ლარი ისევ გამყარდება - რა ფასი შერჩა მთავრობის სიტყვას?

ლარი ისევ გამყარდება - რა ფასი შერჩა მთავრობის სიტყვას?

ლარის კურსის გამო საზოგადოებაში პანიკის ნიშნები გაჩნდა და ბობოლა მოხეელეებმაც, როგორც იქნა, ინებეს ჩრდილიდან გამოსვლა. მართალია, ისინი განსაკუთრებულად სანუგეშოს ვერაფერს ამბობენ, მაგრამ მათი ზოგადი გამონათქვამებიდან იმ აზრის გამოტანა შეიძლება, რომ ლარის გაუფასურება დროებითია და სანახევროდ მაინც სპეკულაციური მოტივი აქვს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, არჩილ მესტვირიშვილს მოუწია განმარტება, თუ რატომ იცვლება ვალუტის კურსი და რა გამოწვევის წინაშეა ფინანსური სექტორი.

„თუკი მოსახლეობამდე სწორად მივიტანთ, რომ კურსის ცვლილებას ვიღაც არ იწვევს და ეს არის ბუნებრივი, ისე როგორც სხვა ქვეყნებში ხდება მაშინ, კურსზე დამოკიდებულება შემცირდება“, - აღნიშნა მესტვირიშვილმა სებ-ის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენისას და დასძინა, რომ ქვეყნისა და ფინანსური სექტორის გამოწვევა მაღალი დოლარიზაციაა, ეს ეკონომიკის განვითარებას უშლის ხელს.

„ეროვნული ბანკის ფუნქცია არის ფასების სტაბილურობა, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ კურსი გრძელვადიანად სტაბილური იქნება. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის ეს აუცილებელია. კურსის მოკლევადიან სტაბილურობას არ უნდა შევწიროთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. შარშანაც სწორედ ამაზე იყო საუბარი.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ხაზგასმით, რომ ქვეყანას საგარეო შოკზე სწორი რეაგირება ჰქონდა. ამას ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს. სხვა ტიპის რეაგირება რომ ყოფილიყო საქართველოში, დღეს უარესი მდგომარეობა გვექნებოდა“, - აცხადებს მესტვირიშვილი.

ის ვერც ამ ეტაპზე იძლევა მკაფიო განმარტებას კურსთან დაკავშირებით და თავს იკავებს პროგნოზის გაკეთებისგანაც.

„კურსზე კომენტირება ცენტრალური ბანკის ფუნქცია არ არის, ამას არც სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები აკეთებენ, რადგან რაღაცნაირად მოსახლეობა და ბიზნესი ჩვენ კომენტარებში კურსის პროგნოზის „მესიჯებს“ ეძებს. საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ ის შეიცვლება ხან ერთი და ხან მეორე მიმართულებით“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამტკიცებს, რომ ბოლო დღეებში ლარის გაუფასურება ერთჯერადი მოვლენაა, რომელიც თავის კალაპოტში ჩადგება. მინისტრი ამბობს, რომ მოლოდინი ლარის მიმართ არასწორია.

„დოლარი იყიდეთ მაშინ, როცა გჭირდებათ. გაყიდეთ მაშინ, როცა გჭირდებათ და არ შეიქმნათ არასწორი მოლოდინი თითქოს რაღაც განსაკუთრებული მოხდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, მოსახლეობა ყოველთვის აკეთებს პირიქით. როგორც წესი, ყველაზე მაღალ კურსზე ყიდულობს და ყველაზე დაბალ კურსზე ყიდის. მოვლენა, რასაც ახლა ვუყურებთ, ერთჯერადია და ის ჩადგება თავის კალაპოტში. მინდა, ეს გზავნილი მივიდეს მოსახლეობამდე. ძალიან გამოცდილი სავალუტო დილერებიც კი აგებენ ფულს ვალუტაზე თამაშის დროს“, - აცხადებს ქუმსიშვილი.

