საქართველო ეუთო-ს საპალამენტო ანსამბლეის 25-ე ყოველწლიურ შეკრებას მასპინძლებს და ხუთი დღის მანძილზე, თბილისი საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების დედაქალაქად იქცევა.
ღონისძიებამ სტარტი საგამოფენო ცენტრ - „ექსპო ჯორჯიაში” აიღო და 5 ივლისამდე გაგრძელდება, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის პრეზიდენტის არჩევითა და „თბილისის დეკლარაციის“ მიღებით დაიხურება. პრეზიდენტის პოსტზე „ევროპის სახალხო პარტიიდან“ წარდგენილია ნაციონალი გიგი წერეთელის კანდიდატურა, ხოლო „სოციალ-დემოკრატების“ მიერ ქრისტინე მუტოენის.
სანამ, ევროპელი და ქართველი პოლიტიკოსები პრეზიდენტობის კანდიდატზე იმსჯელებენ, მანამდე ეუთო-ს 57 წევრი ქვეყნის 700-მდე სტუმარი საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მას-მედიის საკითხებზე მოხსენებებს გაეცნობიან და შესაბამის რეზოლუციებს მიიღებს.
ღონისძიება გახსნა და საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ილკა კანერვა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი.
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა როგორც მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებმა „ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარე სამუშაოები დღეს მედიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და აღნიშნა, რომმ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებას საქართველო პირველად უმასპინძლებს.
მისი შეფასებით, ღონისძიებას პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან ეუთო ის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველაზე მეტი ევალება, თუმცა, ის რუსეთის პოლიტიკის გამო საქართველოს საქმეებში ყველაზე ნაკლებად არის ჩართული.
„რუსეთის ვეტოს გამო, ეუთო-ს საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობა აღარ ჰყავს. ამიტომ, ამ ღონისძიებას ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან ეს გზავნილია ეუთო-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან, რომ საქართველო მათთვის ისეთივე ყურადღების ცენტრშია და საინტერესო პარტნიორი ქვეყანაა, როგორიც დღემდე იყო“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
სპიკერის ცნობით, სესიაზე საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებულ რეზოლუციასაც განიხილავენ, რადგან ქართული მხარის ყურადღების ცენტრში ტერიტორიული მთლიანობის საკითხებია.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის შეზღუდვებიდან გამომდინარე, დავით უსუფაშვილი ანსამბლეაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე ეუთო-ს შეჰპირდა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილე დელეგატებს საქართველოში არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ.
მისი განცხადებით, ეს ეხება რუსეთის დელეგაციასაც, ესპანეთის დელეგაციასაც, აშშ-ს დელეგაციასაც და საერთოდ ყველას.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი მოქმედებს ყოველ დღეს და ყველა წუთს. საქართველო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს და ეს არის ეუთო-ს ღონისძიება. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ახლა ეუთო-ს ტერიტორიაზე ვიმყოფებით. თუკი ვინმეს კანონი აქვს დარღვეული, სამართალდამცავი ორგანოები კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებენ, მაგრამ ამავე დროს, აქ მუშაობის პროცესში ხელი არავის შეეშლება. კანონი მოქმედებს და ის მოქმედებს ყოველ დღეს და ყოველ წუთს. ამასობაში, ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ღონისძიებებში მონაწილეობის პროცესში ხელი არავის შეეშალოს. საერთაშორისო ვალდებულებები არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი შიდა კანონმდებლობა“, - დასძენს უსუფაშვილი.
ამას გარდა, პარლამენტის თავმჯდომარე ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის პრეზიდენტის არჩევის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ 5 ივლისს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთელს აირჩევს, ეს არც ძალიან ცუდი იქნება, არც ძალინ კარგი და იქნება - ჩვეულებრივი მოვლენა.
მისი ინფორმაციით, რამდენიმე წელია, ამ ორგანიზაციაში გიგი წერეთელი ვიცე-თავმჯდომარეა.
სპიკერი მიიჩნევს, რომ ამ თემაზე აჟიოტაჟი სრულიად ბუნებრივია, რაც საქართველოში გამოიწვია.
„მინდა ყველას შევახსენო, რომ აქ საკითხი წყდება ეუთოს საპაერლამენტო ასამბლეის, 77 დელეგაციის მიერ და არა საქართველოს დელეგაციის მიერ. საქართველოს 500 ხმაში სამი ხმა აქვს. ასე, რომ გულზე რაც არ უნდა მჯიღი ვიცეთ - მხარს ვუჭერ, ვიღაც ამბობს არ ვუჭერ, ეს არ არის გადამწყვეტი. გადამწყვეტი იმ ჯგუფების პოზიციებია, რაც საპარლამენტო ასამბლეაშია შექმნილი“, - დასძინა სპიკერმა.
საკითხზე საუბრისას უსუფაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება საკითხის პოლიტიკურ მხარეზე გაამახვილა და განაცხადა, რომ საპარლამენტო ასამბლეებში პოლიტიკური ჯგუფები იღებენ გადაწყვეტილებებს და არა - ინდივიდები.
მისი მოსაზრებით, საერთაშორისო არენაზე შიდა კინკლაობები, ბწკენები და მომწონს არ მომწონს, სირცხვილია.
„სრულიად ბუნებრივია, რომ „სახალხო პარტია“ გიგი წერეთელის კანდიდატურას მხარს უჭერს, რომელიც ამ პარტიის წევრია, ხოლო „სოციოალ-დემოკრატებს“ მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს. პირადად მე, „ლიბერალ-დემოკრატიული“ გაერთიანების წევრი ვარ და მათთან ერთად გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ეს გადაწყვეტილებები მიიღება ეუთოს მასშტაბით განსახორციელებელ საქმეებზე და აქ შიდა პოლიტიკური სიმპატია-ანტიპატიები არაფერ შუაში არ არის. გადაწყვეტილებები პოლიტიკურად უნდა მივიღოთ და უნდა ვისწავლოთ, რომ საერთაშორისო არენაზე შიდა კინკლაობები, ბწკენები და მომწონს არ მომწონს, სირცხვილია. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საკითხი, ეუთოს როგორ აწყობს და ეუთო-სთვის რა იქნება კარგი. მაგალითად, თუ ერთი კანდიდატი „ლიბერალ-დემოკრატებს“ დაპირდება, რომ ორ ვიცე-თავმჯდომარეს დაუჭერს მხარს, შესაძლოა, ეს იყოს გადამწყვეტი და არა ვინმეს ეროვნება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა გიგი წერეთელს ნდობა ქვეყნის სახელით გამოუცხადა, რაც „ქართული ოცნების“ გაღიზიანების მიზეზი გახდა, რადგან მმართველი გუნდი პარტიული ინტერესების შესაბამისად მხარს ქრისტინე მუტოენის უჭერს. პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებსა და პროტესტზე for.ge ექსკულიურად რამდენიმე დღის წინ წერდა.