ახალი სატარიფო პოლიტიკა ხუდონჰესის პროექტს აფერხებს

ახალი სატარიფო პოლიტიკა ხუდონჰესის პროექტს აფერხებს

როგორც მოსალოდნელი იყო ხუდონჰესის პროექტი გაურკვეველი ვადით გადაიდო, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ სვანეთის მოსახლეობასთან შეუთახმებლობასთან და არჩევნების მოახლოებასთან არ გვაქვს. გაურკვევლობაა გიგანტური ჰესის მიერ გამომუშავებული დენის ტარიფის დადგენის საკითხის ირგვლივ. რამდენდაც გენერაციის ობიექტების სატარიფო პოლიტიკა ცვლილებებს განიცდის, ხუდონის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის თემაც ამ კონტექსტში განიხილება.

ხუდონჰესის პროექტზე სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სამუშაოები დროებით შეჩერდა. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, ამ პროექტის გაჭიანურების მიზეზი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე მოლაპარაკებებია, რომელიც სატარიფო პოლიტიკის გადახედვას ითვალისწინებს.

„საჭიროა, დავასრულოთ საერთაშორისო სავლუტო ფონდთან მოლაპარაკებები. „ხუდონი“ იმდენად დიდია, რომ არ შეიძლება ავითარებდე ამ პროექტს და თან სტრატეგიის გადახედვა ხდებოდეს. რადგან სტრატეგიის გადახედვა დაიწყო, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სჯობს, რამდენიმე თვე გაჩერდეს, მაგრამ სწორი მიმართულებით განვითარდეს“, – განაცხადა ელოშვილმა.

სატარიფო პოლიტიკის გადახედვა ძირითადად იმ ფასის განსაზღვრას გულისხმობს, რაც ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა (ესკო) ელექტროენერგიის შესაძენად ჰესებს უნდა გადაუხადოს.

არსებული სატარიფო პოლიტიკის მიხედვით, ინვესტორებთან გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება ფორმდება, რომლის თანახმადაც ბაზრის ოპერატორი (ესკო) სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით გენერაციის ობიექტების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 100%-ს შეისყიდის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასად. ინვესტორები, თავის მხრივ, ვალდებულნი არიან აღნიშნულ პერიოდში წარმოებული ელექტროენერგია სრულად მიყიდონ ესკოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებმა კი ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები საქართველოსთვის რისკის ფაქტორად დაასახელეს.

როგორც ჩანს, სახელმწიფო იმ ელექტროსადგურების ნუსხას, რომელთა მიერ გამომუშავებულ ენერგიას გარანტირებულად შეისყიდის, ისე აფართოებს, რომ ამ პროცესმა სსფ-ს ყურადღება მიიქცია. ფონდი ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, რომ ფისკალური რისკის თავიდან ასაცილებლად, ახალი ენერგეტიკული პროექტების განხილვაში აქტიურად ჩაერთოს და თითოეული დეტალი კარგად გათვალოს.

წელს საქართველოს ენერგოსისტემას, მთლიანობაში 404 მეგავატი ელექტროენერგია უნდა შეემატოს. მთავრობის გათვლით, მოკლე ხანში ქვეყანამ ძვირადღირებული ელექტროენერგიის (იმპორტი, თბოსადგურები) წილის შემცირება და ექსპორტის გაზრდა უნდა მოახერხოს.

რაც შეეხება ხუდონჰესის მშენებელი კომპანია „ტრანს ელექტრიკას“ მიერ დაგეგმილ და მიმდინარე სამუშაოებს, როგორც კომპანიის ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა „ბიზნესკონტაქტთან“ აცხადებს, ამ მხრივ არაფერი შეჩერებულა.

„პროექტის ტექნიკური პარამეტრების დაზუსტება და სხვა სახის სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე არის სამუშაოები, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში უნდა დაფიქსირდეს, რაც ასევე მიმდინარეობს, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან მემორანდუმით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებების შესრულებას ველოდებით“, – განმარტა მირცხულავამ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ვალდებულებებზეა საუბარი.