„სამხედრო სავალდებულო სამსახური კონსტიტუციური ვალდებულებაა და ამის ცვლილებას არავინ აპირებს“

„სამხედრო სავალდებულო სამსახური კონსტიტუციური ვალდებულებაა და ამის ცვლილებას არავინ აპირებს“

თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის თქმით, „ძალით მოყვანილი სამხედრო შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება“, თუმცა ქართველ სამხედრო ექსპერტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ჩვენისთანა მცირერიცხოვან ტერიტორიებდაკარგულ ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, უარი თქვას ჯარში სავალდებულო გაწვევაზე და ასეთი მიდგომით ახალგაზრდებში პატრიოტული მუხტი ჩაკლას.

ის, რომ თავდაცვის სამინისტრო ჯარში სავალდებულო გაწვევას აღარ განახორციელებს, თინა ხიდაშელის მხრიდან კარგა ხნის წინ დაფიქსირებული პოზიციაა. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ამ პოპულისტური თემის წამოწევა მინისტრ ქალბატონს პერიოდულად არჩევნების წინ სჭირდებოდა, ამიტომაც თავის დროზე ამ თემაზე სასაუბროდ ჯერ ექსპერტებს შეხვდა, შემდეგ-სტუდენტებს და, როგორც მაშინ ამბობდნენ, აღნიშნული რეფორმით ბევრი ახალგაზრდის გული მოიგო.

თუმცა ხიდაშელი აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულებით ხსნიდა. კერძოდ, ჩვენი ქვეყნის სამხედრო სავალდებულო სამსახურის სისტემის გაუმართაობაზე საუბარი იყო ნატოს მიერ საქართველოსთვის შემუშავებულ რეკომენდაციებშიც. ამ რეკომენდაციების თანახმად, 2016 წლის ბოლოსთვის ჩვენს ქვეყანას უარი უნდა ეთქვა სამხედრო სავალდებულო სამსახურზე და მთლიანად გადართულიყო საკონტრაქტოზე.

მით უფრო, რომ დღეისთვის ნატოს 28 სახელმწიფოს შორის სავალდებულო სამხედრო სამსახური მხოლოდ ესტონეთში, თურქეთში, საბერძნეთსა და ნორვეგიაში მოქმედებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურზე დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ უარი ჯერ კიდევ ცივი ომის დასრულების შემდეგ თქვა.

თუმცა ამ ტიპის სამხედრო გაწვევა მაინც მოქმედებს ევროპის ნეიტრალურ ქვეყნებში - ფინეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში.

რას მოიმოქმედებს თავდაცვის შემდგომი მინისტრი და შეცვლის თუ არა თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას, უცნობია, თუმცა „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის“ თავმჯდომარე გია ბერძენიძე For.ge-სთან საუბარში თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას მომავალ თაობაში პატრიოტიზმის მუხტის დაცემად აფასებს.

მისი თქმით, ისედაც უამრავი მექანიზმი არსებობს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია არ წავიდნენ ახალგაზრდები ჯარში. ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება უმაღლეს სასწავლებელში სწავლის მოტივით დატოვოს ჯარი, ზოგს შეუძლია შესაბამისი კომპენსაცია გადაიხადოს და არ იმსახუროს. არის კიდევ ალტერნატიული სამსახური, სადაც ახალგაზრდები სამოქალაქო კუთხით გადიან სხვადასხვა დაწესებულებაში მსახურებას, ეს ეკლესია იქნება, სამშენებლო ობიექტი თუ სხვა. ცხადია, ამ ახალგაზრდებს ასხმული არ აქვთ იარაღი და პოზიციებზე არ დგანან.

„ასე რომ, ათასნაირი მეთოდი არსებობს, რომ ამ ადამიანებმა, ვისაც არ უნდა იარაღის ხელში აღება, ვინც პაციფისტია, არ იმსახურონ სავალდებულო სამხედრო სამსახურში. ამიტომ დაუშვებელია მხოლოდ ერთი ადამიანის მხრიდან ამკრძალავი გადაწყვეტილების მიღება. ქალბატონი ხიდაშელი იქნება თუ სხვა ვინმე, არ აქვს უფლება, ასე ერთი ხელის მოსმით გააუქმოს ჯარში სავალდებულო გაწვევა. მით უმეტეს, საქართველოს აქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა, არსებობს ანექსიის საფრთხეც, თითქმის ყოველდღიურად ხდება ჩვენი ტერიტორიის მცოცავი ოკუპაცია და მიტაცება. ამიტომ თითოეული ჩვენგანი მობილიზებული უნდა იყოს საკუთარი ტერიტორიის დასაცავად. ძალიან მომწონს ისრაელის მაგალითი. როდესაც ისრაელის სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება, მაშინვე სამობილიზაციო ჯარის შეკრება იწყება, თითოეული ქალი თუ კაცი იარაღს იჭერს და იცავს საკუთარ ქვეყანას. საქართველო რაღაცნაირად უნდა დაუახლოვდეს ისრაელის გამოცდილებას. ჩვენთან, „ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურ მოძრაობაში“, თითქმის ყველას უმსახურია საბჭოთა ჯარში. თუ ნამსახურები არ აქვს, უბრძოლია მაინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. მომავალმა თაობამ თუ არ განიცადა ეს მუხტი, ისე პატრიოტიზმი ჩაკვდება საქართველოში, ჩვენს ისტორიულ ქვეყანაში, რომელიც თავისი არსებობის მანძილზე იბრძოდა საკუთარი თავის დასაცავად და სხვა ქვეყნების მიმართ აგრესიას არ ახორციელებდა“, - აცხადებს გია ბერძენიძე.

