„ქართული ოცნება“ 35%, „ნაციონალური მოძრაობა“ 13%-მდე - ასეთია „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შიდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები. კვლევამ მთლიანობაში 1500 ადამიანი მოიცვა. გამოკითხულებმა არ იცოდნენ, თუ ვისი დაკვეთით ტარდებოდა აღნიშნული კვლევა. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 84% აპირებს, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და ხმა მისცეს სასურველ კანდიდატს და პოლიტიკურ გაერთიანებას. იმ ამომრჩველთა საერთო რაოდენობა, რომელსაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციას დაუჭერს მხარს, აღნიშნული კვლევის მიხედვით 14%-ია.
სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ პარტიის განვითარებისთვის პერიოდულად ატარებს შიდა კვლევას, რომლითაც განსხვავებული მაჩვენებლები ფიქსირდება, ვიდრე ბოლო დღეებში მედიაში დასახელდა.
„სიტუაცია არის ასეთი, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ჩატარებული კვლევის შედეგებით „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ რეიტინგთან ასეთ ურთიერთობაში იყო: „ქართული ოცნების“ იყო 30%-მდე და „ნაციონალური მოძრაობის“ 15%-მდე. ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ არის 13%-მდე, ქართული ოცნება - 35%.
ასეთი სხვაობაა, ეს არის რეალობა. ამას სხვადასხვა გვერდითი მონაცემებიც ადასტურებს. მაგალითად, მკვეთრად გაიზარდა და გამყარდა „ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერის გიორგი კვირიკაშვილის რეიტინგი, ბევრი მონაცემის გამო. ბაქრაძისა და კვირიკაშვილის რეიტინგებს შორის ორმაგი სხვაობაა. 42% თუ არის კვირიკაშვილის, 21%-ზე მეტია ბაქრაძის“, - განაცხადა ზურაბ ბიგვავამ.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეულ პერიოდში მომხრეები დაკარგა. თუმცა ბიგვავამ აქვე აღნიშნა, რომ 35% ეს არ არის ბოლო შედეგი და, რომ „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყია. ასევე შიდა კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 65% აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ პარტიას იმაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთად აღებულს. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი 8 ოქტომბრის არჩევნებზე პარლამენტრში იმაზე მეტ მანდატს აიღებს, ვიდრე დანარჩენი პარტიები ერთად აღებული.
„ჩვენი შიდა კვლევის შედეგები არის რეალური, რომელიც სრულად ასახავს სინამდვილეს. ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი პროცენტული მხარდაჭერა, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენ პარტიას ერთად და სწორედ ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შევძლებთ ოქტომბრის არჩევნებში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას, ანუ 50%-ზე მეტის მიღებას. არჩევნებში დიდი უპირატესობით მოვუგებთ „ნაციონალურ მოძრაობას“.
საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებული შიდა კვლევის შედეგებით, ჩვენ 2,5-ჯერ ვუსწრებდით „ნაციონალურ მოძრაობას“. დაახლოებით იგივე და შეიძლება ოდნავ მაღალი შედეგიც კი დაიდება ოქტომბრის არჩევნებზე. ჩვენი ამბიცია არის კიდევ უფრო მეტი. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გავზარდოთ მოსახლეობის მხარდაჭერა. აუცილებლად ძალიან დიდი უპირატესობით მოვუგებთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის მიერ, „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმას გამოკითხულთა 22,4%, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 21,7 % მისცემდა. აღსანიშნავია, რომ GFK-ის მიერ გამოქვეყნებული პროცენტული მაჩვენებელი, ერთ-ერთზე იმეორეს NDI-ის და IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს. შესაბამისად, სოციოლოგები აღნიშნული ორგანიზაციის კვლევების სანდოობას ეჭვის ქვეშ აყენებენ.
სოციოლოგი ვალერიან გორგილაძის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს 2-ჯერ აღემატება. მისივე თქმით, როცა კომპანია სოციოლოგიურ კვლევას ატარებს და 20%-იანი ცდომილება აქვს, თუ თავმოყვარე ორგანიზაციაა, თვითლიკვიდაცია უნდა გამოაცხადოს.
„მე ბალტიისპირეთსა და უკრაინაში მუშაობა მიწევდა და ვიცი, რომ GFK-ს ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს. ამიტომ, GFK-ის შედეგებთან დაკავშირებით, სერიოზული მსჯელობა არ შეიძლება. გარდა ამისა, კვლევის დამკვეთი არის „რუსთავი 2“, რომელიც პოლიტიკური მხარეა. მე მაქვს საკუთარი კვლევა, რომელსაც ვერ ვასაჯაროებ, რადგან ამის უფლებას დამკვეთი არ მაძლევს. ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს 2-ჯერ აღემატება, 10-დან 13%-მდე მერყეობს. მოქმედ პოლიტიკოსებს შორის კი, კვირიკაშვილს ყველაზე მაღალი ნდობა აქვს“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.
რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, სოციოლოგის განცხადებით, სხვადასხვა მოტივების გათვალისწინებით უპირატესობა „ქართულ ოცნებას“ ექნება. ყველაფერი ეს იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, პარლამენტში უმრავლესობა აიღოს. მისივე თქმით, მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსს ინარჩუნებს „ნაციონალური მოძრაობა“ და ამ სტატუსს უახლოვდება რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაცია - ირაკლი ალასანიას, პაატა ბურჭულაძის, ნინო ბურჯანაძის პარტიები და „პატრიოტთა ალიანსი“.
სოციოლოგის განცხადებით, შელახული რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებს კვლევების ჩატარების შესაძლებლობას არ აძლევენ განვითარებულ ქვეყნებში, შესაბამისად, თვლის, რომ საქართველოში ეს სფერო გარკვეულ რეგულაციებს საჭიროებს.
„თუ კვლევას პიარ-ინსტრუმენტად იყენებენ, მისი მიზანი მანიპულაციაა. როცა შენ გარკვეულ მოლოდინებს ნერგავ, თუ ეს მოლოდინი იმ შედეგებს არ შეესაბამება, რომელიც არჩევნების შემდეგ დადგება, იქ დესტაბილიზაცია შესაძლებელია. მათ ჰგონიათ, რომ შეეძლებათ, ეს შედეგები არალეგიტიმურად გამოაცხადონ და ჰქონდეთ მცდელობა, დესტაბილიზაცია მოახდინონ. ნამდვილი სოციოლოგიიდან გამომდინარე, ქვეყანაში დესტაბილიზაციის არანაირი წინაპირობა არ არსებობს.
შემიძლია მომავალი კვლევების პროგნოზიც გავაკეთო, რომლებსაც სექტემბრის თვეში NDI, IRI და GFK გამოაქვეყნებენ და, რომლის შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ პოზიციაზე აღმოჩნდება. ყველას ვაფრთხილებ, ეს ძალიან არასერიოზულია და დესტაბილიზაციის ინიცირების მცდელობაა“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.
რაც შეეხება შიდა კვლევის სანდოობას, „პი არ საკონსულტაციო ჯგუფის“ დირექტორი გივი ხაჭაპურიძე ამბობს, რომ პარტია თავის თავს არ მოიტყუებს, აქედან გამომდინარე, მტკიცების რეჟიმშია გადასული და დიდი თავშეკავების შემდეგ რამდენიმე ციფრი გამოიტანა იმის საილუსტრაციოდ, რომ მას რეალურად რეტინგი უფრო მაღლი აქვს, ვიდრე ნებისმიერი სხვა კვლევა აჩვენებს და განსაკუთრებით GFK-ის ჩატარებული და „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული.
„შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თუ შიდა კვლევაზე გვაქვს საუბარი, შიდა კვლევით პარტია საკუთარ თავს მაინც არ უნდა იტყუებდეს, იმიტომ, რომ ეს არის პარტიის სტრატეგიისთვის მიყენებული ზიანია. მისი მონაცემებით ამომრჩევლის 35% მას აძლევს ხმას და შესაბამისად, არის უფრი მშვიდად. შიდა კვლევა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს მცდარი და როდესაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ეუბნება, რომ მისი რეიტინგი 35%-ია, ეს „ოცნების“ ამომორჩევლებში გარკვეული სიმშვიდის შემომტანიც არის, რადგან ამომრჩეველი ამ კვლევით ხედავს, რომ ისევ „ქართული ოცნება“ მოვა ხელისუფელაბში.
თუ ეს შედეგები რადიკალურად განსხვევბულია და სიმართლეს შეესაბამება სხვა კვლევები, რომელსაც NDI, IPI და GFK-ი გვთავაზობს, მაშინ ცოტა რთული მდგომარეობა აქვს მმართველ გუნდს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. კამპანიური სახე უფრო აქვს ე.წ. დამოუკიდებელ კვლევებს“, - აცხადებს გივი ხაჭაპურიძე.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ შიდა კვლევა უფრო სანდო და ლოგიკურია, ვიდრე გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
„როდესაც სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევით სხვადასხვა შედეგი იდება, უნდა დავანებოთ თავი დამკვეთებს და ყურადღება გადავიტანოთ იმაზე, თუ რა პოლიტიკური აქტიურობა ჰქონდა ამა თუ იმ პარტიას განვლილ პერიოდში. გასულ თვეებში „ქართული ოცნება“ უფრო აქტიური იყო იმ მხრივ, რომ განიცადა ცვლილებები - გამოჩნდა კვირიკაშვილი, რომელსაც დადებითი შეფასება აქვს, რასაც ემატება სხვადასხვა სახის მოძრაობა. როგორც წესი, ასეთი სიახლეები ისახება რეიტინგზე“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ ექსპერტი ამბობს, რომ აქ ახალი არაფერია, გრძელდება ძველი მუშაობა და სწორედ, რომ ასეთ მუშაობას ჰქონდა თავისი რეიტინგი და ეს იყო დაახლოებით 15%-18%-ის გარშემო.
„ასეთ ვითარებაში, რატომ აიწია GFK-ს გამოკითხვაში „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგმა და რატომ არის იმავე დონეზე „ქართული ოცნების“ რეიტინგი, გაუგებარია. აქედან გამომდინარე, უფრო სანდოდ, უფრო ლოგიკურად მიმაჩნია ის შედეგები, რომელიც გამოაქვეყნა ზურაბ ბიგვავამ“, -აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.