„ეს სამუშაო პროცესი არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთი კონკრეტული პორტფოლიოს მქონე მინისტრის სურვილსა და გადაწყვეტილებაზე“

„ეს სამუშაო პროცესი არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთი კონკრეტული პორტფოლიოს მქონე მინისტრის სურვილსა და გადაწყვეტილებაზე“

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ სავალდებულო სამხედრო გაწვევის ჩანაცვლებაზე პროფესიული არმიით და ამ არმიის ნაკლოვანებასა და დადებით მხარეებზე. როგორც ამბობენ, პროფესიული ჯარი ფუფუნება არ არის, ეს დროის მოთხოვნაა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიები არა მარტო ჯარისკაცის ღირსეულ წვრთვნას, არამედ მაღალ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს მოითხოვენ. უფრო მეტიც, პროფესიული ჯარი ნიშნავს რიცხოვნობის შემცირებას ხარისხის ზრდის ხარჯზე. 

ამ მხრივ საინტერესო გახლდათ ესპანეთის გამოცდილება, სადაც იძულებითი ნაბიჯი იყო სამხედრო სავალდებული სამსახურზე უარის თქმა და პროფესიულ ჯარზე  გადასვლა. იმ მოტივით, რომ ახალგაზრდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა არ სურდათ, ხელისუფლებამ ნაჩქარევად, პოპულისტურად გადაწყვეტა მათი გულის მოგება და საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლა, რის გამოც ფინანსურად ნაკლებად უზრუნველყოფილი ესპანეთის სამხედრო სისტემა რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. არმია დაუკომპლექტებელი იყო და მასში დადგენილზე ბევრად უფრო მცირე კონტინგენტი მსახურობდა.

საერთოდ, ესპანური არმიის დაკომპლექტება იოლი არ იყო. თავის დროზე ამ პრობლემას ქალების ჯარში გაწვევამაც ვერ უშველა, რადგან ქალები ჯარში მსახურების შემდეგ თხოვდებოდნენ. თავად ესპანელები კი ქალების ჯარში გაწვევას ცინიკურად აღიქვამდნენ. ჯარისკაცებს აინტერესებდათ, როგორ უნდა ჰქონოდათ საკუთარი თანამებრძოლი გამხდარი ქალბატონის იმედი, რომელიც ასკილოიანი ჯარისკაცის ამოთრევას შეძლებდა ცეცხლმოკიდებული ტანკიდან, მაშინ, როცა ეს ქალბატონი 40-კილოგრამიან აკიდებულ ამუნიციას ძლივს უმკლავდებოდა?!       

რატომ დადგა დღის წესრიგში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება?! ამის შესახებ For.ge-ს სამხედრო ექსპერტი გიორგი გოგუაძე ესაუბრა.

რა ხარვეზები აქვს სავალდებულო სამხედრო გაწვევას, რომლის გაუქმების მცდელობის გამოც თინა ხიდაშელმა სამხედრო ექასპერტთა დიდი ნაწილის უკმაყოფილება დაიმსახურა?

- თემა კომპლექსურია, მრავალი სახელმწიფო ინსტიტუტია ამაში ჩართული და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია. ანუ დისკუსია სავალდებულო სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. გაწევევის გაუქმებას ჰყავს როგორც მომხრები, ისე მოწინააღმდეგეები და ეს დისკუსია არ დასრულებულა საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ მე პროფესიული არმიის ჩამოყალიბების მომხრე ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს სურვილი მოკლევადიან პერიოდში უნდა განხორციელდეს. რთული პროცესია და სისტემა გარდასაქმნელია. ეს სამუშაო პროცესი არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთი კონკრეტული პორტფოლიოს მქონე მინისტრის სურვილსა და გადაწყვეტილებაზე. არ შეიძლება, ეს არ იყოს სახელმწიფო ინსტიტუტებთან კოორდინირებული და არ იყოს დამთავრებული დებატები ამ თემასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო პოლიტიზირებული ხდება ეს საკითხი.

სავალდებულო სამხედრო გაწვევის ერთ-ერთი ხარვეზი ისიც ხომ არ არის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ სურთ ჯარში სამსხური?! აქ საუბარია, ალბათ, უფრო პაციფისტებზე.  

- ისე არ უნდა გავიგოთ, რომ გაწვევაზე ადამიანი უარს ამბობს, რადგან არ სურს საკუთარ ქვეყანას ემსახუროს, ან ჯარს აარიდოს თავი. შეიძლება ის ადამიანი სხვა უფრო მნიშვნელოვანი ფორმით ემსახურებოდეს თავის სახელმწიფოს, ვიდრე ერთი წლის განმავლობაში იყოს ყაზარმულ მდგომარეობაში. 

ანუ თქვენ გულისხმობთ, რომ ყარაულად დგომა წვევამდელების მიმართ გამოყენებითი მიდგომაა სახელმწიფოს მხრიდან?

- ყოველ შემთხვევაში, ეს რეფორმას საჭიროებს. თუ სავალდებულო გაწვევა დარჩება, მაშინ გაწვევის რეფორმაა აუცილებელი; ხოლო, თუ გაწვევის გაუქმებაა გადაწყვეტილი, მაშინ სხვა პლატფორმა უნდა არსებულიყო მანამდე. ასე ერთბაშად აღება და სხვა მოდელზე გადასვლა რთულია, მიუხედავად იმისა, რომ მე ვემხრობი პროფესიულ არმიაზე გადასვლას.  

