„თუ ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება, ის შეიძლება დახურულად წარიმართოს“, - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური. მისი განცხადებით, გამოძიების დროს გაიხსენება თემები - იყო თუ არა ჩატაევი აგენტი.
როგორც ცნობილია, ჩატაევისა და ყოფილი ხელისუფლების კავშირებზე განცხადება ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ჩატაევი ქართული უშიშროების აგენტი იყო. ამ განცხადების გამო სესიაშვილის წინააღნდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ წარმომადგენელმა, ზვიად კუპრავამ და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის“ დარღვევაში დაადანაშაულა.
თავად ირაკლი სესიაშვილი „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ საჩივრის საფუძველზე პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. როგორც მან for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ისტერიაში მყოფმა სააკაშვილიმა პოლიტიკური რეაქცია ნაციონალების ზონდერ-ენჯეოშნიკების მეშვეობით გამოხატა.
„სიმართლე მწარეა. ამ შემთხვევაში ის ბოროტი ზრახვა, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს, რომ ზიანი მიეყენებინათ ქვეყნისთვის და თურქეთში განხორციელებული ტერორისტული აქტი საქართველოსთან დაეკავშირებინათ, რომ თუქრეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა გაფუჭებულიყო, ეს მცდელობა შემოუტრიალდათ და ამ ისტერიკაში რაღაც რეაქცია უნდა ჰქონოდათ.
ჩემს განცხადებაში აღვნიშნე, რომ ჩეტაევი არის ტერორისტი და ტერორისტებს დაცვა არ სჭირებათ. მათი ცხოვრება გაშიფრულია და ასე იყო ბინ ლადენის შემთხვევაში. ინფორმაცია, რომელიც გავაჟღერე არ განეკუთვნებოდა რაიმე ტიპის საიდუმლო ინფორმაციას. მეტიც, ჩვენმა პარტიორება ძალიან კარგად იციან ამის შესახებ, მათ შორის ჩვენმა არაპარტნიორებმაც. ეს საჩივარი ჩემთვის პირდაპირი სიგნალია იმისა, რომ ზუსტად იქ მოხვდათ, სადაც დაიმსახურეს“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში არ აპირებს იმ ინფორმაციის გაჟღერებას, თუ რა დავალებებს ასრულებდა ჩატაევი, როდესაც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა.
„პანიკაში არიან და რეაქცია აქვთ. ამით დადასტურდა, რომ სწორდ სააკაშვილის ჰქონდა პირდაპირი კავშირები მასთან და სწორედ მისი ინტერესებიდან გამომდინარე იყო ჩამოყვანილი. ასე რომ, სწორედ სააკაშვილი იყო და რჩება საფრთხის შემქმნელი პროექტების ავტორად“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ სესიაშვილს რამე ისეთი არ უთქვამს, რისი გათქმაც არ იყო შესაძლებელი.
„რა არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის - რომ ყოფილი პრეზიდენტი მფარველობდა, ხელფასს უხდიდა საერთაშორისო ძებნილ აგენტს, თუ ის, რომ ამის შესახებ საიდუმლოება გაითქვა? არ მგონია, რომ სესიაშვილს ეთქვა რამე ისეთი, რისი გათქმაც არ იყო შესაძლებელი და არ იყო კანონით დაშვებული.
პირველ რიგში, არ შეიძლება დანაშაულს სჩადიოდეს ხელისუფლება და თუ სჩადის, ის არ უნდა იყოს საიდუმლო. თუ კიდევაც არის საიდმულო, ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ჩახედოთ კანონს, სადაც ნახავთ, რა გადაწონის აქ - საზოგადოებრივი სიკეთე, თუ საიდუმლოება. ძალიან მაინტერესებს, რომელმა არასამთავრობოებმა მიმართეს პროკურატურას - „ნაციონალური მოძრაობის“ არასამთავრობოებმა, რომლებსაც კუდი აეწვათ?“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებში ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები იყო. პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული, გაესაჯაროებინა ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოა.
„ის ვერსიები, რაც მან წამოაყრანტალა „რუსთავი 2“-ის ეთერში არათანმიმდევრული, ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები იყო. მას ჰქონდა განზრახვა საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების, რაც თავისთავად დარღვევაა,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების ორგანიზატორად აჰმედ ჩატაევის დასახელებას „რუსთავი 2“-ის ეთერით გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნა, რომ საქართველო დიდ საერთაშორისო სკანდალში აღმოჩნდა და აღნიშნა, რომ ჩატაევი ციხიდან პოლიტიკური ნიშნით გაანთავისუფლეს. თუმცა, ამავე განცხადებაში სააკაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია მთავარ თემაზე, რატომ ჩამოიყვანა ჩატაევი საქართველოში და რატომ მოითხოვა უკრაინის მაშინდელი ხელისუფლებისგან ჩატაევის გათავისუფლება.
სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჩამოიყვანა ჩატაევი, რომელიც თავად ყავდა ჩართული ლაფანყურის ამბებში. მისივე თქმით, ჩატაევი იყო ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ევროპიდან ახალგაზრდა ჩეჩნებს და ქისტებს აქეთ ეზიდებოდა.
„საეჭვოა ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2010 წელს ძალიან მოინდომა, რომ უკრაინელებს გადმოეცათ საქართველოსთვის ჩატაევი, იმ მოტივით, თითქოს ჩატაევს საქართველოში ახლობლები და ნათესავები ჰყავდა. მას არ ჰყოლია ნათესავები საქართველოში, როდესაც ჩამოვიდა მან მერე შეირთო ცოლი საქართველოში. რა მოტივით იყო საქართველოს ხელისუფლება მაშინ ასე აქტიური ჩემთვის გაუგებარია.
უცნაურად ჟღერს ასევე სააკაშვილის განცხადება - „მე ეს კაცი დავაპატიმრე ამათმა კი გაუშვეს“-ო. თვითონ ჩამოიყვანა ჩატაევი, თვითონ ყავდა ჩართული ლაფანყურის წინა ამბებში, ჩატაევი იყო ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ევროპიდან ახალგაზრდა ჩეჩნებს და ქისტებს აქეთ ეზიდებოდა. ჩატაევს იყენებდნენ ქართული სპეცსამსახურის წარმომადგენლები და ამასვე ადასტურებს ლაფანაყურის სპეცოპერაცია“, - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.