„ეს იქნება არა კარის გამოჯახუნება ან ფანჯრიდან ვინმეს გადმოგდება, არამედ ცივილური, ევროპული გაყრა“, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გასვლის პროცესი. დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები, რომლებსაც მინისტრების პორტფელი უკავიათ, თანამდებობებს ცივილურად დატოვებენ, თუმცა დასძენს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება არც მინისტრებს მიუღიათ და არც მთავრობის მეთაურს.
„ჯერ არც „რესპუბლიკურ პარტიას“ მიუღია ეს გადაწყვეტილება და არც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. ამასთანავე, არჩევნები ახლოვდება, არჩევნები რომ ახლოვდება, ყველა პარტია, მათ შორის „რესპუბლიკური პარტია“ ემზადება არჩევნებისთვის. ამიტომ, არ არის გამორიცხული და ჩვენ ეს განვაცხადეთ, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ, შეიძლება, მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს იქნება არა კარების გამოჯახუნება, არა ფანჯრიდან ვინმეს გადმოგდება, არამედ ცივილური, ევროპული გაყრა. კოალიციურ პასუხისმგებლობებს ვასრულებთ, ვიდრე ეს საჭიროა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარეს ტონს უწუნებს უმარვლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, რომლის განცხადებით, როცა საქმე მის გუნდს ეხება, დავით უსუფაშვილი ადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ თუკი საქმე მის გუნდს არ ეხება და ეხება მის გარეშე პროცესებს, ისეთ შეფასებებს იყენებს, რომელიც ვფიქრობ, არაადეკვატურია.
„თუკი რესპუბლიკელი მინისტრები წინასაარჩევნო ბატალიებში ჩაერთვებიან, რასაკვირველია, წასვლას ნორმალური სახე აქვს და არაფერი ამაში არაცივილური არ არის. ვფიქრობ, რომ ისინი „რესპუბლიკური პარტიის“ გამორჩეული სახეები არიან - დადებითი თუ უარყოფითი, ეს მეორე მხარეა. რაც შეეხება შემცვლელებს, რესპუბლიკელი მინისტრების შემცვლელთა სათადრიგო სკამი საკმაოდ გრძელია“, - ამბობს გია ვოლსკი.
რესპუბლიკელი მინისტრების შემცვლელთა სათადრიგო სკამი, რომ საკმაოდ გრძელია, ამაზე ჯერ კიდევ მოქმედი თავდაცვის მინისტრი საუბრობს. თინა ხიდაშელმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პრემიერის გადასაწყვეტი იქნება ახალი მინისტრის ვინაობა.
„ჩემს თანამდებობაზე ორ კანდიდატურაზე, ასე ვთქვათ, ჭორაობენ. ჯერ არც მოვმკვდარვარ და არც გადავმდგარვარ. მე რომ არ ვიქნები ამ პოსტზე, პრემიერის გადასაწყვეტი იქნება ახალი მინისტრის ვინაობა. მე რომ მქონდეს არჩევანი, თუ თინა ხიდაშელი არა, მაშინ სხვა კანდიდატურა მეყოლებოდა, სუფთა, კვალიფიციური, პროფესიონალი… თუმცა, ის კაცი კანდიდატურად ვერ გამოდგება, რადგან არასდროს დათანხმდება ამ წინადადებას“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
გავრცელებული ინფორმაციის თავდაცვის მინისტრის თანამდბებობაზე ირაკლი სესიაშვილისა და კობა კობალაძის კანდიდატურა განიხილება. თუმცა, კულუარებში ვრცელდებდა ინფორმაცია, რომ ხიდაშელს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე შეცვლის. რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრს შერიგების საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილს, არსებული ინფორმაციით, მას მისივე მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი შეცვლის. ამ დრომდე უცნობია ვინ შეცვლის გარემოს დაცვის მინისტრს. გიგა აგულაშვილის სავარაუდო შემცვლელად მერიის ეკოლოგიის სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილის კანდიდატურა განიხილება, თუმცა, როგორც სამთავრობო კულუარებში ამბობენ, გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
ნატოს ვარშავის სამიტის შემდეგ რესპუბლიკელ მინისტრებს, რომ მინისტრის სავარძლის დატოვება მოუწევთ, ანალიტიკოსების განცხადებით, ამაში მოულოდნელი არაფერია, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ მინისტრის სავარძელთან ერთად, რესპუბლიკელებს საპარლამენტო სავარძლების დატოვებაც მოუწევთ.
ექსპერტი გია ხუაშვილი ამბობს, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა თამაშგარეთ მდგომარებაში ტოვებს, რაც ნიშნავს, რომ მომავალ პარლამენტში რესპუბლიკელები არ იქნებიან.
„ადგილობრივ ხელისუფლებაში გარკვეული წარმომადგენლობა აქვთ, სახელისუფლებო ბერკეტები გამოიყენეს იმისათვის, რომ გარკვეული ინფრასტუქტურა შეექმნათ რეგიონებში, მაგრამ ამ პარტიას ისეთი სისტემური ხარვეზი აქვს, რომელიც ძალიან ბუნდოვანს ხდის მათ პოლიტიკურ მომავალს. რაც შეეხება ცივილიზებულ გაყრას, ნამდვილად, ცივილიზებულ გაყრას ვერ დავარქმევდი იმას, რაც თინა ხიდაშელმა გააკეთა.
