ხიდაშელის მოწინააღმდეგეები და მომხრეები პარლამენტში

ხიდაშელის მოწინააღმდეგეები და მომხრეები პარლამენტში

მმართველი გუნდი სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმებას არ აპირებს და სექტემბერში, პარლამენტისთვის რეფორმის წარდგენას გეგმავს, ოპოზიცია კი, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის გადაწყვეტილების პათოსს იზიარებს და მთავრობას წვევამდელთა ინსტიტუტის გაუქმებას ურჩევს.

თინა ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროში წვევამდელთა მიღებაზე უარი განაცხადა და შესაბამისს ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა, რასაც პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საქართველოში წვევამდელები „დარაჯის“ ფუნქციას ასრულებენ და ახალგაზრდები სწავლისთვის განკუთვნილ დროს ფუჭად ხარჯავენ.

როგორც for.ge-ს ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩი“-ს წევრმა, პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, ის ნაბიჯი, რომელიც თავდაცვის მინისტრის მხრიდან გადაიდგა, საკმარისი არ არის.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არსებული ფორმით სამხედრო-სავალდებულო სამსახურს აზრი არ ჰქონდა და უფრო მეტი პრობლემები იყო არა თავდაცვის სამინისტროში, არამედ შსს-სა და სასჯელაღსრულებაში, სადაც ამ ახალგაზრდებს იაფფასიან მუშახელად იყენებენ.

„რეალურად, ამ ბავშვებს საკუთარი ცხოვრებიდან ერთ წელს აკარგვინებენ, რომელიც შესაძლოა, მათთვის გადამწყვეტი იყოს. ისეთი ახალგაზრდები ვიცი, რომელთაც საზღვარგარეთიდან ჰქონდათ მოწვევა და იმის გამო, რომ ისინი ჯარში იყვნენ, მოწვევაზე უარი თქვეს. უბედურებაა, იმას ვერ ხვდებიან, რომ ამ ახალგაზრდების რესურსი სხვა საქმეში გამოიყენონ. ერთია, რომ თავდაცვის სამინისტრომ ეს გააუქმა, მაგრამ მეორეა ის, რომ ეს ნაბიჯი თანმიმდევრული ვერ იქნება, თუკი წვევამდელების გაუქმება არ მოხდება“, - აცხადებს დეპუტატი.

კუბლაშვილის ცნობით, თავდაცვის სამინისტრო წვევამდელების 25 პროცენტს იწვევდა, დანარჩენი - 75 პროცენტი შსს-სა და სასჯელაღსრულებაზე ნაწილდებოდა.

„გამოდის, რომ 2/3 გაწვეული მაინც იქნება, ეს ახალგაზრდები წლებს დაკარგავენ და ისინი ვერანაირ ცოდნას ვერ მიიღებენ. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ თავდაცვის გაძლიერების შემადგენელი ნაწილი სათვალთვალო კოშკურაზე ყოფნაა? თუ ახალგაზრდებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებები უნდა დაიცვან, მაშინ კეთილი ინებონ და მათ შესაბამისი თანხა გადაუხადონ“, - ამბობს კუბლაშვილი.

კანონმდებელის ინფორმაციით, „გირჩი“-ს მიერ მომზადებული ინიციატივა იყო, რომ ეს სისტემა მთლიანად გაუქმებულიყო და სისტემა საკონტრაქტო ჯარზე გადასულიყო.

„გვეუბნებოდნენ, ეს ნაბიჯი რომ გადავდგათ, შსს-სთვის, სასჯელაღსრულებისთვის და თავდაცვისთვის დამატებითი თანხები დაგვჭირდებაო. ეს ჩემთვის არგუმენტი არ არის. იმის გამო, რომ ვინმეს თანხა არ აქვს, ეს ბავშვები არ უნდა დაიჩაგრონ. პრემიერს შეუძლია, თავდაცვის მინისტრი საერთოდ გაათავისუფლოს, მაგრამ გამოსავალი ეს არ არის. ეს ნაბიჯი შსს-მ და სასჯელაღსრულებამ უნდა გადადგან, რომ ახალგაზრდებს შანსი მივცეთ, სამშობლოს თავისი ცოდნით ემსახურონ“, - აცხადებს კუბლაშვილი.

საკითხზე საუბრისას ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ წვევამდელთა ინსტიტუტის გაუქმების იდეა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ალასანიას ეკუთვნის.

for.ge-სთან საუბარში ჩიქოვანი აღნიშნავს, რომ საქართველოს შეიარღებული ძალები, თავდაცვის სამინისტრო და გენერალური ძალები საკონტრაქტო სამსახურზე გადადიან და ეს ინიციატივა ირაკლი ალასანიას ეკუთვნოდა. მისი მოსაზრებით, ეს მიდგომა სწორი და ადეკვატურია, რათა ქვეყანას ჰყავდეს მობილური, გაწვრთნილი და ქმედუნარიანი ჯარი.

