„ვფიქრობ, დაახლოებით, 2 წელიწადში, მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ყველა დევნილმა უნდა მიიღოს ბინა“

„ვფიქრობ, დაახლოებით, 2 წელიწადში, მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ყველა დევნილმა უნდა მიიღოს ბინა“

2009 წელს მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით თბილისში დევნილების გრძელვადიანი განსახლება აიკრძალა. ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, შეიცვალა მიდგომები დევნილთა მიმართ და შესაბამისად, დევნილებს მიეცათ თბილისში გრძელვადიანი განსახლების უფლება. 2012 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართით 6265 დევნილია უზრუნველყოფილი, მათ შორის თბილისში საცხოვრებელი ბინა 661 დევნილ ოჯახს გადაეცა.

საბოლოოდ როდის უნდა მოგვარდეს უსახლკარო დევნილების პრობლემა და რა ტიპის სოციალური დახმარების რეფორმას იწყებს დევნილთა სამინისტრო? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge დევნილთა და განსახლების მინისტრს, სოზარ სუბარს ესაუბრა.

ქართული ოცნებისწინასაარჩევნო დაპირების ერთ-ერთი ნაწილი იყო დევნილთა უმთავრესი პრობლემის მოგვარება, როგორიც არის საცხოვრებლით უზრუნველყოფა. 2012 წლიდან დღემდე რა შეცვალა ამ მიმარულებით?

სოზარ სუბარი: 23 წელი გავიდა აფხაზეთის ომიდან, 25 წელი ცხინვალის საომარი კონფლიქტის დაწყებიდან. შესაბამისად, დღეს საქართველოში 86 ათასი დევნილი ოჯახია, ამას ემატება ის ოჯახები, რომლებიც საქართველოდან არიან წასული. ამ 86 ათასიდან მხოლოდ 1/3-ს აქვს სახელმწიფოს მხრიდან ბინა მიღებული, 2/3 ისევ უბინაოდ არის დარჩენილი.

2008 წლამდე დევნილებისთვის არც ერთი ბინა არ აშენებულა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო დახმარებით მოხდა კოტეჯური ტიპის დასახლებების აშენება შიდა ქართლში, კორპუსები აშენდა ფოთსა და წყალტუბოში, ასევე მოხდა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი შენობების გარემონტება საქართველოს რამდენიმე რეგიონში, სხვა არაფერი სახელმწიფოს ამ მიმართულებით არ გაუკეთებია.

რაც გაკეთდა ესეც დაკავშირებული იყო ომის შემდგომ პერიოდთან და იგივე საერთაშორისო დახმარებასთან...

- იმ საერთაშორისო დახმარებიდან, რომელიც 5 მილიარდი დოლარის ფარგლებში შემოვიდა საქართველოში, 1 მილიარდი დევნილთა საცხოვრებლის მშენებლობას რომ მოხმარებოდა, დღეს აბსოლუტურად ყველა დევნილს ექნებოდა სახლი და დევნილის საცხოვრებლის პრობლემა მოხსნილი იქნებოდა.

მაგრამ ეს არ გაკეთდა და ამ თვალსაზრისით უმძიმესი მემკვიდრეობა დაგხვდათ...

- ნამდვილად. ძალიან ცოტა თანხა დაიხარჯა ამ მიმართულებით. ცხადია, მძიმე მემკვიდრეობაა, როდესაც დაახლოებით 2/3-ს, ანუ 52 ათას ოჯახს დღემდე არ აქვს ბინა მიღებული. მეტიც, იყო ასეთი დისკრიმინაციული მიდგომა, როდესაც ადამიანები ცხოვრობდნენ საქართველოს ერთ რეგიონში და ძალად ასახლებდნენ სხვა რეგიონში. კერძოდ, თბილისიდან გადასახლება ხდებოდა ხან ფოცხოეწერში, ხან ბაკურციხეში.

