გარკვეულია კომპანია და ის კრიტერიუმები, რომლის მეშვეობითაც გაზზე მომუშავე ავტომობილები შემოწმება მოხდება. პროცესი რამდენიმე თვეში დაიწყება და ტექნიკური ინსპექტირება დაახლოებით 130 ლარი ეღირება.
გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმებას შპს „აირბალონი“ განახორციელებს. როგორც ცნობილია, აღნიშნული მომსახურების გაწევით 5-6 კომპანია იყო დაინტერესებული, თუმცა აკრედიტაციის ცენტრის მოთხოვნები ამ დროისთვის მხოლოდ ერთმა კომპანიამ დააკმაყოფილა.
ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრსა და კომპანიას შორის ხელშეკრულებ 16 ივნისს გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც კომპანიას ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმება და შემდეგ მათ მფლობელებზე დასკვნის გაცემა დაევალა. დასკვნაში განმარტებული იქნება თუ რამდენად ხარისხიანად და სწორადაა დაყენებული სისტემა.
აკრედიტაციის ცენტრში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმებით კიდევ რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული. აქამდე აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული არცერთი ინსპექტირების ორგანო არ არსებობდა.
ხელისუფლებამ გაზზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ინსპექტირება მომდევნო წლამდე გადადო. შესაბამისი გადაწყვეტილება 2016 წლის მარტში მთავრობის სხდომაზე მიიღეს. შედეგად, რეგულაცია 2016 წლის 1-ლი აპრილის ნაცვლად, 2017 წლიდან ამოქმედდება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მაშინ „კომერსანტის“ კითხვის საპასუხოდ განმარტა, ამის მიზეზი ისაა, რომ კერძო სექტორმა არ მოახდინა სერვის ცენტრების შესაბამისი აღჭურვა, რათა მათ ინსპექტირება სწორად გაეკეთებინათ.
ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 130 ლარი ეღირება. იმ შემთხვევაში, თუკი ავტომობილი ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, ეს ინფორმაცია გადაეცემა გაზგასამართ სადგურებს და ამ ავტომობილებს გაზს აღარ ჩაუტვირთავენ. ინფორმირებული იქნება ასევე პატრულიც.
სპეციალისტები ამბობენ, რომ აირბალონებს აქვთ საგარანტიო ვადა. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში, ბალონის გამოყენება დაუშვებელია. გარდა ვადისა, არის კიდევ გარკვეული დეტალები, რომლებსაც ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს. შემოწმება მოხდება ყველა ამ დეტალის მიხედვით.
ამ დროისთვის არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია, რამდენი ავტომობილი მუშაობს ბუნებრივ აირზე ქვეყანაში. არაოფიციალური მონაცემებით, ბუნებრივ აირზე მომუშავე მანქანების რიცხვი 250-300 ათასია.
ავტოექსპერტი დავით მესხიშვილი დაუფარავად ამბობს, რომ აირბალონებით აღჭურვილი ავტომობილების მხრიდან საფრთხე რეალურად არსებობს.
„ელემენტარულად, მძღოლმა არ იცის, რა ტიპის აირბალონი აქვს – ნახშირბადიანი ფოლადისგან თუ ლითონ-პლასტიკისგან დამზადებული. ზოგისთვის, ვინც ასეთი მანქანა იყიდა, გაუგებარია, აირბალონის ფუნქციობის ხანგრძლივობაც. როგორც კი კონტროლი დაიწყება, იმავე დღესვე უნდა აკრძალონ ყვითელი მიკროავტობუსების ქალაქში გადაადგილება, რადგან მათი აირბალონები კუსტარულადაა გაკეთებული და დიდ საფრთხეს წარმოადგენს. კონტროლის შემთხვევაში, მძღოლები მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ და უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა“, – აცხადებს მესხიშვილი.
გაზზე მომუშავე ავტომანქანების ტექნიკური შემოწმება, წესით, 3 თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ უკვე ვადამ იანვრამდე გადაიწია. გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმებისას აღმოჩენილ დარღვევებზე სანქციები გათვალისწინებული არ არის. დაისჯებიან მხოლოდ ის მძღოლები, რომლებიც შეუმოწმებელი ავტომობილით იმოძრავებენ. ასეთ შემთხვევაში მძღოლებს 100 ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ.