რესპუბლიკელები ხიდაშელის განთავისუფლებას აანონსებენ

რესპუბლიკელები ხიდაშელის განთავისუფლებას აანონსებენ

ექსპერტები თვლიან, რომ შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად არ უნდა ხდებოდეს. შესაბამისად, არ გამორიცხავენ, რომ შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევასთან ერთად, თავდაცვის მინისტრიც შეიცვალოს. რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანება პრემიერის მხრიდან საკადრო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდეს.

„თავდაცვის მინისტრის ბრძანება, შესაძლოა, პრემიერისთვის გახდეს მოტივაცია, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილება და ამ პოსტზე თინა ხიდაშელი შეცვალოს. აღნიშნული ბრძანების გაუქმება და თინა ხიდაშელის გადაყენება ერთი და იგივეა. პრემიერს შეუძლია მოხსნას და ახალმა მინისტრმა ბრძანება შეცვალოს, მაგრამ საკითხი ასე დგას, თავად პრემიერი რას ფიქრობს გაწვევაზე და არა ის, თინამ სუბორდინაცია დაარღვია თუ არა. თუ პრემიერ-მინისტრი იტყვის, რომ სავალდებულო გაწვევის გაუქმება არ არის სწორი, მაშინ პრემიერის ხელმოწერილ სამთავრობო დოკუმენტს ამოვიღებთ, რომლის მიხედვითაც 2017 წლიდან სავალდებულო გაწვევა არ უნდა იყოს და ვიტყვით, მაშინ ამას როგორ აწერთ ხელს“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის განთავისუფლებას, მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება ძალიან ცივილიზებული გზით. შესაბამისად, ამ საკითხზე აჟიოტაჟის ატეხვა არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს. რაც შეეხება შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევის შეჩერების თაობაზე თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას, ეს საბოლოო არ არის და მას მთავრობის თანხმობაც სჭირდება, რადგან სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმა მხოლოდ თავდაცვის უწყებას არ ეხება და ის კავშირშია სხვა სამინისტროებთან.

გამომდინარე აქედან, საჭიროა მთავრობისა და სხვა შესაბამისი სამინისტროების ჩართვა, მათ შორის პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის და უშიშროების საბჭოს. ეს კი ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უფრო ფართოდ უნდა იყოს მიღებული და არა ერთი მინისტრის დონეზე.

თავის მხრივ, თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა. გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის აქტით არის დამტკიცებული, ნამსჯელი აქვს მთავრობას.

თავდაცვის მინისტრის პოზიციას არ იზიარებს გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც შეახსენა თავდაცვის მინისტრს, რომ ასეთი გადაწყეტილების მიღებისას, ნორმალური ფორმატია, მინიმუმ, უწყებათაშორისი კარგი ტექნიკური მომზადება იყოს გავლილი. პრემიერის შეფასებით, გაწვევის გაუქმების საკითხის NATO-ს მოთხოვნებთან დაკავშირება, თინა ხიდაშელის მხრიდან ცოტა არასწორი ინტერპრეტაციაა.

„მიმართულება, რომლის თანახმად, საქართველოში საყოველთაო გაწვევა უნდა გაუქმდეს, სააკაშვილის დროს იყო მიღებული, თუმცა მსგავს მრავალგანზომილებიან საკითხებს კარგი, წინასწარი ტექნიკური მომზადება სჭირდება, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილებები მრავალგანზომილებიანია და არაერთი უწყების ჩართულობას მოიცავს, როგორიცაა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია ფინანსებთან, ასეთი გადაწყეტილებების გახმოვანება არ ხდება ხოლმე წინასწარი, მინიმუმ, ტექნიკური მომზადების გარეშე.

ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება პრესკონფერენციებსა თუ პრესბრიფინგებზე. ნორმალური ფორმატია, რომ როდესაც ასეთ გადაწყეტილებას იღებ, უნდა იყოს გავლილი მინიმუმ, კარგი, უწყებათაშორისი ტექნიკური მომზადება. ამაზე იყო საუბარი. ეს გაუგებრობა უნდა ამოვწუროთ. თინასაც ვურჩევ, სჯობს, სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ ამ საკითხის გასარკვევად. ეს არ არის საყოველთაო გაწვევის გაუქმება და ამ ტიპის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრი უარს ამბობს დამატებით კონტიგენტზე“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, გაერთიანებული შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, რომლის განცხადებით გადაწყვეტილება ჰაერიდან არ არის მოტანილი. მისი თქმით, ძირითადი არგუმენტი რაც პროფესიული ჯარის მოწინააღმდეგეებს აქვთ, არის ის, რომ პროფესიული ჯარი წყდება საზოგადოებას და ხდება ერთგვარი სამხედრო კასტა, მეორე არგუმენტი არის, რომ პროფესიული ჯარისკაცის შენახვა სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე წვევამდელის.

„პროფესიული ჯარის შენახვა უფრო იაფია, ვიდრე წვევამდელის. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ წვევამდელი ჯარისკაცი ისევე უნდა მომზადდეს, როგორც პროფესიონალი ჯარისკაცი, ელემენტარულად, ეს დამატებით თანხებს ითხოვს. ამავე დროს ცუდ ჯარისკაცს და კარგ ჯარისკაცს აქვთ ერთნაირი კვება, სჭირდებათ აღჭურვილობა, ტრანსპორტირება. ამავე დროს წვევამდელს ვერ წაიყვან საერთაშორისო ოპერაციებში. ჩვენ ჰაერიდან არ მოგვიტანია ეს გადაწყვეტილება, საკმაოდ დიდხანს იყო დისკუსია“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

სავალდებულო სამსახურის გაუქმებას ნაადრევად მიიჩნევს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი, რომლის განცხადებით, ვიდრე ქვეყანას არ ეყოლება ისეთი პროფესიული არმია, რომელიც მას ყველა მიმართულებიდან წამოსული საფრთხისგან დაიცავს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმება, ნაადრევია.

„ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი რეზერვის სერიოზული სამსახური შეიქმნება. აუცილებელია ყველა მამაკაცმა გაიაროს სამხედრო მომზადება და იყოს მზად, დაიცვას ქვეყანა. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და აუცილებელია ყველას შეეძლოს ქვეყნის დაცვაში მონაწილეობა“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე არ გამორიცხავს, რომ სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, თავდაცვის მინისტრთან ერთად შეიცვალოს. მისი თქმით, გააზრებული პოლიტიკის ერთ-ერთი ეტაპი ჯარის პროფესიონალიზაციას გულისხმობს.

„საჭიროა ტრენინგისა და განათლების გზით ოფიცერთა კორპუსის გაძლიერება. რაც მთავარია, ჯარის სრული დეპოლიტიზაცია. ჯარი უნდა იყოს სრულად პროფესიონალური, რომელიც არ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ ცვლილებებსა და პარტიულ პოლიტიკაზე. მნიშვნელოვანია გაწვევის გაუქმება, თუმცა შთაბეჭდილება მრჩება, რომ სამ-ოთხ კვირაში შეიძლება ყველაფერი ძველ სტატუს-კვოს დაუბრუნდეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს თორნიკე შარაშენიძემ.

რაც შეეხება გაწვევის გაუქმების საკითხის NATO-ს მოთხოვნებთან დაკავშირებას, „საქართველოს ანალიტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი“ გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ ასეთი ერთიანი სტანდარტი ნატოში არ არის, სრულად პროფესინალური უნდა იყოს ჯარი, თუ გაწვევაზე ორიენტირებული.

„განსხვავებულ ქვეყნებში განსხვავებული სისტემაა, არის შერეული სისტემაც. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს მაგალითს, ვფიქრობ, აუცილებელია ასეთი გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე იქნეს მიღებული და მხოლოდ ყველა კონკრეტული დეტალი გაანალიზების, შესწავლისა და მათ შორის ფინანსური რესურსების გათვალისწინებით უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება.

სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს მაგალითები, როდესაც გადაწყვეტილების მიღება არ ხდება ეროვნულ დონეზე. ასე რომ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მეორე მინისტრი აუქმებს. ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. უნდა მოხდეს საკითხის სიღრმისეული შესწავლა და შესაბამისი გათვლების გაკეთებაც. სწორედ აქიდან გამომდინარე უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე უნდა იქნას მიღებული“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.