თქვენ ამბობთ, რომ ახალგაზრდები „დაბრაკვის“ მიზნით ფიზიკურ ზიანსაც აყენებდნენ საკუთარ თავს. ხშირი იყო ასეთი შემთხვევები?

- ზოგჯერ იმდენად არ სურთ გაწვევაში მიიღონ მონაწილეობა, რომ შეიძლება თვითდაზიანებაც მიიყენონ. ეს ტენდენცია არ არის, ერთეული შემთხვევაა, მაგრამ ყურადსაღებია იმ კუთხით, რომ ცუდია არსებული სისტემა.

ყურადსაღებია, ალბათ, ისიც, რომ ეს ახალგაზრდები სწავლობენ ყარაულად დგომას და არა -იარაღის დაჭერას. ამ შემთხვევაში, ხომ არ სჯობდა, არ ეჩქარა მინისტრს და ზუსტად იარაღის დაჭერა ესწავლებინათ ახალწვეულებისთვის და არა -საყარაულოდ დგომა?

- ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ყველაფერი სჯობს. თუმცა შეიძლებოდა დარჩენილიყო სავალდებულო სამხედრო გაწვევა, ოღონდ მოდერნიზებული სახით, რათა, უხეშად რომ ვთქვათ, ახალწვეულები არ ყოფილიყვნენ ყარაულებად. თუ გვინდოდა პროფესიული არმია, მაშინ სხვა პლატფორმაზე უნდა გადავსულიყავით, მათ შორის, ძლიერი რეზერვით, ძლიერი ბიუჯეტით. ანუ ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა. მთავარია, თუ რაიმეს ვცვლით, ალტერნატივაც არსებობდეს.

თუმცა არ არსებობს ქვეყანა, რომელიც მხოლოდ პროფესიული კომპონენტით გაუმკლავდება გამოწვევებს, მით უმეტეს, ბოლო პერიოდის ისლამური საფრთხიდან გამომდინარე.

- ამას ჰქვია რეზერვი. ქვეყანა, რომელიც არის პროფესიულ არმიაზე და არ ახორციელებს გაწვევას, მას აქვს კარგი სარეზერვო სისტემა.

ოპონენტების თქმით, თუკი ხიდაშელის ცვლილებები განხორცელდება, მაშინ ჩაკვდება ქართველ ახალგზარდებში პატრიოტიზმის მუხტი. ისინი იშველიებენ ისრაელის მაგალითსაც, როდესაც სამობილიზაციო ჯარის შეკრება საფრთხის დროს უმალვე იწყება.

- ძალიან მარტივია, ერთი ქვეყნის მაგალითი ავიღოთ და შევადაროთ ისრაელს, მაგრამ კონტექსტიდან ამოგლეჯილად შედარება არ შეიძლება. თუ მაგ კუთხით ადარებენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ისრაელისას, მაშინ უნდა გადახედონ ისრაელის სამხედრო ბიუჯეტს და სხვა მრავალ ასპექტს. თორემ ეს ანგრევს საერთო სურათს, როცა იძახიან, რომ ისრაელში თურმე სხვანაირად ხდება. იდეალური ვარიანტი, ჩემი აზრით, არის კარგი პროფესიული ძლიერი არმია, კარგი რეზერვით. ამ შემთხვევაში, რეზერვის სისტემა ჩვენ არ გვაქვს, მართალია, კონცეფციაზე მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ რეალობაში მზის შუქზე არ არის გამოტანილი ეს კონცეფცია და პროფესიულ არმიას ცოტა ფინანსებიც სჭირდება.

ექსპერტების კონტრარგუმენტი ისიცაა, რომ რუსეთისგან მომავალი საფრთხის გარდა ჩვენს ქვეყანას ბევრი სხვა გამოწვევა აქვს, თუნდაც მომიჯნავე მეზობელი თურქეთის მხრიდან. ამიტომაც არ იყო აუცილებელი სავალდებული გაწვევის გაუქმება.

- ჩვენ თუ ჯარი იმიტომ გვჭირდება, რომ მეზობლებთან საომრად გამოვიყენოთ, ეს ვარსკვლავების ომების სცენარია. ჩვენი ჯარი შეკავების ფუნქციის მქონეა. თუკი გვინდა მოკავშირედ ნატო  იყოს, მაშინ თურქეთთან ომის ალბათობა წარმოუდგენელია. ტოტალურ ომში საქართველო ვერ ჩაერთვება ვერასოდეს, მაშინ მთელი მოსახლეობა უნდა ჩაერთოს ამ ომში. ვიმეორებ, ჩვენი სამხედრო შეიარაღებული ძალების მთავარი ფუნქციაა შეკავება, შემდეგ კი ჩვენი მოკავშირეების მხრიდან აღმოჩენილი დახმარება. ახლა, აგრესიულ და შეტევით ომს ჩვენ ვერ დავიწყებთ.

გამოდის, საყოველთაო სავალდებულო გაწვევას მხოლოდ ნეგატიური მოვლენა ახლავს და ამით ახალგაზრდა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან წელიწადს კარგავს? ნუთუ ღირებულს არაფერს ითვისებს?

- ამ ფორმით, რა ფორმითც დღეს ხდება გაწვევა, არაფერი ღირებული არც ახალწვეულს ემატება, არც ჩვენ. ეს უკვე სამხედროების საქმეა, თუ რაიმე ღირებულს მისცემენ ახალგაზრდებს, მაგრამ ძლიერი საბაზისო ცოდნის მქონე სამხედრო ამ ფორმით არ ყალიბდება.