რა იყო ასეთი ძალადობრივი პოლიტიკის მიზეზი, როდესაც პოლიციის ძალით ხდებოდა დევნილების გადასახლება?

- იმ ადგილებიდან, რომელიც მიაჩნდათ, რომ ეკონომიკურად საინტერესო და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო, ავტომატურად ყრიდნენ ადამიანებს და ფართებს გადასცემდნენ ინვესტორებს. დღეს რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის კოეფიციენტით ტრაბახობენ, ეს ხშირად ხალხზე ძალადობის ხარჯზე ხდებოდა. 2009 წელს სააკაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით თბილისში აიკრძალა დევნილების გრძელვადიანი განსახლება. ეს მიდგომები შევცვალეთ და ვცდილობთ, რომ საქართველოს მასშტაბით მაქსიმალურად მივცეთ ბინები დევნილებს და მათ შორის თბილისშიც. თბილისში ბინები გადავეცით 661 დევნილ ოჯახს, წელიწადში დაახლოებით 2000-2500 ოჯახს ვაძლევთ საცხოვრებელ ბინას.

თუკი წელიწადში 2500 ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ბინა, მაშინ როგორ ხსნით იმას, რომ უსახლკარო დევნილები ისევ არიან ამ ქვეყანაში და არც თუ ცოტა?

- თუკი ავიღებთ იმ ციფრებს რამდენი დევნილი ოჯახი გვყავს, და თუ მივუმატებთ იმასაც, რომ იზრდება დევნილების რაოდენობა, ადამიანი, რომელიც ოჯახს ქმნის, ეს უკვე ახალი ოჯახია და ბინა ეკუთვნის. თუ წელიწადში 2500 ოჯახი იღებს ბინას, ამას ემატება დაახლოებით 700 ახალი ოჯახი. რა თქმა უნდა, კარგი იქნება ამ პრობლემის ერთბაშად გადაწყვეტა და ამაზე გარკვეული მუშაობა მიდის დონორებთან.

სახელმწიფო შეძლებს ამ ადამიანების საცხოვრებლით დაკმაყოფილებას?

- სახელმწიფო შეძლებს, მაგრამ ყველას ერთბაშად ვერ დავაკმაყოფილებთ. ამიტომაც ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა, რაც ბრძანებით არის განსაზღვრული. მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ქვეყნის სათავეში არანაირი წესი არ არსებობდა. ახლა განსაზღვრულია კრიტერიუმები - სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ომში მონაწილეთა და დაღუპულთა ოჯახებს აქვთ გარკვეული პრიორიტეტი. არის რაიონები, სადაც ჩვენ დავხურეთ პროგრამა და უსახალკარო დევნილი არ იქნება.

შეგიძლიათ ეს რაიონები დაასახელოთ?

- ახალციხე, ხაშური, კასპი, ქარელი, მიმდინარე წელს მათ მიუერთდება გორი.

ამ თვალსაზრისთ ყველაზე მძიმე მდგომარეობა სად არის?

- პირველ რიგში ეს არის თბილისი, სადაც ყველაზე მეტი დევნილია. ასევეა ზუგდიდი, სადაც დაახლოებით 13 ათასი ოჯახია და პატარა ქალაქისთვის ეს ძალიან დიდი ციფრია. წყალტუბო, სადაც არაერთი დევნილია უმძიმეს მდგომარეობაში. ქუთაისი მეტ-ნაკლებად. რამდენიმე სანატორიუმია ბორჯომში, სადაც უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ დევნილები, თუმცა წელს ვაკეთებთ შენობას, რომელიც სერიოზულად განმუხტავს ვითარებას. წყალტუბოში გვაქვს პროექტი, რომლის მიხედვით 10 კორპუსი უნდა აშენდეს.

