„ძალაში სრულად შედის ასოცირების ხელშეკრულება, რისი წყალობითაც დგება თვისობრივად ახალი ეპოქა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში და ეს ჩემი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - ასე გამოეხმურა გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ამოქმედებას.
2016 წლის 1 ივლისს ამოქმედებულ მუხლებს შორისაა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული ნაწილი, სადაც მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ.
ასევე, სრულად ამოქმედდა მუხლები, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან, გარდა ამისა თანამშრომლობა მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ, საჯარო ფინანსების მართვა და ფინანსური კონტროლი, ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, კორპორაციული სამართალი, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი, კორპორაციული მმართველობა, განათლება და ჯანდაცვა.
ძალაში შევიდა შეთანხმების ორი დარჩენილი დანართი, რომლებიც ეხება განათლების და ახალგაზრდობის, ასევე, აუდიოვიზუალურ და მედიის სფეროებში თანამშრომლობას.
ევროკომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ქვეყანასთან, რომელიც ამ დრომდე მუშაობს უმნიშვნელოვანეს რეფორმებზე. როგორც მოგერინი აცხადებს, ევროკავშირი-საქართველოს შორის ღრმა და მჭიდრო ურთიერთობა ორივე მხარეს მოუტანს სარგებელს.
ცნობისთვის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობისგან მომავალი ბენეფიტებით უფრო ხშირად ისარგებლონ.
ევროკომისარი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ უკეთესი ბიზნეს-შესაძლებლობები საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის გაუმჯობესებული გარემო, გაზრდილი ენერგოეფექტურობა - ეს არის მხოლოდ რამდენიმე სფერო, სადაც მისივე თქმით, უკვე არის იმედის მომცემი ნიშნები შეთანხმების დროებითი გამოყენების დროს და რომელიც ახლა შემდგომ პროგრესს შეძლებს.
„ნება მიბოძეთ წავახალისო საქართველო, რათა სრულად გამოიყენოს არსებითი დახმარება - წელიწადში დაახლოებით 100 მილიონი ევრო, რომელსაც ევროკავშირი ქვეყნის რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად უზრუნველყოფს“, - აცხადებს იოჰანეს ჰანი.
სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები, რომლებიც უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალი სტანდარტების დამკვიდრებას. მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმება არის რეცეპტი საქართველოს განვითარებისთვის. რაც შეეხება ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედებას, დავით ბაქრაძის განმარტებით, აქამდე მოქმედებდა ევროკავშირის, როგორც ინსტიტუტის კომპეტენციაში არსებული საკითხები, სრულად ამოქმედების შემდგომ კი უკვე წევრი.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომლებიც უკავშირდება სწორედ ახალი სტანდარტების დამკვიდრებას ჩვენს ეკონომიკაში და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ათწლეულების განმავლობაში ევროპული საზოგადოება ჩამოყალიბდა ყველაზე განვითარებულ, უსაფრთხოებაზე და სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებულ საზოგადოებად.
ეს საკანონმდებლო ბაზა ჩვენთვის ხელმისაწვდომია ასოცირების შეთანხმების ფორმით, რომელსაც ჩვენ თანდათანობით ვნერგავთ და ვახორციელებთ ჩვენს კანონმდებლობაში. გარდა ჩვენი ევროპული ინტეგრაციისა, ეს ემსახურება ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მაღალი ხარისხის ინტეგრაციას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება ამოქმედდა, მაგრამ ანალიტიკოსების განცხადებით, თავისუფალი მიმოსვლა ეს არის კიდევ ერთი ბარიერი და ამავე დროს შესაძლებლობა ევროკავშირთან დაახლოებისა, რომ ინტეგრაციის პროცესი წარმატებით გაგრძელდეს. საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყანა რომ ვიზა ლიბერალიზაციას მიიღებს, ამას ადასტურებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადება, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაცია სექტემბრის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება.
„გერმანიაც და ევროკავშირიც მაქსიმალურს ვაკეთებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დადგეს რეალური ვიზალიბერალიზაცია. ეს ევროპარლამენტის გარკვეულ ფორმალობებზეა დამოკიდებული და მხოლოდ გერმანიის გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ კარგი საფუძველი გვაქვს ამისთვის. ის განრიგი, რომელიც არსებობს ევროპარლამენტში არის ძალიან ამბიციური - საკომიტეტო მოსმენები, კონსულტაციები. ვფიქრობ, თვის ბოლოს, ივლისის ბოლოს პროცესი დასრულდება, მაგრამ ალბათ, სექტემბრის განმავლობაში, უფრო მეორე ნახევარში მივალთ საბოლოო, ლოგიკურ შედეგამდე“, - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის გააზრებული არჩევანია.
„ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის გააზრებული არჩევანია, რადგანაც ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ეს არის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა. მინდა გითხრათ, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ამ ეტაპზე ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. მოლოდინები საქართველოში ძალიან დიდია. უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული ჩვენი ზოგჯერ მტკივნეული ევროპული ტრანსფორმაციის გზაზე“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის პათოსს იზიარებს ექსპერტი შორენა ლორთქოფანიძე, რომლის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ამოქმედებას პირდაპირი კავშირი არ აქვს ვიზების ლიბერალიზაციასთან.
„ეს ცალკე პროცესია, რომელიც ცალკე რეგულაციას საჭიროებს. კიდევ ერთი პოლიტიკური ბარიერია, რომელიც გადასალახი გვაქვს. არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის კონტექტსში ძალიან პრინციპულია, რომ საქართველომ მიიღოს ვიზალიბერალიზაცია, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მომავლისთვის, რომელსაც ვუკავშირებთ ევროკავშირს. ეს იქნება ახალი შესაძლებლობების გაჩენა და დაჯერება იმისა, რომ ინტეგრაციის პროცესები შეუქცევადი პროცესია და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება“, - აცხადებს შორენა ლორთქიფანიძე.
პოლიტილოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ შემდგომი ნაბიჯი იქნება ვიზალიბერალიზაცია. მისივე თქმით, ამასვე ამტკიცებს შტაინმაირეის განცხადება, რომ საქართველოს სექტემბერში მიიღებს ვიზა ლიბერალიზაციას.
„დროში ასეთი კონკრეტულობა არასოდეს არ ყოფილა და მით უმეტეს გერმანიის მხრიდან. არ ვფიქრობ, რომ გერმანიამ პოზიცია შეცვალა, უბრალოდ ჩვენ აღვიქვით არასწორად გერმანიის პოზიცია. ასე რომ, შეთქმულების ნიშნები არ ჩანს. ბლოკირების საკითხი ნამდვილად არ იყო მოგონილი.
ეს სჭირდებოდათ ევროპის ქვეყნებს და უპირველესად გერმანიას, დაერწმუნებინათ საკუთარი მოსახლეობა იმაში, რომ გერმანელები ვიზალიბერალიზაციით შექმნილი სირთულეებისგან დამცავ მექანიზმებსაც ჰქმნიან. საზოგადოებრივი დამოკიდებულის თავალსაზრისით რთული მდგომარება აქვს გერმანიის კანცლერს და სწორედ, ამ სირთულის თავიდან აცილება იყო ძირითადი მიზეზი, რატომაც შეიკავა თავი გერმანიამ“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.