თურქეთის პრემიერი ბინალი ილდიმირი აცხადებს, რომ რუსეთთან მშვენიერი ცვლილებები ხდება. საუბარია იმაზე, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო ბოდიში მოუხადა.
კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული წერილის მიხედვით, ერდოღანი რუს კოლეგას წერს, ჩვენ არასდროს გვქონია სურვილი, ჩამოგვეგდო რუსეთის კუთვნილი თვითმფრინავი... მაპატიეთ!
რამ განაპირობა ასე უეცრად რუსულ-თურქული ურთიერთობების ცვლილება, ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სოსო ზაალიშვილი ესაუბრა.
2015 წელს პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთთან ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღდგებოდა, თუკი თურქები სამ პირობას დააკმაყოფილებდნენ. კერძოდ, თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ბოდიში უნდა მოეხადა ოფიციალურ ანკარას, აენაზღაურებინა მიყენებული ზარალი და დაედო თვითმფრინავის ჩამომგდების დასჯის პირობა. აშკარაა, თურქები სამივე პირობას უსრულებენ რუსეთს და უკან იხევენ. რატომ?
- ეს ბოდიშის მოხდაზე უფრო დიდი ჟესტია თურქეთის მხრიდან. თურქეთის პრეზიდენტის პოზიციის ასეთი რადიკალური ცვლილება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. პირველი, ეს არის ევროკავშირში მიმდინარე პროცესები. ერდოღანმა გააკეთა კიდეც განცხადება, რომ არ მოელოდა დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმის ასეთ შედეგებს. ანუ ევროკავშირი, რომლისკენაც მიისწრაფოდა თურქეთი, დიდმა ბრიტანეთმა უნდა დატოვოს. არადა, გვახსოვს, მოლაპარაკებები ევროკავშირსა და თურქეთს შორის, ევროკავშირი ითხოვდა გარკვეული კანონმდებლობის ცვლილებას თურქეთში, რაც პირდაპირ ეხებოდა ტერორიზმთან ბრძოლას. გარდა ამისა, პოლიტიკური პრობლემები იყო თურქეთსა და ევროკავშირს შორის სომხეთის გენოციდის ცნობა-არცნობის საკითხზე, ახლო აღმოსავლეთიდან დევნილი მოსახლეობის შეჩერება-არშეჩერების შესახებ. საბოლოოდ ვერ მოილაპარაკა თურქეთმა ევროკავშირთან. ამას ემატება მეორე მნიშვნელოვანი საკითხიც. ეს არის სირიაში მიმდინარე პროცესი, საიდანაც აშკარად ჩანს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკამ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გამარჯვება მოიპოვა. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე ჩანს.
მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე თურქეთის პრეზიდენტმა -ერდოღანმა მოკლედ მოჭრა, რომ სირიაში რუსეთის ადგილი არ არის და სირიელ ხალხსა და თურქებს ერთმანეთთან ისტორია აკავშირებთ?
- დიახ, ამის მიუხედავადაც. ახლო აღმოსავლეთის შესახებ როცა ვსაუბრობთ, მარტო სირიას არ ვგულისხმობთ, არამედ - ისრაელს, ეგვიპტეს, ერაყს. იმის გამო, რომ თურქეთს შეუწყდა ურთიერთობა რუსეთთან და თითქმის 9 თვე გავიდა ამ თვითმფრინავის ჩამოგდებიდან, ეკონომიკური დისბალანსი განიცადა თურქეთმა, პარალელურად გაძლიერდა თურქეთის პოლიტიკური მოწინააღმდეგის - ირანის გავლენა ახლო აღმოსავლეთში. ამას ემატება ქურთების პრობლემაც.
დასამალი არ არის, რომ ქურთებს იარაღს აწვდიდა საბჭოთა კავშირი და იმ პერიოდში ქურთები იყვნენ რუსების ახლო მოკავშირეები. გასათვალისწინებელია ისრაელის ფაქტორიც. მოგეხსენებათ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თვეში ერთხელ მოსკოვშია. პარალელურად, ისრაელში აღმოაჩინეს გაზის დიდი საბადოები, ამ გაზის ტრანსპორტირება რაღაცნაირად უნდა განხორციელდეს. ამ გაზის ერთ-ერთი მომპოვებელი და მეწილე, რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, რუსული „გაზპრომია“ იქიდან გამომდინარე, რომ ისრაელი დღეს რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად თვლის ამ რეგიონში და ეს ხდება სირიის კონფლიქტიდან გამომდინარე. აღმოსავლეთში სიტუაცია ისე ლაგდება, რომ ბრმა უნდა იყოს ადამიანი, ვერ დაინახოს, ამერიკულმა საგარეო პოლიტიკამ ახლო აღმოსავლეთში მარცხი განიცადა.
