„შეტევები უღირსად განახორციელეს და მოტივაცია გამიჩნდა, რომ ბოლომდე ვიბრძოლო“

„შეტევები უღირსად განახორციელეს და მოტივაცია გამიჩნდა, რომ ბოლომდე ვიბრძოლო“

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი გიგი წერეთელი საკუთარ შანსებს იმედიანად უყურებს და „ქართულ ოცნებას“ ხელოვნური მითების შექმნასა და ბინძური კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდი კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულს იხსენებს და ავსტრიელი ქრისტინე მუტოენის მხარდაჭერას გეგმავს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევა ხვალ მოხდება და დელეგატებს არჩევანის გაკეთება სამ კანდიდატს შორის მოუწევთ, თუმცა, ამ საკითხმა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არსებული ნაპრალი კიდევ უფრო გააღრმავა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას წერეთელის წინააღმდეგ წასვლის გამო, დაბალ პოლიტიკურ კულტურაში ამხელს, „ოცნება“ კი, ოპონენტ ძალას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უნამუსო მცდელობაში ადანაშაულებს.

როგორც for.ge-ს გიგი წერეთელმა განუცხადა, არასოდეს მომხდარა ის, რომ საქართველოს წარმომადგენელი არჩევნებზე ევროპელების ასეთი მხარდაჭერით გადის. მისი თქმით, ძალიან დიდი კონკურენციაა, თუმცა, ეს პროცესი იმ სამწუხარო მიდგომით დაზარალდა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს.

„მათი პოზიციები ძალიან სამარცხვინო და მავნებლურია. შეიძლება, შიდა პრობლემები გვქონდეს, მაგრამ „ანონიმკების“ და „საჩივრების“ წერა არ უნდა ხდებოდეს, რომ საქართველოს წარმომადგენელს მხარი არ დაუჭირონ. ეს ორ რამეზე მეტყველებს - პოლიტიკურად ძალიან დაბალი დონეა. ჩემთვის ცნობილია, ვის რა დონე აქვს, მაგრამ ეს სხვებისთვისაა თვალნათელი. სამწუხაროდ, საქართველო ევროპული სტანდარტისგან ძალიან შორს არის და ამას ევროპელები პირად საუბრებში მეუბნებიან“, - აცხადებს დეპუტატი.

წერეთელის ცნობით, ქრისტინე მუტოენი ავსტრიიდან არის, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა, რადგან იქ დარღვევებზეა საუბარი.

„ამას არავინ არ იყენებს, რომ კანდიდატზე იერიში მიიტანონ. ეს შიშის ფაქტორია. სუსტი კანდიდატი რომ ვიყო და შანსები არ მქონდეს, ამაზე თავს რატომ მოიკლავენ? დაუსაბუთებელი და უსაგნოა იმაზე საუბარი, რომ თუკი გიგი წერეთელი იქნება პრეზიდენტი, ის სადამკვირვებლო მისიებზე გავლენებს მოახდენს. პრეზიდენტი გაცილებით ლიმიტირებულია თავისი ჩარევებით, ვიდრე ვიცე-პრეზიდენტი, ანუ - მე. ეს ხელოვნურად შექმნილი მითებია და „ქართულმა ოცნებამ“ გაუგებარი თხზულება მოამზადა, სადაც ერთი ნაწილი გია გაჩეჩილაძეს მოამზადებინა. რაც ხდება, ყველამ იცის, რადგან ეს ყველაფერი ორკესტრირებულია ხელისუფლების მიერ და ასეთ შემართებას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი“, - აღნიშნავს წერეთელი.

კანონმდებელი ვარაუდობს, რომ ეუთო-ში პრეზიდენტობის ასეთი შანსი არც ერთ ქართველს აღარ ექნება.

„არ მგონია, რომ „ევროპის სახალხო პარტიამ“ ვინმეს მხარი დაუჭიროს. ჩემი არჩევის შემთხვევაში, საქართველო უკეთ იქნება წამოჩენილი და პოზიციონირებაც უკეთესი იქნება. რვა წლის მანძილზე, განსაკუთრებული აქტიური როლი მაქვს და რეზოლუციის მიღებაც ჩემს კისერზე გადადიოდა. მე რომ მკითხოთ, ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ეს პოსტი არც ეკუთვნის, რადგან არ იმსახურებს. ეს ამ პროცესმა დამანახა. ხელისუფლებას საკითხის მნიშვნელობა არც ესმის, გაბოროტებულები არიან. იმისათვის, რომ ეს საქმე ივანიშვილს არ ეწყინოს, ყველაფერს აკეთებენ, რაც ქვეყანას კრახამდე მიიყვანს. შემოთავაზება მქონდა, რომ თამაშიდან ახლა გავსულიყავი და შემდეგ კანდიდატი გარანტირებულად ვყოფილიყავი. ვინაიდან, შეტევები უღირსად განახორციელეს, მოტივაცია გამიჩნდა, რომ ბოლომდე ვიბრძოლო. როგორც დასრულდება, დასრულდება“, - დასძენს წერეთელი.

