ფოთში ათასობით ადამიანი სამსახურის დაკარგვას გადაურჩა

ფოთში ათასობით ადამიანი სამსახურის დაკარგვას გადაურჩა

კონკურენციის სააგენტოს მიერ ბაზარზე მოკვლევის დასრულებამდე, APM Terminals-ი ფოთის პორტში ინტეგრირებული ოპერაციების დაწყებას ვერ შეძლებს.

კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილების ძალაში შესვლა სასამართლომ შეაჩერა. შედეგად, მოკლვევის დასრულებამდე ბაზრის ყველა მოთამაშე ძველი წესებით გააგრძელებს საქმიანობას. ეს ნიშნავს, რომ ფოთის პორტის მმართველ კომპანიამ სატერმინალო ბიზნესს ხელში ჩაგდების გეგმა ჯერჯერობით ჩაუვარდა.

კერძო საკონტეინერო ტერმინალის მფლობელები, რომლებიც ინტეგრირებული ოპერაციების დაწყებას ეწინააღმდეგებიან, სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ფოთის პორტს, რომელიც ბუნებრივი მონოპოლისტია, კომბინირებული ტარიფებით დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება შეუძლია.

ამ გადაწყვეტილების ამოქმედების შემთხვევაში ფოთის საკონტეინერო ტერმინალები უფუნქციოდ, 5 ათასამდე ადამიანი კი უმუშევარი რჩებოდა.

სახმელეთო-საკონტეინერო ტერმინალის „კავტრექსფოთის“ ხელმძღვანელის რობერტ გვაზავას თქმით, მიღწეულია მაქსიმალური შედეგი. ძალაში ვეღარ შევა პორტის მიერ დანაშაულებრივად და უსამართლოდ დაწესებული კონტეინერების ინტეგრირებული საპორტო და სატერმინალო მომსახურება და კომბინირებული ტარიფები. შესაბამისად, ზუსტად ანალოგიური საქმიანობით დაკავებული ყველა სხვა საკონტეინერო ტერმინალმა და დასაქმებულმა 5000-მდე ადამიანმა, ბიზნესი და სამუშაო შეინარჩუნა.

„ჩვენ ველოდით ამ შედეგს და ძალიან გვიხარია, რომ ყველა სახელმწიფო უწყება დროულად გამოეხმაურა ჩვენს პროტესტს და შესაბამისად იმოქმედა. მადლობელი ვართ ბიზნესომბუდსმენის და კონკურენციის სააგენტოსი, რა თქმა უნდა, სასამართლოსი, რომელმაც გაითვალისწინა საკითხის დროში შეზღუდულობა და თავისი სწორი გადაწყვეტილება დროულად გამოიტანა.

სახმელეთო ტერმინალებმა და ლოგისტიკურმა კომპანიებმა 14 ივნისს ფოთში, პორტის მიმდებარედ ფართმასშტაბიანი გამაფრთხილებელი აქცია მოვაწყვეთ და კონკურენციის სააგენტოსგან მოვითხოვეთ საკითხის შესწავლა და მისი შეფასება, როგორც „კორპორაცია ფოთის პორტის“ მიერ თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვა. ჩვენი მოთხოვნა იყო ასევე, კონკურენციის სააგენტოს მხრიდან სასამართლოსადმი მიმართვა, რათა საკითხის სამართლებრივად და საბოლოოდ გარკვევამდე შეჩერებულიყო აღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლა. სააგენტომ მართლაც უმოკლეს ვადაში მოახერხა საკითხის შესწავლის დაწყება და პორტის ამ გადაწყვეტილების შეჩერების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვა“, - აღნიშნა გვაზავამ.

კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ გენერალური დირექტორის, კოტე მესხის თქმით, ფოთის პორტის ამ უგუნური და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ გაერთიანდა ყველა სატერმინალო კომპანია, მათი მიდგომა გაიზიარა ბიზნესომბუდსმენმა და კონკურენციის სააგენტომაც.

„სასამართლოს ეს სწორი გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, უკვე დადებითი პასუხია კითხვაზე - არის თუ არა ქართული სატერმინალო კომპანიების ადგილი, 5000-მდე ფოთელის ადგილი, ტვირთების დამუშავების ბიზნესში“, - განუცხადა „ბიპიენს“ მესხმა.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ APM Terminals-ის გენერალური დირექტორი აცხადებდა, რომ კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით დაინტერესებულია. კლაუს ჰოლმ ლაურსენი პორტის განვითარების აუცილებლობაზე ამახვილებდა ყურადღებას.

„APM Terminals-ი მოწოდებულია, შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანი და პროგრესირებადი გარემო ფოთში. თუ ფოთი ვერ ადაპტირდება და არ განვითარდება, საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ აღმოვჩნდებით წამგებიან პოზიციაში სხვებთან, მაგალითად, ანაკლიისა და ბათუმის ნავსადგურებთან მიმართებაში, რაც გაცილებით მეტად საზიანო იქნება გარე სახმელეთო ტერმინალებისთვის! აქედან გამომდინარე, ჩვენ დაინტერესებული ვართ კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით, რათა უზრუნველვყოთ სრული გამჭვირვალობა და თავიდან ავიცილოთ პროგრესის უმიზეზოდ დაყოვნება“, - განაცხადა კლაუს ჰოლმ ლაურსენმა.

ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარის ლავრენტი ალანიას თქმით, სატერმინალო მომსახურების კომპანიების პროტესტს პროფკაშირები იმთავითვე შეუერთდა.

„მოხარული ვართ საკითხის სამართლიანად გადაწყვეტით. სამწუხაროდ, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, არ ვართ განებივრებულები სამართლიანი გადაწყვეტილებებით. ახლა კი იმედი მაქვს, კონკურენციის სააგენტოს მიერ საკითხის საბოლოოდ შესწავლის შემდეგ, მისი დასკვნა იქნება ადეკვატური და საბოლოოდ დასრულდება ფოთის პორტის ძალადობრივი მცდელობა, როგორმე სრული მონოპოლია მოიპოვოს სატერმინალო მომსახურების ბიზნესში“, - განაცხადა ალანიამ.