მთავრობამ დასახმარებლად ყველა ოჯახს ვერ მიაგნო

მთავრობამ დასახმარებლად ყველა ოჯახს ვერ მიაგნო

მორიგი ვაუჩერიზაცია დასრულებულად გამოცხადდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ოჯახი უვაუჩერობას უჩივის. ენერგო და სასურსათო ვაუჩერების დარიგება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მარტსა და აპრილში დაიწყო, თუმცა მოსახლეობის ერთ ნაწილს ის დღემდე არ მიუღია. 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში მცხოვრებ სიფრაშვილების შვიდშვილიან ოჯახს სურსათის ვაუჩერი ამ დრომდე არ მიუღია. მრავალშვილიანმა დედამ სურსათის ვაუჩერის მისაღებად სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის განყოფილებას ერთი თვის წინ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

სიფრაშვილების ოჯახი სოციალურად დაუცველია და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დანიშნული საარსებო შემწეობაა. მძიმე პირობების გამო სოციალური მომსახურების სააგენტო ოჯახისთვის ბავშვების ჩამორთმევასაც შეეცადა, მაგრამ დედის წინააღმდეგობის გამო, ბავშვების ბავშვთა სახლში გადაყვანა ვერ მოახერხეს.

სოფელ ანაგის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, თემურ უზუნაშვილის თქმით, სიფრაშვილებს დამატებით სიაში შეიყვანენ და ვაუჩერს უახლოეს მომავალში მიიღებენ.

მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ჯანდაცვის მინისტრმა, ანდრია ურუშაძემ სულ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ საქართველოში ვაუჩერიზაციის პროცესი დასრულებულია.

“წარმატებით განხორციელდა პროექტი, რაც მოქალაქეებისთვის, როგორც ელექტროენერგიის, ისე – სურსათის ვაუჩერების მიწოდებას ითვალისწინებდა და ის მილიონამდე ოჯახმა მიიღო. პროექტი წარმოადგენდა ჩვენი მოქალაქეების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან მხარდაჭერას იმ პირობებში, როცა გაზრდილია სურსათის ფასები”, - განაცხადა მინისტრმა.

მან არსებულ ნაკლოვანებებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ვაუჩერიზაციის პროცესში დაფიქსირდა გარკვეული პრობლემებიც, თუმცა ყველა იმ მოქალაქის განცხადება, რომლებსაც ვაუჩერების მიღების თაობაზე პრობლემები შეექმნა, განხილული იქნება.

“სოციალური მომსახურების სააგენტოში დაახლოებით ათასამდე ადამიანის განაცხადია შემოსული. მივმართავ ყველა მოქალაქეს, რომელსაც ვაუჩერების მიღებისას პრობლემები შეექმნა, სააგენტოს მიმართოს”, - დასძინა ურუშაძემ.

სასურსათო და ენერგოვაუჩერი არა მარტო სოფლებში, არამედ დედაქალაქშიც კი სრულად არ დარიგებულა. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ვაუჩერის გარეშე დარჩენილებმა კონკრეტული პასუხი იმასთან დაკავშირებით თუ როდის მიიღებენ დახმარებას, არ აქვთ.

სურსათისა და ენერგოვაუჩერები დღემდე არ მიუღია თბილისელ მაია მ-შვილის ოჯახს. ამის შესახებ პრესაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, მაგრამ ვაუჩერები კვლავ იგვიანებს.

“ენერგოვაუჩერი ჩვენ იმის გამო არ მოგვივიდა, რომ ელექტროენეგია გათიშული გვაქვს, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ შემეძლო განაცხადი დამეწერა და ვაუჩერს მივიღებდი. როდესაც დაიწყო სასურსათო ვაუჩერების დარიგება, განაცხადი დავწერე, სადაც მითხრეს, რომ ორივე ვაუჩერს, დაახლოებით, 10 დღეში მომცემდნენ. მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა და არცერთი ვაუჩერი არ მიმიღია. როდესაც ვრეკავ და ვკითხულობ, ყოველთვის ერთი პასუხი აქვთ - წუთი-წუთზე ველოდებით ვაუჩერებსო. თუმცა, ეს წუთი-წუთი არ დამთავრდა და არც ვიცი, როდის მივიღებ”, - ამბობს მაია.

ვაუჩერიზაციის პროგრამისთვის სულ 50 მილიონი ლარი დაიხარჯა, 20 მილიონი – ენერგოვაუჩერზე, 30 მილიონი კი – სურსათის ვაუჩერზე. 50-ლარიანი შეღავათი კი, რომელსაც მთავრობამ ანტიინფლაციური ღონისძიება უწოდა, ანტიინფლაციური ნამდვილად არ აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში, ამას ადამიანებისთვის შვება არ მოუტია.