ქართული ეკონომიკური მოდელი

ქართული ეკონომიკური მოდელი

და ასე ვცხოვრობთ, და შენ წუხარ, შენ მხოლოდ წუხარ, ხოლო შეცვლა არ ძალგიძს ამის. (ოკურა. თარგმანი მ. ლებანიძისა)

გლობალიზაციის პროცესის მთავარი არსი, უეჭველად არის ერთიანი ეკონომიკური წესებისა დამკვიდრება მთელ მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, რჩება მნიშვნელოვანი განსხვავება სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკურ მოდელებს შორის. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ გლობალიზაცია სრულიადაც არ აუქმებს კონკურენტულ ბრძოლას სახელმწიფოებს შორის. უბრალოდ ეს ბრძოლა მიმდინარეობს ახალ პირობებში და ახალი წესებით. კონკურენტული უპირატესობის მისაღწევად ამ ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს  ეფექტური ეკონომიკური მოდელის არსებობას.

რა არის ეკონომიკური მოდელი

ეკონომიკურ მოდელში ჩვენ ვგულისხმობთ ქვეყნის ეკონომიკურ კანონმდებლობას და რეგულირების თავისებურებებს, ისტორიულად ჩამოყალიბებულ სტრუქტურას ეკონომიკისა და საგადამხდელო ბალანსისა, სახელმწიფოს როლს ეკონომიკაში, სოციალური სოლიდარობის მასშტაბს და ფორმებს, საზოგადოებაში დამკვიდრებულ ურთიერთობათა ფორმებს და ა.შ. როგორც ვხედავთ ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს როგორც ფაქტორები, რომელთა შეფასებაც შეიძლება რაოდენობრივად (ქვეყნის ზომები, დენოგრაფიული სიტუაცია, ბუნებრივი სიმდიდრეები, გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური მდებარეობა და ა.შ.), აგრეთვე ფაქტორები, რომელთა შეფასებაც რაოდენობრივად და ობიექტურად რთულია (ეროვნული და რელიგიური ტრადიციები, საზოგადოებაში დამკვიდრებული ფასეულობების სკალა და ურთიერთობები, განათლებისა დონე, ეთიკური ნორმები და ა.შ.). ამასთანვე, სუბიექტური ფაქტორები, შესაძლოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბებაში.

ყოველივე ზემოთ თქმული შეიძლება ჩამოვაყალიბოთ მოკლედ. თქვენ გაქვთ ისეთივე ეკონომიკა, როგორიცაა თქვენი ეკონომიკური მოდელი, რომელსაც ირჩევთ თქვენ თვითონ.   თუ თქვენ ხართ ცუდი (უმეცარი, ამორალური,სასტიკი და ა.შ.) თქვემი ეკონომიკური მოდელი იქნება ცუდი, შესაბამისად გექნებათ ცუდი ეკონომიკა, რომელიც თქვენ გაგხდით კიდევ უფრო ცუდს და ასე შემდეგ უსასრულოდ.

ქართული ეკონომიკური მოდელის თავისებურებები

ცალკე დიდი საუბრის საგანია, თუ როგორ მოხდა თანამედროვე ქართული ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ქართული ეკონომიკის მდგომარეობას, შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ ჩვენი ეკონომიკური მოდელი არის ცუდი. ეს, თავის მხრივ, გვახასიათებს ქართველებს არც თუ ისე კარგად. ამიტომ ჩემთვის ძალიან გასაკვირია ხშირად გამოთქმული მოსაზრება, რომ ჩვენ გვაქვს კარგი ეკონომიკა (იგულისხმება ეკონომიკური მოდელი), რომ ჩვენ ვატარებთ კარგ ეკონომიკურ პოლიტიკას, მაგრამ გვაქვს ღარიბი ქვეყანა.  ასე არ ხდება. სახარება გვეუბნება, რომ ხე შეიცნობა მისი ნაყოფით.   არ არის საჭირო იყო ქრისტიანი, რომ დაეთანხმო ამ ჭეშმარიტებას. თუ ჩვენ მეოთხედი საუკუნეა გვაქვს ეს ეკონომიკური მოდელი და ვატარებთ ამ ეკონომიკურ პოლიტიკას, ხოლო შედეგად გვაქვს ისეთი ეკონომიკა, როგორიც გვაქვს, იქნებ დროა დავფიქრდეთ ამაზე. ამერიკელებისთვის საკმარისი აღმოჩნდა დიდი დეპრესიის ოთხი წელი, რათა მათ სრულიად გადაესინჯათ საკუთარი ეკონომიკური პარადიგმა და განეხორციელებინათ  რევოლუციური ცვლილებები საკუთარ ეკონომიკაში.

ქართული ეკონომიკური მოდელის მთავარი მახასიათებელი არის იმპორტის სრული დომინირება და შესაბამისად საგარეო ვაჭრობის უზარმაზარი უარყოფითი სალდო, რომელიც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ქვეყნის ფინანსურ სისტემაზე. იმპორტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან მიახლოებულია  50 პროცენტთან, რაც ჩვენ შემთხვევაში ნიშნავს ქვეყნისა და მისი ეკონომიკის სრულ დამოკიდებულებას იმპორტზე.  აქვე ავღნიშნავ, რომ არსებობენ განვითარებული ქვეყნები (ჰოლანდია, სინგაპური), რომლებიც გამოირჩევიან იმპორტის ასეთი მაღალი დონით, მაგრამ ეს განპირობებულია დიდი რეექსპორტით.

ეკონომიკის ასეთი სტრუქტურა უკვე განაპირობებს ქართული ეკონომიკის რაიმე მნიშვნელოვანი ზრდის შესაძლებლობას, ამიტომ დიდი შეცდომა იქნება ვიფიქროთ, რომ ჩვენ შევძლებთ გავიდეთ ზრდის მაღალ და სტაბილურ მაჩვენებლებზე, თუ ვერ შევძლებთ ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას.