თანაგუნდელის შანსებზე for.ge-სთან აკაკი მინაშვილი საუბრობს და აცხადებს, რომ გიგი წერეთელს ყველა დელეგაციის მიერ მეგობრული დამოკიდებულება აქვს, რადგან ის წლების მანძილზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული. მისი მოსაზრებით, წერეთელი ის ადამიანია, რომელიც საქართველოს საკითხებს წინა პლანზე წამოწევს.

„მას ძალიან მაღალი შანსები აქვს. სამწუხარო ფაქტია ის, რომ ქართული დელეგაცია მის წინააღმდეგ მუშაობს. „ქართული ოცნება“ პირადი ამბიციებისთვის მუშაობს, თუმცა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად დანიშვნა ქვეყნის წამოწევას ნიშნავს. ხაზგასმა ხდება იმისა, რომ საქართველოს ყურადღება უნდა მიექცეს. ქართული დელეგაცია რუსულ დელეგაციასთან ერთად იმისთვის მუშაობს, რომ გიგი წერეთელმა ეს არჩევნები ვერ მოიგოს. ამ დღეების მანძილზე, რუსეთის დელეგაცია წერეთელის წინააღმდეგ გამოდის. მათი მხარდაჭერა შესაძლოა, თაღლითობის შედეგი იყოს“, - დასძენს მინაშვილი, რომლის ბრალდებებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი პასუხობს.

როგორც for.ge-ს ვოლსკიმ განუცხადა, სავარაუდოდ, გიგი წერეთლის კანდიდატურის მხარდაჭერა „ევროპის სახალხო პარტიისა“ და რუსეთის მოლაპარაკებების საგანია. მისი განცხადებით, ნაციონალების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უნამუსო მცდელობას აქვს ადგილი, რაგდან ყველაფერი თეთრი ძაფით ნაკერია.

„გიგი წერეთელი საქართველოს წარმომადგენელი არ არის, კვოტა „ევროპის სახალხო პარტიას“ ეკუთვნის. მან წერეთელი სწორედ იმიტომ შეარჩია, რომ ნაციონალების წარმომადგენელია. ეს თანამდებობა ეროვნული კვოტა არ არის. ეჭვი მეპარება, რომ წერეთელს საქართველოს ინტერესები ისე ესმოდეს, როგორც ნეიტრალურ ექსპერტს ან მაღალი დონის სახელმწიფო მოღვაწეს. მას საქართველოს ინტერესები ისე ესმის, როგორც „ნაციონალურ მოძღაობას“. ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ გასაკვირი არც ის უნდა იყოს, რომ „ქართული ოცნება“ მუტოენის კანდიდატურას დაუჭერს მხარს“, - აღნიშნავს ვოლსკი.

კანონმდებელის თქმით, ნაციონალების წარმომადგენელის არჩევა დაუშვებელია, რადგან ისინი 2004-2012 წლებში გაუგონარ დანაშაულს სჩადიოდნენ.

„მისი წარმომადეგენელი ასეთ მაღალ პოსტზე არჩეული არ უნდა იყოს. ეს „სახალხო პარტიისთვის“ არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ წერეთელს 100-ზე მეტი დელეგაცია მხარს არ უჭერს და არა მხოლოდ ქართული დელეგაცია“, - დასძენს ვოლსკი.

წერეთელის პრეზიდენტობა საქართველოს თუ რა ზიანს ან სარგებელს მოუტანს, ამაზე საუბრისგან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე თავს იკავს, თუმცა, for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ არ ჰგონია, რომ მას თავისი იდეოლოგიითა და მიდგომებით ნაციონალებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს.

ჯაფარიძის მოსაზრებით, წერეთელის ვიცე-პრეზიდენტობამ ასამბლეას რა შედეგი მოუტანა, ამას ასამბლეა შეაჯამებს.

„არ ვიცი, გიგი წერეთელი როგორ იმოქმედებს, ცუდად თუ კარგად. ხვალ არჩევნებია და გულთმისანი არ ვარ და არ ვიცი, რა და როგორ მოხდება. ბატონ გიგის ძალიან რთული დღეები აქვს. კენჭისყრა ფარულია და ნება მომეცით, რომ ჩემი პოზიციები ხვალ დავაფიქსირო. არ ვიცი, გიგი წერეთელს რისი გაფუჭება, გაუარესება და გაუმჯობესება შეუძლია, ამას მომავალი გვაჩვენებს“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.