„ასეთი რეზოლუციები რომ არ იყოს, გაცილებით უფრო რთული მდგომარეობა იქნებოდა“

„ასეთი რეზოლუციები რომ არ იყოს, გაცილებით უფრო რთული მდგომარეობა იქნებოდა“

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის საკითხთა კომიტეტში ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი - „კონფლიქტი საქართველოში“ გავიდა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ხვალ, საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა მიიღებს.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ავტორობით მომზადებულ 17 პუნქტიან დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზე და ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფას განაგრძობს.

ქართველი პოლიტიკოსები რეზოლუციის პროექტით ეუთო-ს მოუწოდებენ, ძალისხმევა გააორმაგოს, რათა საქართველოში ორგანიზაციის ჩართულობა გაძლიერდეს და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მისი როლი გაზარდოს. მათ შორის, ადგილზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებით შერიგების პროცესს ხელი შეუწყოს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში ასეთი რეზოლუციები რომ არ იყოს, გაცილებით უფრო რთული მდგომარეობა იქნებოდა.

როგორც for.ge-ს ვოლსკიმ განუცხადა, ეს პროცესი ხვალ და ზეგ არ სრულდება, მაგრამ როცა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიოს პოზიცია გამოიხატება, მკაფიო წყალგამყოფი ჩნდება - ვინ რომელ მხარეს არის.

დეპუტატის თქმით, საქართველოსთან მიმართებაში მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკულად ყველა ქვეყანა იმ პოზიციას მხარს უჭერს, რომელიც ქართულ მხარეს გააჩნია.

„ამ მხარდაჭერის მუდმივად შენარჩუნება იმის გარანტიაა, რომ ქვეყანა მარტო არ არის და ის მწირი რესურსები, რაც საქართველოს გააჩნია, შევსებულია საერთაშორისო მხარდაჭერით. ეს პროცესია, სადაც გამარჯვებაა საჭირო. თუმცა, გამარჯვება მხარდაჭერის გარეშე გამორიცხულია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ეუთო-ს მიერ 2012 წელს მიღებულ დოკუმენტს 2016 წლის რეზოლუციის პროექტს ადარებს და ამბობს, რომ დღევანდელი რეზოლუცია გაცილებით მძაფრია და კონცენტრირებულია გზავნილებიც.

for.ge-ის კითხვის საპასუხოდ ჯაფარიძე აცხადებს, რომ საქართველოს თაობაზე არაერთი რეზოლუცია იქნა მიღებული, მაგრამ ეს დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია. კანონმდებელის ცნობით, რეზოლუციაში ასახულია ყველა ის საკვანძო საკითხი, რომელიც მიბმულია საქართველოს პერსპექტივასთან და მწვავე საკითხებთან. მათ შორის, კონფლიქტებთან.

„ვინც კომიტეტში საკითხის განხილვას თვალს ადევნებდა, ნახავდა, რომ საკითხს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. წინააღმდეგ რუსეთი წავიდა, რამდენიმემ კი, თავი შეიკავა. თქვენ ბრძანეთ, რომ ეს პირველი რეზოლუცია არ არის, მაგრამ ეს ჩვენი სამოქმედო გეგმაა იმისათვის, რომ ქართულმა მხარემ სხვადასხვა ფორმატში აქტიურად ვიმუშაოთ და შევეცადოთ, რაც აქ ჩავწერეთ, პრაქტიკაში მისი რეალიზება მოვახდინოთ. ეს ჩვენზეა დამოკიდებული“, - დასძენს ჯაფარიძე.

უმრავლესობის მსგავსად, ნაციონალი აკაკი მინაშვილი თვლის, რომ რეზოლუციის პროექტი ძალიან მკაფიო და კარგი დოკუმენტია, სადაც ყველა გზავნილია გაკეთებული. for.ge-სთან საუბარში მინაშვილი აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში, ეს რეზოლუციები იმ ეფექტს იძლევა, რომ საქართველოს დეოკუპაცია ძალიან სწრაფად მოხდეს. მისი თქმით, საქართველოს ლოდინი უწევს, თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მკაფიო გზავნილი კეთდება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ პროცესს ყურადღებით აკვირდება და მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის გამთლიანება და დეოკუპაცია მოხდეს.

„ფაქტიურად, რუსეთის პოლიტიკის დელეგიმატიაცია ხდება. ისტორიის მანძილზე ასეთი ტიპის რეზოლუციების მიღებამ ძალიან კარგი შედეგი მოიტანა. მათ შორის, საბჭოთა სახელმწიფოების გათავისუფლება მოხდა. დღეს მოვლენები კიდევ უფრო სწრაფად ვითარდება და ქვეყნის დეოკუპაცია უფრო მალე მოხდება, ვიდრე ამას ვინმე ელოდება“, - აღნიშნავს მინაშვილი.

დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ წარმოებული საგარეო პოლიტიკის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველოს საკითხზე აქცენტირება მუდმივად უნდა ხდებოდეს.

„ქართულმა ოცნებამ“ მთავარ გეგმად დასახა, რომ საქართველო არ უნდა იყოს ამერიკსა და რუსეთ შორის დაპირისპირების საგანი. ეს არასწორი პოლიტიკაა, რომელიც ხელისუფლებამ გაატარა, რადგან ქვეყანა მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში. ჩვენს დროს საკითხი დღის წესრიგში მუდმვიად იყო, დღეს კი, ყურადღების მიღმაა“, - ამბობს დეპუტატი.