მთავრობის წევრთა განცხადებებს ეთანხმება ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე. მისი აზრით, ლარის კურსთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერია, რადგან ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, ყველა მაჩვენებელი ნორმაშია.

„ლარს აქვს მცურავი კურსი და შესაბამისად, ყოველთვის ეძებს თავისი წონასწორობის ნიშნულს. რამე საგანგაშო მცირედი რყევის გამო ნამდვილად არ არის. ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, ყველა მაჩვენებელი ნორმაშია, უბრალოდ, ადგილი აქვს საბანკო და ბიზნეს სტრუქტურების მხრიდან გარკვეული ფინანსური ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომას და აქედან გამომდინარე, გარკვეულმა ტრანზაქციებმა დროებით გაზარდეს მოთხოვნა ბიზნეს სტრუქტურების მხრიდან დოლარზე. ამან გამოიწვია მცირედი კორექტირება და ყველა მაკროეკომომიკური პარამეტრის გათვალისწინებით, ლარის კურსი უახლოეს პერიოდში დაკორექტირდება. ვფიქრობ, რომ მიმდინარე წელს ლარის წონასწორობის შუალედი იქნება 2,1-დან 2,2-ის ფარგლებში“, - განაცხადა კალანდაძემ.

„საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე კი ვარაუდობს, რომ ლარი გამყარებას ისევ დაიწყებს. ამაში თავის როლს სეზონური ფაქტორი - ტურისტთა ნაკადის გაზრდა და ეკონომიკური აქტივობა იქონიებს, თუმცა მიიჩნევს, რომ კონკრეტული პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. იგი ლარის კურსის გაუფასურების რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მსოფლიო ბაზარზე დოლარის კურსის გამყარებაა.

„ლარის კურსის დაცემის კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია. მაკროეკონომიკური პარამეტრები არა მგონია, რომ განსაკუთრებულად შეცვლილიყო. წინა პერიოდში სებ-მა დიდი რაოდენობით დოლარი შეიძინა და რეზერვები შეავსო.

ერთ-ერთი ფაქტორი, შესაძლოა, ის იყოს ის, რომ ბოლო პერიოდში დოლარი სხვა ვალუტებთან მიმართებაში მკვეთრად გამყარდა. ვფიქრობ, გაუფასურების მომენტი მცურავ გაცვლით კურსს ახასიათებს, შესაბამისად, ეს დროებითი მოვლენაა, გამყარების ტენდენაცია მაინც შენარჩუნდება. მკვეთრ გაუარესებაში საპანიკო არაფერია. ჩემი აზრით, სეზონური ფაქტორი თავის ზეგავლენას მოახდენს, ვგულისხმობ ტურისტთა ნაკადის გაზრდასა და ეკონომიკურ აქტივობას.

კონკრეტული პროგნოზების გაკეთებისგან თავს შევიკავებ. ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რომ ლარი რაღაც ეტაპზე მკვეთრად გამყარდა. შესაძლებელია მას ახალი წონასწორობის წერტილის პოვნა სჭირდება. როგორი იქნება ეს წერტილი, დღეს ამის თქმა ძალიან რთულია“, - განუცხადა კეპულაძემ „ექსპრესნიუსს“.

მისივე თქმით, სებ-ის მიერ სავალუტო აუქციონზე დოლარის შეძენა ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან პირდაპირ კავშირში არ არის.

„როდესაც სებ-ი სავალუტო აუქციონზე ყიდულობს დოლარს, ამით ის აჩერებს ლარის მკვეთრ გამყარებას. რეალურად, შესაძლებელია გამყარება უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ამ გაუფასურებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს იმას, რომ ვთქვათ, ერთი კვირის წინ ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე მილიონი დოლარი შეიძინა. ეს დროებითი გაუფასურება მგონია“, - აღნიშნა კეპულაძემ.