ძალიან სერიოზული კარის გაჯახუნება იყო სწორედ მისი გადაწყვეტილება საყოველთაო გაწვევასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, მას თვითონ აქვს ეჭვი, რომ შემდეგი მინისტრი იქნება ირაკლი სესიაშვილი, იცის მისი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ამიტომაც ასეთი ფორმით გაიჯახუნა კარები და ამ გადაწყვეტილების სახით თავის ტკივილი დაუტოვა ირაკლი სესიაშვილს. ასე რომ, „რესპუბლიკური პარტიისთვის“ დამხასიათებელია ცივილიზებულობანასა და ინტელექტუალური უპირატესობის დემონსტრირება ფასადზე, მაგრამ მისი შინაარსი ყოვლად მიუღებელი და უმსგავსოა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისივე თქმით, საზოგადოების კრიტიკის მიუხედავად, მისაღებ ფიგურად რჩება დავით უსუფაშვილი და დასანანია, რომ ქართული პოლიტიკის თამაშგარეთ რჩება. თუმცა, ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ უსუფაშვილი შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოში ვიხილოთ, რაც აქტიურ პოლიტიკას არ გულისხმობს.
„ერთადერთი არის დავით უსუფაშვილი, არც ერთი სხვა დანარჩენი, მისი მეუღლის ჩათვლით, არაფერს არ ნიშნავდა ქართული პოლიტიკისთვის. თუ ოდესმე იყვნენ ხელისუფლებაში, ყოველთვის - უკანა კარიდან. ხალხის მხარდაჭერა არასოდეს ჰქონიათ. რესპუბლიკელები ყოველთვის პარაზიტირებდნენ რომელიმე ლიდერის სხეულზე, ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილის მხრებზე. ლევან ბერძენიშვილს არ მოეწონა ჩემი კრიტიკა და წურბელა მიწოდა.
მე ვერ ჩავითვლები წურბელად, მე არ დავრჩენილვარ, წამოვედი. თუ წურველაზე ვუსაუბრებთ, კლასიკური გაგებით წურბელას ფუქციას ყოველთვის ასრულებდა „რესპუბლიკური პარტია“, მათ შორის ივანიშვილის ხარჯზე. ვერ წარმომიდგენია ამომრჩეველი, რომელმაც ამ პარტიას უნდა მისცეს ხმა. ქართულ ელექტორალურ სოციალურ ჯგუფებში ვერ ვხედავ მათ ამომრჩეველს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
„რესპუბლიკური პარტიას“, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება, ამაზე პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც საუბრობს, რომლის განცხადებით, პარტიას დამოუკიდებლად არასოდეს გადაულახავს ბარიერი.
„ნამდვილად, ძალიან კარგად გამოიყურება დათო უსუფაშვილის ფიგურა, მაგრამ მეეჭვება, რომ კარგი შთაბეჭდილება საკმარისი იყოს ბარიერის გადასახალავად. მას მერე რაც რესპუბლიკელებმა გაიგეს, რომ დამოუკიდებლად უნდა იმოქმედონ, არასწორი სტრატეგია შეიმუშავეს და ამ ფონზე დაუშვებლად მიმაჩნია იმ ნაბიჯის გადადგმა, რაც ხიდაშელმა გადადგა.
ეს მემკვიდერობა იმდენად მძიმე არ იქნება მომავალი მინისტრისთვის, რა სიმძიმეც იქნება თვითონ ხიდაშელისთვის, - იგი არაკოორდინირებულად მოქმედებდა. საგულისხმოა ისიც, რომ ხიდაშელის არაკოორდინირებულ ნაბიჯზე პარტია გაჩუმდა, ამით საგრძნობი გახდა, რომ ეს პარტიული განაცხადი იყო“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, შეუთანხმებლობა და ქვეყნის ინტერესზე წინ პარტიული ინტერესისი დაყენება, ის ხარვეზი იქნება, რომლის გამოც პარტია დაკარგავს მხარდამჭერებს, რომელიც უამისოდაც არც თუ ისე ბევრი ჰყავდათ.
„დათო უსუფაშვილმა დაიწყო ის, რაც მას აქ ჰქონდა 4 წლის განმავლობაში - ლაპარაკი ცივილიზებულად გაყრაზე. მწვავე და საკმაოდ უტაქტომდე მისული კრიტიკა იმ პარტიისა, რომელის წიაღშიც 4 წლის განმავლობაში კომფორტულად იყავი, წამგებიანია ამ პარტიისთვის. არ ვიცით როგორ წავა არჩევნებამდე პროცესები. „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთდა განცხადება, რომ მოწინააღმდეგეს არ დაუყენებდნენ მაჟორიტარულ არჩევნებში, დახმარების სხვადსახვა ხერხები არებობს, თუკი ასეთი დახმარების სურვილი გამოთქვეს პარტიებმა. თუმცა, მეეჭვებაა, რომ რესპუბლიკელებისთვის სამაშველო რგოლის გადაგდების სურვილი გამოთქვან პარტიება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.