დაპირისპირება ხიდაშელ-სესიაშვილს შორის - „თავდაცვის მინისტრმა პოლიტიკურად უპასუხისმგებლო და პიარზე გათვლილი გადაწყვეტილება მიიღო“

დაპირისპირება ხიდაშელ-სესიაშვილს შორის - „თავდაცვის მინისტრმა პოლიტიკურად უპასუხისმგებლო და პიარზე გათვლილი გადაწყვეტილება მიიღო“

თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა სამხედრო-სავალდებულო სამსახური გააუქმა, რაც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილისთვის „სიურპრიზი“ აღმოჩნდა. უფრო მეტიც, დეპუტატი მიიჩნევს, რომ რესპუბლიკელმა მინისტრმა პოსტის დატოვებამდე ორი კვირით ადრე პოლიტიკურად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო.

თუ რა რეაგირება მოჰყვება თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას? - ამის გარკვევას for.ge ირაკლი სესიაშვილთან შეეცადა:

თავდაცვის მინისტრმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის მიხდვითაც, თავდაცვის უწყება სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. როგორ აფასებთ, თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას?

ამ შემთხვევაში, საკითხის დეტალებში არ შევალ და იმაზე ფართო მსჯელობას არ დავიწყებ, სამხედრო-სავალდებულო სამსახური უნდა გაუქმდეს თუ არა. პირველ რიგში, ამ საკითხს პოლიტიკურად შევაფასებ და ვიტყვი, რომ ეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა, რადგან საკითხი ძალიან მგძნობიარეა, რომელიც ფართო და სერიოზულ მსჯელობას იმსახურებს. მათ შორის, მთავრობაში, პარლამენტსა და სამხედრო ექსპერტებში. ამას ორი კვირით ადრე მინისტრი აკეთებს, ვიდრე ის   თანამდებობას დატოვებს. უფრო მეტიც, ის პოლიტიკურ ხელთათმანს ისვრის, რომ თუ ეს პოლიტიკური ბრძანება შემდგომ მინისტრს არ მოსწონს, მან გააუქმოს. ალბათ, ეს უფრო პოლიტიკური პიარის ნაწილია, ვიდრე საქმეზე ორიენტირებული, რადგან თუ დეტალებში შევალთ, აქ როგორც სამართლებრივ, ასევე შინაარსობრივ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რადგან კონსტიტუციაში წერია, რომ სამხედრო სამსახურის ვალდებულება ყველა მოქალაქეს აქვს. ასევე კანონში წერია, რომ სამხედრო სამსახურის შერეული სისტემა არსებობს, სადაც არიან როგორც წვევამდელები, ასევე საკონტრაქტო მოსამსახურეები. თავდაცვის პოლიტიკას კანონი განსაზღვრავს და არა  - მინისტრი, რომელიც პოლიტიკას აღასრულებს. ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მინიმუმ პარლამენტისა და უშიშროების საბჭოს გარეშე არასწორია.

მინისტრის გადაწყვეტილებას რა შედეგები მოჰყვება?

პრაქტიკულ ნაწილზე ბევრი კითხვა მაქვს. ამ ნაბიჯით რა შემდგომი შედეგები დადგება. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმება ნიშნავს თუ არა იმას, რომ ვინც დღეს წვევამდელია და დღეს მსახურობს, იმას სახლში უშვებს? თუ არ უშვებს, ე.ი. არ აუქმებს და ამ შემთხვევაში, გაწვევისგან თავს იკავებს. ანუ, შეიარაღებულ ძალებში წვევამდელს არ ითხოვს. მსოფლიოში არცერთი საკონტრაქტო მოსამსახურე საყარაულო სამსახურს არ უზრუნველყოფს. ანუ, პერიმეტრის დაცვას არ ახდენს.  იქნებ, ამაზე პასუხი გამცეს!

რომ დააკონკრეტოთ, თავდაცვის მინისტრმა ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან არ შეათანხმა?

მინისტრმა ეს თემა რამდენჯერმე წამოსწია, მაგრამ მასზე იმ სახის მსჯელობა არ ყოფილა, რომ ჩვენ შევთანხმებულიყავით, ან სხვა რაიმე ტიპის გადაწყვეტილება მიგვეღო. უფრო მეტიც, ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო.

თქვენ ბრძანეთ, რომ ორ კვირაში, თინა ხიდაშელი თანამდებობას დატოვებს. შესაბამისად, მან მსგავსი გადაწყვეტილება რატომ მიიღო?

გული მწყდება, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეს უფრო მეტად პოლიტიკური პიარის ნაწილია, ვიდრე პასუხისმგებლობით სავსე ნაბიჯი. როცა წასვლის წინ, ასეთ სერიოზულ ნაბიჯს დგამ და არავის არ ეკითხები, ეს პიარსვლაა, ვიდრე სამსახურეობრივი ინტერესი. მითუმეტეს, იცის, რომ მე ამის წინააღმდეგი ვიყავი. მაშინაც კი, როცა ამაზე ირაკლი ალასანია საუბრობდა.

პიარული თუ პროვოკაციული, რადგან ეს თქვენსა და თავდაცვის მინისტრს შორის ვითარებას გაამწვავებს?

ეს წმინდა წყლის პოლიტიკური პიარია, რომელიც საარჩევნოდ წვევამდელებზეა გათვლილი.

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, წვევამდელებს ახლა ვინ გაიწვევს - შსს, სასჯელაღსრულება?

ამ შემთხვევაში, ხიდაშელის განცხადება იმას ნიშნავს, რომ მას წვევამდელების მიღება შეიარაღებულ ძალებში არ სურს, თორე, პროცესი ჩვეულებრივ გაგრძელდება და წვევამდელებს ისევ ისე გაიწვევენ შსს და სასჯელაღსრულება, როგორც აქამდე.

სამხედრო-სავალდებულო სამსახურის შენარჩუნება რატომ გსურთ? ხშირად საუბარია, რომ წვევამდელები დარაჯის ფუნქციას ასრულებენ. სტრატეგია გაქვთ, რომ ეს ინსტიტუტი გარდაიქმნას და ქმედითი  გახდეს?

რა თქმა უნდა, პროექტი არსებობს, რომელზეც ვმუშაობ. რაც შეეხება პრეტენზიას, რომ ისინი დარაჯის ფუნქციას ასრულებენ, ეს ყველაზე ნაკლებად შეიარაღებულ ძალებს შეეხება. ეს სასჯელაღსრულებაში მოსამსახურე პირებს შეეხება და ყველაზე ნაკლებად თავდაცვის სამინისტროში მოსამსახურეებს. უფრო მეტიც, თავდაცვის სამინისტროს მიმართ პრეტენზია არაერთხელ გავაჟღერე, რომ წვევამდელები იმავე რეჟიმში მოაქციონ, როგორც საკონტრაქტო მოსამსახურეები.

თქვენ ამბობთ, რომ თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, თქვენი მხრიდან რა რეაგირება იქნება?

უშიშროების საბჭოს მდივანთან, მთავრობის და პრეზიდენტის წარმომადგენლებთან საუბარი მქონდა. ამ საკითხს დავუბრუნდებით.

დაბრუნებაშირა იგულისხმება? მოსალოდნელია, რომ თავდაცვის მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?

პასუხისმგებლობაზე მეტად საქმე მაინტერესებს. შევეცდებით, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ და მინისტრმა ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღოს.

რა ბერკეტი გაქვთ, რომ გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩეროთ, თავდაცვის მინისტრმა ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა?

რა ტიპის ბრძანებაა, ჯერ არ მინახავს. ვერ გავერკვიე, რა ბრძანებით შეიძლება ასეთი დოკუმენტი მომზადდეს. ერთი ტიპის ბრძანება არსებობს, როცა მინისტრი მთავრობას მიმართავს, რომ მას სჭირდება წვევამდელი. ისეთი ბრძანება არ ვიცი, სადაც თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ წვევამდელი არ სჭირდება.