ამის გაკეთება კი იქნება ძალიან რთული, რადგან საიმპორტო ბიზნესს აქვს უაღრესად ძლიერი პოზიციები ქვეყანაში და ის ფაქტიურად განსაზღვრავს ქართული ეკონომიკური მოდელის თავისებურებებს. ამ ბიზნესისათვის მნიშვნელოვანია უაღრესად დაბალი საბაჟო ტარიფების არსებობა. ის არ არის დაინტერესებული ქვეყნის სამრეწველო განვითარებით და მისთვის სავსებით მისაღებია დემპინგური პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს ზოგიერთი ქვეყანა საქართველოს მიმართ. ეს ბიზნესი არ არის დაინტერესებული მაღალკვალიფიცირებული კადრებით და მას სავსებით აწყობს სიტუაცია, რომელიც შექმნილია საქართველოში შრომის ბაზარზე.

ამ ბიზნესისათვის მნიშვნელოვანის ლარის სტაბილური კურსი, მაგრამ სუსტად განვითარებული ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის გიგანტური დეფიციტის პირობებში ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ფულადი მასის მკვეთრი შეკუმშვით, რაც იწვევს კრედიტის გაძვირებას და ეკონომიკის დოლარიზაციის მაღალ მასშტაბებს. კიდევ ერთი პრობლემა ეს არის საგარეო ვალდებულებების ზრდა, რომელიც აუცილებელია იმპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის საარსებოდ. აქ საუბარია არა მხოლოდ სახელმწიფო ვალდებულებებზე.  ქართული ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია ის კრედიტები, რომელსაც მოიზიდავენ ქართული ბანკები საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან. ფაქტიურად, საქართველო არსებობს კრედიტებით. საუბარიც ზედმეტია იმაზე, თუ რამდენად სახიფათოა ეს ჩვენთვის და რომ ასე არ შეიძლება გაგრძელდეს დიდ ხანს.

კიდევ ერთ დიდი პრობლემაა ის, რომ ჩვენ უკვე შევეჩვიეთ ამ ვითარებას. ცვლილებების განხორციელება იქნება მტკივნეული. ქართული ეკონომიკა წააგავს ნარკომანს, რომელსაც სჭირდება ფინანსების ახალ-ახალი დოზა, რათა შეინარჩუნოს ცხოვრების ჩვეული წესი. გასაგებია, რომ  ასე დიდ ხანს ვერ გაგრძელდება და „ლომკა“ გარდაუვალია.

საქართველოს სჭირდება ახალი ეკონომიკური მოდელი

როგორი უნდა იყოს ახალი ეკონომიკური მოდელი? ეს კიდევ ერთი ცალკე დიდი საუბრის თემაა. აქ მხოლოდ შევნიშნავთ, რომ ის უნდა იყოს აუცილებლად ორიენტირებული ეკონომიკის ზრდაზე და უმუშევრობის შემცირებაზე. როგორი მწვავეც არ არის სოციალური პრობლემები დღეს, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანას აქვს ძალიან მწირე რესურსები და ის უნდა მიმართული იყოს მხოლოდ ერთი მიმართულებით.

პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიყოთ უაღრესად კრეატულები. არასოდეს მესმოდა ის აღტაცება, რომელსაც ჩვენთან იწვევს რაიმე უცხო მოდელის გადმოღება, ხშირ შემთხვევაში უსისტემოდ და გაუზრებლად. წარჩინებული მოსწავლე ვერ გახდები გადაწერით. ყველა ქვეყანა, რომელმაც მიაღწია ეკონომიკურ წარმატებას მიდიოდა საკუთარი ორიგინალური გზით. სამაგიეროდ ყველა წარუმატებელი ქვეყანა ძალიან წააგავს ერთმანეთს, ისევე როგორც მათი მთავრობების მოქნედებები.  

ეს ყოველივე არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გავიზიაროთ უცხოური გამოცდილება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს გააზრებულად. ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ისტორია. იქ შეიძლება ვიპოვოთ ძალიან ბევრი ჭკუის სასწავლი. აქ შევჩერდები მხოლოდ ერთზე.  აზიური ქვეყნების გამოცდილება (იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური, ჩინეთი), ქვეყნებისა, რომლებმაც მიაღწიეს დიდ ეკონომიკურ წარმატებას, გვასწავლის, რომ სახელმწიფომ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი, განსაკუთრებით ეკონომიკის მოდერნიზაციის საწყის ეტაპზე. „ჩვენ, რომ დავლოდებოდით, როდის ისწავლიდნენ  ჩვენი ვაჭრები გახდებოდნენ მრეწველები, შიმშილით ამოგვხდებოდა სული“ - თქვა ლი კუან უმ.

შეძლებს თუ არა ჩვენი მთავრობა  მიაღწიოს მნიშვნელოვან წარმატებებს ამ მიმართულებით? პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკური გუნდის სხვა წევრები იწვევენ პატივისცემას, როგორც განათლებული და წესიერი ადამიანები, რომლებიც ძალიან ცდილობენ ქვეყნის განვითარებას და ისინი აკეთებენ გარკვეულ ნაბიჯებს სწორი მიმართულებით, თუმცა მთლიანობაში ისინი, სამწუხაროდ რჩებიან ძველი ეკონომიკური პარადიგმის ტყვეობაში. ეს კიდევ უფრო სამწუხაროა იმის გამო, რომ მე ვერ ვხედავ რომელიმე ძალას, რომელიც იქნებოდა არსებულ მთავრობაზე უფრო ეფექტური.

მაინც ვიქონიოთ უკეთესის იმედი.