თურქების მხრიდან რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ვარაუდობდნენ, რომ შესაძლებელი იყო რუსეთ-თურქეთს შორის ცივი ომი ცხელ ომამდე მისულიყო. თურქეთი, ალბათ, ფიქრობდა, რომ მის უკან მდგომი ნატო დაეხმარებოდა. თუმცა სწორედ ნატო აკავებდა თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ და უფლებას არ მისცემდა, საქმე ცხელ ომამდე მისულიყო.
- 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ, 2002 და 2003 წელს სერიოზული საუბარი იყო ამერიკაში იმის შესახებ, რომ ნატომ, როგორც სამხედრო ორგანიზაციამ დაკარგა თავისი ფუნქცია. ოთხ ქვეყანაში უნდა შექმნილიყო სამხედრო ანტიტერორისტული კოალიცია. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და იტალია. ისინი ფართო თანამშრომლობას აპირებდნენ რუსეთთან 4+1-ის ფორმატში. ეს იყო ბუშის ინიციატივა, მაგრამ იმის გამო, რომ მაშინ ვერ მოხერხდა ბინ ლადენის ფიზიკური განადგურება, მოლაპარაკებები დარჩა მხოლოდ მოლაპარაკებებად.
მას შემდეგ, რაც ლიბერალურმა ფრთამ ამერიკასა და ევროპაში არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, ლიბერალების მთავარი პოზიციაა, რომ ნებისმიერი რამის საფასურად მიაღწიონ ერთიანობას, არ აქვს მნიშვნელობა, რის საფასურად იქნება ეს ერთობა. ახლა, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა ასეთი შედეგები მიიღო რეფერენდუმში, საუბარი მიდის იმაზე, რომ საფრანგეთსა და გერმანიას ერთი ჯარი უნდა ჰყავდეს. პრაქტიკულად, ერთ ქვეყნად უნდა იქცეს საფრანგეთი და გერმანია, ამ დროს საფრანგეთმაც სცნო სომხეთის გენოციდი და გერმანიის პარლამენტმაც ამ სახის რეკომენდაცია გაუგზავნა საკუთარ მთავრობას. ასე რომ, თურქეთი ფიქრობს, რომ ევროკავშირში მისი ადგილი არ არის და ევროკავშირი დამთავრდა. ამერიკა რომ ძალიან შორსაა, ამასაც ხედავს. როდესაც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი ისრაელი უარს ამბობს ამერიკაზე, ლაპარაკიც ზედმეტია. კერძოდ, ისრაელის პრემიერს და ბარაკ ჰუსეინ ობამას ძალიან ცივი ურთიერთობა აქვთ. განაცხადა კიდეც ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ამერიკაში არ ჩავალ მანამ, სანამ ობამა იქნება პრეზიდენტიო. ახლა თურქები რუსებს ყველა პირობას უსრულებენ, მაგრამ აქ პრობლემა სხვა რამეშია. კერძოდ, რუსეთის ხელისუფლებამ ერდოღანის შვილის ისლამურ სახელმწიფოსთან ურთიერთობაზე საბუთები გაასაჯაროვა. ეს პრობლემა მაინც რჩება. თურქეთის მხრიდან ბოდიშის მოხდა არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ერდოღანის ვაჟს ჰქონდა უზარმაზარი ბიზნესურთიერთობა ისლამურ სახელმწიფოსთან, რომ თურქეთი ეხმარებოდა ისლამურ სახელმწიფოს.
თურქეთს რომც სდომოდა ომი, რუსეთთან ერთი-ერთზე ვერაფერს გახდებოდა.
- თურქეთმა ახლა სხვა თამაში დაიწყო, მან დაინახა, რომ მარტოა. არც ევროპა და არც შეერთებული შტატები მას გვერდში არ უდგანან არა იმიტომ, რომ თურქეთი არ უყვართ, არამედ თურქეთი ეხმარება ისლამურ სახელმწიფოს, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ევროპა-ამერიკისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთმა მოახერხა სირიაში სიტუაციის სტაბილურობა, ამის გამო ისლამური მოძრაობის საკითხის მოგვარება თურქეთშიც ამერიკამ და ევროპამ ისევ რუსებს დაავალეს. არა მგონია, რუსეთისთვის ბოდიშის მოხდის შემდეგ ერდოღანი ისევ დარჩეს ხელისუფლებაში. დაახლოებით ეს რუსეთსა და თურქეთს შორის დადებული მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მსგავსია. ამას აუცილებლად მოჰყვება დაპირისპირება ამ ორ ქვეყანას შორის, მაგრამ ეს არ იქნება პირდაპირი ომი. ჩემი აზრით, თურქეთი ახლა ცდილობს დროის მოგებას, რომ თავისი ტერიტორიიდან მებრძოლები რუსეთში შეუშვას. ბოდიშის მოხდა არ ნიშნავს ერდოღანსა და პუტინს შორის ურთიერთობის დალაგებას.
