საგარეჯოს სოფლებში მცხოვრები მევენახეები ჩაბარებული ყურძნის ანაზღაურებას უკვე მეორე წელია უშედეგოდ ელოდებიან. გლეხებმა ყურძენი “შპს ელიკას” ჩააბარეს, მაგრამ მევალემ ვალი ვერ გადაიხადა და შპს-ს მფლობელმა საქართველო დატოვა. დაზარალებულთა პრობლემა იმდენად გახმაურდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილმა ის მთავრობის სხდომაზე გაახმოვანა და შესაბამის უწყებებს პრობლემის სასწრაფოდ მოგვარება დაავალა.
42 მევენახეს საგარეჯოს ოთხ სოფელში უკვე მეორე წელია ჩაბარებული ყურძნის საფასური არ მიუღია. დაზარალებულ მევენახეთა შორის არის სოფელ ბადიაურში მცხოვრები გენადი ჯავახიშვილი. ის ამბობს, რომ საფერავის ჯიშის ყურძენი ქარხანას 2014 წლის 4 ოქტომბერს ჩააბარა, მაგრამ ჩაბარებული მოსავლის საფასური დღემდე არ მიუღია. გენადი ჯავახიშვილს 5 000 ლარამდე აქვს მისაღები.
მათ შორის, ვინც ჩაბარებული ყურძნის საფასურის მიუღებლობით დაზარალდა, არის მარინა საბაშვილიც. სხვების მსგავსად, 2014 წელს ყურძენი მანაც ჩააბარა (7500 ლარზე მეტი ღირებულების), მაგრამ თანხა ჯერ კიდევ არ მიუღია. როგორც ირკვევა, მევენახეებმა ყურძენი ბიზნესმენ ელიზბარ დათუაშვილს ჩააბარეს, რომელიც ამჟამად საქართველოდან არის გასული და, ადგილობრივების თქმით, ვალის გადახდას არ აპირებს.
რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, კახელი გლეხების დამაზარალებელი “შპს ელიკა” და მისი დირექტორი ელიზბარ დათუაშვილია. 2014 წლის რთველზე მას მუკუზანის ღვინის ქარხანა ჰქონდა დაქირავებული. ამ დროისთვის ქარხანაში “ელიკას” წარმომადგენლები აღარ იმყოფებიან, ელიზბარ დათუაშვილი კი უკრაინაშია წასული.
როგორ და როდის გადაწყდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის მოსახლეობის პრობლემა, უცნობია. მევენახეები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ამაზრზენი ფაქტია, როდესაც კონკრეტული ადამიანები მევენახეების იმ თანხას ითვისებენ, რომელზეც რეალურად მთელი წელი არიან დამოკიდებული გლეხები. სახელმწიფო საკმაოდ დეფიციტური რესურსის გამონახვას ახერხებს, რომ ყურძნის ჩაბარების სუბსიდირება მოახერხოს და ამით ბოროტად არავინ უნდა ისარგებლოს.
“ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ მანავში, საგარეჯოს რაიონში შარშანდელი ჩანაბარები ყურძნის თანხა მიითვისა რომელიღაც ბიზნესმენმა. ყოველ შემთხვევაში თანხა არ არის მისული ადრესატამდე. მინდოდა, სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის მეთხოვა, ეს საკითხი მაქსიმალურად გამოვიკვლიოთ. თუ საჭირო იქნება, ჩავრთოთ შესაბამისი უწყებები. ძალიან გთხოვთ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიოთ ეს საკითხი და თუ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ჩართვის შესაძლებლობას განვიხილავთ”, - განაცხადა კვირიკაშვილმა და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სოფლის მეურნეობის მინისტრს სთხოვა.
როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, საუბარია 50-ზე მეტ მევენახეზე რამდენიმე სოფლიდან. საერთო ჯამში კი კი 200 ათას ლარზე მეტი ღირებულების ყურძენზე. “იყო გამოძიება. არ გააჩნია ის აქტივები ამ კომპანიას, რომელიც დააკმაყოფილებს ამ დაზარალებულ ადამიანებს. თქვენ დავალებას მივიღებთ და შევეცდებით მინიმალური ზარალი მივიღოთ. ძალიან სამწუხარო ფაქტია”, - განაცხადა დანელიამ.
“სამწუხარო არა, ამაზრზენი ფაქტია. ეს არის პირდაპირ იმ ადამიანების ფულის მითვისება, ვინც ფაქტობრივად ამაზეა დამოკიდებული მთელი წელი. ამიტომ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მოკლე დროში მოხდეს ამ საკითხის გარკვევა”, - დასძინა პრემიერმა.
22 ათასი ლარის ღირებულების რამდენიმე ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ალექსი გულარაშვილმა და მისმა ძმებმა ოქტომბრის დასაწყისში “შპს ელიკას” ჩააბარეს და ისინი ანაზღაურებას ამ დრომდე ელოდებიან.
ალექსი გულაღაშვილის მსგავსი პრობლემის წინაშე საგარეჯოს რაიონის კიდევ ოთხი სოფლის მცხოვრებია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ადამიანი, რომელსაც ყურძენი ჩააბარეს, ქვეყანიდან წავიდა, შესაბამისად, გაურკვეველია მათი დავალიანების დაფარვის საკითხი. მევენახეების ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი შარშან ჩაბარებული ყურძნის საფასურს ვერ აიღებენ, ვენახის დამუშავებას ვეღარ შეძლებენ.