ვმუშაობთ ახალ მიდგომაზე, რომ ინვესტორებთან ერთად მოხერხდეს ისე, რომ წყალტუბო მთლიანად ამოიწუროს. მომავალ წელს შეიძლება მნიშვნელოვანი გარდატეხა გვქონდეს, თუ მთლიანად ვერ დავხურეთ. ძალიან მნიშვნელოვანი მშენებლობა გვაქვს დაწყებული ზუგდიდში. სულ შენდება 6 კორპუსი, 2 კორპუსს წელს ვამთავრებთ, მთლიანობაში 2 ათასზე მეტი ოჯახი მიიღებს ბინას.

ამის პარალელურად, გაეროსთან ერთად ვმუშაობთ ახალ პროქტზე, კერძოდ, ზუგდიდში და ქვემო ქართლში ავაშენოთ რამდენიმე ახალი დასახლება. თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, რეგიონების მიხედვით აშენდება რამდენიმე ათასი 2-3 სართულიანი კოტეჯები, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება საკუთარი თბო და ელექტრომომარაგებით. ეს იქნება ახალი სიტყვა საქართველოს ბინათმშენებლობაში. წელიწადზე მეტია ამ პროექტზე მიდის მუშაობა და ვფიქრობთ, რომ აგვისტოში დასრულდება მოლაპარაკება.

რაც შეეხება თბილისს, რა ვადებში შეიძლება თბილისში მოგვარდეს უსახლკარო დევნილების პრობლემა?

- თბილისში რამდენიმე სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. პირველი - ადამიანები, რომლებიც კანონიერად ცხოვრობდნენ მათ მიერ დაკანონებულ შენობაში ე.წ. კომპაქტურ დასახლელბებში, სადაც ნორმალური საცხოვრებელი პირობები იყო, ასევე, ხალხი იყო ადაპტირებული, ის შენობები გადავეცით საკუთრებაში. მეორე - ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 12 ათასმა ოჯახმა მიიღო საკუთრებაში ბინა. ასევე, სასტუმროები, თუ ყოფილი საავადმყოფები, რომელიც კერძო მესაკუთრის ხელში იყო, მოხდა მათი შესყიდვა და დევნილებისთვის გადაცემა. ამ კატეგორიის დაახლოებით 700-ზე მეტი ბინა არის შესყიდული.

მესამე - ეს არის შენობების გარემონტება და ახალი ბინათმშენებლობები, რომლის ფარგლებში 661-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო ბინა და წლის ბოლომდე დამატებით 400-მა ოჯახმა უნდა მიიღოს. თუ ჩავთვლით, რომ 10 ათასმა ოჯახმა შეავსო განაცხადი, ცხადია, რომ 10 ათასი ოჯახი ამ ტემპით ძალიან მალე ვერ დაკმაყოფილდება, მაგრამ ამ 10 ათასი ოჯახიდან, ბევრს ბინა აქვს. ვფიქრობ, დაახლოებით, 2 წელიწადში მძიმე მდგომარებაში მყოფმა ყველა დევნილმა უნდა მიიღოს ბინა.

რაც შეეხება შემწეობას, 45 ლარი რომელსაც სახელმწიფოსგან იღებს დევნილი, ნამდვილად არ არის საკმარისი არსებობისათვის, თუმცა, 28 ლარზე მეტი ნამდვილად არის. ამ მიმართულებით თუ იგეგმება ცვლილება?

- ნამდვილად, 45 ლარი ერთ ადამიანზე - ეს არის საკამარისი არც ღირსეული არსებობისთვის და არც იმისთვის, რომ რაღაცა მინიმალური გააკეთო. თუმცა, ეს არის დანამატი იმ შემოსავალზე, რაც შეიძლება დევნილს ჰქონდეს, ისევე როგორც სხვა მოქალაქეს. ჩვენ ვფიქრობთ ამ დახმარების რეფორმირებას ისე, რომ უფრო მეტი მიიღოს იმან, ვისაც სჭირდება. მაგალითად, რას ვგულისხმობ - დღეს დევნილი, ვისაც 1250 ლარზე მეტი თვიური შემოსავალი აქვს, ის არ იღებს 45 ლარიან დახმარებას, მაგრამ შეიძლება ადამიანი იყოს მაღალი თანამდებობის პირი, ჰქონდეს 3 ათასი ლარი ხელფასი, ან იყოს ბიზნესმენი და თვეში 10 ათასი ლარი ჰქონდეს ხელფასი, ის არ იღებს 45 ლარს, მაგრამ იღებენ მისი ოჯახის წევრები.

ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ის, რომ ეს გათვლილი იყოს არა მხოლოდ ერთ ადამიანზე, არამედ შეეხოს მთლიანად ოჯახს და მიიღოს მხოლოდ იმან, ვინც სოციალურად უფრო მძიმე პირობებში არის. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სოციალურ პაკეტს მივაბათ და არა დევნილობას. ამ ტიპის სოციალური დახმარების რეფორმა უნდა მივაბათ შემოსავლის წყაროების გაჩენას.

მიუხედავად იმისა, რომ დევნილი საკმაოდ კარგად არის ინტეგრირებული დანარჩენ საზოგადოებასთან, გაცილებით მაღალია უმუშევრობა და უფრო დაბალია შემოსავალი. სახლემწიფოსთვის ეს არის პრიორიტეტული საკითხი. სანამ შენი ქვეყნის მოსახლეობის 7% ცხოვრობს ისე, რომ მას არ აქვს საკუთრება, სამსახური და მუდმივად სახელმწიფო დახმარების იმედზეა, ეს არის ჰუმანიტარული პრობლემა ამ ადამიანებისთვის, ფსიქოლოგიური პრობლემა მთელი ქვეყნისთვის და სერიოზული მუხრუჭი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ეს პრობლემა უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ. ეს ნათლად აქვს გააზრებული საქართველოს მთავარობის ხელმძღვანელს და ყველა წევრს.

თუმცა ამ პროცესს თან ახლავს კორუფციის ფაქტები და ამის ბოლო მაგალითი იყო სუს-ის მიერ დაკავებული ქალბატონი. რამდენად მაღალია კორუფციის რისკები?

- ჩემი მინისტრობის პერიოდში 6 თანამშრომელია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. აქედან 5 ადამიანისთვის ბრალის წარდგენა ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა, მე-6 ადამიანი უშუალოდ სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიღებული ინფორმაციის შედეგად დააკავეს. გარდა ამისა, რამდენიმე თაღლითური ჯგუფი არის გამოვლენილი ჩვენს მიერ. რამდენიმე თანამშრომელზე გვქონდა ინფორმაცია, რომ ისინი გარკვეულ კორუფციულ საქმიანობაში იყვნენ ჩართული, ინფორმაცია გადავეცით ძალოვან უწყებას.

ყოველ ჯერზე, როდესაც იწყება ბინების გადაცემის პროცესი, ახალი ჯგუფები ყოფენ თავს. ერთ-ერთ ასეთ ჯგუფზე გვაქვს ინფორმაცია, რომლებიც დევნილთა სამინისტროს სახელით ატყუებენ დევნილებს და არადევნილებს, ეს ინფორმაცია მივაწოდეთ სამართალდამცავ უწყებას და იმედი მაქვს, რომ მოხდება ამ ადამიანების დაკავება. სამწუხაროდ, ამისგან დაზღვეული არ ვართ.

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც დაიწყო დევნილთა სამინისტრომ, ეს არის ომში გარდაცვილი მეომრების გადმოსვენების პროცესი. რამდენად რთული და ხანგრძლივია ეს პროცესი, ამ კუთხით ბარიერი დაძლეულია აფხაზებსა და ქართველებს შორის?

