რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის დათბობის შემდეგ, სავარაუდოდ, თურქული პროდუქცია რუსეთის ბაზარს დაუბრუნდება. რამდენად დაამძიმებს ეს ქართველი მეწარმეების ყოფას მაშინ, როცა ბოლო პერიოდში რუსულ ბაზარზე ქართული ხილისა და სხვა პროდუქტების ექსპორტი თანდათან გაიზარდა?!
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დავით ასლანიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის დაძაბვა ან გამოსწორება ასე ცალსახად პოზიტიურად ან ნეგატიურად საქართველოზე არ აისახება. მართალია, რაღაც მომენტში რუსული ბაზარი დაიკეტა თურქული ბაზრისთვის, რაც რუსეთში საქართველოს პროდუქციის ექსპორტისთვის ცალსახად წამახალისებელი ნაბიჯი იყო და ჩვენი პროდუქცია მეტი რაოდენობით გადიოდა რუსეთში, მაგრამ გაჩნდა მეორე პრობლემა.
კერძოდ, იმის გამო, რომ თურქული პროდუქცია ვერ გავიდა რუსულ ბაზარზე, ამას თურქული პროდუქციის სიჭარბე მოჰყვა. დაიწყო თურქული პროდუქციის გაიაფება და ამ სიიაფის კვალდაკვალ მოხდა ქართული ბაზრის შევსება თურქული საქონლით. ამით საქართველოს აგრარულმა სექტორმა დაკარგა საქართველოს ბაზარი თავისი პროდუქციის რეალიზაციისთვის. სავარაუდოდ, ამით ჩვენ უფრო დავზარალდით.
„საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში დაინერგა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და აღმოჩნდა, რომ უზარმაზარი თანხა საქართველოს მთავრობამ, ბიზნმესმეწარმეებმა, სხვადასხვა თანაინვესტირების კუთხით, განახორციელეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. გარკვეულწილად, ამან უკუგების პროცესი შეაფერხა. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მიწაში ჩავფალით ფული და შედეგიც არ მივიღეთ ისეთი, რასაც ველოდით, რადგან თურქული იაფი პროდუქტი შემოვიდა ჩვენს ბაზარზე. თუმცა ტურისტული თვალსაზრისით დადებითი მაჩვენებელია ის, რომ რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის ფონზე რუსი ტურისტები აღარ ჩადიან თურქეთში და ამ ფაქტორით წლევანდელ ზაფხულს ვიხეირებთ. ტერორისტულმა აფეთქებებმა სტამბულის აეროპორტში, უფრო ადრე კი ეგვპიტეში ის ნაყოფი გამოიღო, რომ დასასვენებლად რუსი ტურისტები უფრო საბჭოურ სივრცეს აკითხავენ. ამ მხრივ დიდი ოდენობით ტურისტების შემოდინებას ველით“,-აღნიშნა დავით ასლანიშვილმა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთ-თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობის ნორმალიზება საქართველოსთვის საფრთხის შემცველი არ იქნება. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა დიდი არ არის, ამიტომ ქართველები თავის ნიშას ყველგან ნახავენ, თუკი გონივრულ ფარგლებში იმოქმედებენ. თუმცა პრობლემა ისაა, რომ საქართველოს გასატანად არაფერი გააჩნია, გარდა პრიმიტიული პროდუქციისა, რასაც ბუნება იძლევა. ეს არის კრახის პირას მდგარი ეკონომიკა, რომლის მოცულობაც 16 მილიარდი ამერიკული დოლარი, ანუ ერთი ამერიკული საშუალო ფირმის წლიური შემოსავლის ტოლფასია.
„თურქული პროდუქციის შესვლა რუსეთში არ ნიშნავს, რომ ქართულ პროდუქციაზე უარს იტყვიან, თუკი ჩვენ ისევ იმ „გრუზინულ“ ეკონომიკას არ გავაგრძელებთ, როდესაც ფალსიფიცირებული ღვინოებით და არაკონდიცირებული ხილით გვინდოდა ჩვენი პარტნიორების მოტყუება. ეს არანორმალური იყო. როცა რუსეთმა ფალსიფიცირებული ღვინო მოაბრუნა, ეს ღვინო ჩვენმა წითელმა მეღვინეებმა ევროპაში გაუშვეს. ასე რომ, მენტალური პრობლემები უნდა მოიხსნას. ჩვენი ეკონომიკის მოდერნიზაცია გარდაუვალია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხილსა და ღვინოზე ვიქნებით დამოკიდებულნი და ამით განვითარება შეუძლებელია. ახლა მწარმოებლები ამბობენ, რომ თურქული პროდუქცია სომხეთის გავლით რუსეთში მაინც შედიოდა. ცხადია, ყველა ქვეყანას მოეძებნება არხები, რომლითაც ეკონომიკური სუბიექტები გვერდს უვლიან პოლიტიკურ პრობლემებს და ეს არის ე.წ. შემოვლითი გზა, ისევე, როგორც ბელორუსიის გავლითაც ხდებოდა გარკვეული ევროპული პროდუქციის მოხვედრა რუსეთში. დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ ჩაკეტვა, იზოლირება არაფრის მომტანია. დასავლეთშიც წერენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული სანქციები აბსურდია. ამან ევროპა ძლიერ დააზარალა. პოლიტიკური სიტუაცია არეგულირებს ყველაფერს და არა მგონია, საქართველოსთვის ეს ცუდი პროცესი იყოს. უბრალოდ, გვმართებს ჩვენი ეკონომიკის განვითარება და ფიქრი იმ სტაბილურ სარეალიზაციო ბაზრებზე, რომლის გარეშეც მძიმე მდგომარეობაში ვიქნებით“.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თუკი თურქული პროდუქცია შევა რუსეთში, ამით საქართველოს არაფერი დააკლდება.
„რამე ეფექტი ჰქონდა ჩვენი პროდუქციის ექსპორტს რუსეთში? ჩვენი ამოცანაა შევქმნათ კონკურენტული პროდუქცია. თუკი დღეს რომელიმე ქვეყანასთან კავშირი გაჩნდება და ცალკეულ ბაზრებზე შესვლის შესაძლებლობა მოგვეცემა, ეს არ იქნება დიდი წარმატება. ეს დროებითი შემთხვევითი მოვლენაა, რომლითაც შეიძლება ისარგებლო, მაგრამ ამაზე პოლიტიკის აგება არ შეიძლება. რახან ისინი ცუდ დღეში არიან, ჩვენ ავშენდებით და კარგად ვიქნებითო, ასე არ არის, ეს თავის მოტყუებაა. ამიტომ არ უნდა გავჩერდეთ“.