მინაშვილი საქართველოსთან დაკავშირებით ეუთო-ში რუსეთის დელეგაციის საქმიანობასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რეზოლუციის განხილვისას, რუსეთის დელეგაცია სრულიად იზოლირებული იყო, რადგან ერთ მხარეს საქართველო და სხვა ქვეყნები იყვნენ, ხოლო მეორე მხარეს მხოლოდ - რუსეთი.

„ისინი კარგად ხვდებიან, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს. ბევრი დრო დავკარგეთ, როცა უკრაინის თემა ძალიან აქტიურად იყო და ხელისუფლებამ უკრაინასთან მიბმა არ მოახდინა. პირიქით, დისტანცირება ხდებოდა“, - დასძენს მინაშვილი, რომლის პათოსს იზიარებს გიგი წერეთელი.

როგორც for.ge-ს წერეთელმა განუცხადა, უსუფაშვილის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ყველა ის პუნქტია თავმყორილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ომითა და ბრძოლით იქნა მიღებული.

„თავმყორა მოხდა და ეს ძალიან კარგია. ეს ამ საკითხის ახალი ფოკუსი იქნება. ეს პოლიტიკური დოკუმენტებია და იმის გარანტია არ არის, რომ ვიღაც გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს გადაწყვეტილების მიღებას ეხმარება, რაც ჩვენი ამოცანაა“, - აღნიშნავს წერეთელი.

რაც შეეხება რეზოლუციის პროექტს, მას for.ge უცვლელად გთავაზობთ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა:

1. ადასტურებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების, ეუთოს ყველა ნორმის, პრინციპისა და ვალდებულების, ჰელსინკის დასკვნითი აქტის, პარიზის ქარტიის, 1992 წლის ჰელსინკის დეკლარაციის, 1994 წლის ბუდაპეშტის დოკუმენტის, 1996 წლის ლისაბონის დოკუმენტის და 1999 წლის სტამბოლის სამიტზე მიღებული ევროპის უსაფრთხოების ქარტიის მიმართ სრულ მხარდაჭერას;

2. იხსენებს, რომ ეუთო, რეგიონული შეთანხმების მიხედვით, გაეროს ქარტიის მე-8 თავის შესაბამისად, წარმოადგენს წამყვან ორგანიზაციას თავის რეგიონში არსებული უთანხმოებების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებში;

3. ხელახლა უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერინტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;

4. ხაზს უსვამს ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად, მოლაპარაკების გზით გადაჭრისათვის, საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის გაეროს წესდებისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის სრული პატივისცემის პირობებში და ყოველგვარი ესკალაციის, მუქარისა და ძალის გამოყენების პრევენციით;

5. ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ერთადერთ ფორმატს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად;

6. გამოხატავს მწუხარებას, რომ მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებისა, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფას და საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის მიმართ, ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებების გამოყენებით, ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის პოლიტიკის განხორციელებას;

7. ითვალისწინებს მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში;

8. გამოხატავს შეშფოთებას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ, რომლებიც მუდმივად არიან მოკლებულნი მათი წარმოშობის ადგილზე ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ, ღირსეულად და შეუფერხებლად დაბრუნების შესაძლებლობას, ისევე როგორც საკუთრების უფლებას;

9. გმობს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და მიწაყრილების აღმართვის პროცესს, რითაც ხდება ადგილობრივი მოსახლეობის ერთმანეთისგან გაყოფა და მათი ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების ხელყოფა. მათ შორის, და არა მხოლოდ, ისეთი უფლებების, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილების, ოჯახის, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების და სხვა სამოქალაქო და ეკონომიკური უფლებების;

10. ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 2009 წლიდან, საქართველოში ეუთო-ს მისიის და საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის (UNOMIG) დახურვის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) არის ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმი, რომელიც სამწუხაროდ ვერ ახერხებს სრულად განახორციელოს მინიჭებული მანდატი, ვინაიდან შეზღუდული აქვს წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონზე;

11. მოუწოდებს, რუსეთის ფედერაციას დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები, სრულად და კეთილსინდისერად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შესახებ შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;

12. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გაიწვიოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია;

13. მოუწოდებს კონფლიქტში მონაწილე მხარეებს კონსტრუქციული ჩართულობისკენ, რათა მოხდეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე პროგრესის მიღწევა;

14. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებული პირობის საპასუხოდ, შეასრულოს ძალის გამოუყენებლობის სამართლებრივი ვალდებულება;

15. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ დაუშვას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნება მათი წარმოშობის ადგილზე, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა და შესაძლებელი გახადოს ადგილზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის განხორციელება;

16. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუშვას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების გამოყენება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უზრუნველყოს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) შეუფერხებელი წვდომა;

17. მოუწოდებს ეუთოს გააორმაგოს ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს ორგანიზაციის ჩართულობა საქართველოში, გაზარდოს მისი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის, ხელი შეუწყოს შერიგების პროცესს ადგილზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებით.