ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი არჩეულია, საქართველოს კონფლიქტების თაობაზე რეზოლუცია კი, მიღებული.
საქართველოში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხუთდღიანი ღონისძიება დასრულდა და ქვეყანამ მასპინძლობისთვის უმაღლესი შეფასება მიიღო. ღონისძიების ორგანიზებით დელეგატები კმაყოფილნი დარჩნენ, ქართველები კი გახარებული.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე „თბილისის დეკლარაცია“ 122 მომხრე ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღეს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად არის რეზოლუცია - „კონფლიქტები საქართველოში“.
ქართული მხარის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში, რომელიც 19 პუნქტისგან შედგება, აქცენტი გაკეთებულია ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზე და აღნიშნულია, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფას განაგრძობს.
რეზოლუცია ეუთო-ს მოუწოდებს, ძალისხმევა გააორმაგოს, რათა საქართველოში ორგანიზაციის ჩართულობა გაძლიერდეს და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მისი როლი გაზარდოს. მათ შორის, ადგილზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებით შერიგების პროცესს ხელი შეუწყოს.
თუ რას მისცემს ქვეყანას ერთით მეტი რეზოლუცია, ამის თაობაზე რეზოლუციის ავტორი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მისი მნიშვნელობა ისეთივე დიდია, როგორც სხვა აქტების.
სპიკერის თქმით, მას რეზოლუციის იმპლემენტაციის თაობაზე გარკვეული ქირქილი ესმის, რომ ტექსტები ქაღალდზე დაიწერება და მერე რა მოხდა.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა და პარლამენტები ქაღალდზე დაწერილ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ხოლმე. ჩვენ სხვა ბერკეტი და ინსტრიმენტი არ გვაქვს. ჩვენი ქვეყნისთვის ქაღალდზე ყველა სასარგებლო და სასიკეთო გადაწყვეტილება იწერება და ასევე ქაღალდზეა დაწერილი არასწორი და მიუღებელი გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს პრობლემას უქმნის. იქნება ეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, თუ სხვა თემებზე“, - აცხადებს სპიკერი.
უსუფაშვილის განმარტებით, ასეთი რეზოლუციები ხდება შემდეგომი მოქმედებების საბაზო დოკუმენტები იმ წევრი სახელმწიფოებისთვის და იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, ვინც მას მხარი დაუჭირა.
„ისინი სხვა შემთხვევში, როცა კონკრეტული გადატყვეტილებებია მისაღები, ამ რეზოლუციას ითვალისწინებენ. ამიტომ, ამ რეზოლუციის მნიშვნელობა ისეთივე დიდია, როგორც სხვა აქტების. აქვს თუ არა მას იურიდიული ძალა? - არა, ეს პოლიტიკური ორგანიზაციაა და მას პოლიტიკური ძალა აქვს. ამ რეზოლუციის გამო, რუსები ხვალ ჯარებს ცხინვალიდან და სოხუმიდან არ გაიყვენენ, მაგრამ მათ პრობლემები ექნებათ შემდეგომი აგრესიული ნაბიჯების გადასადგმელად და დანარჩენი მსოფლიო იქნება საქართველოს უფრო მეტად მხარდამჭერი კონტრზომებში, რაც ჩვენგან არის მისაღები“, - აღნიშნა სპიკერმა.
დავით უსუფაშვილის მსგავსად, დოკუმენტის მნიშვნელობაზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძეც აქცენტირებს.
როგორც for.ge-ს დოლიძემ განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც 56 ქვეყანა რეზოლუციას მხარს უჭერს.
მისი ცნობით, რეზოლუციის წინააღმდეგ მხოლოდ რუსეთი წავიდა, რომლის პოზიციაც გასაგებია.
„ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის მიღება მოხდა, რომელიც ჩვენი სამშობლოს დეოკუპაციის საკითხს ეხება. ის ასევე 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების ურყევად და სამუდამოდ შესრულებას ეხება. ადრე თუ გვიან, ამას რუსეთი ვერ გაექცევა და ამისთვის ცივილური მეთოდებით ერთად უნდა ვიბრძოლოთ“, - დასძენს დოლიძე.
რეზოლუციის მიღების გარდა, დღევანდელ სხდომაზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევა მოხდა, რომელსაც წინ მეორე ტური უსწრებდა.
მეორე ტურში ერთმანეთის კონკურენტები - გიგი წერეთელი და ქრისტინა მუტონენი იყვნენ, რომელიც ავსტრიელი პოლიტიკოსის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა, არც თუ ისე დიდი სხვაობით. გიგი წერეთელმა 73 ხმა მიიღო, ხოლო მუტონენმა - 86.
საგულისხმოა ისიც, რომ გიგი წერეთელის მხარდამჭერებმა ამერიკელმა და პოლონელმა პოლიტიკოსებმა საქართველო გუშინ დატოვეს და მათ ხმა წინასწარ მისცეს, რამაც წერეთელის საწინააღმდეგოდ იმუშავა, რადგან მას ხმები დააკლდა.
ეუთო-ს გადაწყვეტილების მიუხედავად, წერეთელი ეუთო-ში ორი წლის მანძილზე როგორც ვიცე-პრეზიდენტის, ასევე ფრაქციის ხელმძღვანელის პოსტს შეინარჩუნებს.
წერეთელი ირწმუნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ „ქართული ოცნება“ გამოდიოდა, ის ანგარიშის გასწორებას არავისთვის აპირებს.
კანონმდებელის თქმით, მისთვის მთავარია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც საქართველოში ტარდებოდა, წარმატებით დასრულდა და დელეგატები კმაყოფილები არიან.
„შეიძლებოდა, რომ საქართველოსთვის უკეთესი ამბებიც ყოფილიყო, მაგრამ სამთავრობო გუნდმა სხვაგვარად იფიქრა. საქმის გარჩევას არ დავიწყებ, თუმცა ყველაფერი ვიცი. ჩემი პრინციპია - „მე არ ვაგებ, ვიგებ ან ვსწავლობ“. ახლა ვისწავლე და ვეცდები, ეს ნასწავლი გამოვიყენო. ეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ქრესტომათიული მაგალითი იქნება იმის თაობაზე, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს მთავრობა მაშინ, როდესაც მის წარმომადგენელს შანსი აქვს, საერთაშორისო ორგანიზაციაში თანამდებობა დაიკავოს“, - დასძინა წერეთელმა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ამ პოსტზე კენჭი კვლავ იყაროს.
სანამ, წერეთელი საკუთარ გეგმებს ჩამოაყალიბებს, მანამდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას კრისტინა მუტონენი უხელმძღვანელებს, რომელიც საქართველოში ვიზიტით კმაყოფილი დარჩა.
მუტონენის შეფასებით, ქვეყანა თავისი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა.
„კონფერენცია იმდენად კარგად იყო ორგანიზებული და იმდენად შინაურულად ვგრძნობდით თავს, რომ გული გვწყდება, რომ მივემგზავრებით. გასაკეთებელი კიდევ ბევრი საქმე გვაქვს. დემოკრატია მუშა პროცესია და დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის მუშაობა ყველა სხვა ქვეყანაში უნდა გავაგრძელოთ”, - დასძინა მუტონენმა.
ახლადარჩეული პრეზიდენტი საქართველოს თაობაზე მიღებულ რეზოლუციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიღებული რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეჭვგარეშეა, რომ როდესაც ერთად ვმუშაობთ, კომპრომისს ყოველთვის ვაღწევთ. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ყველა მხარესთან მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი დიალოგი გვქონდა და ეს პროცესი გაგრძელდება“, - დასძინა მუტონენმა.
საქართველოს შემდეგ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მინსკში ჩატარდება.