„ეს საკითხი პარტნიორებთან არაერთხელ არის გავლილი. მათ შორის, ნატოსთან. ხელისუფლება ამბობს, რომ მას ეს გადაწყვეტილება არ მოსწონს, თუმცა, ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი ის დანაპირები იყო, რომელიც თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ გასცა. რაც შეეხება შიდა პროცედურულ საკითხებს, ეს შიდა საკითხია, ვიდრე ფართო განსჯის. ის, რომ საქართველოს პროფესიული ჯარი სჭირდება, ეს ფაქტია“, - დასძენს ჩიქოვანი.

ნაციონალი ტარიელ ლონდარიძე მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრის მხრიდან ის სამსახური გაუქმდა, რომლის ფუნქციონირებასაც კანონი არეგულირებს. ლონდარიძის ცნობით, თავდაცვის სამსახურის მხრიდან სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლება ეტაპობრივად დაიწყო, რადგან შეიარაღებული ძალები საკონტრაქტო სამსახურზე უნდა გადასულიყო და ამისთვის შესაბამისი ნაბიჯებიც იდგმებოდა.

„თავდაცვის მინისტრის ბრძანება კანონზე მაღლა ვერ დადგება და საჭიროა შესაბამისი ცვლილება. შეირაღებული ძალები სავალდებულო სამსახურიდან უნდა გათავისუფლდეს და პროფესიულ სამსახურზე უნდა გადავიდეს. ამ პროცესს ლოგიკური დასასრული უნდა ჰქონდეთ, რისთვისაც რეფორმა უნდა გააჩნდეთ“, - განუცხადა for.ge-ს ლონდარიძემ.

აღსანიშნავია, რომ თავდაცვის მინისტრის იდეას ოპოზიციის გარდა, თავდაცვის კომიტეტის წევრი ლუკა კურტანიძეც მიესალმება. როგორც for.ge-ს კურტანიძემ განუცხადა, თავდაცვის მინისტრმა თამამი და  საფუძვლიანი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მას პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტთან კონსულტაციები უნდა გაემართა.

„თინა ხიდაშელს შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმები, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა თამამი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვფიქრობ, რომ ეს ჩარჩენილი სქემიდან გამოსვლის მცდელობაა. უბრალოდ, ამისთვის ბევრი განმარტება იყო საჭირო. გადაწყვეტილების შინაარსი და საფუძველი ვიცი. შესაბამისად, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას ვეთანხმები. საფუძვლიანი გადაწყვეტილებაა, რადგან პოსტგადამონაშთები რაც არის, წარსულს უნდა ჩაბარდეს. თავდაცვის მინისტრს მოვუსმინეთ და მან დაასაბუთა ის, ამ გადაწყვეტილებას რატომ იღებს. მინისტრმა კარგი კურსი აიღო, შეიძლება, ამას ბევრი არ ეთანხმება, მაგრამ მე ვეთანხმები“, - დასძენს კურტანიძე, რომლისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ უმრავლესობაში.

for.ge-სთან საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ საკითხის თაობაზე, საპარლამენტო უმრავლესობის დონეზე არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა. მისი თქმით, ეს საკითხი იმ საკითხთა ნუსხას მიეკუთვნება, რომელიც არ შეიძლება იყოს გადაწყვეტილი ერთი უწყების კედლებში.

„საკითხი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რადგან ის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას პირდაპირ უკავშირდება, უშიშროების საბჭოს მსჯელობის საგანი უნდა ყოფილიყო. ჩვენს მთავრობას წვევამდელის სამსახურის მოდერნიზაცია სურს და ამის შესახებ ყველამ იცოდა. ერთი ხელის მოსმით სამხედრო სამსახურის გაუქმება მისაღები არ არის“, - დასძენს კვაჭანტირაძე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ფიქრობს, რომ თავდაცვის მინისტრის განცხადება შეუსაბამოა იმ ურთიერთობებთან, რაც მინისტრს პარლამენტთან და მთავრობასთან უნდა ჰქონდეს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია კონსულტაციების გამართვა როგორც პარლამენტთან, ასევე პრეზიდენტთან და მთავრობასთან, რადგან გაწვევა კანონმდებლობით არის დადგენილი.

„ირაკლი სესიაშვილმა პროექტი წამოადგინა, რომელიც წვევამდელების თემას საკმაოდ კარგად არეგულირებს. ერთი მხრივ, ეს ეხება იმას, რომ გაწვევა და მომზადება ხარისხიანი იქნება, მეორე მხრივ კი, ვისაც გაწვევა არ უნდა, პროექტი ამასაც მოქნილად უდგება. უახლოეს პერიოდში, როცა პარლამენტი შეიკრიბება, ამ თემას სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტს“, - განუცხადა for.ge-ს ვოლსკიმ.