ლარი რეგიონის ყველაზე არასტაბილური ვალუტაა. ბოლო დღეების 10%-იანმა დევალვაციამ, პრობლემები ყველას თვალნათლივ დაანახვა. შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ყველა გაურბის. მთავრობას და ეროვნულ ბანკს ყველაფერი თვითდინებაზე აქვთ მიშვებული.
სწორედ ამიტომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა, შესაძლოა, საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკური გუნდის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები დაიბაროს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოიწვევს პარლამენტის წარმომადგენელი კომიტეტის სხდომას, თუმცა ცნობილია, რომ დეპუტატს კითხვები ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით აქვს.
„იმდენად, რამდენადაც ორივე მხარე თვლის, რომ ზედამხედველობის სააგენტო არ უნდა შექმნილიყო, რაც არასწორად მიმაჩნია, პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გადანაწილდეს მათზე. კომიტეტს მოვიწვევთ, ამ დღეებში გერმანიის დელეგაცია გვყავს და ახლა ამას ვერ მოვახერხებთ, უკვე გაწერილია დღის წესრიგი. ეროვნული ბანკის მხრიდან არასაკმარისი ქმედებები განხორციელდა. ყველაფრის გარე ფაქტორებზე გადაბრალება არ მიმაჩნია სწორად“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მთავრობა კი ყველაფერს საგარეო ფაქტორებს აბრალებს და პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის გაუფასურებას ბრიტანეთის ევროკაშვირიდან გასვლის გადაწყვეტილებას უკავშირებს და მოსახლეობას კონვერტაციის რეკომენდაციაც მისცა.
„ეს არის ერთჯერადი გავლენა, რომელიც მოხდა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ევროს შესუსტება და დოლარის გამყარება და თავისთავად აისახა ჩვენ ვალუტაზე. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მაშინ იყიდონ ვალუტა, როცა ეს სჭირდებათ და მაშინ გაყიდონ, როცა ეს სჭირდებათ იმიტომ, რომ ძალიან ხშირად მოსახლეობა გადაწყვეტილებას არასწორ დროს იღებს. როგორც წესი, ისინი ყიდიან ვალუტას ყვლაზე ცუდ კურსში და აკეთებენ ამას პირიქითაც, ყველაზე ცუდ კურსში. ძალიან მინდა, ყველას ვთხოვო, რომ მაშინ მოახდინოს ვალუტის გადახურდავება, მხოლოდ იმ დროს, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ ყველანაირი მოლოდინების გარეშე“, - ამბობს ქუმსიშვილი.
„ბრექსიტის“ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რეგიონის ვალუტები მართლაც გაუფასურდა, თუმცა, მათ შორის, ლიდერი მაინცდამაინც ლარი აღმოჩნდა. მაგალითად, აზერრბაიჯანული მანათი 1,50-დან 1,54-მდე დაეცა, რუბლი - 63,5-დან 65,5-მდე. ბრიტანული ამბები თითქმის არ უგვრძვნია უკრაინულ გრივნას, ხოლო სომხური დრამი როგორც ყოვერლთვის თავს სტაბილურად გრძნობს. კიდევ ერთი ტენდენცია ისაა, რომ მერყევი ვალუტები მეტ–ნაკლებად დასტაბილურდა, ლარი კი ვარდნას განაგრძობს.
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე ამბობს, რომ ზოგადად, დოლარის გამყარება ქართულ ეკონომიკაზე ყოველთვის აისახება, რადგან ღია ეკონომიკის ქვეყანა ვართ, გვაქვს მცურავი კურსი. აქედან გამომდინარე, დოლარის კურსის ცვლილებამ შეიძლება გარკვეული კორექტირება მოახდინოს ლარის კურსისაც.
„მთავარია ის, რომ ჩვენ ამ გამოწვევას, ახალი წონასწორობის ნიშნულის მოძებნას, პანიკურად და შიშით არ უნდა შევხვდეთ. ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა. კურსის კორექტირება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესაბამისად ყოველთვის ხდება, ადგილი აქვს ხოლმე გარკვეულ გაუფასურებას, რასაც შემდგომ გამყარება მოჰყვება.
უმთავრესი არის ის, რომ ჩვენ ამ პროცესში ხელოვნურად არ უნდა ჩავერიოთ, ხელოვნური ინსტრუმენტების გამოყენება პირიქით, უფრო აზიანებს ქართულ ეკონომიკასა და ბიზნესს, ვიდრე რაიმე სარგებელს აძლევს. აქედან გამომდინარე, მოლოდინები უნდა გვქონდეს ყოველთვის რაციონალური და პრაგმატული. გარკვეული აჟიოტაჟი ამას არ უნდა მოჰყვეს. ის, რომ ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი გაუფასურდა და შეძილება ევროც გაუფასრუდეს, ამან ქართული საზოგადოება პანიკური შიშით არ უნდა მოიცვას. ლარის კურსის მცირედი ცვლილებები და კორექტირებები დასაშვებია და რაც მთავარია, ეს არის დროებითი“.
საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი დავით იაკობიძე კი ერვონულ ბანკს უმოქმედობაში ადანაშაულებს. როგორც მან „ბიპიენს“ განუცხადა, სხვადასხვა კორპორაციებსა თუ ბანკებს, დაუდგათ ვალდებულებების გასტუმრების პერიოდი და ერთბაშად ძალიან დიდი მოცულობის, უცხოური ვალუტა გავიდა ქვეყნიდან.
„მიმაჩნია, რომ ეროვნული ბანკი მაინც უნდა ჩარეულიყო პროცესებში. ზოგადად, ეროვნული ბანკი იმისთვის არსებობს, რომ მისი უშუალო მონაწილეობით უნდა მიმდინარეობდეს ყველა პროცესი. ზოგადად, სანამ იარსებებს მოსაზრება, რომ ეროვნული ბანკი ფასების სტაბილიზაციაზეა პასუხისმგებელი და არა ვალუტის კურსზე, მანამდე იქნება მსგავსი პრობლემები და მსგავსი კითხვები. იმდენად ცხადია, მისი ეს ვალდებულება, რომ ფუნქციებშიც კი არ უწერია. სიტუაციას უნდა შევხედოთ, ასეთ ჭრილში, რა სიტუაციაც არ უნდა იყოს, როდესაც საუბარია ვალუტის კურსზე, ეროვნული ბანკი ამ პროცესის მონაწილეა“ - აღნიშნა იაკობიძემ.