მისივე თქმით, რუსეთისგან მომავალი საფრთხის გარდა საქართველოს ძალზე ბევრი გამოწვევა აქვს მომიჯნავე და მეზობელი ქვეყნების მხრიდანაც. ასე რომ, ჩერჩილის ნათქვამის არ იყოს, მუდმივი პარტნიორები არ არსებობენ, არსებობს მხოლოდ ინტერესები და დღეს შესაძლოა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან საუკეთესო დამოკიდებულება გვქონდეს, მაგრამ ხვალ და ზეგ რა მოხდება, არავინ იცის - შესაძლოა, ჩვენს მეზობლებს ჰქონდეთ მცდელობა, მიიტაცონ საქართველოს ტერიტორია თუნდაც იმის გამო, რომ საქართველოს საზღვრები დემარკირებული არ არის.

„ნუ ვედრებით დიდ ქვეყნებს, მათ შორის, ამერიკას, მათ ფუფუნება აქვთ, ჰყავდეთ საკონტრაქტო ჯარი. ჩვენი მცირერიცხოვანი ერიდან მარტო მილიონ 200 ათასი რუსეთშია წასული, 800 ათასი - ევროპულ ქვეყნებში. ვინც ვართ დარჩენილნი, ელემენტარულად, თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაიცვას საქართველოს მცირედი ტერიტორია. პოტენციურად რუსეთს 2-მილიონიანი ჯარის გამოყვანა შეუძლია, ჩვენ ამის რესურსიც არ გვაქვს. სხვათა შორის, თავის დროზე ქართულ მედიაში გავრცელდა ხიდაშელის ნათქვამი, ჩემმა შვილებმა ქართულ ჯარში არ უნდა იმსახურონო“.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ გაზვიადებულია იმაზე საუბარი, თითქოს სამხედრო სავალდებულო სამსახური უქმდება. უბრალოდ, თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ მომავალ წელს ის არ გამოიყენებს სამხედრო სავალდებულო სამსახურს არსებითი ფორმით.

გიორგი თავდგირიძის თქმით, შეიარაღებულ ჯარებში მიმდინარეობს ტრანსფორმაციის და ახალ მოდულზე გადასვლის პროცესი და შეიძლება მშვიდობიანობის დროს ამ სამსახურის მოხდის ვადები შეიცვალოს, თორემ სამხედრო სავალდებულო სამსახური კონსტიტუციური ვალდებულებაა და ამის ცვლილებას არავინ აპირებს.

„ვერც ერთი ქვეყანა ვერ მოახერხებს მხოლოდ პროფესიული კომპონენტით გაუმკლავდეს გამოწვევებს, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებლად გვჭირდება კომბინირებული სისტემა. ქვეყანას სჭირდება პროფესიონალები, ანუ საკონტრაქტო სამსახური, ასევე - ნებაყოფლობითი რეზერვი, ე.წ. სახალხო ლაშქარი და, აგრეთვე, რაიმე ფორმით სამხედრო სამსახური. მაგალითად, გერმანიაში არის 23-თვიანი ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური, სადაც ადამიანი თავისი სურვილით მიდის და 23 თვის განმავლობაში მსახურობს შეიარაღებულ ძალებში. ლიტვაშიც პრიორიტეტულია ნებაყოფლობითობა, ხოლო, თუ არ შეივსება ბოლომდე მოთხოვნა, მაშინ იყენებენ ლოტოტრონის პრინციპს. მართლაც, ლიტვაში 3 ათას ადგილზე 2 ათასმა კაცმა შეიტანა განაცხადი, რომ მათ სურდათ ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური, ხოლო ათას კაცზე ჩატარდა გათამაშება ე.წ. ლოტოტრონი დეფიციტის შესავსებად“.

რაც შეეხება განსხვავებულ მიდგომას, სამხედრო საკითხებში ექსპერტი გიორგი გოგუაძე თვლის, რომ ჩვენ ტოტალური ომისთვის, ვთქვათ, რუსეთთან საომრად ვერ მოვემზადებით. დივიზიები და ბატალიონები იმდენი ვერ გვეყოლება, რომ რეალურად საკმარისი იყოს ამხელა სახელმწიფოსთან საომრად, ამიტომ საჭიროა რაციონალური მიდგომა. ამ დროს კი საყოველთაო სავალდებულო ჯარში გაწვევით ახალგაზრდა კარგავს თავისი ცხოვრების წელიწადს და არ იღებს საპასუხოდ ღირებულ სამხედრო გამოცდილებას. ფაქტობრივად, ეს არის პარაზიტული მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან, როცა გაწვეული ჯარისკაცების ნაწილს სახელმწიფო იყენებს სტრატეგიული დაცვისთვის, მაგალითად, მოდულთან ყარაულად დადგომისთვის, ან ყაზარმაში რომელიმე ობიექტის დაცვისთვის. შესაბამისად, რეალური საომარი მოქმედებების დროს ეს ადამიანები არ არიან მზად ომისთვის. მით უმეტეს, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები საკუთარ თავს „დაბრაკვის“ მიზნით ფიზიკურ ზიანს აყენებდნენ.