მარგველაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ქვეყნის სახელით, გიგი წერეთლის მხარდაჭერას სთხოვს

მარგველაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ქვეყნის სახელით, გიგი წერეთლის მხარდაჭერას სთხოვს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის პოლიტიკური დაპირისპირების მორიგი მიზეზი შესაძლოა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატის საკითხი გახდეს.

საქმე ისაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის პოსტზე „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ წარდგენილია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიგი წერეთელის კანდიდატურა, ხოლო სოციალ-დემოკრატების“ მიერ ქრისტინე მუტოენის.

„ქართული ოცნება“ პარტიული ინტერესის შესაბამისად, ქრისტინე მუტოენის მხარდაჭერას გეგმავს, ხოლო for.ge-ს ინფორმაციით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა ევროპელებს გიგი წერეთელის მხარდაჭერის თხოვნით მიმართა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევა 1-5 ივლისს, თბილისში მოხდება და for.ge იმის გარკვევას შეეცადა, ქვეყნის პირველი პირი მხარს ვის უჭერს.

ჩვენი მცდელობის მიუხედავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან შესაბამისი ინფორმაცია ვერ მივიღეთ, თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა ევროპელებს გიგი წერეთელის მხარდამჭერი წერილით რომ მიმართა, ამ ინფორმაციას for.ge-ს ფრაქცია - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი უდასტურებს.

ჩვენთან საუბარში ვოლსკი აღნიშნავს, რომ პრაქტიკულად, გიორგი მარგველაშვილი ამ პოსტზე გიგი წერეთელს სახელმწიფოს მხრიდან წარადგენს, მაშინ, როცა მას მხარს ევროპელი სოციალისტები არ უჭერენ.

„პრეზიდენტმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას რომ მიმართა, ამის შესახებ არათუ მსმენია, არამედ ზუსტად ვიცი. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა ოფიციალური წერილით ევროპული ქვეყნების დელეგაციებს მიმართა, რომ იგი გიგი წერეთელს წარადგენს როგორც კანდიდატს, რომელსაც მხარს „ევროპის სახალხო პარტია“ უჭერს. გარდა ამისა, პრეზიდენტი წერილში მიუთითებს, რომ ის წარდგენის დროს საკონსტიტუციო ნორმებით ხელმძღვანელობს“, - აცხადებს დეპუტატი.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ჩარევა საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობაში ხდება.

მისი შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან სახელმწიფოს სახელით გიგი წერეთელის კანდიდატურის წარდგენა არასწორია და მართებული არ არის, რადგან არ შეიძლება, სახელმწიფოს ასეთი პოზიცია გააჩნდეს.

„საპარლამენტო ასამბლეაზე ვსაუბროთ, სადაც კანდიდატის არჩევის დროს ერთმანეთს ევროპული პარტიები უპირირპირდებიან. ეს არასწორია და არაეთიკურია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიმართ, რომელიც სხვადასხვა პარტიებისგან შედგება. პრეზიდენტს ასეთი მიმართვა არ უნდა გაეკეთებინა. ეს პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას ნიშნავს, რადგან გიგი წერეთელი „ნაციონალური მოძრაობის“ საკმაოდ აქტიური წევრია. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი საზოგადოების მიმართაც არაკორექტულია, როცა ასეთ წარდგენას აკეთებს და საქართველოს სახელით ნაციონალების წარმომადგენელს მხარდაჭერას აღუთქვამს“, - აცხადებს ვოლსკი.

კანონმდებელი თვლის, რომ ძალიან ძნელია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტიდან ადამიანმა საქართველოს ცუდი გაუკეთოს, მაგრამ ეს დამოკიდებული გიგი წერეთელის პიროვნებაზეც იქნება.

„თავად ფაქტი, რომ პრეზიდენტი საქართველოს სახელით წარადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, არასწორია. ამას მხოლოდ იმ კუთხიდან ვერ შევაფასებ, რომ საქართველოში ჩატარებულ ასეთ ფორუმზე ქართველის არჩევა კარგი იქნება. პრეზიდენტის წერილში გამოთქმულ ამ პათოსს ვეთანხმები, რაც ჩამოყალიბებულია, მაგრამ იმ იდეას ვერ დავეთანხმები, რომ მას შეუძლია, ეს ერის სახელით გააკეთოს“, - აღნიშნავს ვოლსკი.

ვოლსკი არ მალავს, რომ „ქართული ოცნება“ „სოციალ-დემოკრატების“ მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერას აპირებს.

„ფორუმი საქართველოში ტარდება და თბილისი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დედაქალაქი იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წერეთელის ქართველობიდან გამოვიდეთ. ეს ჩვენი პარტიული ინეტერესია. „ოცნება“ მხარს შესაბამის კანდიდატს დაუჭერს“, - დასძენს ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიურ შეკრებას თბილისი უმასპინძლებს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყანა მსოფლიოში უდიდესი უსაფრთხოების ორგანიზაციის საერთაშორისო ფორუმს - ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლებს. საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება სახელწოდებით „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“ ტარდება და იგი საპარლამენტო ასამბლეის 25-ე საიუბილეო, ყოველწლიურ შეკრებას წარმოადგენს.

ეუთოს 57 წევრი ქვეყნის 700-მდე სტუმარი ხუთი დღის განმავლობაში საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მას-მედიის საკითხებზე მოხსენებებს გაეცნობა და შესაბამის რეზოლუციებს მიიღებს.

1 ივლისს, ღონისძიების გახსნისას, საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ილკა კანერვა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მიმართავენ.

თბილისში გასამართ ღონისძიებას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ილკა კანერვა, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი, ბოსნია-ჰერცეგოვინის პარლამენტის თავმჯდომარე ბარისა გოლაკი და მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე დარკო პაჟოვიჩი დაესწრებიან. საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება ორგანიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა და მასში მონაწილეობას ეროვნული პარლამენტების წევრების გარდა პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტები, დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.