- ეს პროცესი ჩემი წინამორბედის დავით დარახველიძის დროს დაიძრა, მინისტრის მოადგილე, ნინო ჭავჭავაძე კურირებდა ამ მიმართულებას. ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით აფხაზეთში მოხდა ე.წ. სამთავრობო ცვლილებები და საქართველოს მიმართ უფრო რადიკალური პოზიციის მქონე ხელისუფლება მოვიდა. პირველი პერიოდი, თითქოს გაართულა პროცესი, თუმცა რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ვთქვით, რომ მოდით ყველა გაუგებრობა გადავდოთ გვერდზე და ვიფიქროთ იმ დედებზე, რომლებიც საკუთარ შვილებს ელოდებიან, შვილებზე, რომლებიც საკუთარ მამებს დღემდე ეძებენ. ურთიერთთანამშრომლობის გულწრფელი სურვილი რომ დავინახეთ ერთმანეთში, ყველა ბარიერი გადაილახა.

თუმცა არსებობს პრობლემები და ხშირ შემთხვევაში ის რუკები და ადგილები, რომელსაც ჩვენ ვნახულობთ არ არის ზუსტი. თითქოს ზუსტია რუკა, გათხრი იმ ადგილს და საფლავი ცარიელია. მიუხედავად ამისა, პროცესი მიდის. რამდენიმე დღის წინ შეხვედრა გვქონდა წითელ ჯვართან, სადაც მომდევნო 5 წლის გეგმა დავსახეთ, რაც გულისხმობს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში უნდა გაორმაგდეს იმ სამარხების რაოდენობა, რომელთა გახსნა მოხდება და სავარაუდოდ, გაიზრდება იმ ცხედრების რაოდენობაც, რომელთა ნახვა და იდენტიფიცირება მოხდება. ამას სჭირდება დიდი რესურსები, მაგრამ მომავალი წლის ბიუჯეტში უშუალოდ არის გათვალოსწინებული ამ მიმართულებაზე სპეციალური ხაზი.

აფხაზები ხედავენ ჩვენს გულწრფელ სურვილს, რომ სადაც გვაქვს ინფორმაცია დაკარგული აფხაზი მეომრების სამარხის შესახებ, დავეხმაროთ, მოვიძიოთ და ხელი შევუწყოთ. ეს ორმხრივი ნდობა განაპირობებს იმას, რომ პროცესი ძალიან წარმატებულად მიდის. ძალიან რთული პროცესია, თუმცა საქართველოს შემთხვევა ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, სადაც ამ მიმართულებით ძალიან მჭიდრო და კარგი თანამშრომლობა შედგა.

ასევე მწვავედ დგას ეკომიგრანტების საკითხი და როგორც ცნობილია, ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში არც ერთი ეკომიგრანტისთვის არ მომხდარა საცხოვრებელი სახლის შეძენა, დღეს რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით?

- ეკომიგრანტების 6 ათასი განაცხადი დევს სამინისტროში, რომლებიც სახელმწიფოსგან ითხოვენ დახმარებას. ეს პროგრამა 2006 წელს შეწყდა, არც ერთი ეკომიგრანტისთვის არ შესყიდულა არც ერთი სახლი. ჩვენ წავედით ორი მიმართულებით, პირველი - განვაახლეთ და გავაძლიერეთ პროგრამა და სამი წლის განმავლობაში 200-ზე მეტი სახლი გვაქვს შესყიდული. მეორე - იმ ეკომიგრანტებს, რომლებსაც 2006 წლამდე ჰქონდათ შესყიდული სახლები, მაგრამ არ იყო დაკანონებული, გავაკეთეთ სრული აღწერა ამ სახლების და დაიწყო დაკანონების პროცესი. 1100-მდე ოჯახი მიიღებს საკუთრებაში ბინას და ამაში არ ითვლება ახლად შესყიდული სახლები. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ყველა იმ ეკომიგრანტს, რომელსაც შეძენილი აქვს სახლი დაუკანონდებათ. აქცენტი გვაქვს იმ რეგიონებზე, რომელიც ყველაზე მეტად არის დაზიანებული, ეს არის - მთის აჭარა, ლერჩხუმ-სვანეთი, ჩხოროწყუ და ზოგიერთი ბარის რაიონი.