„არასწორია, დარჩე გემის კაპიტნად, როდესაც მოსახლეობამ სხვა გზა აირჩია“, - ასე გამოეხმაურა დევიდ ქემერონი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეების გამარჯვებას. შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას დატოვებს. რეფერენდუმის შედეგებს კატასტროფულს უწოდებენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენის მომხრენი იყვნენ.
შედეგებით კმაყოფილია, „გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის“ ლიდერი ნაიგელ ფარაჯი, რომელმაც დევიდ ქემერონს დაუყონებლივ გადადგომისკენ მოუწოდა. ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცის განცხადებით, ბრიუსელი დიდი ბრიტანეთის გასვლისთვის მზად არის და შესაბამისი მოლაპარაკებები ლონდონთან სწრაფად უნდა დაიწყოს.
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ისტორიული რეფერენდუმის საბოლოო შედეგების თანახმად, ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა ოფიციალურად გაიმარჯვეს. 52%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, 48% კი, დარჩენის მომხრეა. გასვლის ყველაზე მეტი მხარდამჭერი დაფიქსირდა ინგლისსა და უელსში, ევროკავშირში დარჩენის კი - ლონდონში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში. საკუთარ თავს მხოლოდ ევოკავშირის შემადგენლობაში ხედავს შოტლანდია - მოსახლეობის 67,2% ევროკავშირში დარჩენის მომხრეა, ხოლო ევროკავშირში დარჩენას ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის 56% უჭერს მხარს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი ისტორიული და ისტერიკული რეაქციების მომენტია. მისივე თქმით, კარგად აქვს გაცნობიერებული, რამდენად სერიოზული და დრამატულია ეს საკითხი პოლიტიკური თვალსაზრისით.
„რთულია ვიწინასწარმეტყველოთ, როგორი იქნება ამის პოლიტიკური შედეგები, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისთვის. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ამ ნეგატიური სცენარისთვის მზად ვართ. დღეს შემიძლია განვაცხადო ევროკავშირის 27-ვე ლიდერის სახელით, რომ ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილი, 27 წევრის ერთობა შევინარჩუნოთ.
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი ევროპაში იურიდიულ ვაკუუმს არ შექმნის, რადგან, სანამ ბრიტანეთი ევროკავშირს ფორმალურად არ დატოვებს, იქამდე მასთან მიმართებაში ევროპული კანონმდებლობა იმოქმედებს. მართალია, ბოლო წლები ევროკავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, მაგრამ ყოველთვის მახსოვს მამაჩემის სიტყვები - „ის, რაც არ გკლავს, უფრო ძლიერს გხდის“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰემონდი ამბობს, რომ ევროკავშირიდან გასვლის მომხრეთა გამარჯვება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, გარკვეულწილად შვებას მოჰგვრის.
„ახლა რუსეთის პრეზიდენტი უფრო ოპტიმისტურად შეაფასებს მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შემსუბუქების პერსპექტივას“, - აცხადებს ფილიპ ჰემონდი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგეს ამ ქვეყნის შიდა საქმედ მიიჩნევს. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის პირველი დიპლომატის განცხადებას, სერგეი ლავროვის განცხადებით, სამედიცინო განათლება არ აქვს, ამიტომ სამედიცინო საკითხებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
ევროპის ულტრამემარჯვენე პარტიები, დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ. საფრანგეთის „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი თვლის, რომ ბრიტანელებმა სწორი არჩევანი გააკეთეს. ანალოგიური პოზიცია აქვს ნიდერლანდების „ულტრამემარჯვენეების“ ლიდერს გირტ ვაილდერსს, რომელიც ნიდერლანდების ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფრენდუმის დანიშვნისკენ მოუწოდებს.
ევროკავშირიდან გასვლის აუცილებლობაზე საუბრობს გერმანიაში ბუნდესტაგის დეპუტატი, მემარჯვენე პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი ბეატრიქს ვონ სტორხი, რომლის განცხდებით, ევროკავშირი როგორც პოლიტიკური გაერთიანება დამარცხდა.
საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია თვლის, რომ დიდი ალბათობით ბრიტანეთის რეფერენდუმს საკმაოდ მძიმე შედეგები ექნება უკრაინისთვის. მისი თქმით, რეფერენდუმის შედეგი საგრძნობ გავლენას იქონიებს თანამედროვე პოლიტიკაზე და მნიშვნელოვნად შეცვლის ამჟამად არსებულ მდგომარეობას.
