„ხიდაშელი უნდა გადადგეს, თუ არადა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გამოამჟღავნოს პრინციპული პოზიცია!“

„ხიდაშელი უნდა გადადგეს, თუ არადა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გამოამჟღავნოს პრინციპული პოზიცია!“

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე აცხადებს, რომ თინა ხიდაშელი მთავარი ინციატორი და ავტორია იმ რეპუტაციული დარტყმების, რომელიც „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მიიღო. შესაბამისად, თვლის, რომ თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც პრემეირ–მინისტრთან და მთავარსარდალთან შეუთანხმებლად მიიღო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

რა პოლიტიკური მოტივი დგას ამ გადაწყვეტილების უკან – ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

ვალერიან გორგილაძე: პირველი - უცნაურია, როდესაც ამ ტიპის გადაწყვეტილებას, რომელიც თავდაცვისუნარიანობას და ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, კონსულტაციების გარეშე იღებს თავდაცვის მინისტრი. გადაწყვეტილებას არ ათანხმებს პრემიერ–მინისტრთან და პრეზიდენტთან, რომელიც ამ ქვეყნის მთავარსარდალია.

მოერე – ბალტიისპირეთში დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება პიკს აღწევს. მაგალითად, ლატვიამ და ლიტვამ უარი თქვეს საკონტრაქტო სამსახურზე და ისევ დაუბრუნდნენ სავალდებულო გაწვევას. შენ, როდესაც დაპირისპირებული ხარ რუსეთთან, ოკუპირებული გაქვს ტერიტორები და ამ დროს ასეთ გაუგონარ გადაწყვეტილებას იღებ, საერთოდ დისონანსია და ამოვარდნილია ამ საერთო კონტექსტიდან.

მესამე – დღეს, როდესაც „რესპუბლიკური პარტიის“ რეიტინგი კატასტროფულად დაბალია და ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი არ აქვს და შენ ამ გადაწყვეტილებას იღებ იმის გამო, რომ იაფფასიანი პოპულიზმით, 17–18 წლის ბავშვების ხმები მიიღო, რადგან ჯარში არ იწვევ, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება.

გამორიცხავთ, რომ მინისტრის გადაწყვეტილების მოტივიც საარჩევნო ჭრილში იყოს მიღებული?

– თავისუფლად შეიძლება ეს მოტივი იყოს. როდესაც შენ იცი, რომ ადრე თუ გვიან, მოგიწევს წასვლა და იღებ ამ გადაწყვეტილებას და როგორც ჩანს, საარჩევნო კონტექსტში, ეს არის პოპულისტური ელექტორალური გათვლა და ამას ეწირება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, ეს არის ყველაზე მძიმე ბრალდება, რაც შეიძლება წაუყენო მინისტრს. ვფიქრობ, რომ თავდაცვის მინისტრი ახლავე უნდა გადადგეს. ვფიქრობ, რომ თუ არ გადადგა, აბსოლუტურად ლოგიგიკური იქნება ამ და სხვა რესპუბლიკელი მინისტრების გადაყენება. დღეს თავდაცვის მინისტრი პარტიკულარულ ინტერესებს ატარებს. რა თქმა უნდა, ეს ამ პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომელიც დღეს თავს ხან სამთავრობო გუნდის წევრად მოიაზრებს, ხან ოპოზიციაშია და ვერ გაურკვევია სად არის. მინისტრის ეს ნაბიჯი წინასაარჩევნო ლოგიკით არის ნაკარნახევი, ამომრჩევლის დამატებითი რესურსის მოპოვებით, რაც ძალიან საგანგაშოა.

ამ გადაწყვეტილებით, შეძლებენ ამომრჩევლის მობილიზებას, მით უმეტეს, რომ განწყობარესპუბლიკური პარტიისმიმართ ძალიან მძიმეა?

