

„8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის. თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი მეტი სტაბილურობის და საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური აღმავლობისთვის. ეს თემა განვიხილე პრემიერ-მინისტრთან, მოგვიანებით პრეზიდენთანაც შევეხები ამას.

ჩვენ დამოუკიდებლობის და დემოკრატიული პროცესების საკითხებს ასევე წამოვჭრით ოპოზიციის ლიდერებთან, რომელთანაც ხვალ მექნება შეხვედრა. ჩვენ საუბრებში ხაზი გავუსვით საარჩევნო გარემოს თემებს, რომლებიც ზეწოლისა და დაშინებისგან არის თავისუფალი და იმისთვის, რომ არ შეწყდეს ის პროგრესი, რომელიც არის მასმედიის მიმართ“, - აღნიშნა ჯონ კერიმ.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ვარშავის სამიტის წინ აშშ-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირის საქართველოში ჩამოსვლა მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-ში ძალიან მაღალ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს მონაწილეობას NATO-სთან დაახლოების პროცესში, საქართველოსთან პარტნიორობას.

„როგორც ჩანს, ეს არის გარკვეული გზავნილი, რომ აშშ მფარველობს საქართველოს და NATO- სთან ინტეგრაციის პროცესში მყარად უჭერს მხარს. ამის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული გზავნილები იქნება მთავრობისთვის მიწოდებული, თუ როგორ ხედავს აშშ საქართველოს განვითარებას, მათ შორის, დემოკრატიის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, სხვა მიმართულებითაც, უსაფრთხოება, საქართველოს თავდაცვსიუნარიანობის გაძლიერება“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტის ბათუ ქუთელიას განცხადებით, კერის გზავნილი იყო მარტივი ფორმულა - საქართველომ უმაღლეს დონეზე უნდა დააკმაყოფილოს დემოკრატიის სტანდარტები. მისივე თქმით, კერის ვიზიტი თავისი ფორმით, შინაარსით და იმ დროით, რა დროშიც იყო შერჩეული, სრულიად შეესაბამება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას.

„ეს სტრატეგიული პარტნიორობა რამდენიმე ძირითად კომპონენტზეა, ეს არის დემოკრატია და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, ეკონომიკა და ვაჭრობა და უსაფრთხოება. ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური კეთილდღეობა და ის პრობლემები, რაც ეკონომიკური კუთხით არის ქვეყანაში. ეს წარმოუდგენელი და მიუღწეველია, თუ ქვეყანას არ აქვს უსაფრთხოების გარანტიები ორმხრივი და მრავალმხრივი.

იმისთვის, რომ ეფექტურად მიიღოს საქართველომ ეს უსაფრთხოების გარანტიები, აუცილებელია, უმაღლეს დონეზე დავაკმაყოფილოთ დემოკრატიის სტანდარტები. ეს მარტივი ფორმულა იყო კერის გზავნილი. აქედან გამომდინარე, არჩევნების მნიშვნელობა არის ძალიან დიდი, რადგან ეს იქნება ტესტი საქართველოს შემდგომი უსაფრთხოების გარანტიების მიღებისთვის, როგორც ორმხრივ ფორმატში აშშ-სთან, ასევე ნატო-სთან, რაც აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

რაც შეეხება აშშ-ის მდივნის განცხადებას 8 ოქტომრბის არჩევნებთან დაკავშირებით, საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხების ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მესიჯი ნათელია - არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს მხარდაჭერას და ლეგიტიმაციას დაკარგავს.

„ამერიკა მხარს უჭერს მხოლოდ ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ანუ ხელისუფლებას, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული. ამიტომაც, თუ ეს ხელისუფლება გააყალბებს არჩევნებს, მაშინ იგი დაკარგავს ამერიკის მხარდაჭერას და ლეგიტიმაციას. ეს იყო სახელმწიფო მდივნის მესიჯი“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.