„დიდი ბრიტანეთის სახით აშშ დაკარგავს ევროგაერთიანებაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ერთგულ მოკავშირეს. გაძლიერდება გერმანიის როლი ევროგაერთიანებაში და ამ ფაქტორების გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ ევროგაერთიანება უფრო რბილ პოლიტიკას გაატარებს რუსეთის მიმართ.
დიდი ალბათობით, ამას საკმაოდ მძიმე შედეგები ექნება უკრაინისთვის. აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კარგად გაიაზროს რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ჩვენს ქვეყანაზე და იმოქმედოს ქვეყნის ინტერესების შესაბამისად ახლად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით“, - ამბობს თემურ ბასილია.
ექსპერტი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ბრიტანეთი გადის ევროკავშირიდან, მაგრამ ბრიტანეთის მოქალაქეებს ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. მისივე თქმით, ბრიტანეთი დაიტოვებს დაახლოებით ისეთივე ტიპის ურთიერთობებს ევროკავშირთან, როგორიც აქვს ნორვეგიას. ანუ, ერთიანი ბაზრის მონაწილე იქნება ევროკავშირის ეკონომიკური არეალის და ბრიტანეთის მოქალაქეების გადაადგილებაც ევროპაში და ევროპელების ბრიტანეთში იქნება უვიზო.
„შეიძლება შენარჩუნდეს ერთიანი პოზიციები, რომელზედაც დგას ევროპის საგარეო პოლიტიკა. შეიძლება თავიდან იყოს გარკვეული სიბრაზე ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებმაც შეიძლება სხვა მიმართულებით ეცადონ წაიყვანონ პროცესი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის საერთო ინტერესები, რომელიც არსებობს, რომელზეც დგას ევროპული ინტეგრაცია, ეს ინტერესები არსად არ იკარგება“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
რაც შეხება საქართველოს, გოგოლაშვილის თქმით, ევროსკეპტიკოსები შეეცდებიან, რომ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება მოსახლეობაში თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ.
„სწორი დამოკიდებულება არის ერთადერთი ის, რომ საქართველოსთვის სხვა ალტერნატივა არ არის გარდა ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის და ინტეგრაციისა. სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში - ამ ისტორიულ ეტაპზე. ჩვენ ირგვლივ ვერ ვხედავთ ცოტა უფრო მაღალი კეთილდღეობის და მაღალი ჰუმანური პრინციპების მქონე ერთობას ქვეყნების, რომელთანაც შეიძლება ითანამშრომლო და ამ თანამშრომლობის ხარჯზე შენ თვითონაც სწრაფად განვითარდე“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ უსიამოვნო მოვლენაა ევროკავშირისთვის დიდი ბრიტანეთის დაკარგვა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა თავად დიდ ბრიტანეთს ექნება უფრო მეტი თავსატკივარი, რადგან შოტლანდიას და ჩრდილოეთ ირლანდიას გადაწყვეტილება აქვს, რომ დარჩნენ ევროკავშირის შემადგენლობაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი უკვე გახდნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები.
„მოსაწონია თუ არა დიდი ბრიტანეთის მოსახლეობისთვის არა გამოსვლა ევროკავშირიდან, არამედ დაშლა, ამაზე გაგრძელდება საუბარები დიდ ბრიტანეთში. გარდა ამისა უკვე ჰოლანდიამაც გამოთქვა მზაობა ანალოგიური რეფერენდუმის ჩატარების, ამაზე საუბრობს ქალბატონი ლეპენი საფრანგეთში, მაგრამ არა მგონია ეს ის პერსონა იყოს, რომელიც დამოუკიდებლად მოახერხებს ასეთი გადაწვეტილების მიღებას. სატკივარი ძალიან ბევრი აქვს ევროკავშირს მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ამ გაერთიანების დატოვების სიმპტომი სრულიად რეალური გახდა“, - ამბობს ცისკარიშვილი.
მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ყურადღება გაიზრდება საქართველოს მიმართ, როგორც ევროკავშირის შემადგენლობაში პერსპექტიული წევრისთვის.
„არ მგონია გამოჩდნენ სუბიექტები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში. ცხადია, ეს არის უახლოესი წლების საკითხი, მაგრამ როდესაც ასეთი განწობა ყოფილა, რომ თავად დაეტოვებინათ ევროკავშირი, რასაკვირველია, მათი სურვილი მით უმეტეს არ იქნებოდა ის, რომ რომელიმე ახალბედა სახელმწიფო გამხდარიყო მისი წევრი. ამიტომ, ვინც გამსვლელია და რაც უფრო მალე გავა, მით უფრო დამოკლდება საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.