ალბათ, ერდოღანი და პუტინი არც ენდობიან ერთმანეთს, რადგან თავის დროზე, როდესაც რეგიონის სამი თავდაცვის მინისტრი შეხვდა ერთმანეთს, მოსკოვს შიში გაუჩნდა, თითქოს, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი მოსკოვის წინააღმდეგ სამხედრო ალიანსს აყალიბებდა.
- დიახ, თურქებმა დაინახეს, რომ უნდა შეცვალონ ოტომანური ამბიციები. ეს ამბიციები ახლა გადავიდა ფარულ ფორმატში. ჩემი აზრით, ახლა დაიწყება სპეცსამსახურების ომი, დაიწყება თურქული სპეცსამსახურის ომი რუსულთან ან ევროპულთან; ანუ ღიად კი არ გაუშვებს ერდოღანი უკვე ამ ლტოლვილებს ევროპაში, არამედ მისცემს თურქულ პასპორტებსა და როგორც თურქებს, ისე გაუშვებს ევროპაში. სხვა ჭრილში გადავიდა ბრძოლა, რადგან ღია დაპირისპირებით რუსეთთან არაფერი გამოვიდა. თან მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ თურქები მართლაც ეხმარებიან ისლამისტებს. არსებობს თანამგზავრი, არის სხვა საშუალებებიც.
საერთოდაც,ერდოღანის მოსვლა თურქეთის ხელისუფლებაში ისეთივე იყო, როგორც ლენინი მოვიდა რუსეთის ხელისუფლებაში გერმანიის დაფინანსებით. ერდოღანის ხელისუფლებაში მოსვლა დაფინანსებულია ირანის ორგანიზაციის „იერუსალიმის ტერორისტული არმიის“ მიერ. ამას ამბობს სტამბულის ყოფილი დაზვერვის ხელმძღვანელი, რომელიც დღეს გაქცეულია თურქეთიდან.
ამ შემთხვევაში, ირანის ინტერესი რა არის?
- ირანის ინტერესი ისაა, რომ ირანს მოეხსნა სანქციები, ირანული ნავთობი შევიდა ბაზარზე, რომელიც რაღაცნაირად უნდა გავიდეს ირანიდან. ამას სჭირდება ტრანსპორტირება. ამისთვის რამდენიმე გზაა - ეს არის წითელი ზღვა, სადაც პრობლემა აქვს ირანს საუდის არაბეთთან და ყატართან. მეორე გზაა აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი, მესამეა სომხეთი და თურქეთი, რომელთაც პრობლემა აქვთ. ირანის მეოთხე გზაა, რომ მთელი თავისი ნავთობპროდუქცია მიჰყიდოს რუსეთს და მერე ეს პროდუქცია გავა, როგორც რუსული ნავთობი, რუსული ბრენდი. ამიტომ რომელი უფრო უღირს ირანს? თურქეთთან ურთიერთობის დალაგებით ნავთობის ტრანსპორტირება, თუ ის, რომ იძახოს, არ მინდა ნავთობიო?! ფული ყველას უნდა. ამიტომ ახლა საგარეო პოლიტიკა უნდა დალაგდეს დაახლოებით 1985 წლის შეხვედრის მსგავსად, როდესაც რეიგანმა და გორბაჩოვმა, ანუ ამერიკამ და რუსეთმა გავლენის სფეროები გაიყვეს. დაახლოებით ასეთივე სცენარით ხდება ახლა სიტუაციის დალაგება. ცხადია, ზუსტად იმ ფარგლებში ვერ მოხდება ეს, მაგრამ ურთიერთობის წესები თუ არ ჩამოყალიბდა დიდ ქვეყნებს შორის, ისე ანარქია იქნება მსოფლიოში. ამ ანარქიაში მერე იმარჯვებს ის, ვინც უფრო ძლიერია. როდესაც რუსეთს 3 ათასი ბირთვული ქობინა აქვს, ამ ქვეყანასთან ომი ვინმეს ენდომება?