– სწორედ იმიტომ, რომ მძიმე განწყობაა რესპუბლიკელების მიმართ, ამიტომაც არანაიარ პოპულისტურ ხრიკს არ ერიდებიან. რა თქმა უნდა, მიამიტობაა ჩათვალო, რომ ამის გამო მოიპოვებ ხმებს. ელექტორალური თვალსაზრისით იმდენად მძიმეა „რესპუბლიკურ პარტიის“ მდგომარეობა, რომ ვერანაირი რესურსი ვერ შველის.

ხიდაშლის მიმართ მთავარი ბრალდება გახლავთ ის, რომ ასეთ გადაწყვეტილებას არ ათანხმებს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, უშუალო ზემდგომთან – პრემიერ–მინისტრთან და ქვეყნის მთავარსარდალთან, არც უშიშროების საბჭოსთან. მეტიც, როდესაც ამბობ, რომ ნატოში მიისწრაფი, იქ მაპ-ის გარეშე უნდა შეხვიდე და ნატოს ქვეყნებიდან რაღაცას მოითხოვ, ამავე დროს შენს კონტიგენტს მანევრებზე არ აგზავნი და ამის გამო საყვედურს იღებ ბალტიისპირეთიდან.

ის, რომ გადაწყვეტილება არ თანხმდება პრემიერმინისტრთან და მთავარსარდალთან, ეს უკვე არის დაუმორჩილებლობა თავდაცვის მინისტრის მხრიდან?

– რა თქმა უნდა, არ დაემორჩილა კი არა, საქმის კურსშიც არ ჩააყენა, რადგან იცოდა, რომ არ გაუვიდოდა. არავინ არ დათანხმდებოდა და ასე პირდაპირ ერთპიროვნულად გაატარა თავისი პარტიის ინტერესები და ეს ჩვევია ამ ქალბატონს. პრაქტიკულად „რესპუბლიკური პარტიის“ რეიტინგი შეეწირა თინა ხიდაშელის ამგვარ საქციელებს და გავიხსენოთ საგარეჯოს არჩევნები, როდესაც დატოვა პოსტი და საარჩევნო შტაბში თავისი კანდიდატის მონაცემები შეჰქონდა ექსელფაილში. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური გემოვნების, ტაქტის არქონის უკიდურესი გამოვლინება, ეს არის ქვეყნის ინტერესებზე წინ პარტიული ინტერესების დაყენება.

ამ შემთხვევაში პოლიტიკურად რამდენად გამართლებულია, რომ ხიდაშელმა წარადგინოს ქვეყანა ვარშავის სამიტზე?

– არაფერი არ ესაქმება ვარშავის სამიტზე ხიდაშელს. ეს ქალაბატონი უნდა იჯდეს „რესპუბლიკური პარტიის“ ოფისში და მიხედოს საარჩევნო კამპანიას. თინა ხიდაშელს არანაირი პოლიტიკური და მორალური უფლება არ აქვს ქვეყნის ინტერესები წარადგინოს ვარშავის სამიტზე.

სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრის მხრიდან მიღებულ ერთპიროვნული გადაწყვეტილებაზე უნდა დაიწყოს მოკვლევა თუ რატომ მიიღო მინისტრმა არასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება...

– აქ უკვე სამთავრობო გუნდიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. ვფიქრობ, რომ მოკვლევის დაწყება ზედმეტია, უბრალოდ ხიდაშელი უნდა გადადგეს. ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გამოამჟღავნოს პარტიის თანმიდევრული და პრინციპული პოზიცია. ბევრი შემთხვევაა, როდესაც „ოცნება“ უცნაურ კომპრომისზე მიდის. ვერ ვხედავ ამ კომპრომისების ლოგიკას. ამდენად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეს არის თანამდებობიდან გადადგომა.

მინისტრის ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება, რომ პარტიამ ვერ გადალახოს ბარიერი?

– 90%–იანი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ „რესპუბლიკური პარტია“ ვერ გადალახავს ბარიერს. ყველა კვლევიდან ჩანს, რომ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს. მსგავსი გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს „რესპუბლიკურ პარტიას“. თინა ხიდაშელი მთავარი ინიციატორი და ავტორია იმ რეპუტაციული დარტყმებისა, რომელიც „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მიიღო.